განხილვაესე

ვეფხისტყაოსანი – სარიდანის დახასიათება

– „„ვეფხისტყაოსანს“ შეიძლება „მეფეთა წიგნიც“ ვუწოდოთ, მისი მთავარი გმირები ხომ, ძირითადად, მეფეები არიან. თითოეული მათგანი რუსთველისეული იგავმიუწვდომელი ხელოვნებითაა დახატული. ერთ-ერთი საინტერესო, თუმცა ეპიზოდური მხატვრული სახეა სარიდანი. ის ტარიელის მამა და ინდოეთის მეშვიდე სამეფოს მფლობელია. ჭკვიანი მმართველი და მტრებისთვის შიშის ზარის დამცემია. მას ვერავინ უბედავდა წყენინებას. აი, როგორ ახასიათებს მამას ტარიელი: „მამა-ჩემი ჯდა მეშვიდედ, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ ჰკადრებდა წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი; ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.“ სარიდანი კი ნამდვილად გამჭრიახი პოლიტიკოსი იყო. მან იცოდა, რომ ფარსადანს შვილი არ ჰყავდა და ტარიელი, მემკვიდრეობის წესის მიხედვით, შვიდივე სამეფოს ხელმწიფე გახდებოდა. ამასთან ერთად, ერთიანი ქვეყანა უფრო ძლიერი და მტკიცე იქნებოდა, ამიტომაც მან თავისი სამეფო ფარსადანისას შეუერთა. ძალაუფლებაც შეინარჩუნა: გაერთიანებული ლაშქრის სახმელეთო და საზღვაო ჯარების მთავარსარდალიც გახდა: „თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.“ თავისი სამეფოც განსაკარგავად ანუ სამართავად მასვე დარჩა, ასე რომ, „სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.“ ამას ისიც დაემატა, რომ მისი ვაჟი ფარსადანმა იშვილა და სამეფოდ ზრდიდა, სანამ ნესტანი გაუჩნდებოდა. როგორც ვხედავთ, სარიდანი ბრძენი პოლიტიკოსის შესანიშნავად დახატული სახეა. მისი ყველა პოლიტიკური ნაბიჯი წინასწარ გათვლილი და გონივრულია.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button