ლიტერატურანოველასაკითხავი

ფრიდონ ხალვაში – მამიდა, სიყვარული, წასულა

იმ ზაფხულის დღეებიც, აი, ახლა, ახალდაკრეფილ სასელას კაკლებივით წინ მიწყვია. ვხედავ და ვგრძნობ თვითეულის ფერს, სურნელს, სიმსხოს, სიმწიფესაც. მახსოვს მთავარი, მახსოვს უბრალო წვრილმანი რამეებიც, თუმცა მახსოვს ალბათ მხოლოდ ჩემით შეთვისებული და ნახულ-ნაგრძნობი, ჩემით გარკვეული და მინახვედრი.
ბაბუა, მამის მამა, მამაჩემზე დაბალი იყო. ჰქონდა სულ თეთრი, სულ ნისლივით ქათქათა თმა-წვერი, მეწისქვილესავით თითქოს ფქვილით გადაპენტილი.
იგი ზღვისპირის სოფლიდან საზაფხულოდ ამლსულიყო და ერთი ხანობა ჩვენთან დაიდო ბინა, მერე მეორე შვილთან, ჩემს ბიძასთან გადავიდოდა, მამაჩემი, უფროსი შვილი, სხვანაირად უყვარდა. სხვანაირად მინდობილი იყო მასზე. ჩემთვის ორივენი ღრმა მოხუცები იყვნენ. ბაბუა რომ ეზოში შემოვიდა, იქ ვთამაშობდი, _ სადღაც მოძეულ მსხვილი მავთულის გორგალოს ჯოხით ვაგორავებდი. შევხედე მოსულს და შევკრთი. გამექცა გორგალა. ეზოდან გადახდა ყანითავში, იქ, დაღმართში ხომ მთლად ფრთები შეისხა თითქოს, _ თვალის დახამხამებაში გადაიქროლა ღობე-ყორე, გადაევლო დანემსილ ლობიოების ბუჯგებს, შუაში წაამტვრია რამდენიმე სიმინდი, დაქელა ძირს კიტრები და შარშანდელ გახარებულ დემირა ვაშლის ცალ ნამყენს დაეჯახა. გახარებული, ტანაყრილი ნამყენი ადგილზევე მოტეხა და სქელ-სქელ მუქლურჯ ფოთლებიანი დემირას კაცი სიმაღლე ლორთქო ტოტ-ნამშალი მოკლულივით წაიქცა და ჩაწვა ბალახებში. მავთულის გორგალაც, თითქოს ამის მეტი არაფერი აინტერესებდა, შედგა, დაისვენა, იქვე გადაბრუნდა და სამყურებში გაუჩინარდა. ბაბუა კი ვიცანი და მოსვლა კი გამეხარდა, მაგრამ ბაბუასთვის აღარ მეცალა. ის წეღანდელი საშინელი სურათი საკუთარი თვალით დავინახე და წამში ნათლად წარმოვიდგინე ყველაფერი, რაც ამის გამო შეიძლებოდა მომხდარიყო, რაც შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა, სულ შვილივით უვლიდა იმ ახალგახარებულ დემირა ვაშლის ნამყენს მურთაზიც.
მისი ხელით იყო დამყნილი. მამა თავზე ადგა, მაგრამ საქმე ძირითადად, დამოუკიდებლად, მურთაზმა შეასრულა, კიდევაც გაუმართლა. წყვილად ჩამყნილმა კალამმა წყვილადვე გაისია კვირტი, ამოიყარა მწვანე ციცქნა ფოთლები. ორივე ტოტმა დაიწყო სიცოცხლე. ეს განსაკუთრებით მურთაზს უხაროდა, _ მისი საკუთარი შრომის პირველი ზეიმი იყო. ძმას ეწყინა, გაჯავრდა, გასალახავად გამომეკიდა, მაგრამ ვერ დამეწია, ბაბასთან დაბეზღებით დამემუქრა და ახალმოსულ ბაბუას მოეხვია. მე კი დავრჩი ბაბუაზე მოხვევის გარეშე. დამწყდა გული. მუხაზე გასული, ციყვივით ტოტზე გამოკონწიალებული, მფრთხალი თვალებით გადმოვყურებდი ეზოს. ძმამ ბაბუას აჩვენა მოტეხილი ვაშლის ბოლი, ბაბუამ თავი გააქნია მწუხარელ და არ გამიგონია ჩემზე რა თქვეს. კაის რას იტყოდნენ, ერთს კი მოვკარი ყური, ძმა გამოცდილ კაცივით ეუბნებოდა სტუმარ ბაბუას: ეს ჩვენი შუქრაი, ბაბუა, (წკეპლის) ღირებულებისა არაფერი გაუკეთებია და აგერ გახარებული ნამშალი ვაშლისა კი მოამშრალა. ეს ჩემი ნახელავი რომ იყო, იმიტომ… _ მგონი ცოტათი ცრემლიც კი მოერია თვალებზე.
ბაბუამ დატუქსა. ვხედავ, მეორე ყელემი (კალამი) გადარჩენილაო, არა უშავს, გაიზრდება ეგ კენტად, გადაფარავს მონატეხ ადგილსაც და მთლიან ხედ მაღლა აიმართება. კაი ვაშლის ხე იქნებაო. დააშოშმინა, დაარიგა, დაამშვიდა მურთაზი. ეხ, მაგ სიტყვებს ბაბაიც ისმენდეს ახლა, _ ვფიქრობდი ჩემთვის. ბაბუა ეზოშივე, ჯორკოზე ჩამოჯდა, მამაჩემის მოსვლას ელოდა ალბათ.
მამაჩემი აღმართში ამოდიოდა. გარეყანიდან ბრუნდებოდა, ჯერ ხომ ჩვენი ყანები სულმთლად ჩვენი იყო, კოლექტივს ჯერ არ წაეღო. ყაბალახში რაღაცეები ჩაეწყო და ყურებით განასკვული მხარზე გადაკიდებული მოჰქონდა. მე მუხის ხეში ჩამალული ყველაფერს, რაც ეზოში ხდებოდა, ნათლად ვხედავდი.
მამაჩემი მოვიდა და თავის მამას მოეხვია.
ყაბალახი ღობის სარზე ჩამოკიდა.
_ რაა, ჭო, ალიავ, მაგ ყაბალახში? _ სიცილით ჰკითხა ბაბუამ,
_ კაი მარქვლები (სოკო-ნიყვი) შემხვდა და ჩავაწყევი. შუქრას უყვარს ძალიან და…
_ შუქრამ… _ უნდა დაეწყო მურთაზას, მაგრამ ბაბუამ ხელი აუქნია და გააჩერა, დაუშალა, არ ათქმევინა.
იმ წუთიდან მთელი სიცოცხლე ბაბუაჩემს ვლოცავ. წითელ-წითელ მარქვალ-კოკობებს მართლაც ზემოდან ვხედავდი. მართლაც ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა მარქვლის კოკობები.
ღადარს გამოჩხრეკდა მამა, მარქვლის შიგნიდან თეთრ აპკას ამოახვევდა, ძირის ძირში პუპკა მარილს ჩააპნევდა, ისე, ამობრუნებულად, ცეცხლში ჩააწყობდა,. რამდენიმე წუთში მარქვალში მოყვითალო წვეთები მოიყრიდა თავს, მომაჯადოებელი სუნი მოედებოდა ოდას; დავიწყებდით ყველანი ნერწყვის ყლაპვას. მამის მითითებით, შემწვარ კოკობებიდან ერთი პირველი ყოველთვის უმცროსის იყო.
ნუ ეფერებით მაგას, თვარა ისეთი ზარმაცი გაგეზრდებათ, თავს დაიწყევლითო, აფრთხილებდა მურთაზა დედ-მამას. ჩემზე გადმოწოდებულ მარქვალს მურთაზას მივურბენინებდი და ხელში ჩავუდებდი, მაგრამ არ იკადრებდა ჩემი ნაწყალობევის აღებას და უკანვე მომიგდებდა.
იმ დღეს მამაჩემს მურთაზიმ, კაიგაყოლა ხლაფორთის შემდეგ, მაინც აჩვენა გადატეხილი დემირა, მამა მართლაც ისე გაჯავრდა, ვეღარაფერმა დააწყნარა. ჰადაა ეგ ვირიშვილი, რომ დავაბიჯო და გავჭეჭყოო, ყვიროდა ჩემი მისამართით.
ეჰ, რა იცოდა მამაჩემმა, წლების შემდეგ, გახურებულ ომის დღეებში, როცა ფინაგენტი გაზრდილ, ტანაყრილ ჯერმოუსხმელ დემირა ვაშლის ხეს რომ დაბეგრავდა და გადასახადს შეაწერდა, ბაბაი განწირულივით წყევლით ჩაიგურგულებდა: ნეტა სულ მოგეტეხაო და ძირიანა მოგეგლიჯათ ეს ოჯერი ვაშლის ხე, რა ჯანდაბად მინდოდა რომ გავზარდეო, ღმერთო!
მეორე დღეს ქალაქიდან მთელი თავისი ამალით გვეწვია ის მამიდა, ვიზეც, ათასნაირი და ათასფერი მითქმა-მოთქმა მესმოდა შინ და გარეთაც. მამიდას მაშინ ჩვენში ბიბოს ეძახდნენ, ეს ალბათ, თურქულის გავლენით; თუმცა, როგორც მერე, გვიან გავიგე, იმ ენაზე მამიდას სულაც არ ეძახიან. ასე ეტყობა, ჩვენს მხარეში თავიდან შეცდომით გაავრცელეს და ხმარებაში დანერგეს ეს სიტყვა. ჩვენ, ბაღნები ისე მიგვაჩვიეს `ბიბის~ და `ხალას~ ძახილს, რომ აჰა, აქამდე ვიმეორებთ ხოლმე.
_ ბიბი, ბიბი ამოვიდა! _ იყვირა ვიღაცამ და ჭიშკრისაკენ გავცვივდით სუყველანი.
მე ვიცოდი, რომ ჩვენში ქალი მამაკაცის წინ ვერ გაივლიდა. ახლა კი ვხედავდი, ბიბი უცხოდ, არაჩვენებურად, რაცხა გიაურულად გამოწყობილი, მოკლეკაბიანი, მაღალქუსლებიანი ტუფლებით, თავზე კი ფართოფარფლებიანი შლაპით, არხეინად, ლაღად, აშკარა სიამაყითაც მამაკაცის წინ მოაბიჯებდა. უკან მოყვებოდა, ინით შეღებილივით, წითელულვაშა კაცი. ისიც არასოფლარად ჩაცმულ-დახურული. ხოლო, პატარა, ჭრელჭრულებში გამოპრანჭული ციცაი, ხტუნვითა და რაღაცნაირი შეფერებული ყოყლოჩინობით, ქედმაღლურად, მოფაცფაცებდა. მათ შორის დავინახე უფრო მოზრდილი გოგოც. ყაჭის აბრეშუმივით თმა წყვილ ნაწნავად დაბწნილი წინ ჰქონდა გადმოყრილი და დიდრონ ლაჟვარდისფერ თვალებს გაოცებით ავლებდა იქაურობას.
გაკვირვებით და, მგონი, ართგვარი ზიზღით თუ შებრალებით, გვაკვირდებოდა ის ცისფერთვალება უცნობი გოგო თვითეულ ჩვენთაგანს. მე ჩემი, მაშინდელი ბაღნური ჭკუითა თუ მიხვედრილობით, უსაშველო სირცხვილსა და უხერხულობას ვგრძნობდი, დაფრეწილ, დასვრილ შარვალზე და დაჯღურკულ. დაქლექილ `ბლუზაზე~ ხშირ-ხშირად დავიხედავდი,. მაგრამ რა მექნა, სად დავმალულიყავი, მოსულთ უცხო და მრავალი ნეტარი სუნი მოჰყვათ.
შეიშმუშნა, დაიბნა, აირია მამაჩემი, დედაჩემი ხომ მთლად გაოგნდა. სად უნდა წაეყვანათ, სად უნდა დაესხათ, სად უნდა დაეწვინათ ამდენი, ამნაირი სტუმარი?!.
გეფიცებით, მეც კი, ჩემი ბაღნური ჭკუით, მეც კი საშინლად შევწუხდი მაშინ.
_ თენზილე-ბიბი, თენზილე-ბიბი! _ იმეორებდნენ ჩემი დები, ზიქრი და ფადიმე, თანაც ყველანი რაღაცნაირი გაურკვევლობით, გაოცებით. ქვეშქვეშა გაღიმებით ვუცქეროდით დიდფარფლებიან შლაპას, რომელიც თენზილე-ბიბის, ხანდახან, მთელ სახესაც კი უფარავდა. მაგრამ შინ რომ შევიდა, შლაპა თმაში გახლარულ საკოჭავებიდან აიხსნა, თავზე გადაიძრო და ორივე ხელით, უდიდესი სიფაქიზით, მასანდარაზე დადო. მასანდარა ცარიელი იყო. იქ მუდამ აკეცილი ლოგინი ეწყო, მაგრამ ახლა აღარაფერი ჩანდა, ეტყობა, დედაჩემს დაქლეტილ!გამოხუნებული ლეიბები და დაფუშული საბნები აეხვეტა და გადაემალა, მაშინ ხერ კიდევ ჩვენს ოდაში სკამი არ გვქონდა, წიფლის ჯირკვიდან გამოჭრილი სამიოდე დაბალი ჯორკოები თვითონ მურთაზამ გამოაძვრინა საიდანღაც და ორ მთავარ სტუმარს მიაგება, წინ დაუდგა. თენზილე უმალვე დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო. კაბაც უფრო მაღლა აიწია და ბიბის მუხლები მთლად გამოუჩნდა. თანაც პატარა ჩანთიდან პაპიროსის დიდი კოლოფი დააძრო, ერთი ცალი გრძელი, ლამაზი პაპიროსი ამოიღო, პირში ჩაიდო, ასანთის წითელთავიანი ღერი კოხტად ამოჰკრა ყუთს, აანთო და ცხვირპირიდან თუთუნის კვამლი ლაღად, ხვავრიელად ამოაბოლა.
თავზე გადახდილი, პირმოხდილი, წინ კაბაჩაუფარებელი, ასე `გაგიაურებული~ ქალი პირველად მოხვდა ჩვენთან. აბდი-ჩაუშმი კი, უფრო წყნარად, მოკრძალებით დაჯდა. სულ იღიმებოდა, სულ რაღაცეების გამო ბოდიშობდა, სულ ჯიბიდან წითელ-ყვითელ ქაღალდებში გამოხვეულ კამფეტებს იღებდა და ბავშვებს გვირიგებდა.
-ღმერთო, ღმერთო, ეს რა ამბავია! რავარ გადარეულა ეს ქალი! თლათ გაგიაურებულა. ტანისამოსიდან გარეთ გამოსულა, სულ გაგიჟდა ქვეყანა თუ რაა?.. _ ჩურჩულებდა დედაჩემი და აქეთ-იქით ასკდებოდა, რომ სტუმრებისათვის რითიმე ესიამოვნებინა.
ზიქრი და ფადიმე თენზილე-ბიბის გვერდზე ამოეტუზნენ. სულ გულმკერდზე, თმაზე, და ათასგვარ მოსართავ-საკიდარ ძვირფასეულობაზე ჰქონდათ თვალები მიტეხილი, ბიბი იჯდა თავაწეული, გოგოებს ვითომ ვერც ამჩნევდა. თუთუნს აბოლებდა.
ზეინაბი, ვატყობდი, ჩემი ტოლა იყო. მინდოდა სათამაშოდ გარეთ გამეყვანა, მაგრამ ჩემთან სიახლოვეს მგონი არ კადრულობდა თუ ერიდებოდა. ალბათ, ეშინოდა, არ მივკარებოდი, არ დამესვარა ან არ დამეგონჯებინა მისი ლამაზი სხეული, სუფთა, თვალისმომჭრელი სამოსელი. ტანია კი, როგორც ეძახოდნენ ამ ჩასუქებულ, ლურჯთვალებიან გოგოს, აღარსად ჩანდა. იგი მურთაზას სახლსუკან, თხილებთან გაეყვანა, უწყვეტდა თითო მწვანე ბუჯგ თხილს, უტეხავდა და გარჩეულ, თოთო გულს ტანიას აწოდებდა, ტანიაც სიამოვნებით ახრამუნებდა, გოგონამ რუსულის მეტი არა იცოდა რა, მაგრამ, უცნაურია, მურთაზას თავისუფლად ელაპარაკებოდა, მე ყველანი მივატოვე და თხილებთან გავვარდი. მურთაზამ შემომიბღვირა, მაგრამ არ შემშინებია, ადგილიდან ფეხიც არ მოვიცვალე. მეც მინდოდა იმფერი `უცხო~ გოგოს დანახვა, ტანიას არ შეუმჩნევია ჩემი მოსვლა.
-ია, ია, ია! _ შესძახა მურთაზას. ახლა მე დამაცადე თხილის ჩამოწყვეტაო და ხეზე ფეხი შეაბიჯა. იქ, მაღლა რაღაცა როკზე მოუჭირა ხელი და თავისი ჭიბონივით გაპიპინებული გლუვი სხეული მაღლა შეიქნია. ისე მოკლე და ვიწრო იყო კაბა, ფეხის აბიჯებაზე სულ მაღლა, წელამდე აუხოხდა. ტანიას თეთრი, ხორციანი ჭლიკები ჩვენი თხილის ერთი ბუჩქიდან მეორეზე გაიბოტა და იმ გერა გოგოს მთელი ავლადიდება, ჩვენდა გადასარევად, ჩვენს თვალწინ გადაიშალა.
-გებნევი, გიეთრიე აქიდან, ჭო! _ დამიყვირა დაბნეულმა მურთაზამ. _ შენ ბაღანა ხარ, სირცხვილია… წაი აქიდან-
გულში ვთქვი, რა ხდება? ჩემთვის რატომ უნდა იყოს `სირცხვილი~, მე ხომ არ მიჩანს რამე-მეთქი, ხელი მოვისვი უკან, წინ, გაფრეწილებზე ხელი დავიფარე და ძაღლივით ძუნძულით უკანვე მოვკურცხლე.
სახლის კედელს რომ საიმედოდ ამოვეფარე, ფიცრებზე ლოყა მივაჭირე და ისე, უჩუმარა, ისევ იმათკენ ცქერა დავიწყე.
ტანია ძირს ვეღარ ჩამოდიოდა, ხოლო თხილის ორი ძირი, რასაც გოგო ებღაუჭებოდა, ვეღარ ზიდავდა მათზე გასულ ციცას და ისე ფართხალებდა აქეთ-იქით, საცა იყო თავის ცოცხალ ტვირთთან ერთალ ლაწანით ძირს დაენარცხებოდა. არ ვიცი, თხილის ძირები მოსატეხად შეებრალა თუ ტანიას ჩამოვარდნისა შეეშინდა, _ მერთაზამ სწრაფად, გაბედულად შეაშველა ხელები, გოგო სიმაღლიდან ჩამოხსნა და მკლავებში გადაწვენილი, კვნესა-კრუსუნით, საღ-სალამათად ძირს დასვა.
სიფრიფანა ჩითის კაბა გულმკერდზე მთლად ჩახსნოდა და, ვაი სირცხვილო, _ ბაბას დაკრეფილი მარქვალის კოკობებივით, თეთრყირმიზა, გლუვ-გლუვი მკვრივი ძუძუები ზევით ამოცვენოდა. შეშფოთებული, არეულ-ალეწილი და აფაკლებული მურთაზა ირგვლივ აცეცებდა თვალებს, ყველაფერ ამას მარტო მე ვხედავ თუ კიდევ ვინმე უჭიტინებსო. დარწმუნდა თუ არა, რომ მდგომარეობის ბატონ-პატრონი მარტოდმარტო თავად იყო, შიში, შებორკილობა, გაუბედაობა უცებ სულ შორს გადაიყარა და ახლა უფრო თავისუფლად, უშუალოდ, ვითომდა მისახმარებლად, მოუთათუნა ხელები ტანიას. დაიღუნა, წამძვრალ-ჩამოვარდნილ ფეხსაცმელში ფიქალივით სავსე, ქათქათა ფეხები ჩააყოფინა, სხეულიდან გადაცურებული კაბაც მიუსწორ-მოუსწორა და სტუმარი გოგონა, როგორც ახლა ვამბობთ, თავის საწბის მდგომარეობას დაუბრუნა,
მე ადგილს მოვწყდი, მურთაზას რომ არ დავენახე საჩქაროდ იქით, ნალიის ბოძს ამოვეფარე.
დედაჩმი რატომღაც გაბადრული და კმაყოფილი ამოძვრა ბოსტნიდან, კალთაში ახალდაკრეფილი ჭყინტი ლობიოს პარკები ჩაეყარა, კაბაზე, ალაგ-ალაგ, ლობიოს ხაოიანი ფოთლები მიკრობოდა, იღიმებოდა, რაღაცა უხაროდა, დედას ალბათ უფროსი ბიჭის დავაჟკაცება ენიშნა იმ დღეს, მისი მალე დასახლების (დაქორწინების) აუცილებლობა იგრძნო და ამით გაიხარა. ეს სწორედ ზაფხული გახლდათ, როცა მურთაზა სოფლის სკოლაში უკვე აღარ დადიოდა, დაწყებითი კაი ხნის მოთავებული ჰქონდა და ამიტომ კაცივივით მხარში ამომდგარი, თავისთავზე ოჯახის დაწოლასაც გრძნობდა.
მამაჩემი და მამაჩემის მამა, დედეი (ბაბუა), მატყდის ქულებივით ფაქიზი წვერი რომ შემოჰფენოდა თავ-პირზე, აივარზე ისხდნენ და, მამაშვილურად კი არა, ისე, როგორც თანატოლასაკისანნი, ორივე ერთნაირად შეხნიერებულები, ზიარი ჟარდით თუ ზიარი სიხარულით, რაღაცაზე მრისხანედ, ხმამოგუდულად ბჭობდნენ.
-წავალო, იძახის… წავა, მარა, სამუდამო იქნება ეგ წასვლა, გატყობ _ ჩიოდე ბაბუა.
მამაჩემი თავს უქანებდა, ეთანხმებოდა. მე მხოლოდ ახლა, დღეს ვხვდები ვიზე, რაზე ბჭობდა მაშინ ორი ბერიკაცი _ მაგ თავყირმიზა ჩაუშს წაყვა. არ ვაძლევდი, მარა წაყვა და ახლა რაღაი. ნახე ახლა რაფრათ აკორწიალებს ჭლიკებს, რაფერ აყვიმებს ძიგარას, რაფერ ლაპარაკობს. პირზე არ გინდა, იმაზე დეიფარებდეს რამეს. არა, სულ გედეირია ეს უბედური, სულ გაგიავრდა, სულ…
მამაჩემმა ყაბალახის ქვეშ თითები შეიყო და თავი შეიფხანა. თენზილე მისი დაა, აგერ კი მოზუცი მამა ელაპარაკება. რა ქნას, რა თქვას, ვისი მხარე, რომელი სიმართლე აირჩიოს, ვის მიუდგეს, საითკენ ეძებოს სინაღდე. სიკეთე? მე კი ორივენი ბერიკაცები მეგონა, მაგრამ მამაჩემი მაინც გვილი იყო და ბავშვივით უსმენდა.
_ კი, მარა, ბაბი (რა უცნაურად მესმოდა მამაჩემისაგან `ბაბი~, მეგონა ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთადერთი თვითონ იყო `ბაბი~), აბდი-ჩაუში თურქია ხომ? აბა, რაფერ გაგიაურდებოდა თურქი, ა?
-არ შემშალო ახლა, ალიავ, _ გაუჯავრდა ბაბუა მამაჩემს, _ რაის თურქია აბდი?! მაი, ჭო, ჩვენებურია, დიასამიძე, კი, სტამბოლში ცხოვრობს მამამისი, მაგი ასკერში იყო, ათი-თზუთმეტი წლის წინ, ბათუმში შემოყვა ასკერს… ტყვედ დარჩა. ჰოდა დარჩა და დარჩე მემრე. გაუშვეს, მარა აღარ წევდა უკან, მოძებნა აქ ვინცხა-ვინცხა ნათესავები თავისიანები. არ ვიცი ვისით და რაფრათ, ყველადღეით ჩაქვში დარბოდა. ჰლდა, დეინახა ეს ჩემი თენზილეი, გედიკეიდა და გედიეკიდა. არ იქნა, ვეღარ მოვგლიჯეთ ერთიმეორეს… რანდა მექნა, ვინ დაგიჯერა, მიყვარს და მიყვარსო, დეიჩემა ამ ჩვენში ფანძაკმა. ეიხადა პირზე ფეჩა, გადააგდო ჩერჩეფი, ეივარცხნა აღმა თმები, გეიღეღა გულმკერდი, დეომიკლა კაბა, დეიმფხო თავზე მაი, ლენგერივით ფრიალა თავსახური, გეიჩარა პირში თითისიხოშრე ძიგარაი და შუუყვა განდაგან. რანდა მექნა, ვიღან მისმენდე მე, შენ ძმებიც, ალიათ, კი იცი რა ჭკვისაც არიან. მაგ დაკარგულეთიდან მოსულ უნათესავო, გაღლეტილ ფუხარაზე მიცემას, ვინცხას ზეგნელს მოვნახავდი და გავატანდი და მევსვენებდი. ერთი კაპიწაი იაღი-ყველი მაინც ექნებოდენ და მეც თითს გევლოკავდი ხანდროს. ახლა? ააფერი! ახლა ატეხილია, იქ წავალთო, იქ ჩემს კაცი ქონება აქვს. იქ ბაბაი მომკვდარი ყოლია და სიმდიდრეც დარჩენია ბევრიო.
რა სიმდიდრე ექნება აქედან წასულ კაცს უცხო ქვეყანაში ახლა, მიხტი შენ… მარა მე მაგის ჯანი აღარ მაქ ახლა. მაგენს რომ ველაპარაკო, აჰა, უფროსი შვილი შენ მყავხარ, აგერ ვართ სუყველაი, ადექი და თქვი სათქმელი, უთხარი, ნუ დაგეხათრება, უთხარი მაგრათ! აგერ ჩვენში ვთქვათ, ალიავ, ხომ ვხედავ ეს უბედური ქვეყანა ჰიმკენ წევიდა. ამ ჩვენი მთავრობის ხელში წასლა-წამოსლა შეგჩება და შეგერგება? ა, ნახავთ აგერ. წევდეს, წევა და იქაურობის ბურდღასაც ვეღარ ნახავს. ეს მე დღევანდელი დღესავით ვიცი და ვხედავ.
ერთიმეორის დაკარქვა გვაკლია ჩვენ?! ძვილაი ჩვენ-ჩვენ კერებზე ცეცხლი მოვანთეთ, ძვილაი ერთმანეთი მოვძებნეთ, ძვილაი ამ ჩვენმა, სხვისი ქუსლით გაჭეჭყილმა აჭარამ, პაწაი სული ამეითქვა, ძვილაი თავისი თავი იცნა, ძვილაი თავისი მმლექეთი, თავისი ნენეი თავისთან დეიგულა, ძვილაი ჩვენი სისხლის და ხორცის ხალხთან ერთად ვართ და ახლა კიდო აქედან სხვაგან-სხვაგან გევიქეც-გამოვიქცეთ?! იმ თურქსაც თავის დერდები აწუხებს, ძიავ, აბა! შენთვის ვიღას ცალია დღეს. ყველაი თავის სულის დერდშია. ყველამ ჩვენ-ჩვენ თავს მივხედოთ უნდა, ჰო, ასეა ესა… _ მამაჩემი მოთმინებით და გატაცებით უსმენდა მამამისს. _ წავა. აბა, წავალო, იძახის, კი წახვალ, მარა მემრე? მე აგერ რაღაი დამრჩენია. ჩემი სიცოცხლე ახლა ხიდან ჩამოსავარდნელ გაყვითლებულ ჟვერივით ფართქალობს და, ჰა და, მიწყდება და წაყვება ქარაშოტებს იმ ქვეყანაში, ჰოდა გებნევი: მისი წასვლა ჩემთვის სიკვდილია, ალიავ, გეიგევით ესა და ისე იფიქრეთ მაგის ბედ-იღბალზე. ხომ გეიგევი, ახლა, მე, რაცნა მეთქვა შენთვის ა? შენ, ალიავ, ეს ყოლიფერი კაი ხანია იცი, მარა ახლა ჩემით მომინდა ხელმეორედ, ჩემებურად, მეთქვა. რა ხანია თენზიდემ ბედი გადეიწყვიტა. აგერ ერთი ფაციაიც ყავან და მივცემ იქა ერთ ყურ საკარმიდამოს და იყვონ ისე. კი ვირჩენთ თავს. თუ არ ჩამოგვართვა ყოლიფერი ამ ჩვენმა ფუხარა მთავრობამ. მეშინია ძალიან. ვატყობ, ჩამოგვართმევს…
მამაჩემი უცებ რაღაცამ შეაკრთო:
_ ეგ `ფუხარა თავრობა~ ჰაიდან მეიტაი, ახლა, ა? ამ გამოსულზე (გაზაფხულზე), გაღმელმა ომერ კონცელიძემ, იმ საწყალმა და გაჭირვებულმა, აქ, სირაბაძის ქორწილში, უსაშველო ხვეწნის და მიძალების მერე, ერთი სიმღერა დაამღერა ჩანგურზე. ძალიან არ უნდოდა, მაგრამ დააძალეს და იმღერა. ჰოდა, სიმღერაში, ერთ ალაგას გამოურია ეგა. _ `ჩვენს ფუხარა თავრობასო…~ ჰოდა ღამე იქიდან გეიპარა, საბჭოს კაცებისა შეეშინდა. მარა ჰად გეიქცეოდა. მეორე დღეს საწყალი ომერ კონცელიძე ნიფხავ-პერანგიანი გაკოჭეს შვაღამით და წეიყვანეს. აჰა, შენი `ფუხარა თავრობა~. აღარ თქვა მაგი, ბაბი! _ გააფრთხილა მამაჩემმა ბაბუაჩემი.
ზეინაბი, ჩემი უცნობი მამიდაშვილი, ფაქიზი, უკარება, ფაფის ორთქლივით ნაზი, მსუბუქი, ჰაეროვანი ციცაი, ამასობაში შემეჩვია, მომენდო, თანდათან ეზოში შევითამაშე. დავიყოლიე ტყისპირისკენაც წამყოლოდა. იქ, უფროსების თვალთაგან მოცილებულად, მინდოდა ხეებზე ასვლა-ცოცვის ჩემეული გმირობანი მეჩვენებინა, აღმართ-დაღმართ კოხებზე ფეხშიშველა სირბილი და იბრეხას ბაწრებით ხეებზე კორწიალიც მესწავლებინა. მაგრამ როგორც კი ეზოდან იქვე, ტყისპირის კაპანზე გავედით, ზეინაბი რაღაცას წამოედო, წაიქცა და თავდაღმა დაგორდა სანამ მიგორავდა, სულ გასუსული იყო, ხმა არ გაუღია, ხელ ფეხი არც გაუნძრევია. არ ვიცი, რაიმე უბედურების მოლოდინის შიშმა დაამუნჯა თუ რაღაცა სასწაულს მოელოდა, ვხედავდი, მიგორავდა, მაგრამ არც ტიროდა, არც ყვიროდა. აი, ამან დამაფრთხო სწორედ.
ვიფიქრე, ეს სტუმარი ბაღანა აგერ ჩამკვდა-მეთქი, მაგრამ, როგორც კი დაბლა. პაწია დუბეზე შეჩერდა, აჭყივლდა, აჭყიპინდა, ისეთი ალიაქოთი ატეხა, მეგონა, მთელი სოფელი შეიძრა. თავზე ხელების ცემით მორბოდა თენზილე-ბიბი, დედაჩემი, ჩემი დები. ზეინაბმა იმათი კივილი რომ გაიგონა, ჭყიპინს ოდნავ უკლო, თუმცა, როგორც კი დარწმუნდა, ჩემს საშველად მორბიანო, ისევ მოუმატა ტირილს, წამოდგომა რატომღაც არ უცდია. ბალახებში იწვა და უფროსების მოსვლას ელოდა. შემეძლო მივსულიყავი, მაგრამ ისეთი კივილით, წყევლით მორბოდა დედამისი, შევშინდი, _ ვიცოდი, ყველაფერს მე დამაბრალებდნენ, ამიტომ თავის საშველად პირდაპირ ტყისკენ მოვკურცხლე.
ცოტა ხანში, ყველაფერი რომ მიწყნარდა, დედა გამომედევნა. მეძახოდა, მეეთრიე შინ, ჭადი გამოცხვა, გასკდიო (გასკდომა გაძღომას ერქვა გაჯავრებულთა ენაზე).
სადილი ბუხრიან სექვებიან ოთახში გაეწყო დედაჩემს. ის ჩვენი გობისზელა ტაბლა-სუფრა, თავისი მოხვეწილი მრგვალი ფეხით ჯორკოზე შედგა, რომ მაღალი გამოჩენილიყო. ორი მხრიდან სექვეებზე დასხდებოდნენ, ორიდან კი ჯორკოები მიედგათ.
ტაბლაზე, შუაგულში, დიდი სანაყელა ჯის ჯამი იდგა და შეკაზმული, ჭყინტი ლობიოს (მალახატოს) გამაბრუებელი, ნერწყვისმომგვრელი რეჰნის, კაკლის, ნიგზვის, მწვანე წიწაკის და კიდევ დედაჩემის ჯადოიანი დიდხელობის სურნელი და ოხშივარი მთელ ოდაში ბრუნავდა.
კეციდან ახალამოღებული მტკაველის სისქე ჭადი დედაჩემმა სტუმრების დასხდომამდე, კარგად მახსოვს, არ დატეხა. რათა ლუკმა არ გაციებულიყო. ჯამის ირგვლივ ტაბლაზე რამდენიმე პატარა თიხის ჯამი შემოერიგებინა. ჩვენ ყველანი იმ ერთი ხის ჯამიდან ვჭამდით, თიხის ჯამები არასოდეს მინახავს შინ. ალბათ ვიღაცისგან თუ ინათხოვა დედამ. თიხის ჯამებზე ჩვენი ბოსტნიდან ამოტანილი, ბუსუსებიანი ქორფა (ჭიპა) კიტრები ეწყო და რამოდენიმე მწვანე წიწაკაც ალაგ-ალაგ ეგდო. დიდ ჯამში პატარა ციცხვი ჩაეტოვებინა დედას.
ყველანი რომ სუფრას შემოუსხდნენ, ნენემ ჭადიც დატეხა და გაანაწილა. ერთი პატარა ჩამონატეხი ყუა, გარეთ, დერეფნისკენ გამოაქანა და მე შემაჩეჩა ხელში. ისედაც ვიცოდი, იქ სტუმრებთან დაჯდომა აღარ მომიწევდა, ჯერ ასეთი რამ არც მერგებოდა. მე ჩემი კერძი მალახტო სპილენძის ძველი, გაჭეჭყილი საინით მუხლებზე შევიდგი და ლუკმა ლუკმას მივადევნე. ერთი პატარა, მოღრეკილი ჭიპა-კიტრიც მერგო და ისე ჩავახრამუნე, კბილებმა ისეთი ხმა გამოიღეს, დედა შორიდან დამემუქრა, ჩუმად ჭამე, სირცხვილიაო.
-სადაა თქვენი შუქრია-ყაძახი, ზეინაბი რომ გადამიგორა ფლატეში? _ გავიგონე მამიდა თენზილეს ქალაქურად დაკაპიწებული სიტყვები. ვიფიქრე, ახლა კი წამიხდა საქმე, გამიმწარდა მალახტო პირში და კიტრის ხრამუნიც შევწვყვიტე.
_ გუჯავრდი და აქ რაფერ გაბედავს შამოსვლას, _ დაამშვიდა მამიდა დედაჩემმა. ამ დროს ზეინაბის ხმაც ჩამესმა:
_ ნენიკო, შუქრაი მინდა!
_ რატომ გაუჯავრდით? ბავშვია, რა იქნა მერე! _ ბრძანა ბრძნულად თენზილე მამიდამ და ყველაფერი უმალვე თავთავის ადგილას დალაგდა. დამყარდა ოდაში მშვიდობა და ჩემი, ბებუთივით მჭრელი კბილები ისევ გაბედულად ამუშავდნენ.
ყველაფერი რომ გათავდა, მამიდა გამოვიდა, ჩემდა გასაოცრად, იმხელა ბღუშტი, ხელში ამიყვანა, მომეფერა და კიდეც მაკოცა ღაწვზე.
-ჰა, წაიყვაი და ათამაშე, _ მომაბარა ისევ თავისი ზეინაბი. მიხაროდა, ასეთი კოხტა გოგონა ჩემთან რომ ითამაშებდა.
ხოლო ტანია ვინ იყო. ან საიდან და რატომ წამოიყვანეს, ვერც მაშინ გავიგე და არც ახლა ვიცი, ტანიას რომ უყურებდა, დედაჩემი წუხდა, _ ეგ ტიტველი პრატი მურთაზას თლათ გადამირევსო. `ბიბის~ შეეხვეწა, რაცხა გრძელი, ჩვენებური, გადავაცვათ მაგ რუსის პრატსო.
მე კი მამიდის მოფერებამ გამაჩუმა, დამასერიოზულა. მამიდას ნაკონც ლოყაზე ხელსაც არ ვისვამდი, რომ ცხელი და სათუთი ამბორი არ ჩამომეხოცა…
რა იცოდა მაშინ მამიდა თენზილემ, ან, მით უმეტეს რა ვიცოდი მე, რომ მხოლოდ ორმოცდაათი წლის შემდეგ, ბედისწერის უნამუსო ნებით, შორეულ ბურსაში, ხელმეორედ, საბოლოოდ და ერთადერთხელღა შევხვდებოდი უთავისიანებოდ, უთვისტომოდ დარჩენილ, გადავიწყებულ, გადასხვაფერებულ, გადაბერებულ, დაძაბუნებულ, სიბერეში დაობლებულ მამიდას და მისი მეორე, თანაც უკანასკნელი კოცნა, შეხნიერებულ ღაწვს კვლავ გამითბობდა.
მაშინ კი, ისინი სტამბოლში წასასვლელად ატეხილები, ვეღარავინ შეაჩერა. აბდი-ჩაუში და თენზილე, თავიანთი ზეინაბით, ბათუმში გემზე აიბარგნენ და შორეულ გზას გაუყვნენ. მამაჩემმა, ალიმ, სხვა ძმებმა და დებმა, ახლობლებმა გააცილეს. იმ გაცილების ამბებს წლების მერეც მოყვებოდნენ ხოლმე ჩვენში.
აბდის მამა გარდაცვლილი იყო. სახლი სხვებს დაეჭირათ. დავაში, ძიებაში, მტრობაში წლები გადიოდა. ზეინაბი გათხოვდა, მაგრამ პირველ მშობიარობას გადაყვა, დარდებით სულ დაილია და აბდი-ჩაუშ დიასამიძეც გარდაიცვალა. მარტოდმარტო დარჩენილი მამიდა თენზილე, ბურსა-იზნიქ-ინაგოლში, ძველგადასახლებულ მუჰაჯირ თანამემამულეებში ახლობელთაგან შველას დაეძებდა. რამდენი გონჯი, რამდენი ვარგებული მადლიანი ვინმე შეხვედრია ბედის გზაზე. აი, იქ, მუჰაჯირთა იმ ახალ სამყოფელში, უცხო მიწაზე რის ვაივაგლახით და წვალებ-ცოდვილობით, შორეულ მემლექეთ-საქართველოზე მიმსგავსებული, სევდით მთაგორებში შეყუჟული, თავიანთი ცრემლებით მორწყული სოფლები რომ აუმწვანებიათ და ბევრისათვის სამშობლოდან წაღებული სახელებიც კი დაურქმევიათ. აი, იქ, იმათ ყოველდღიურ საზრუნავ-საწამებელში გაბმულთ, საკუთარი სულის დარდში მყოფთ, სადღა ჰქონდათ უნარი და ღონე ჩემი გულგატეხილი მამიდისათვის მიეხედათ. მთელი თურქეთი ფეხით მოიარა. იმდენი წაღმა-უკუღმა სიარული დედა-სამშობლოსაკენ იყო თითქოს, მამული კი სულ უფრო შორავდებოდა. იქ კი, მუჰაჯირებს, მუსლიმან ქართველებს, თავის დროზე, რელიგიური მოწყალებით შემოთავაზებულ სხვის მიწაზე, სხვის ხევხუვებში, ღელეღურდნებსა და მთაგორებზე, ციცქნა-ციცქნა სოფლებად თავისი პატარ-პატარა სამშობლოები გაუშენებიათ.
ბოლოს, ცრემლამომშრალი და იმედგადაწურული ქალი გადაეყარა კაცს, მასავით უსამშობლოს, პარტახს, ანტერს და მარტოხელას. სადაური ხარო, კითხავდა ქალი, არსადაური ვარ, დედამიწელი ვარო, პასუხობდა ის კაცი და სევდიანად იცინოდა, ბიჭი ეყოლათ, მაგრამ ის `არსადაური დედამიწელი~ მალე ამა ქვეყნიდან, თენზილეს საუბედუროდ, მოუსავლეთში გადასახლდა. პატარა ფაცხა კი დაუტოვა თენზილეს.
ფაცხა, სადღაც იზნიქთან ახლო იყო. გაიზარდა, მაგრამ გალოთდა უმამოდ აღზრდილი ბიჭი. ერთხანს, რაღაც ელექტროსაქმით შინ ლუკმა მოჰქონდა, ბოლოს ესეც გვერდზე მიაგდო, მალულად გაყიდა ფაცხა, რომელშიც დედა ცხოვრობდა. სადღაც, ვიღაცამ ბიჭი მოკლა. უბედური დედა გარეთ დარჩა, იმიტომ, რომ ბიჭის მიერ გაყიდულ ფაცხას ახალი პატრონი დაეპატრონა.
ჰოდა, იმაზე ვამბობდი, _ ბედისწერის უნებური ნებით-მეთქი, ამ რამდენიმე წლის წინათ, შორეულ, მშვენიერ სევდიან ბურსაში, სახელმოხვეჭილი პოეტის ნაჯდომ ციხის ქალაქში, თურქეთის პირველ ნადედაქალაქევში, სადაც ყოველ ნაბიჯზე, ახლაც, სამშობლოსაგან მოგლეჯილ ნამუჰაჯირალთა, მუსლიმან ქართველთა ნათქვამ მშობლიურ სიტყვას გაიგონებ, აი, იმ ბურსაში, საბოლოოდ და ერთადერთხელღა შევხვდი თენზილე-ბიბის. ეს ამბავი და ამ ამბავთან დაკავშირებული სხვა ბევრი ამბავი, ალბათ, კვლავაც მრავალჯერ აგვატკივებს გულს და ბევრ რამესაც გვათქმევინებს.
ის, ვინც იმდენი ხნის უნახავი ძმისშვილი და მამიდა ერთმანეთს შეგვახვედრა, იქაური ჩვენებური იყო. ხმელი, ნატანჯი, გაფშეკილი, მაგრამ მაგარ, დაძარღვულმკლავებიანი, თვალებამოღამებული, თან მოციაგე სინათლეებით ამეტყველებული თვალებით, ძველი სპილენძივით დაჟანგული, მაგრამ სპილენძივით ალაპლაპებული ქართული სიტყვით შეიარაღებული, კოჭლი, მაგრამ კოჭლიც რომ სხვას სიარულს ასწავლიდა.
აფლიკვინებული მამიდა მემლექეთზე მეკითხებოდა, მოუღლელი მასპინძელი კი იქაურ მუსლიმან ქართველთათვის გამოსაცემად მომზადებულ თავის წიგნს მასინჯინებდა. წიგნის ყდაზე წმინდა გიორგის სურათი დაეწებებინა. დედამიწაზე დაბჯენილი ვეება მახვილით გველეშაპს თავს უჭეჭყავდა. ეს ზრომ ქრისტიანობის ემბლემადაა ჩვენში მიღებული-მეთქი. რას იტყვიან მუსლიმანი აქაური მოძმეები?
-ქრისტე-მისტე მე არ ვიცი. რაც აქ ხატია, ეს ჩემთვის საქართველოა! _ მკვახედ მიპასუხა.
მამიდას ერთმა ვიღაცა სახეგაყვითლებულმა, ჭორფლიანმა, საწყალმა კაცმა მოაკითხა.
_ ეს ჩემი ზეინაბის კაცი იყო… _ ჩაიკვნესა მამიდამ.
_ ჩაენებურია? _ ვკითხე.
_ თურქია! _ მითხრა და ამოიგვნეშა.
_ მერე, რაი?
_ ააფერი! რაც მოგიკვდა ზეინაბი, ეს ერთადერთი ხელგამზოდე დამრჩა და…
_ თავისი ოჯახი?
_ ჰად ყავს ოჯახი?! უარი თქვა ყველაფერზე ჩემი ხათრით. გაგიკვირდებიან და ამ თურქმა აქ. თურქეთში, ჩემი გულობიზა და ზეინაბის სიყვარულის ხათრით, ქართული ლაპარაკი ისტავლა და… ჰო, მარა მე მაიცნა წევალ ჰაცხა,. მარა ჰად, ეს აღარ ვიცი… _ სათქმელი ოდნავ აერია ჩემს საცოდავ მამიდას.
მერე იმ ნასიძარ თურქს შებრალებით შეხედა ისევ და მომიბრუნდა:
_ ახლა. ეს უბედური მეცოდვება, თვარა, ჩემ თავს რაცხას ვუშველიდი, ეს მეცოდება…
ნასიძარს თავი ჩაექინჟრა და ძირს რაღაცას გაშტერებით დასცქეროდა, ხმას არ იღებდა.
_ მე მაიცნა წევდე ჰაცხა… _ იმეორებდა მამიდა,. _ იქ მინდა, ისევ, იცით? იქ, შინ. ახლა მალე მეც დევიხარჯები, ვიცი და… იქ მინდა, ნენე-ბაბას ძვლებთან ჩამფალათ ჰაცხა. ეს ერთი თხოვნა მაქ ყველასთან. იქ მინდა ნენე-ბაბას ძვლებთან ჩამფალით… მეტი ააფერი და…
მასპინძელი კი ისევ წმინდა გიორგის დასცქეროდა, თავის შედგენილ კრებულზე გარედან რომ ეხატა და თავისი ხელით, მთელ სიბრტყეზე,. მსხვილად, თურქულად, აწერდა _ `გურჯისტან~. მერე კი, ქვემოთ, წელში გამოყვანილი, ჩვენებური წერწეტა-წერწეტა ასოებით გამოიყვანა სიტყვა _ `საქართველო~.
ამასობაში სამუშაოდან ცოლიც დაბრუნდა და პატარა შვილებიც. გოგო-ბიჭი, თამარი და ივერი, იქ ბურსაში, თურქთა ნადედაქალაქევში იდო წიგნი მაგიდაზე `საქართველო~.
ხოლო შინ დავბრუნდი და რამდენიმე წელიწადი გავიდა, შემაზრზენი ამბავი შევიტყვეთ. ბურსაში, დილით, თავის სახლის კარებთან, ვიღაც უცნობებმა ავტომატის ჯერით დახვრიტეს კრებულ `გურჯისტანის~ ავტორი და სამი ტყვიით მძიმედ დაჭრეს მისი ვადი, ივერი…
ვერც თენზილე-მამიდას შევუსრულეთ თხოვნა, ნენე-ბაბას ძვლებთან ახლოს, მშობელ, მონატრებულ მიწაში ვერ `ჩავფალით~.
მამიდაც, მალე, იქვე `დაიხარჯა~.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button