ქართული გვარები

ბააკაშვილთა გვარი

“ბააკაშვილი” – ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი – “ბააკა”. მამაკაცის საკუთარი სახელი “ბააკა” ძველ საქართველოში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა. ქართულ საისტორიო საბუთებში გვხვდება ცნობები თავად ბააკა იაშვილის, თავად ბააკა ხერხეულიძის და სხვათა შესახებ.

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქართული სახელი “ბააკა” შესაძლოა მიღებული იყოს არაბული “ბაკა”-დან, რაც არაბთა ენაზე “მუდმივს”, “მყარს” ნიშნავს.

ქართველურ ანთროპონიმიკაში გვხვდება “ბაკა” ძირიდან ნაწარმოები, კახეთ-ჰერეთში და განსაკუთრებით ქიზიყში გავრცელებული გვარსახელი “ბაკაშვილი”.

ბააკაშვილი და ბაკაშვილი შესაძლოა საერთო ეტიმოლოგიის გვარსახელები იყოს. საუბარი ეხება მხოლოდ გვარსახელთა ფუძეების მსგავსებას და არა გვარ-მოდენილობათა შორის სისხლით ნათესაობას, თუმცა არც ამის გამორიცხვა შეიძლება.

რაც შეეხება ბააკაშვილთა გვარმოდენილობას ანუ ერთსისხლობას, პირველი ბააკადან დღევანდელ ბააკაშვილებამდე, ისინი იმერლები არიან, მათი განსახლების არეალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბააკაშვილთა გვარმოდენილობის ბუდე-პირველსაცხოვრისი იმერეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თავად ჩხეიძეთა მამულში უნდა ვივარაუდოთ. სოციალური მდგომარეობით ბააკაშვილები გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბააკაშვილთა გვარის წინაპრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის პირველ ანუ მოწინავე სადროშოში.

ამჟამად ბააკაშვილები ცხოვრობენ: ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიაში და წყალაფორეთში, აგრეთვე ზესტაფონში და ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში. თბილისში ბააკაშვილთა 5-6 კომლი ცხოვრობს. ისინი სხვადასხვა დროს იმერეთიდან არიან ჩამოსულნი.

ბააკაშვილები გვიანდელი და, შესაბამისად, მცირერიცხოვანი გვარია. საქართველოში ბააკაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 80 სულს აღწევს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბააკაშვილთა!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button