ისტორია

ლევან ზ. ურუშაძე – დიადი სულის უკვდავება

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე გახლდათ ეროვნული ერთობის დარაზმულობა `თეთრი გიორგი~-ს ერთ-ერთი ლიდერი, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი (ისტორიკოსი და ლინგვისტი) და პუბლიცისტი, პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (1878-1965), რომელიც ლევილის ქართველთა სასაფლაოზე განისვენებს. უაღრესად სასიამოვნოა ბოლო დროის საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დიდი მამულიშვილის სამშობლოში, მთაწმინდის პანთეონში, გადმოსვენების შესახებ. ჩვენთვის დიდად საამაყოა იმის აღნიშვნა, რომ მრავალი ათეული წლის მანძილზე (1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ) საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმმა 2008 წლის დეკემბერში პირველად ჩაატარა მიხაკო წერეთლის 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო სესია.

ქვემოთ სწორედ მიხაკო წერეთლის დაუღალავ, უაღრესად ნაყოფიერ, მრავალმხრივ მოღვაწეობაზე გვექნება საუბარი.

მიხეილ (მიხაკო) გიორგის ძე წერეთელი იყო მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ფილოლოგი, პუბლიცისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, ცნობილი ექიმის, პუბლიცისტისა და ეროვნული მოღვაწის ვასილ წერეთლის (1862-1937) უმცროსი ძმა, აკადემიკოსების გიორგი და თინათინ წერეთლების ბიძა. მამამისი, – გიორგი წერეთელი თავისი დროისთვის უაღრესად განათლებული პიროვნება იყო, მწიგნობარი და ბრწყინვალე კალიგრაფი. მის მიერ გადაწერილი რამდენიმე თხზულება დღეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. დედა, – მაია იაშვილი, გახლდათ მოწინავე არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელი და შვილების აღზრდით იყო დაკავებული.

დაიბადა მიხაკო წერეთელი 1878 წლის 23 დეკემბერს, ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ცხრუკვეთში. იგი იმერეთის სამეფოს ტახტის აზნაურის, იმერთა მეფეების, – ალექსანდრე V-ის და სოლომონ I-ის კარის მოძღვარის სვიმონ წერეთლის (მისგან იღებს სათავეს მოძღვრიშვილ-წერეთელთა ცნობილი საგვარეულო) და იმერეთის მეფის დავით II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო.

მიხეილ წერეთელმა 1898 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც გარიცხეს 1899 წელს, აქტიური პოლიტიკური, ანტიიმპერიული მოღვაწეობისათვის. შემდეგ სწავლობდა სორბონის და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1912 წელს წარმატებით დაამთავრა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განხრით.

მიხაკო წერეთელი (ჰაიდელბერგი, 1914 წ.)

1900-1906 წლებში მ. წერეთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. აქტიურად იყო ჩაბმული ანარქისტულ და ეროვნულ-განმათავისუფლებელ საქმიანობაში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვარლამ ჩერქეზიშვილთან, პეტრე კროპოტკინთან და საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის სხვა ლიდერებთან. ამასთან, ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. ფსევდონიმებით `Bატონ~ და `მ. სანგალა~ წერილებს აქვეყნებდა როგორც ქართულ, ისე უცხოეთის პერიოდულ პრესაში.

1904 წელს იგი შეუერთდა ქართველ სოციალ-ფედერალისტთა ჯგუფს გიორგი დეკანოზიშვილის ხელმძღვანელობით. ეს ჯგუფი მოღვაწეობდა პარიზში. აქ გამოდიოდა მათი გაზეთები `საქართველო~ და `Lა Gეორგიე~. იმავე წელს მ. წერეთელმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის რევოლუციური ჯგუფების ინტერპარტიულ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა პარიზში. ამ თავყრილობაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ გიორგი დეკანოზიშვილი, ვარლამ ჩერქეზიშვილი და გიორგი ლასხიშვილი. ისინი, სოციალ-დემოკრატებისგან განსხვავებით, აქტიურად იცავდნენ ქართველი ერის შელახულ უფლებებს. იმავე წელს ჟენევაში ჩატარდა ქართველი ფედერალისტების კონგრესი, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო მიხაკო წერეთელმა.

სხედან (მარცხნიდან მარჯვნივ) ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ჩხენკელი და ზურაბ ავალიშვილი; დგანან სპირიდონ კედია, გიორგი მაჩაბელი და მიხაკო წერეთელი (1917 წ.)

აღსანიშნავია, რომ 1905 წელს, სხვა ცნობილ მამულიშვილებთან (თედო სახოკია, ვარლამ ჩერქეზიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი, ივანე ციციშვილი, იასონ ბობღიაშვილი და სხვანი) ერთად, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო გემით ”სირიუსი” ეროვნული მოძრაობისათვის იარაღის (7 ათასი თოფი და 1 მილიონი ტყვია) შემოტანაში.

1906 წელს მიხაკო წერეთელი იყო ეროვნულ-პოლიტიკური მიმართულების ჟურნალის `ნობათი~ ფაქტობრივი რედაქტორი (ოფიციალურად რედაქტორი გახლდათ დ. ერისთავი-მდივნისა). აქ იგი აქვეყნებდა პოლიტოლოგიური, ანტიიმპერიული შინაარსის წერილებს ფსევდონიმით ”Bატონ”. იმავე 1906 წლის დამლევს ცენზურამ გაზეთი დახურა…

ვასილ წერეთელი (1862-1937), პუბლიცისტი, ეროვნული მოღვაწე

მიხაკოს უფროსი ძმა, – გამოჩენილი პუბლიცისტი და ეროვნული მოღვაწე ვასილ წერეთელი (1862-1937).

მცირე ხნის შემდეგ, 1907 წლის 30 აგვისტოს, საქართველოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა – რუსეთის ”დემოკრატიაზე” ”ჯვარდაწერილმა” ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა წიწამურთან ვერაგულად მოკლეს დიდი ილია. გაზეთის `ისარი~ 1907 წლის 2 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა მ. წერეთლის ცნობილი წერილი `კაცია ადამიანი?!~ ქართველი საზოადოებისთვის კარგად არის ცნობილი სიტყვა, რომელიც მან წარმოსთქვა ილიას დაკრძალვაზე. როგორც სტატია, ისე სიტყვა იმავე წლის დამლევს გამოქვეყნდა მემორიალურ კრებულში `ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება~.

1907 წელს ჰააგაში შედგა საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია, რომელზე წარსადგენად ვარლამ ჩერქეზიშვილის და მიხაკო წერეთლის თაოსნობით მომზადდა ქართველი ერის პეტიცია. მასში ყურადღება გამახვილებულია ქართველი ერის შელახულ უფლებებზე, კერძოდ, ცარისტული რუსეთის მიერ 1783 წლის ე.წ. ”გეორგიევსკის ტრაქტატი”-ს დებულებათა უხეშ დარღვევაზე. ვ. ჩერქეზიშვილის თხოვნით, ტექსტს საბოლოო რედაქცია გაუკეთა საერთაშორისო სამართლის აღიარებულმა ავტორიტეტმა, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა ერნესტ ნისმა (პეტიციის ტექსტი იხილეთ: ვარლამ ჩერქეზიშვილი. საქართველოს პეტიცია საერთაშორისო კონფერენციისადმი ჰააგაში 1907 წელს, ჟ. ”პრომეთე”, თბილისი, N 3, 1918).

წინ ზის გიორგი დეკანოზიშვილი, მეორე რიგში არჩილ ჯორჯაძე (მარცხნივ) და მიხაკო წერეთელი, დგანან გობეჩია, კომანდო გოგელია და ვარლამ ჩერქეზიშვილი

1910 წელს თბილისში გამოიცა მ. წერეთლის მნიშვნელოვანი სოციოლოგიური გამოკვლევა `ერი და კაცობრიობა~. ეს იყო ქართულ ენაზე გამოცემული პირველი სოციოლოგიური მონოგრაფიული გამოკვლევა. იმავე წელს იგი სიტყვით გამოვიდა ლონდონის ჩაგრულ ერთა ყრილობაზე.

1914 წელს მიხეილ წერეთელმა მოიპოვა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ასირიოლოგიაში. სადისერტაციო ნაშრომი იმავე წელს ცალკე წიგნად გამოიცა ხსენებული უნივერსიტეტის მიერ. მანამდე, 1912 წელს მან გამოაქვეყნა თავისი ცნობილი მონოგრაფიული გამოკვლევა `შუმერული და ქართული~, რომელიც მოგვიანებით გამოიცა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

1916 წელს მ. წერეთელი მონაწილეობდა ლოზანაში გამართულ ჩაგრულ ერთა ყრილობაში. იმავე წელს ფრანგულ ენაზე გამოიცა მისი წიგნი კავკასიის ეთნიკური და კულტურული განვითარების საკვანძო საკითხების შესახებ.

1913-1916 წლებში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების შრომების რამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა მ. წერეთლის გახმაურებული ნაშრომი `შუმერები და ქართველები~. არჩეული იყო აღნიშნული საზოგადოების ნამდვილ წევრად.

მიხაკო წერეთელი მეუღლესთან თამარ ვახვახიშვილთან ერთად

.

1914-1918 წლებში მიხეილ წერეთელი იყო საზღვარგარეთ მოქმედი მეტად მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, – `საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი~-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აქ მისი თანამებრძოლები იყვნენ კომიტეტის წევრი და `ქართული ლეგიონი~-ს მეთაური, გენერალი ლეო კერესელიძე, პეტრე სურგულაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), შალვა ვარდიძე, გიორგი მაჩაბელი, დათა ვაჩნაძე, ვასო დუმბაძე, მელიტონ ქარცივაძე და სხვა სახელოვანი მოღვაწენი.

1918 წლის 26 მაისს მ. წერეთელი ესწრებოდა საქართველოს ეროვნული საბჭოს იმ ისტორიულ საგანგებო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. 1918-1919 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი გერმანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში.

1919-1920 წლებში მიხეილ წერეთელი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასირიოლოგიასა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში.

მიხაკო წერეთელი (1910-იანი წლების დამლევი)

.

1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. მ. წერეთელი იძულებული გახდა სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო.

1922-1945 წლებში იგი იყო ჯერ ბრიუსელის უნივერსიტეტის (1922-1933), შემდეგ კი ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის (1933-1945) პროფესორი.

1920-იანი წლების პირველ ნახევარში სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანესთან არსებულმა გამომცემლობამ გამოსცა მ. წერეთლის მიერ ნათარგმნი `გილგამეშიანი~ და მისი მონოგრაფიული გამოკვლევა `ხეთის ქვეყანა~.

1926-1955 წლებში იგი იყო ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის, – ეროვნული ერთობის დარაზმულობა `თეთრი გიორგი~-ს ერთ-ერთი ლიდერი. 1944 წლამდე მ. წერეთელი ორგანიზაციას ხელმღვანელობდა გენერალ ლეო კერესელიძესთან ერთად (იყო მისი მოადგილე), ამ უკანასკნელის დაღუპვის შემდეგ კი, ფაქტობრივად, იყო `თეთრი გიორგი~-ს ერთპიროვნული ლიდერი.

მიხაკო წერეთელი მეუღლესთან ერთად

1929 წელს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტმა გერმანულ ენაზე გამოსცა მ. წერეთლის მონოგრაფია `ახლადაღმოჩენილი ქალდეური წარწერები~.

1933-1953 წლებში საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის `რევიუ დ’ასირიოლოჟი~ (ბელგია) ნომრებში გამოქვეყნდა მისი სტატიების სერია ურარტუს ისტორიის საკითხებზე. მ. წერეთელი არჩეული იყო ამ ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრად.

1933 წელს ბერლინში გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის ცნობილი თხზულების `სიბრძნე სიცრუისა~ მიხეილ წერეთლისეული გერმანული თარგმანი.

მეორე მსოფლიო ომის წლებში მ. წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი `ქართული სამოკავშირეო შტაბი~-ს ერთ-ერთი ხელმღვანელი. შტაბის ძალისხმევით გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა ასობით ქართველი სამხედრო ტყვე. გარდა ამისა, 1942 წელს იგი იყო ერთ-ერთი მოთავე ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის `ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი~-ს დაფუძნებისა.

სახელოვანი მეცნიერი და მამულიშვილი აქტიურად მოღვაწეობდა რუსთველოლოგიის დარგში. 1963 წელს პარიზში გამოიცა `ვეფხისტყაოსნის~ მის მიერ აღდგენილი და დადგენილი ტექსტი, ხოლო 1975 წელს პოემის წერეთლისეული გერმანული პროზაული თარგმანი.

უმძიმესი იყო სახელოვანი მამულიშვილისთვის 1945 წელი: აღნიშნულ წელს ბრმა შემთხვევამ იმსხვერპლა მისი ერათადერთი ვაჟი, – ოთარ წერეთელი.

მიხაკო წერეთლის ვაჟი, – ოთარ წერეთელი. ქართული პოლიტიკური ემიგრაციის და ეროვნული ერთობის დარაზმულობა თეთრი გიორგის თვალსაჩინო მოღვაწე (1902-1944).

1945 წლიდან იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მიუნხენში. სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად თანამშრომლობდა მიუნხენის უნივერსიტეტთან და მიუნხენის აღმოსავლეთ ევროპის და სსრ კავშირის შემსწავლელ ინსტიტუტთან, რომლის დირექტორი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე, პროფესორი ალექსანდრე ნიკურაძე.

პროფესორ მიხაკო წერეთელს დაბადებიდან 80 წლისთავს ულოცავენ დოქტორი ნიკო ნაკაშიძე (მარჯვნიდან პირველი) და პროფესორი ალექსანდრე ნიკურაძე (მარჯვნიდან მესამე), მიუნხენი, 1963 წ

მიხეილ წერეთელი იყო ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტიური თანამშრომელი. მისი უშუალო მონაწილეობით პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი `ბედი ქართლისა~, რომელშიც გამოქვეყნებულია მ. წერეთლის არაერთი საყურადღებო წერილი. მისი საყურადღებო ნაშრომებია გამოქვეყნებული, აგრეთვე, პროფესორ ვიქტორ ნოზაძის რედაქტორობით პარიზში გამომავალ ჟურნალში `კავკასიონი~. გარდა ამისა, მიხაკო წერეთელი იყო ლონდონში გამომავალი ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალის “Georgica” სარედაქციო საბჭოს უცვლელი წევრი. ამ ჟურნალში გამოქვეყნდა მისი ქართველოლოგიური ხასიათის არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. მისი საერთაშორისო სამეცნიერო სამყაროს მიერ აღიარებული ნაშრომებია გამოქვეყნებული საერთაშორისო ჟურნალში “Revue d’Assyriologie”. განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. `კელიშინის სტელის~ ასურულად ნათარგმნი ურარტული ტექსტის კრიტიკული პუბლიკაცია (ტ. 47, 1953), რომელსაც ფართო გამოხმაურება ხვდა წილად. უაღრესად ფასეულია მიხაკო წერეთლის გამოკვლევა `ვეფხისტყაოსნის~ ტექსტისათვის~, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალის `ბედი ქართლისა~ მე-12 – მე-16 ნომრებში (პარიზი, 1952-1954 წ.წ.). ნაშრომი მიჩნეულია რუსთველოლოგიის სფეროს ერთ-ერთ საეტაპო გამოკვლევად.

გარდაიცვალა მიხაკო წერეთელი 1965 წელს, 87 წლის ასაკში. მოგვიანებით მისი ნეშტი მიუნხენიდან გადასვენებულ იქნა საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

მიხეილ (მიხაკო) წერეთლის საფლავი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე

და ბოლოს, გვსურს თხრობა დავასრულოთ მიხაკო წერეთლის სიტყვებით, რომლებიც ზედმიწევნით ახასიათებს მათ ავტორს: `უფლება არსებობისა და ხელშეუხებლობისა, თანასწორობა სრული და სამართლიანი, უფლება რომელიმე ფორმის სახელმწიფოს დაარსებისა, უფლება საზოგადოებათა, საზოგადოების წინაშე სამართლის პოვნისა და თანასწორი სამართლიანი ვალდებულება მის წინაშე, აი, ერის უფლება” (იხ.: Bატონ. ერი და კაცობრიობა, 1910, გვ. 253). სწორედ ქართველთა შეგინებული და შელახული ეროვნული ღირსების აღდგენას მიუძღვნა მიხაკო წერეთელმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button