ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – მოლოდინი

ბაკურიანიდან კოხტაგორასკენ გზას თუ გააგრძელებ, საბაგიროს რომ გასცდები და დაბლა დაეშვები, ხუთ კილომეტრში თვალწინ გადაგეშლება ქვაბული, ირგვლივ შემოჯარული გოროზი მთებით და მთის კალთებზე შეფენილი ძელური სახლებით. – ეს პატარა მიტარბია, სოფელი, ერთ დროს მინერალური წყლით, ზამთარ-ზაფხულ მოძალებული დამსვენებლებით, ახლა კი, ჩამკვდარი და უსიცოცხლო.
სოფელი ქართველებით და ოსებით იყო დასახლებული, მაგრამ მაშინ ვინ არჩევდა ეროვნებას? ყველა ქართულად ლაპარაკობდა, ერთმანეთთან ნათესავ-მეზობლობდნენ და ერთად ეწეოდნენ მთის სოფლის მძიმე ჭაპანს.
ტარიელი პატარა მიტარბში დაიბადა, ქართულ ოჯახში. იმ ღამით ისეთი თოვლი მოვიდა, რომ დედამისი ბაკურიანის სამშობიაროში ვერ გადაიყვანეს, მშობიარობა დაუგვიანდა. ადგილობროვმა ბებიაქალმა ამშობიარა. ბავშვი გადარჩა, მაგრამ დედა დაიღუპა. ერთი კვირით ადრე, ოსურ ოჯახში, მეზობლის გოგოს – ლიზას შეეძინა ვალოდია. თავისი რძით გამოკვება ობოლი, შვილივით გაზარდა. აბა, ვინმე ბიჭი იყო და ტარიელისთვის რამე დაეშავებინა, ლიზა კეტით რომ გაუვარდებოდა, მანამდე სდევდა, სანამ ბეჭებზე არ გადაკრავდა. ტარიელი და ვალოდია ხომ სულ ერთად იყვნენ, უერთმანეთოდ ლუკმას არ შეჭამდნენ. ტარიელს, მამისა და მაგ ოჯახის მეტი არავინ ჰყავდა. საღამოობით მათთან გადადიოდა და ელოდებოდა, როდის შეიკრიბებოდა მთელი ოჯახი. შემოუსხდებოდნენ მაგიდას და ყვებოდნენ იმ დღის ამბებს. ლიზა დეიდა სუფრას გაშლიდა. უყვარდა ლიზა დეიდას გამომცხვარი ყველნარევი კარტოფილის ხაჭაპური, მარტო ეგ კი არა, მაგ ოჯახში ყველაფერი უყვარდა – ვალოდია უყვარდა – თავისი ძუძუმტე, მისი მამა – ძია ხეთაგა, ორი წლით უმცროსი ძმა უყვარდა კიდევ ვალოდიასი – კოსტა, ლიზა დეიდა ხომ უყვარდა და უყვარდა. კიდევ, სახლი უყვარდა მათი – ძელური, ჭერში გადებული ხის ძელით, ზედ დაკიდებული ნაჭრის ჭაღი, თავის თავს ძლივს რომ ანათებდა, კუთხეში მდგარი შეშის ღუმელი უყვარდა, ზაფხულში მდუმარე, ზამთარში რომ იწყებდა ტკაცატკუცს. თაროზე შემოდგმული ნავთის “ლამფა” უყვარდა, ზედ ჩამოცმული მიმწვარი ქაღალდის “აბაჟურით”…
ასე ტკბილად გადიოდა დრო. ზაფხულს ზამთარი ცვლიდა, ზამთარს – ზაფხული, მაგრამ მერე, წვერიანმა არაფორმალებმა დაიწყეს მალ-მალე ამოსვლა. რამდენიმე ოსურ ოჯახში ავტომატიანები შევარდნენ და დაარბიეს. ხალხი დაშინდა, სამხედრო ფორმიანების დანახვაზე ტყეში იმალებოდნენ.
არაფორმალებმა სოფელში კარავი დასცეს. საველე მეთაურად თბილისელი “პატრიოტი” – ბატონი ლეო აირჩიეს, არეულობამდე ყველა რომ ჩაგრავდა და სიმხდალის გამო “კურდღელა” რომ
ჰქონდა მეტსახელი, მაგრამ სადღაც ავტომატი იშოვა და მის დანახვაზე ხალხს შიში რომ შეატყო, – რა კარგი ყოფილა ძალაუფლებაო! – წლობით ნაგროვები უსუსურობისგან გამოწვეული ბოღმა, მიტარბელ ოსებს დაატეხა თავს.
ნელ-ნელა აიბარგნენ ოსური ოჯახები პატარა მიტარბიდან. ზოგი ვლადიკავკაზში გადავიდა, ზოგიც ცხინვალში. ტარიელმა თავის სახლში გადმოიყვანა ძია ხეთაგას ოჯახი, მაგრამ სოფელში ოსები რომ აღარ დარჩნენ, არაფორმალები ახლა ქართველებს მიადგნენ. – ოსებთან რატომ ცხოვრობდიო, რატომ მეზობლობდიო, ბებია ოსი რატომ გყავსო! ზოგს რა მიზეზით და ზოგს რა, უკვე ქართულ ოჯახებს აწიოკებდნენ. აიბარგნენ ქართველებიც, ზოგი თბილისში გადმოსახლდა, ზოგიც ბორჯომში. ხეთაგა, თავისი ოჯახით, ვლადიკავკაზში გადავიდა, ტარიელი და მამამისი თბილისში გადმოვიდნენ. დაიცალა პატარა მიტარბი, სოფლის ადგილზე ნასოფლარი დარჩა.
***
გავიდა წლები, კალაპოტში ჩადგა ცხოვრება. დაუბრუნდა ტარიელი მამა-პაპის სახლ-კარს. ძია ხეთაგას სახლის სახურავი შეაკეთა და სახლი გამოკეტა იმ იმედით, იქნებ მოუნდეთო თავიანთ ნასახლარზე დაბრუნება. საღამოს, ცოლ-შვილი რომ დაიძინებს, ტარიელი გადადის ძია ხეთაგას სახლში, დაჯდება მაგიდასთან და ელოდება, როდის შეიკრიბება მთელი ოჯახი. უყვარს ძელური სახლი, ჭერში გადებული ხის ძელით, ზედ დაკიდებული ნაჭრის ჭაღი, თავის თავს ძლივს რომ ანათებს, კუთხეში მდგარი შეშის ღუმელი უყვარს, ზაფხულში მდუმარე, ზამთარში რომ იწყებს ტკაცატკუცს. თაროზე შემოდგმული ნავთის “ლამფა” უყვარს, ზედ ჩამოცმული მიმწვარი ქაღალდის “აბაჟურით”. ვალოდია უყვარს – თავისი ძუძუმტე, მისი მამა – ძია ხეთაგა, ორი წლით უმცროსი ძმა უყვარს კიდევ ვალოდიასი – კოსტა, ლიზა დეიდა ხომ უყვარს და უყვარს…

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button