ლიტერატურა

გიორგი მაისურაძე – “სერაფიტა”

ვარდები არ არიან. ეს ფაქტია, რადგანაც უსულო საგნებს ასე არ მოიხსენიებენ. მაგრამ ზევახი სულიერების მსახური იყო და არაფრად აგდებდა სამგზის კურთხეული აგრაფინას დაჟინებულ მოთხოვნას – სტილი შეცვალეო, როდესაც ის ზევახის მიერ აჟღერებულ ფრაზებში წარმოსახვით მიუღწეველი სერაფიტას მიერ შემოდგომაზე დაკრეფილი ვარდების ანარეკლს ხედავდა. მართლაც, სერაფიტას შემდეგ იმდენი დრო გასულიყო, რომ მისი ვარდები აღარავის ახსოვდა, გარდა ზევახისა, რომელსაც მიზნად დაესახა სერაფიტას დაკრეფილი ყვავილების დიდებასთან მიტანა.

ხვდებოდა ამას სამგზის კურთხეული აგრაფინა, რომელსაც სამივე გზა გაეარა ზევახის სადიდებლად, მაგრამ მისი გული ვერაფრით მოენადირებინა, რადგანაც ზევახს ნადირობა სძულდა და ერჩივნა, მთელი ცხოვრება იმ ფრაზის ასაჟღერებლად გაეტარებინა, რომელიც მას დიდებასთან მიიყვანდა და რომელსაც მას აგრაფინა უმალავდა, რადგანაც აგრაფინამ კარგად იცოდა, რომ დიდებასთან მიმყვან ფრაზებს მალვა უნდა, რადგანაც სერაფიტას შემდეგ იმდენი დრო გასულიყო, რომ მისი ვარდების აღარავის სჯეროდა. თუმცა აგრაფინას რა ევარდებოდა, როდესაც მის უმანკოებისგან გამკვრივებულ ძუძუებს ზევახი ზედაც არ უყურებდა და მხოლოდ გვერდიდან დანახული აგრაფინას შეწითლებული მკერდი სერაფიტას მიერ შემოდგომაზე დაკრეფილ ვარდებს ახსენებდა და შთაგონებას მატებდა იმ მოტივის საპოვნელად, რომელიც მას თავისი ტკბილი ოცნება ეგულებოდა. ამ ტკბილ ოცნებას კი იგი დიდებასთან უნდა მიეყვანა, რომლის მკვიდრიც სერაფიტა იყო.

– არა, არ შეიძლება ასე! – შესძახა სამგზის კურთხეულმა აგრაფინამ და ქეჩოში სწვდა ზევახს, რომლის მიერ აჟღერებული ფრაზა აგრაფინას გულს ეხამუშა და ვეღარ დააცხრო მისი ვნებები ზევახთან უქმად გატარებულმა ღამემ, როდესაც აგრაფინას შისველი მკერდის დანახვაზე ზევახი საწოლის ქვეშ შეძვრა და იქ განაგრძო ფრაზების აჟღერება.

ღამენათევ და საკუთარი ფრაზებით ნამთვრალევ ზევახს ეჭვი გაუჩნდა, რომ ის მოტივი, რომელიც მას ტკბილი ოცნების აღსრულებისათვის სჭირდებოდა, აგრაფინამ მაშინ გადალახა, როდესაც სერაფიტამ შემოდგომაზე დაკრეფილი ყვავილები დიდებაზე გაცვალა და მას შემდეგ კი იმდენი დრო გავიდა, რომ უკვე ყველას დაავიწყდა ის მოტივი, რომლისგანაც ზევახის ტკბილი ოცნება მოდიოდა და ვეღარ აჟღერდა, რადგანაც მისი ჟღერადობა ვერავის გაეხსენებინა, ვერც თავად ზევახს, რომელიც ახლაღა მიხვდა, რომ აგრაფინა სამგზის კურთხეული იყო და ამ სამიდან არცერთ გზას იგი დიდებასთან არ მიუყვანია. მაშასადამე, ძველი მოტივისკენ მიმავალი მეოთხე გზაც უნდა არსებულიყო.

– ვაიმე, ვაიმე! – შეხტა აგრაფინა და ისე იკივლა, რომ მისმა ხმამ ზევახის აჟღერებული ფრაზები გადაფარა. მაგრამ დააგვიანა: ზევახმა მას ზურგი აქცია და მეოთხე გზას დაადგა, რომელმაც იგი დიდებასთან მიიყვანა, სადაც მას შემოდგომის ყვავილებით ხელში წარმოსახვით მიუწვდომელი სერაფიტა დახვდა. სერაფიტამ თავი დახარა, ვარდების თაიგული სახესთან მიიტანა და დაყნოსა და მერე მშვიდი, სევდანარევი ხმით ის საბედისწერო ფრაზა ააჟღერა, რომელსაც ზევახი ამდენ ხანს ეძებდა:

„მე ვარ სერაფიტა, ასული ზევახისა, რომლის წარმოსახვით მიუღწეველმა სილამაზემ ზევახი დიდებასთან მიიყვანა, სადაც ვარდები არ არიან, რადგანაც უსულო საგნებზე ასე არ ლაპარაკობენ.“ სერაფიტამ კიდევ ერთხელ დახარა თავი, კიდევ ერთხელ დაყნოსა ვარდების თაიგულს და დიდებაში გაუჩინარდა.

მაგრამ ზევახს რა ევარდებოდა, როდესაც ის სულიერების მსახური იყო და გაახსენდა, რომ სამგზის კურთხეული აგრაფინას მიერ დაწუნებული ძველი მოტივებიდან გამოყოლილი ერთი ტკბილი ოცნება, რომლისკენაც მიმავალი გზა დიდებასთან მიდიოდა, ნაკურთხი არ იყო. მიხვდა ზევახი, რომ სერაფიტა მისი ასული იყო და ყველაფერზე გული აუცრუვდა.

„გულო რა გემართება, სულო რა მოგივიდა?“ – სტილშეუცვლელად ააჟღერა გულაცრუებულმა ზევახმა თავისი ტანჯვით ნაპოვნი ფრაზა და იმ დროს ჩაბარდა, რომელიც აღარავის ახსოვს.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button