გამორჩეული ადამიანებიუცნაური

სამფეხა ადამიანი ფრანჩესკო ლენტინი

ფრანჩესკო ლენტინი 1889 წლის 18 მაისს დაიბადა სიცილიის რეგიონ სირაკუზაში, როზოლინის კომუნაში. ოჯახში ის 12 (უფრო ზუსტად კი 12.5) ბავშვიდან ერთ-ერთი იყო. მისი ტყუპი ძმა, რომლისგანაც მხოლოდ ერთი ფეხი და გენიტალიები განვითარდა, ფრანჩესკოს ზურგზე იყო შეზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ მას „სამფეხა ადამიანს” ეძახდნენ, რეალურად 4 ტერფი ჰქონდა – განუვითარებელი მეოთხე ტერფი მესამე ფეხის მუხლიდან გამოზრდილიყო. ასე რომ მთლიანობაში მას ჰქონდა 3 ფეხი, 4 ტერფი, 16 თითი ფეხებზე და 2 ფუნქციონირებადი მამაკაცური გენიტალია. გარდა ამისა, ფრანჩესკოს ცხოვრებას ისიც ართულებდა, რომ თითოეული ფეხი განსხვავებული ზომისა იყო.

ბავშვობაში ლენტინის ზედმეტი კიდურები და გამონაზარდები აღიზიანებდა. ექიმებმა გამოკვლევის შემდეგ დაადგინეს, რომ ხერხემალთან სიახლოვის გამო მათ მოშორებას შეიძლებოდა პარალიზება გამოეწვია. მშობლებმა ის მიატოვეს და დეიდის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ფრანჩესკო უნარშეზღუდული ბავშვების თავშესაფარში მიაბარა. აქ მოხვედრილს ხანდახან შვებას გვრიდა იმის ნახვა, რომ იყვნენ ბავშვები, რომლებსაც მასზე გაცილებით უარესი დარღვევები ჰქონდათ. იყვნენ ისეთები, რომლებიც საერთოდ ვერ დადიოდნენ, ვერ ხედავდნენ, არ ესმოდათ, ვერ ლაპარაკობდნენ, რამაც ლენტინს ცხოვრება სხვა თვალით დაანახა. მან არამარტო გამართული სიარული ისწავლა, არამედ სირბილი, თოკზე ხტომა, ველოსიპედის ტარება და ციგურებით სრიალიც კი. უნარშეზღუდულ ბავშვებთა სახლში გატარებულმა დრომ მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა მასში და მოგვიანებით ხშირად ამბობდა, რომ ეს იყო უდიდესი მოტივატორი მის ცხოვრებაში.

1898 წელს, 8 წლის ასაკში, ლენტინი შეერთებულ შტატებს ეწვია და მაშინვე იქცა სენსაციად. ის ადვილად ხიბლავდა პუბლიკას მახვილი გონებითა და კარგი იუმორის გრძნობით, რასაც ცხადია, მისი უჩვეულო სიმარჯვის დემონსტრირებით გამოწვეული განცვიფრებაც ემატებოდა. მიუხედავად ზედმეტი გამონაზარდებისა, ფრანჩესკო არაჩვეულებრივად ახერხებდა სხეულის კონტროლსა და წონასწორობის შენარჩუნებას. წარმოდგენების გამართვისას ის ხშირად ურტყამდა ბურთს მესამე ფეხით. თუმცა რომ წამოიზარდა, ფიზიკურ მხარეზე მეტად საკუთარ ხასიათსა და პიროვნებას უსვამდა ხოლმე ხაზს.

30 წლის ასაკში ფრანჩესკო ლენტინი აშშ-ის მოქალაქე გახდა.

ლენტინს შეეძლო საუბარი და ინტერვიუს მიცემა იმ დროს, როცა დამატებით ფეხზე იდგა ან სკამად იყენებდა მას. მნახველებს ბევრი საკითხი აინტერესებდათ, დაწყებული მისი გატაცებებიდან დამთავრებული სექსუალური ცხოვრებით. ასევე ხშირად ეკითხებოდნენ ფეხსაცმელების შესახებ – თუ როგორ ახერხებდა და რამდენად უძნელდებოდა 3 ერთნაირი ფეხსაცმლის მოძებნა. გონებამახვილი ფრანჩესკო ამ დროს პასუხობდა, რომ ყიდულობდა 2 ერთნაირ წყვილს და დარჩენილ ფეხსცმელს ჩუქნიდა თავის ცალფეხა მეგობარს.

ლენტინის გამორჩეული ხასიათი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მისით დაინტერესდა ახალგაზრდა ქალბატონი ტერეზა მიურეი, მალე კი წყვილს შორის გრძნობაც გაჩნდა. მათ იქორწინეს და ერთად ცხოვრების პერიოდში 4 ჯანმრთელი შვილი შეეძინათ. ფრანჩესკო მოგზაურობას სიკვდილამდე აგრძელებდა. ის 1966 წლის 22 სექტემბერს გარდაიცვალა 77 წლის ასაკში. მისი კარიერა 40 წელს შეადგენდა, მოვლილი ჰქონდა ყველა მთავარი ცირკი და ცნობილი წარმოდგენა. მას ნაცნობები ისეთი პატივისცემით ეპყრობოდნენ, რომ ხშირად „მეფედ” მოიხსენიებდნენ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button