განხილვაწიგნები

დოსტოევსკი ვუდი ალენის სათვალით

ჰოლივუდმა სათვალიანი გენიოსი მოიძულა თუმცა ვუდი ალენს უკვე გადაღებული აქვს ფილმები, რომლებმაც დაამტკიცეს მისი მნიშვნელობა კინოსამყაროში.

ერთ კვირა საღამოს, მოცალეობის ჟამს, როდესაც ვუდი ალენის ფილმების ყურება საუკეთესო გამოსავალია ხოლმე, ვიჯექი და “მატჩ პოინტს” ვუყურებდი. აქ უნდა აღინიშნოს, რომ “კინო თვალი” საკმაოდ გამახვილებული მაქვს გოგი გვახარიას წყალობით, ისე ვუყურებ ფილმებს რეჟისორებს ფერის კორექციით ვცნობ. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ დეტალებში ჩაძვრომა მჩვევია ხოლმე.

Related image

მოდით გავიხსენოთ “მატჩ პოინტის” სიუჟეტი ღარიბი ჩოგბურთის ინსტრუქტორი კრისი, რომელიც გაწამებულია სიღარიბით და ცდილობს თავი დააღწიოს მას აბამს მდიდარ გოგონას, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე არ უგრძვნია რა არის გაჭირვება. ქლოე ლონდონის ცენტრში გაიზარდა და მთელი ცხოვრება სიმდიდრეში აქვს გატარებული.

Image result for match point dostoevsky

ფილმის პირველსავე კადრებში ჩანს, როგორ ზის კრისი და დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელს” კითხულობს. აქ იწყება ვუდი ალენის ეშმაკობანი. კრისი რაღაცით უკვე გვაგონებს ღარიბ ნასტუდენტარ რასკოლნიკოვს, რომელიც სიღატაკის მორევშია ჩათრეული და იქიდან გამოსავალს ვერ პოულობს. “მატჩ პოინტი ” მთლიანად დოსტოევსკის ცნობილი რომანის ადაპტაციაა თუმცა ვუდის არ შეშლია როდესაც სრული კოპირების ნაცვლად ალტერნატიული სიუჟეტი შემოგვთავაზა.

რასკოლნიკოვი ძარცვავს და კლავს ბებერ მევახშე ქალს, ან უფრო ზუსტად ბოროტ ბებრუხანას, რომელიც ხალხის ფულით საზრდოობს. მკვლელობას უდანაშაულო მსხვერპლიც მოყვება ლიზავეტას სახით, რომელიც ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა და რასკოლნიკოვის დანაშაულს შეესწრო. კრისის შემთხვევაში მსხვერპლი მისი საყვარელი, წარუმატებელი მსახიობი, ნოლა და მეზობელი მოხუცი ქალია, რომელიც ნოლას სადარბაზოში ცხოვრობს.

რასკოლნიკოვი ლიზავეტას მოკვლას არ აპირებდა, ის იძულებულია მოწმე მოიშოროს, კრისი კი ამას იმიტომ აკეთებს რომ მკვლელობის სცენარი ძარცვას დაამსგავსოს. კრისი ისევე როგორც რასკოლნიკოვი საკუთარი ამბიციების, წარუმატებლობებისა და სასოწარკვეთილების მსხვერპლია, რასკოლნიკოვის მსგავსად ისიც დამწყვდეული მხეცივით იქნევს კიდურებს რომ თავი დააღწიოს საკუთარ ცხოვრებას. კრისისთვის მისი ცოლი ერთადერთი შანსია რომ რაღაცას მიაღწიოს და მისი დათმობა არ უნდა, რასკოლნიკოვი კი ბებრუხანას საქმიანობას უსამართლობად თვლის, უსამართლობად რომელიც უნდა გამოასწოროს.


დიახ, არ ვარ შესაბრალისი! ჯვარს უნდა მაცვან, ჯვარსა და არა შემიბრალონ! მაგრამ ჯვარს აცვი, მსაჯულო, ჯვარს აცვი და შეიბრალე შემდეგ! და ჰა, მაშინ თვითონ მე მოვალ სასჯელად, ვინაიდან მწუხარებასა და ცრემლს ვეძიებ და არა მხიარულებასა… როგორ გგონია შენ, ეი, ვაჭარო, ძალიან მეტკბილა ეს შენი ნახევარშტოფი? მწუხარება და ნაღველს ვეძებდი მის ძირში, ნაღველს და ცრემლსა, ვიგემე და ვიპოვე კიდეც; ჩვენ კი შეგვიბრალებს მხოლოდ ის, ვინც შეიბრალა ყველა და ყოველივე გაიგო, იგია ერთადერთი მსაჯული.

ვუდი ალენის ფილმსა და დოსტოევსკის რომანს შორის განსხვავება მორალურ შრეებში შეგვიძლია ვეძებოთ, ვინაიდან სწორედ ამით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან. რასკოლნიკოვისათვის სინდისია მთავარი სასჯელი და არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

კრისი შემთხვევითობის წყალობით გადარჩა სასჯელს, საინტერესოა, ეს რომ არ მომხდარიყო როგორ განვითარდებოდა მოვლენები. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ნოლა ორსულად იყო და მესამე უდანაშაულო მსხვერპლი სწორედ ნოლასა და კრისის ურთიერთობის ნაყოფია. ფილმში კარგად ჩანს რომ ამ ურთიერთობას მომავალი არ აქვს და შესაბამისად ბავშვი როგორც მომავლის სიმბოლო განწირულია დასაღუპად .


ახლა კი ვიცი, რომ ის არის ხალხის მბრძანებელი და ბატონი, ვინც სულითა და ჭკუით ძლიერია! ვინც მეტს გაბედავს, სიმართლეც იმისკენ არის. ვინც მეტად აიგდებს ყველაფერს აბუჩად, კანონმდებელიც ის არის; ვისაც მეტის გაბედვა შეუძლია, ყველაზე მართალიც ის არის! ასე ყოფილა აქამდის, ასე იქნება ამას იქითაც! მარტო უსინათლო თუ ვერ გაარჩევს და დაინახავს ამას!

ზემოთ მოყვანილი ციტატა აჩვენებს კრისის მთავარ მორალს, რომლითაც მან ეს ყველაფერი ჩაიდინა. ციტატა რომანიდანაა და რასკოლნიკოვს ეკუთვნის მაგრამ კრისისგან განსხვავებით რასკოლნიკოვი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყული სწორედ იმიტომ აღმოჩნდა რომ ეს მხოლოდ თეორიულად გაიაზრა. ამ პრაგმატულ და ცინიკურ სამყაროში მისი ადგილი არ აღმოჩნდა. მისი დანაშაული სასოწარკვეთისა და უსუსურობის მეტი არაფერია კრისი კი სწორედ ამ ციტატაში აღწერილი ადამიანია, ის მზადაა იცრუოს, მოკლას მხოლოდ იმისთვის, რომ აღარ დაბრუნდეს იმ სიღატაკეში, რომელსაც თავი დააღწია.

Source
https://literbloging.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button