ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ვიძახებ: უწმინდურ მსოფლიო რეინკარნაციას

ვიძახებ: უწმინდურ მსოფლიო რეინკარნაციას (口寄せ・穢土転生), იგივე ედო თენსეი აკრძალული ტექნიკაა, რომელიც მიცვალებულთა გასაცოცხლებლად გამოიყენება. იგი ტობირამა სენჯუს მიერ შეიქმნა, მოგვიანებით კი ტექნიკა ოროჩიმარუმ დახვეწა. კაბუტო იაკუშის მტკიცებით, ედო თენსეი შინობის მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ ძიუცუს წარმოადგენს, რადგან გამომყენებლისთვის იგი არავითარ საფრთხეს არ შეიცავს.

ედო თენსეით გაცოცხლებულ პირს ნაცრისფერი კანი აქვს, რაზეც ნაბზარები აღინიშნება. პირველი გამოძახების დროს იგი სრულად გათიშულია, გაღვიძების შემდეგ კი მას თავისი პიროვნება, მოგონებები და შესაძლებლობები ბოლომდე აღუდგება. ედო თენსეით მართულს საკუთარი სურვილისამებრ მოქმედება არ შეუძლია. იგი იმას ასრულებს, რაც ტექნიკის გამომყენებელს სურს. რაც მთავარია, ასეთი პირი უკვდავია, ჩაკრას განუსაზღვრელ რაოდენობას ფლობს, ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობს და მას ნებისმიერი სახის ჭრილობა მყისვე უხორცდება. აღსანიშნავია, რომ ოროჩიმარუს რეინკარნირებულთა გონების სრულად დაბლოკვა შეეძლო, კაბუტომ კი ეს ანკო მიტარაშის დაწყევლილ ბეჭედში არსებული ოროჩიმარუს ჩაკრას წყალობით მოახერხა. გასაცოცხლებელ პირთა რაოდენობაში ტექნიკის გამომყენებელი შეზღუდული არაა, სანამ მას საკმარისი ჩაკრა, დეენემი და ცოცხალი მსხვერპლი მოეპოვება.

გამოყენების წესი
ედო თენსეის შესასრულებლად, უპირველეს ყოვლისა იმ პირის დეენემია საჭირო, ვისი გაცოცხლებაც ტექნიკის გამომყენებელს სურს. კაბუტოს თქმით, ამ მიზნით საფლავთა ძარცვა ჩვეულებრივი საქმიანობაა, თუმცა სისხლის ნაკვალევი და სიკვდილის შემდეგ შემორჩენილი ორგანოებიც გამოდგება. გარდა ამისა, გასაცოცხლებელი პირის სული წმინდა სამყაროში (浄土, ჯოდო) უნდა იმყოფებოდეს. სიკვდილის ღმერთის მიერ შთანთქმულთა რეინკარნაცია შესაძლებელია მხოლოდ შინიგამის გაჭრით მისგან სულების გათავისუფლების შემდეგ.[1][2]

გასაცოცხლებელი პირის სხეულით უზრუნველყოფის მიზნით ცოცხალი მსხვერპლია საჭირო. მას შემდეგ, რაც სპეციალურ გრაგნილს მისი დეენემი წაეცხება, გააქტიურდება ბეჭედი და მის ცენტრში მოთავსებულ მსხვერპლს გარს ფერფლი შემოეხვევა, რაც მას გასაცოცხლებელი პირის გარეგნობას მისცემს. პირის რეინკარნაცია იმ გარეგნობითა და ფიზიკური მდგომარეობით ხდება, რაც მას სიკვდილის წინ ჰქონდა. ბოლოს, რეინკარნირებული პირი კუბოში ინახება, სანამ მისი გამოყენების დრო არ მოვა.

ტექნიკის გაუქმება
არსებობს ედო თენსეის გაუქმების სამი გზა:

  1. რეინკარნირებული პირის ჩაბეჭდვა;
  2. მისი გაუქმება ტექნიკის გამომყენებლის მიერ, რისთვისაც ხელის ნიშნების შემდეგი კომბინაციაა საჭირო: ვირთხა → ხარი → მაიმუნი → ვეფხვი → დრაკონი → ტახი;
  3. რეინკარნირებული პირის მიერ ძლიერი ემოციის განცდა, როგორც ეს სასორისა და შინის შემთხვევაში მოხდა.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button