ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ზაალ ანდრონიკაშვილი – შემობრუნების წერტილი

რუსეთთან ომმა ისეთ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, ისეთ წერტილამდე მიგვიყვანა, რომ დიდი ხნით გადადებული წარსულის გადაფასება და მომავლის განსაზღვრა ადრე თუ სასურველი და აუცილებელი იყო, ახლა აუცილებელი და გადაუდებელი გახდა. საქართველოში არც საბჭოთა, არც პოსტსაბჭოთა წარსული განსჯის და შეფასების საგანი არ გამხდარა. ჩავთვალეთ, რომ დამოუკიდებლობის მიღება ავტომატურად ნიშნავდა საბჭოთა მემკვიდრეობისაგან გათავისუფლებას. კი დავუკავშირეთ ჩვენი მომავალი „დასავლეთს“ – ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემას და ევროპის კავშირს, მაგრამ არ დავფიქრებულვართ იმაზე, რომ ასეთი მომავლის არჩევა ჩვენგან გარკვეულ – და არც თუ მცირე – ძალისხმევას მოითხოვს. მოდერნიზაცია ჩვენს მიზნად კი გამოვაცხადეთ, მაგრამ არ გვითქვამს, ამ მოდერნიზაციაში ხელს რა გვიშლის ან ეს მოდერნიზაცია როგორ გვესმის. ეს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გაუაზრებელი წარსული კი ტრანსფორმაციის და მოდერნიზაციის გზაზე მძიმე ტვირთად გვაწევს. მაგალითად, ერთ-ერთი ხელის შემშლელი ის არის, რომ საბჭოთა პერიოდში ჩამოგვიყალიბდა მომხმარებლური ცნობიერება, რომელიც ცხოვრების მაქსიმალურ სტანდარტს გულისხმობს შრომის მინიმალური დანახარჯის საფასურად. მეორე ის არის, რომ ჩვენი აზრით, 06-დან, ნახმარ ოპელ ვექტრაზე თუ გადავსხდებით, უკვე ევროპელები ვართ, ახალ კომპიუტერს თუ ვიყიდით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოდერნიზაციამ წარმატებულად ჩაიარა, ანდა, ვთქვათ სოფლის მეურნეობის ევროპულ სტანდარტებზე გადაყვანისათვის 100 ახალი ტრაქტორის საზეიმოდ ჩამოყვანა საკმარისად მიგვაჩნია. მოდერნიზაცია, რომელიც ჩვენი ევროპული პროექტის ნაწილია, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს წარმატებული, როდესაც კარგად გვეცოდინება, კარგად გვექნება გააზრებული რა არის ამისათვის საჭირო და რა შრომის დახარჯვას მოითხოვს იგი ჩვენგან. გააზრების, რეფლექსიის, შეგნების გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ. ახლა კი ჩვენი საზოგადოებრივი აზროვნების ერთ-ერთ ასპექტზე – პოლიტიკურ აზროვნებაზე მინდა ვილაპარაკო.

ვარდების რევოლუცია თითქოს იმისთვის იყო მოწოდებული, რომ ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ვერც გამსახურდიას პრეზიდენტობისას (რომელსაც ტრანსფორმაციის და მოდერნიზაციის კონცეფცია საერთოდ არ ჰქონია), ვერც შევარდნაძის პერიოდში (რომელსაც თანამედროვე სახელმწიფოს შესახებ წარმოდგენა კი ჰქონდა, მაგრამ ბრეჟნევის ეპოქის კორუფციული გარიგებების ჩვევა ახალ დემოკრატიულ რჯულზე უმტკიცესი აღმოაჩნდა), ხარისხობრივად სხვა საფეხურზე აეყვანა. შეიძლება ბევრი ედავო პოსტრევოლუციურ ნეოლიბერალურ ეკონომიკურ კონცეფციას, მაგრამ უდავოა, რომ ის მოდერნიზაციის ერთ-ერთი შესაძლო პროექტია სხვა პროექტებს შორის. ნეოლიბერალურ ეკონომიკურ მოდელს თითქოს პოლიტიკური იმპლიკაციებიც უნდა ჰქონოდა: სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა ეკონომიკურ პროცესებში და ასევე საზოგადოების ბევრი სხვა სფეროს, მაგალითად მასმედიის, მაქსიმალური თვითრეგულირება სახელმწიფოს მხრიდან ნულოვანი ან მინიმალური კონტროლის ფონზე. მაგრამ ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი პოლიტიკურ პლანში საბჭოთა საზოგადოებრივი პოლიტიკური აზროვნების გადმონაშთებს წააწყდა და მასთან კონფლიქტშიც მოვიდა. რაში მდგომარეობდა ეს საბჭოთა გადმონაშთები?

წინ დავით აღმაშენებლისაკენ!

2004 წლის იანვარში, ბერლინში ვიზიტისას, საგარეო პოლიტიკის საზოგადოებაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჰკითხეს, საქართველო რომელი ევროპა არისო, ძველი თუ ახალიო. სააკაშვილის პასუხმა ნაწილობრივ არსებული მდგომარეობა და ხალხში გავრცელებული აზრი აღწერა, ნაწილობრივ კი მისი და არა მარტო მისი, არამედ ზოგადად – როგორც ჩვენი ჟურნალისტები იტყვიან – ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმოდგენები ასახა. Pპასუხი ასეთი იყო: საქართველო უძველესი ევროპა არისო.

ასეთი პასუხი გულისხმობს, რომ საქართველო ევროპის ნაწილია არა მისი მოსახლეობის არჩევანის, ევროპული ფასეულობების გაზიარების გამო, არამედ თავისი ისტორიიდან გამომდინარე, საკუთარი ძალისხმევის გარეშე. ჩვენს პოლიტიკურ აზროვნებაშიც საბჭოთა აზროვნებიდან მომდინარე იგივე მუქთახორული პრინციპი მუშაობს: უსაფრთხოება და კეთილდღეობა მეკუთვნის იმიტომ, რომ ასეთი კარგი ვარ, სახელმწიფოებრიობის ორიათასწლიანი ისტორია მაქვს და ზეზვა და მზია პირველი ევროპელები იყვნენ. თანამედროვე სამყაროში კი ამგვარი არგუმენტაცია არ მუშაობს.

„უძველესი ევროპა“ თავისი ზეზვათი და მზიათი აისბერგის მწვერვალია, რომელიც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქართული პოლიტიკა (ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ამ მხრივ განსხვავება მინიმალურია – ოპოზიციის დიდ ნაწილს ამ კუთხით ჩემპიონობას ვერავინ ჩამოართმევს) ზოგადად წარსულზე და არა მომავალზეა ორიენტირებული.

წარსულზე ორიენტაცია პოსტრევოლუციურ საქართველოში სიმბოლოების დონეზე კი აისახა, მაგრამ ეს სიმბოლოები ერთის მხრივ პოლიტიკური აზროვნების გამოხატულება იყო და არის, მეორეს მხრივ, პოლიტიკური აზროვნების განვითარებას დაღს ასვამს და პოლიტიკური აზროვნების მოდერნიზაციას ხელს უშლის. დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცი, როგორც პრეზიდენტის საინაუგურაციო ცერემონიის ნაწილი, წმინდა გიორგის და პრომეთეს ძეგლები თბილისში ძალიან კონკრეტული პოლიტიკური აზროვნების ნიშნებია. დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცი საქართველოს უცხო ძალებისაგან გათავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილის სიმბოლური დაფიქსირებაა – ოღონდ ამ სიმბოლურ აქტს თავისი იმპლიკაციები აქვს. პირველი იმპლიკაცია იმაში მდგომარეობს, რომ დავით აღმაშენებლის ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველო, კავკასიის და ნაწილობრივ მცირე აზიის რეგიონალური „ზესახელმწიფო“, თანამედროვე ქართული პოლიტიკური აზროვნების გარკვეულ იდეალად გვევლინება. ფორმულა „საქართველო გაბრწყინდება“, რომელსაც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად არა მარტო ეკლესიის მესვეურნი და სხვადასვა ტიპის ტრადიციონალისტები, არამედ ოპოზიციური პოლიტიკოსები და მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც იყენებენ, ამ იდეალად დასახული შუა საუკუნეების საქართველოს მომავალში პროეცირების მცდელობაა. შუა საუკუნეების საქართველო, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ აზროვნებაში იდეალად არის დანახული, კონსტანტინე გამსახურდიას და ლევან სანიკიძის ნაციონალისტური რომანების საქართველოა – ქართული საბჭოთა ეპოქის, წარსულით ნოსტალგიური და ნარცისისტული თვითტკბობის პროდუქტი. ალბათ არ არის გასაკვირი, რომ შუა საუკუნეების საქართველო, რამდენადაც არ უნდა იყოს ძვირფასი ჩვენთვის, ჩვენი ისტორიული ცნობიერებისათვის, ჩვენი ვინაობისათვის ეს პერიოდი, მოდერნიზაციულ მოდელად ვერ გამოგვადგება. მეორე იმპლიკაცია იმაში მდგომარეობს, რომ ამ სიუჟეტის მთავარი გმირი მეფეა – ღვთივკურთხული ავტოკრატი. (სამართლიანობისათვის ისიც უნდა ვთქვა, რომ პრეზიდენტის ღვთივკურთხეულობა – მისი ეკლესიაში კურთხევა, ისევე როგორც დავით აღმაშენებლის, როგორც პოლიტიკური სიმბოლოს გამოყენება ედუარდ შევარდნაძემ დაიწყო. ვარდების რევოლუციამ კი ამ მხრივ ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა და შევარდნაძის დაწყებული ტრადიცია გააგრძელა). ღვთივკურთხეული ავტოკრატის ფიგურა კი ვერც ზოგადად დემოკრატიულობის, და მითუმეტეს, ვერც დემოკრატიულობის ნეოლიბერალურ ვერსიას ვერაფრით მიესადაგება. მესამე იმპლიკაცია იმაში მდგომარეობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამ სიუჟეტში ძალის გამოყენებით ხდება, რაც ასევე ვერანაირად ვერ ეთანხმება ტერიტორიების მხოლოდ მშვიდობიანი გზით დაბრუნების ოფიციალურად დეკლარირებულ პრინციპს. დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცის სიმბოლური ჟესტი სხვა ენაზე გველაპარაკება, რომელიც არ არის მოდერნიზაციის გზაზე მდგომი სახელმწიფოს და თანამედროვე პოლიტიკის ენა.

პრომეთეს ძეგლიც ანალოგიური მნიშვნელობის მატარებელია – პრომეთე, რომანტიზმის ერთ-ერთი საყვარელი ფიგურა, თავისუფლების სიმბოლო, ქართული პოლიტიკური აზროვნების კონტექსტში სინათლის მოტანის – მოდერნიზაციის სიუჟეტის გმირია. მაგრამ ამ სიუჟეტშიც მოდერნიზაციის მატარებელი – ცეცხლის მომტანი – ერთი გმირია. მკითხველს მივანდობ იმის განსჯას თუ ვინ იგულისხმება ამ გმირში, საქართველო, მისი პრეზიდენტი თუ ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, იმიტომ რომ თავისთავად ამგვარი პოლიტიკური სიმბოლო დემოკრატიის და მოდერნიზაციის გზაზე მდგარი სახელმწიფოსათვის ასევე შეუსაბამოა.

წმინდა გიორგის ფიგურა როგორც პოლიტიკური სიმბოლო თანამედროვე პოლიტიკურ სივრცეში ზვიად გამსახურდიამ შემოიტანა. ამ სიუჟეტში წმინდა გიორგი საქართველოა, რომელიც კრემლის ურჩხულს ებრძვის და ამარცხებს (გამსახურდიას ლექსიკით ეს „კრემლის ურჩხულზე ამხედრებული ქემალისტური თურქეთი“ იყო, მაგრამ ქემალისტური თურქეთი ამასობაში საფრთხის მაგივრად სტრატეგიული პარტნიორი გახდა და სიუჟეტიდან ამოვარდა). კრემლის ურჩხულთან ბრძოლა ქართულ პოლიტიკურ სიმბოლიზმს ესმის როგორც სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა, სადაც სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს. თანამედროვე „დასავლეთს“, მიუხედავად პოლიტიკური მესიანიზმის დღემდე არსებული ელემენტებისა, არც ასეთი პოლიტიკური ენის ესმის. „ბოროტების იმპერიის“, „ბოროტების ღერძის“ და „ჯვაროსნული ომების“ მეტაფორიკა კი არსად წასულა, მაგრამ „დასავლეთს“, განსაკუთრებით გლობალური ეკონომიკის პირობებში, ძალიან უჭირს იმის აღიარება, რომ ვთქვათ ჩვენ ერთმნიშვნელოვნად კარგები ვართ, ხოლო რუსეთი ერთმნიშვნელოვნად ცუდი. ჩვენი პოლიტიკური სიმბოლიზმი მათთვის გასაგები არ არის, მაგრამ დასავლეთი მხარს გვიჭერს და შეიძლება მხარი დაგვიჭიროს მომავალშიც იმიტომ, რომ ჩვენ, რუსეთისგან განსხვავებით, იგივე ფასეულობებს ვაღიარებთ და ამ ფასეულობებით ცხოვრება გვინდა – ოღონდ არა მარტო დეკლარაციების დონეზე.

ამიტომ, ჩვენი მიზანი ის კი არ არის და არც შეიძლება იყოს, ვაჩვენოთ მსოფლიოს რა ცუდია რუსეთი, არამედ ავაშენოთ თანამედროვე სახელმწიფო და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ დასავლურ ფასეულობებს ვიზიარებთ და არა მარტო ვიზიარებთ, არამედ ამ ფასეულობებით ცხოვრების და ამ ფასეულობების დაცვის ძალა და უნარი შეგვწევს, შეგვიძლია გავხდეთ „დასავლეთის“ ნაწილი.

ჩვენი პოსტსაბჭოთა პოლიტიკური მითოლოგიის სამივე სიუჟეტი: დავით აღმაშენებლის (იდეალურად წარმოსახული შუა საუკუნეების საქართველო), წმინდა გიორგის (საქართველო, როგორც მსოფლიოში სიკეთის დამცველი და სიკეთისათვის წამებული ქვეყანა) და პრომეთე, (საქართველო, პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიულობის პიონერი) – დღევანდელი მოდერნიზაციის პროექტისათვის ვერც სიმბოლურ დონეზე, ვერც ამ სიმბოლოებიდან გამომდინარე შიდა ან საგარეო პოლიტიკური აზროვნების დონეზე ვერც დაგვაკმაყოფილებს და ვერც გამოგვადგება. სამწუხაროდ, ეს არც პოსტრევოლუციურ პოლიტიკურ ელიტას გაუაზრებია. ამ მხრივ, იგი გამსახურდიასა და შევარდნაძის პოლიტიკის გამგრძელებლად მოგვევლინა. პოლიტიკური შიზოფრენია – განსხვავება დეკლარირებულ კურსსა და პოლიტიკური აზროვნების სიმბოლურ ასახვას შორის კი მოსახლეობასაც და იმ „დასავლეთსაც“, რომლის ნაწილიც გვინდა გავხდეთ, არაერთგვაროვან სიგნალებს უგზავნის და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ჩვენი საზოგადოება და „პოლიტიკური სპექტრი“, როგორც ამ საზოგადოების ნაწილი, თავის მიზნებში, სურვილებში და ფასეულობებში ბოლომდე ვერ გარკვეულა.

ამ პოლიტიკურ მითოლოგიას კიდევ ერთი და არანაკლებ სერიოზული იმპლიკაცია აქვს: ეს გახლავთ გმირის, მეთაურის, ბელადის ფიგურა. ამ ფიგურის საბჭოთა ვერსია ასეთ სურათს გვიხატავს: აი, ჩვენ გვძინავს, ძია სტალინის ფანჯარა კი განათებულია, მუშაობს, ჩვენზე ფიქრობს, ჩვენზე ზრუნავს. ჩვენი მოვალეობა კი ის არის, გვიყვარდეს ძია სტალინი, დავუჯეროთ მას და მის ბრძნულ გადაწყვეტილებებს. თუ კი ეჭვი შეგვეპარა რამეში, ესე იგი ხალხის მტრები ვართ და გულაგის არქიპელაგში მოგზაურობა დავიმსახურეთ. ამ ფიგურის და სურათის ქართული პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია იმაში მდგომარეობდა – და ამაში მარტო პოლიტიკოსებს ვერ დავადანაშაულებთ, პირველ რიგში, ჩვენს თავს უნდა მოვთხოვოთ პასუხი, – რომ პასუხისმგებლობა მთლიანად სხვებს გადავაბარეთ, ჩვენ თვითონ კი ხელები დავიბანეთ. ჯერ გამსახურდია ავირჩიეთ 87%, მერე დიდმა ნაწილმა ვთქვით, რომ გამსახურდიამ ვერ გაამართლა და შევარდნაძეს დავუძახეთ, ავირჩიეთ ასევე ძალიან დიდი უმრავლესობით, მერე დავუჩოქეთ კიდევაც და ვეხვეწებოდით არ გადადგეო, მერე შევარდნაძეც გადავაყენეთ და ავირჩიეთ „მიშა“, ასევე ძალიან დიდი უმრავლესობით. არჩევნების ეს დინამიკა (გნებავთ საპრეზიდენტო და გნებავთ საპარლამენტო) კი იმას ნიშნავს, რომ ერთი ბელადის და ერთი პარტიის კატეგორიებით აზროვნებას ჯერ ვერ გადავეჩვიეთ – და ამ არჩეული ბელადისაგან ველოდებით ყველაფერს, ხოდა ამ ყველაფერს რომ ვერ ვიღებთ – და ბუნებრივია, რომ ვერც მივიღებთ, – მორიგ ბელადს გავისტუმრებთ და იმას ვიტყვით, ჩვენ კი ვართ კარგები, მაგრამ პოლიტიკოსები კი ცუდები აღმოჩდნენო. ერთის მხრივ, პოლიტიკოსებმა ვერ მოიშორეს ერის წინამძღოლის ამბიციები, მეორეს მხრივ კი ამომრჩეველი ვერ გახდა ამომრჩეველი და ვერ გადაეჩვია პოლიტიკოსში წინამძღოლის და არა მის მიერ დაქირავებული სახელმწიფო მოხელის დანახვას. იმის ძიება, ვინ უფრო დამნაშავეა, დიდად შედეგიანი არ იქნება, იმიტომ რომ „პოლიტიკური სპექტრიც“ ამ საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და ყველასაგან განსხვავებულად ვერ იაზროვნებს. ის, რომ პოლიტიკურ „ფიგურას“ ჭეშმარიტებაზე, გნებავთ პოლიტიკურ ჭეშმარიტებაზე მონოპოლია აქვს, უფრო ჭკვიანია, უფრო ბრძენია და ამიტომ მხოლოდ მან იცის სად უნდა წავიდეთ და როგორ, სახიფათო ილუზიაა, რომლისაც, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებსაც და მათ ამომრჩევლებსაც ვარდების რევოლუციამდეც ჯეროდათ და დღემდეც ჯერათ. ახლა კი მოვიდა იმის დრო, რომ ეს ილუზიაც წარსულში დავტოვოთ. ამ აზროვნების დასაძლევად საერთო ძალისხმევაა საჭირო – და ასევე იმის გაცნობიერებაც, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომები ჩვენი შეცდომებიც არის – იმიტომ რომ ჩვენ ავირჩიეთ, რომ პასუხს ამ შეცდომებზე არა მარტო კონკრეტული პოლიტიკოსები აგებენ, არამედ ჩვენც.

ჯორჯიაზ დაივერსითი ანუ ძალა ერთობაშია

პოსტსაბჭოთა პოლიტიკური აზროვნების კიდევ ერთი და, ალბათ, ყველაზე უფრო მძიმე რელიქტი ეროვნული პოლიტიკაა. ქართული ნაციონალიზმი დღევანდელი სახით ასევე საბჭოთა პერიოდში წარმოიშვა – მის გამომუშავებაში ქართულმა სამეცნიერო და შემოქმედებითმა ინტელიგენციამ შეასრულა დიდი და არც თუ სახარბიელო როლი. არასახარბიელო იმიტომ, რომ ნაციონალიზმიც სხვადასხვაგვარი არსებობს, ხოლო ქართული ნაციონალიზმი არა მომავალი ნაციონალური სახელმწიფოს შექმნაზე იყო ორიენტირებული, არამედ საკუთარი წარსულით ნარცისისტულ ტკბობაზე. ამ ნარცისისტულმა ტკბობამ, რომელიც მითოლოგიზირებული წარსულის შექმნაში, პატრიოტული ლექსის თქმაში, ლოზუნგებში, სადღეგრძელოებში, სიმღერაში და დროშის ფრიალში გამოიხატებოდა, ყველა მნიშვნელოვანი და მნიშვნელობის მატარებელი სოციალური მოქმედება ჩაანაცვლა და მომავალზე ფიქრი, მომავლის დაგეგმვა მომავალზე ოცნებით შეცვალა. მაშინ, როდესაც ბალტიისპირელი დისიდენტებიც და ინტელექტუალებიც მომავალი დამოუკიდებლობის პრაქტიკულ გეგმებს სახავდნენ, ქართველი დისიდენტები და ინტელექტუალები ლოზუნგების ენას ვერაფრით გასცდნენ. ამ ლოზუნგების ენის გამოხატულება მიტინგი გახდა – მიტინგი, რომელიც წესით და რიგით ხალხის ერთი ჯგუფის პოლიტიკური მოთხოვნების გამოხატვის საშუალებაა, საქართველოში კი პოლიტიკოსების (გნებავთ სამთავრობო და გნებავთ ოპოზიციური) და ამომრჩევლების რიტუალური, უფრო სწორად კი რიტუალიზებული ერთობის – არა პოლიტიკური ნების, არამედ პოლიტიკური აზროვნების ჩამანაცვლებელი აფექტების – გამოხატვის საშუალებად იქცა. ელექტრონულმა მედიამ (განსაკუთრებით რუსთავი 2-მა და იმედმა) ეს მიტინგი უკვე ყველა ტელევიზორის მქონე ოჯახში შეიტანა. ამ სახიფათო ტენდენციის ბოლო გამოხატულება ომის დროს გამართული მიტინგი იყო. ის, რომ ამ მიტინგზე ზოგიერთი გამომსვლელი რუსეთთან ომს დიდგორის ბრძოლას ადარებდა – აფექტის აზროვნებაზე გამარჯვების კიდევ ერთი მაგალითია. სწორედ აზროვნების აფექტების ჩანაცვლების გამო დამოუკიდებლობას ურაპატრიოტული ლოზუნგებით და არა ახალი სახელმწიფოს მშენებლობის გეგმით შევხვდით. ურაპატრიოტულით იმიტომ, რომ რეალურ მოქმედებას სიმბოლური მოქმედებით ვანაცვლებდით და გვეგონა, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი საქართველოს სადღეგრძელოს ყანწით დალევით ერთხელ და სამუდამოდ მოხდილია. ურაპატრიოტულით იმიტომაც, რომ გვეგონა, ჩვენი „პატრიოტიზმი“ საქართველოს სხვა ეთნოსების დაკნინების ხარჯზე უნდა გამოვლენილიყო. აფხაზებთან კონფლიქტი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ლატენტური იყო, სწორედ იმ დროს გაღვივდა, ხოლო ოსეთის კონფლიქტი გამსახურდიას ნაციონალური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი იყო. გამსახურდია გროზნოდან გადმოვასვენეთ და ნიკოლოზ ბარათაშვილის და გალაკტიონ ტაბიძის გვერდზე დიდი პატივით დავკრძალეთ, იმაზე კი არაფერი გვითქვამს, რომ ამ ადამიანის პოლიტიკამ – რომელზეც დღეს ჩვენ ვაგებთ პასუხს – საქართველოს განვითარებას და მის მთლიანობას არა მარტო ტერიტორიული, არამედ საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის ჰარმონიული და მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგებით, უმძიმესი დარტყმა მიაყენა. მავანი კრიტიკოსი იტყვის, ეს კონფლიქტები ხომ რუსების მიერ ჩადებული ნაღმი იყოო, მათი გაღვივებული იყოო, თორემ ჩვენ ვინა და ოსები და აფხაზები ვინაო. ის, რომ რუსეთს იმპერიული პოლიტიკის აგერ ლამის სამასწლოვანი გამოცდილება აქვს და ამ კონფლიქტების გაღვივებისათვის ყველაფერს გააკეთებდა – ნათელია. ცხადია, რომ მტრისაგან მტრულ საქციელს უნდა მოელოდე და იმდენი ჭკუა გქონდეს თავში, რომ მის პროვოკაციებს არ აჰყვე. მაგრამ არც ის გამოვა შენი შეცდომაც მტერს გადააბრალო და თქვა – ყველაფერი იმისი ბრალია, მე კარგი ბიჭი ვარო. ამგვარი ინფანტილიზმი, მით უმეტეს პოლიტიკურ აზროვნებაში, აქამდეც საზიანო იყო და ეხლაც საზიანოა. ისიც უნდა გავიგოთ, რომ რუსებს კონფლიქტის ზონებში პროვოკაციების მოწყობის საშუალება ჩვენივე ნაციონალური პოლიტიკით ჩვენც მივეცით. ჩვენ ვერ გამოვიჩინეთ საკმარისი გონიერება, ვერ გამოვნახეთ საკმარისი ძალა იმისათვის, რომ პირველ რიგში, აფხაზების და ოსებისათვის გვეგრძნობინებინა, რომ ჩვენ მართლა ერთნი ვართ და არა მხოლოდ ბოლოდროინდელ ფერად პლაკატებზე, რომ ჩვენ გვესმის მათი შიშების და საფრთხეების და მზად ვართ გავიზიაროთ ისინი. ამ მხრივ, გამსახურდიას და შევარდნაძის შემდეგ არც პოსტრევოლუციურ საქართველოს შემოუთავაზებია არაფერი ახალი. პირიქით, გადავიღეთ კლიპი, რომლის ავტორებმა და მონაწილეებმა ღირსების ორდენი, მაშასადამე სახელმწიფოს ოფიციალური მხარდაჭერა მიიღეს. ამ კლიპში აფხაზეთიდან დევნილი ქართველები აფხაზეთში ძველი იკარუსის ავტობუსით ბრუნდებოდნენ, ხოლო ამ კლიპის მთავარი გმირი ახალი ქართველები კი ახალ-ახალი ჯიპებით მიდიოდნენ ზღვაზე დასასვენებლად – აფხაზი კი ამ კლიპში არსად იყო. კონფლიქტების და ომების მერე კი არც იმისი ძალა და უნარი გვეყო, რომ იმისთვის მაინც მოგვეხადა ბოდიში, რაც მათ წინაშე დავაშავეთ. კი, ისინიც დამნაშავე არიან ჩვენს წინაშე – მაგრამ ჩვენ ჩვენი დანაშაული ვაღიაროთ და ამ დანაშაულისათვის ვთხოვოთ პატიება. ვიღაცას შეიძლება ბოდიშის მოხდა არ მოეწონოს, მაგრამ ღირსება, პასუხისმგებლობის გრძნობა, დიდსულოვნება ამ შემთხვევაში ბოდიშის მოხდა უფროა, ვიდრე საკუთარი დანაშაულის მიჩქმალვა ან სხვისთვის გადაბრალება. ვიღაცას შეიძლება ბოდიშის მოხდა დაგვიანებულად მოეჩვენოს, ვიღაცას კი ზედმეტად იდეალისტურად. არც ერთია მართალი, არც მეორე, რადგანაც აფხაზები და ოსები არსად მიდიან, გვერდიგვერდზე ვცხოვრობთ და მომავალ ურთიერთობებზე უნდა ვიფიქროთ. Pპოლიტიკური რეალისტებისათვის კი არ ის უნდა იყოს უცხო, რომ რუსეთი აფხაზეთის აღიარების შემდეგ თავს აფხაზეთის ბატონ-პატრონად იგრძნობს, აფხაზები კი დღეს თუ ხვალ მიხვდებიან, რომ ის საფრთხე, რომელიც ეგონათ რომ ქართველებისაგან ემუქრებათ, სინამდვილეში რუსეთიდან მოდის. თუნდაც ამიტომ არ არის გვიან გადავაფასოთ ჩვენი ისტორია, ჩვენი დამოკიდებულება ეროვნული უმცირესობების მიმართ – გავიაზროთ, რომ ქართველი, აფხაზი, ოსი, სომეხი, აზერბაიჯანელი ამ ქვეყნის ერთნაირი და თანაბარი უფლებების მქონე მოქალაქეები ვართ. გავიაზროთ და არა ლოზუნგებად გამოვიყენოთ, რომლიცას ჩვენთვითონვე არ გვჯერა, დღეს დავრგათ ის ხე, რომელიც ათ, ოც ან ოცდაათ წელიწადში მოისხამს ნაყოფს.

სასოწარკვეთა ახლა ისეთივე ფატალური შეცდომა იქნება, როგორც ისევ და ისევ გარდასულ დღეთა დიდების ნარცისისტულ ტკბობაში გადავარდნა. დღეს უნდა გავიაზროთ წარსულის გამოცდილება, დასკვნა გამოვიტანოთ წარსული შეცდომებიდან, ვიტვირთოთ ამ შეცდომების პასუხისმგებლობა და ახალი აზროვნებით დავიწყოთ ახალი საქართველოს შენება, რომელიც უძველესი ევროპა კი არა თანამედროვე ევროპის ნაწილი იქნება. ამისათვის საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზროვნების შეცვლა არა ერთადერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. შეგვიძლია ამის გაკეთება? დიახ, შეგვიძლია.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button