ლიტერატურამოთხრობასაბავშვო

მანანა წერეთელი – სიკეთის მზე, ანუ პატარა ხოჭოს ნაამბობი

იცით, ვინა ვარ? _ ერთი პატარა ხოჭო ვარ, ხუჭია მქვია.
დაბადებიდან ძალიან მშიშარა ვყოფილვარ, ერთ პატარა ხმაურზეც კი თვალებს ვხუჭავდი, ამიტომ დამარქვა დედამ ხუჭია. ყველა მეუბნება, ძალიან ლამაზი ხარო. მეც ვიცი, რა¬დ¬¬გან ხშირად დამინახავს ჩემი ანარეკლი ფოთოლზე შერჩენილი წვიმის წვე¬თების სარკეში. თავი ზურმუხტისფერი მაქვს, ზურგი კი ყავისფრად დაზოლილი.
დედა მეუბნება, ჯერ კიდევ პატარა ხარ და უნდა დამიჯეროო. უჩემოდ ნურსად გაფრინდები, თორემ რაიმე ხიფათს გადაეყრები და მერე შენს თავს დააბრალეო. მართალია, ჯერ დიდი არ მეთქმის, მაგრამ ცოტა ხომ წამოვიზარდე!.. და რახან წამოვიზარდე, ჩემებურად მინდა ყველაფერი ვაკეთო: მარტომ ვიფრინო, საჭმელიც მარტომ ვიშოვნო, ხან ერთ ფოთოლზე შემოვჯდე და ხან მეორეზე…
იცით, რა კარგია, ფოთოლზე წამოგორებული მზის სხივებს რომ ვეთამაშები! ფოთოლი ნელა ირხევა, მე ხან დავცურდები, ხან ავბობღდები, მზის სხივები კი თვალებს მიკრავენ და მეკისკისებიან. თქვენ მოგისმენიათ მზის სხივების კისკისი? უი, არა?! მაშინ ერთ მზიან, თბილ დღეს გამოდით გარეთ, ეზოში ან ტყეში, გაირბინეთ ბალახებში, თუ გინდათ წამოგორდით, მერე ბუჩქების ან ხის ფოთლებს დააკვირდით. აუცილებლად შენიშნავთ, როგორ დახტიან მზის სხივები ფოთლებზე და თუ კარგად მოუსმენთ, მათ კისკისსაც გაიგონებთ, მერწმუნეთ!
მე ყვავილებიც ძალიან მიყვარს. მათ საათობით ველაპარაკები, ისინიც რაღაც-რაღაცებს მეჩურჩულებიან. აი, გუშინაც, ერთმა გვირილამ, იცით, რა მითხრა? თუმცა საიდან გეცოდინებათ, ეს ხომ მხოლოდ მე მითხრა, იქ სხვა არავინ ყოფილა. ჰო, აი, რა მიამბო:
`ღამით, როცა ყველას სძინავს, ხანდახან თვალს გავახელ და მიდამოს მოვათვალიერებ. ისეთი სიჩუმეა, ისეთი, ბუზმა რომ ჩაგიფრინოს გვერდით, იმის ფრთების შრიალს გაიგონებო.
ერთხელაც, შუაღამით გამეღვიძა და რას ვხედავო: მიწიდან თავი ამოუყვია რუხ თხუნელას, აცმაცუნებს ცხვირს, პარჭყავს ნიჩბისებურ თათებს და ყნოსავს ჰაერს. ძალიან სასაცილო იყო!
_ რას ეძებ? ხომ არაფერი დაკარგე? _ ვკითხე თხუნელას.
შეკრთა, თავი აქეთ-იქით მიაბრუნ-მოაბრუნა და რომ ვერ მიხვდა, ვინ ელაპარაკებოდა, მიწას ჩაუდუდღუნა:
_ ნეტა, შენ რა გაწუხებს?!
_ მე? მე არაფერი, მაგრამ აი, შენ კი, მგონი, რაღაც გაწუხებს. არ მეტყვი?
აშკარა იყო, გული მოულბა და გამომიტყდა:
_ მზის დანახვა მინდოდა და…
_ შენ რა, მზეს ხედავ? _ მართლა ძალიან გამიკვირდა, რადგან ვიცოდი, რომ თხუნელები ვერ ხედავენ.
_ ვხედავ, დიახაც, ვხედავ! აბა, მარტო შენთვის კი არ ათბობს და ბრწყინავს მზე!.. ეტყობა, შევცდი… ახლა ღამეა, არა? _ თხუნელამ მოგრძო დრუნჩი ცისკენ აიშვირა.
მივხვდი, ეწყინა და ბოდიში მოვუხადეო:
_ მაპატიე, არ მინდოდა შენი გულის ტკენა! კი, ახლა შუაღამეა, მხოლოდ მთვარე ანათებს…
_ მთვარე ანათებს? მაშინ რატომ ვერ ვხედავ ან რატომ ვერ ვგრძნობ მის სითბოს?
_ არ ვიცი, რატომ ვერ ხედავ, მაგრამ ის ვიცი, რომ მთვარეს სითბო არა აქვს.
_ მაშინ რად მინდა მისი სინათლე?! თუ ანათებს, სითბოც უნდა ჰქონდეს!
_ სინათლეც კარგია! აბა, სიბნელეში რას დავინახავთ? ამ სინათლესაც აქვს თავისებური სითბო.
_ მე რომ ვერა ვგრძნობ? არააა, ვერც ამ სინათლეს ვხედავ და ვერც მის სითბოს ვგრძნობ. ჯობს, ისევ ჩემს სოროს დავუბრუნდე. ბევრი ჭიაყელა მოვიმარაგე, მაგრამ უქმად ყოფნა არ მიყვარს. რომ აცივდება, მერე ძნელია საკვების შოვნა. უფრო ღრმად მიწევს მიწაში ძრომიალი…
წავედი, წავედი, თუმცა, რომ არ ვიცი, შენ ვინ ხარ?
_ მე გვირილა ვარ, ყვითელგულა.
_ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა ფერის გული გაქვს, მაინც ვერ ვხედავ… ნახვამდის, მზის ამოსვლამდე-ე-ე!
წამღერებით დამემშვიდობა თხუნელა, ცხვირი გააცმაცუნა და ისე სწრაფად გაუჩინარდა, თვალიც ვერ მოვკარიო.
დიდხანს ვიფიქრე. შემეცოდა თხუნელა! ის ხომ მიწის წიაღში, სიბნელესა და სიცივეში ცხოვრობს! მაშინ მივხვდი, რა კარგია სინათლე, მზე, მთვარე და ვარსკვლავები, სიცხეში გრილი ნიავი და ნამიო!..~
ხომ ხედავთ, გვირილასაც ჰყვარებია მზის სხივები და სითბო.
მე კიდევ დიდხანს ვიჯექი მის ხასხასა ფოთოლზე, შემდეგ დავემშვიდობე, ფრთები ავიქნიე და დედისკენ გავწიე.
უკვე საღამოვდება. დედა, ალბათ, მოუთმენლად მელის. ირგვლივ ათასი განსაცდელია, ან ფრინველი ჩამიქროლებს, ან ადამიანი მომიქნევს ხელს, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყო.
ხანდახან ძალიან ვცელქობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დედა ჩემთან ახლოს არის და მიყურებს. ასე მგონია, რადგან ის გვერდით მყავს, ვერაფერი მომერევა და განსაცდელიც არ შემხვდება. მართლაც, დედას ფხიზელი თვალი აქვს, სულ ოდნავი ხმაურიც კი არ გამოეპარება და მოსალოდნელ საფრთხეს წინასწარ გრძნობს. მაგრამ ხომ არსებობს მოულოდნელი განსაცდელებიც. სწორედ ასეთი რამ შემემთხვა მაშინ, როცა დედა გვერდით მყავდა.
მაისის ერთ მშვენიერ დღეს მხიარულად დავფრინავდი ფოთლიდან ფოთოლზე, ჩემებურად ვმღეროდი და ვცელქობდი.
_ ბ-ზ-ზ, რა კარგია მზეეე! ზაფხული და სითბო,
ბ-ზ-ზ, მზე მიგზავნის სხივს, მართობს და გულს მითბობს!
თითქოს გავრითმე კიდეც, არა?! სიხარულით დავტრიალდი, დავბზრიალდი, შუ¬რ¬დულივით დავეშვი თავქვე და ამ ბზრიალ-ტრიალში მიწას ზურგით დავასკდი. კი¬¬დევ კარგი, ზურგით დავეცი, თორემ ხომ მომტყდებოდა ფეხები! მართალია, ფეხე¬¬ბის მომტვრევას გადავურჩი, მაგრამ გადმობრუნება ვეღარ შევძელი. ვბზუი, ვბ¬ზ¬რ¬იალებ, ვფართხალებ, მაგრამ თქვენ არ მომიკვდეთ, ფეხებზე დადგომას ვერ ვახერხებ.
დედამ დამინახა, სასწრაფოდ ჩემთან გაჩნდა და შეეცადა, გვერდი შეეშველებინა, რომ გადმოტრიალებაში დამხმარებოდა. არაფერი გამოუვიდა. შევატყვე, შეშფოთდა, მაგრამ არ შეიმჩნია, რომ მეც არ შემშინებოდა.
_ არ მეშინია, დედა, მოვახერხებ როგორმე გადმობრუნებას, _ დავამშვიდე, მაგრამ მიხვდა, რომ ვატყუებდი, რადგან ფეხები შიშისგან მიკანკალებდა.
_ მოიცა, რაღაც მოვიფიქრე. აი, იმ ბალახს გადმოვწევ, შენAკი შეეცადე, მოეჭიდო.
დედა ბალახზე აცოცდა და ღეროს წვერისკენ დაჰყვა, რომ ჩემკენ გადმოეხარა. მე ისევ ავფართხალდი, მინდოდა, ბალახისკენ ოდნავ მაინც გადავფოფხებულიყავი, მაგრამ პირიქით, უფრო დავცილდი.
და აი, აქ მოხდა ის, რისიც ყველაზე ძალიან გვეშინოდა მე და დედას: ეტყობა, ჩემი ფართხალი შენიშნა პატარა ბიჭმა, რომელიც იქვე თამაშობდა, ჩვენკენ წამოვიდა, ჩემთან ჩაიმუხლა და დამაკვირდა.
_ დედა, მიშველეეე! _ ამოვიბზუილე და შიშისგან თვალები დავხუჭე.
დედისგან ვიცოდი, რომ ადამიანები ძალიან დაუნდობლები არიან და სადაც მოგვიხელთებენ, იქვე გვკლავენო.
რაღაც წამების შემდეგ მივხვდი, ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი და თვალები ოდნავ გავახილე. ძალიან ახლოს ბუნდოვნად დავინახე ბიჭის სახე. შიშისგან გული კინაღამ გამისკდა და თვალები ისევ დავხუჭე.
ცოტა ხანი გავშეშდი. ვიფიქრე, იქნებ მკვდარი ვეგონო და თავი დამანებოს-მეთქი. შემდეგ გავბედე და თვალები გავახილე. ბიჭი ისევ ჩემკენ დახრილიყო და ყურადღებით მაკვირდებოდა. ახლა უკვე ნათლად გავარკვიე მისი დიდრონი თაფლისფერი თვალები, შავი წამწამები და შუბლზე ჩამოშლილი ხვეული თმა. ისე გაოცებითა და სიბრალულით მიყურებდა, მაშინვე მივხვდი, ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა და ოდნავ დავმშვიდდი. მეც გავტრუნდი, აღარ ვფართხალებდი, თუმცა ფეხების კანკალი ვერ შევიჩერე.
_ დე, დე, ნახე, პატარა ჭია, _ იყვირა უცებ ბიჭმა.
მისმა ყვირილმა ისევ დამაფრთხო და ავწრიალდი, ავფართხალდი.
_ ცოცხალი ყოფილა, დეე, ცოცხალიიი! _ აშკარად გაუხარდა ბიჭს.
მეც გული მომეცა _ რადგან ჩემი გადარჩენა გაუხარდა, სასიკვდილოდ არ გამიმეტებს-მეთქი.
ახლა ახალგაზრდა ქალი დამადგა თავზე და დამაკვირდა.
_ ეგ ჭია არ არის, დედიკო, ხოჭოა.
_ რომელი, ჩვენი სახლის სარდაფში რომ არიან?
_ არა, ისინი ტარაკნებია. ეს კი პატარა ხოჭოა. შეიძლება, შენ და ის ტოლებიც კი ხართ. _ გაუღიმა დედამ და თავზე ხელი გადაუსვა.
_ მართლა? ცოდოა, არა, დედიკო? _ ახლა მეტი სიბრალული ჩაუდგა ბიჭს თვალებში და დედის პასუხს არც დალოდებია, იქვე რაღაცას დაუწყო ძებნა.
შეშინებულმა მივადევნე თვალი ბიჭს, ნეტავ, რას მიპირებს-მეთქი.
ბიჭმა იქვე ხის პატარა ტოტი შენიშნა, აიღო და ფეხებზე დამადო. მე, რაც ძალა და ღონე მქონდა, შემოვეხვიე ტოტს, ბიჭმა ასწია და ჰოპ, წამში ფეხებზე დავდექი. სიხარულით არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა! ჯერ ფრთები შევისწორე, გაღიმებულ დედას გავხედე, ავბზუილდი, ავმღერდი, ავფრინდი ზევით და ბიჭს თავზე სამჯერ შემოვუფრინე.
_ დეე, ნახე, მადლობას მეუბნება! _ მიმიხვდა პატარა ბიჭი და გამიცინა.
მე მის თვალებში დიდი მზე დავინახე… გაოცებულმა ცას გავხედე. მზე ციდან დაგვყურებდა, მაგრამ არ შემშლია. ბიჭის თვალებშიც ენთო ისეთივე მზე და ის მზეც სითბოს გამოსცემდა.
რა საოცარია სამყარო, არა?!
_ დედა, შენ ხომ მეუბნებოდი, ადამიანები დაუნდობლები არიანო?! არ არის მართალი! ხედავ, კეთილი ადამიანებიც ყოფილან!

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button