ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – მკერავი

დგ..დგ..დგ..დგ..დგ..დგ ბრუნავს ძველი “ზინგერი”. თითებს შორის გარბის ნაკერის ზოლი. შეკეცილი მარჯვენა ფეხი გამალებით აწვება პედალს, მთელ სიგრძეზე გაშვერილი მარცხენა ფეხი საკერავი მაგიდის გარეთ გამოუყვია. თითები წინ მიასრიალებს ნაჭერს. ბეჭებზე გამოზრდილი კუზი სკამის საზურგისთვის მიუყრდნია. მარჯვენა მხარი მაღლა აუწევია, მარცხენა დაბლა აქვს დაშვებული. თავი მარჯვნივ გადაუხრია, რომ ვერტიკალური მდგომარეობა მიიღოს. – ეს მიშაა, პლეხანოველი მკერავი.
***
დედაჩემის ნაყიდი, ოთხად დაკეცილი “ველვეტის” საშარვლე მატერია იღლიაში ამოვიჩარე და ჩერნიშევსკის, შემდეგ კი, ტყვიავის ქუჩით ვარანცოვზე ჩავირბინე, იქ პლეხანოვი გადავკვეთე და ხელმარჯვნივ, საკანცელარიო მაღაზიასა და გასტრონომს შორის ატელიეს კარი შევაღე
– გამარჯობა მიშა ძია – მივესალმე მკერავს.
– ვა, მოდი ძმიშვილო! – საკერავ მანქანასთან მჯდარმა მარჯვენა იღლიის ქვეშიდან გამომხედა.
– მიშა ძია, ამ ნაჭრიდან “შლაქსი” გამოვა?
– აბა, მაიტა! – მკერავის “მეტრიანი” კისრიდან მოიხსნა და მატერია გაზომა. – “აბშლაგებით”?
– კი, “აბშლაგებით”!
– შარვლის ტოტი რამდენი ავიღო, 30?
– მე, 35 მინდა!
– 35 რად გინდა, ბიჭო, სიმაღლეში მეტრა სოროკი ხარ, 32 გეყოფა!
– კარგი, ეგრე იყოს, რა დამიჯდება?
– 15 მანათი! რა, მაგდენი არ მოგცეს? – დაინახა, რომ უხერხულად შევიშმუშნე. – კარგი, 12 მანათი მამეცი, დარჩენილი ნაჭრებიდან, ფეშქაშად, ქუდსაც შეგიკერამ!
***
მიშა ობოლაძე პლეხანოვზე დაიბადა. ოთხი წლის იყო, დედა ჭლექით რომ გარდაეცვალა. მამამ მეორე ცოლი რომ მოიყვანა, მიშა პირველ კლასში სწავლობდა. ვერ გაუგეს დედინაცვალმა და გერმა ერთმანეთს, ყოველი დღე მიშას ცემით მთავრდებოდა. დედინაცვალს თავისი შვილი რომ შეეძინა, გერის ცემას კიდევ უფრო უმატა. მიშა კი, სამაგიეროს იმით უხდიდა, რომ ერთს არ დაიკვნესებდა, ერთი ცრემლი არ გადმოუვარდებოდა. მალე მამაც გარდაიცვალა – მედუქნეს დანაძლევებია ხუთკაციან სუფრაზე – ერთ “პაჩკა” მარილს შევჭამო! – შეუჭამია და თირკმელები გათიშვია, ვერაფერი უშველეს. დედინაცვალმა მიშა სკოლიდან გამოიყვანა და მარჯანიშვილის მოედნის კუთხეში, ფოტოატელიეში, არტაშა ფოტოგრაფს მიაბარა შეგირდად.
ძია არტაშა დღე ფოტოატელიეში მუშაობდა. მასთან კლიენტები ძირითადად, პასპორტის სურათის გადასაღებად, ან მიცვალებულის სურათის გასადიდებლად შემოდიოდნენ. მიშა მთელი დღე ბნელ ლაბორატორიაში იჯდა და სურათებს ამჟღავნებდა. ღამით კი, ის და ძია არტაშა მარჯანიშვილის ქუჩაზე, ერთი ძველი სახლის მეორე სართულზე, ფანჯრებდაგმანულ ოთახში, პორნოგრაფიულ სურათებს ამჟღავნებდნენ და დილით ვიღაც კაცს აბარებდნენ. ცუდმა კვებამ, დღედაღამ სიბნელეში, ქიმიკატების ორთქლში ყოფნამ თავისი კვალი დაასვა მიშას ჯანმრთელობას – პატარა გაციება საკმარისი იყო, რომ სამი თვე ხველებით იხრჩობოდა. ამას დაერთო ფოტოგამამჟღავნებელზე ალერგია, ხოლო ხერხემლის გამრუდება და ბეჭებზე გამობერილი პატარა კუზი, რომელიც დღითი-დღე იზრდებოდა, დიდხანს ჯდომისას აუტანელ ტკივილს იწვევდა. უყურა არტაშა ფოტოგრაფმა შეგირდს და როცა მიხვდა, რომ აღარ გამოადგებოდა, შალიკო მკერავს “დაუთმო” ერთი შარვლის შეკერვის ფასად.
***
შალიკო ძია დაბალი, მრგვალი, თბილი და ტკბილი მოხუცი იყო. მარტო ცხოვრობდა. ცოლი ათი წლის წინ გარდაეცვალა, მანამდე შვილი, 17 წლის დედისერთა ბიჭი, მტკვარში დაეხრჩო. შეგირდი შვილად მიიღო, საბჭოს ქუჩაზე, თავის ერთოთახიან ბინაში ჩაწერა, ხელობის ყველა საიდუმლოს ასწავლიდა, საჭმლის ჭამას აძალებდა და “შვილოთი” მიმართავდა. მიშა გამოჯანმრთელდა – ხველებამ და ალერგიამ გაუარა, ხელობაც ადვილად აითვისა, შალიკო ძიას გამოჭრილი თარგებით, უკვე დამოუკიდებლად შეეძლო კოსტიუმის შეკერვა. ცხოვრება ააწყო, მხოლოდ კუზი განაგრძობდა შეუპოვრად ზრდას. ღამით ხერხემლის ტკივილი დასჩემდა, ადგილს ვერ პოულობდა, მთელი ღამე ლოგინში წრიალებდა. დღე კი მისი იყო – კუზს სავარძელს მოარგებდა, მარჯვენა ფეხით საკერავ მანქანას “დაქოქავდა”, მარცხენა ფეხს მაგიდის გარეთ გაიშვერდა და მისრიალებდნენ ხელები ნაჭერზე, უკან რჩებოდა გვირისტი, თავში კი, ტანსაცმლის უამრავი დიზაინი ენაცვლებოდა ერთმანეთს.
მალე შალიკო მკერავი მძიმედ გახდა ავად – ექიმებმა ფილტვის კიბო დაუდგინეს. ოთხ თვეში გარდაიცვალა. მიშა გვერდიდან არ მოსცილებია. გამოიტირა მამობილი, დამარხა. ამის მერე, მარტო განაგრძო მუშაობა, შეგირდი არ აუყვანია. მოსწონდა მარტო ყოფნა – აქ დირექტორიც თვითონ იყო, მოადგილეც, ბუღალტერიც, მკერავიც და დამლაგებელიც. საღამოობით აკრეფდა სხეულს, ჩარაზავდა ატელიეს კარებს და დაღლილი ძვლების ჩლახაჩლუხით აუყვებოდა ჩერნიშევსკის ქუჩას.
დღისით კი, ისევ დგ..დგ..დგ..დგ..დგ..დგ…
– მიშა, პალტოს შემიკერავ?
– ვა, იუზგარ, აბა რას ვიზამ?!
– მიშა ძია, შარვალს შემიკერავ?
– მოდი, ძმიშვილო, ზომა აგიღო!
– მიშა ძია, კაბა დამიმთავრე?
– აჰა, კუკლაჯან, მარა არ ჩაიცვა, მოგიტაცებენ!… განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეროვნებისა თუ სოციალური მდგომარეობისა, ყველა თბილისელს, ვისაც “სტილიაგობაზე” ჰქონდა პრეტენზია, მიშა მკერავის შეკერილი ტანსაცმელი ეცვა. “შანელი”, “გუჩი”, “პრადა”, არმანი” დოლჩე და გაბანა”, მილიონებს რომ უხდიან დიზაინერებს, სტილისტებს და მოდელებს, მიშა მკერავი მარტო ჰქმნიდა თბილისურ მოდას.
***
ამას წინათ, პლეხანოვზე გავიარე. სამკერვალო ატელიეს ადგილზე ტკბილეულის მაღაზია დამხვდა არაბული წარწერით. მიშა მკერავი ვიკითხე.
– ეგ ვიღა ოხერიაო?! – დამტვრეული ქართულით, კითხვითვე მიპასუხა მაღაზიის მეპატრონემ.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button