ზღაპარისაბავშვო

თენალი რამაკრიშნა — მხიარული პოეტი – ინდური ზღაპარი

თენალი რამაკრიშნა და ქალღმერთი კალი*

(* კალი — ქალღმერთი — დედა, შივას ცოლი. იგი განასახიერებს ყოველივე ცოცხალი არსის სიცოცხლესა და სიკვდილს. მისი კულტი გავრცელებულია აღმოსავლეთ ინდოეთში და განსაკუთრებით — ბენგალში. კალის განასახიერებენ მრავალხელას,ზოგჯერ შავი სახით. მას თავის ქალის ყელსაბამი ჰკიდია. მე-19 საუკუნემდე ადამიანს სწირავდნენ ხოლმე მსხვერპლად.)

ამბობენ, თენალი რამაკრიშნა თავის ჭაბუკობაში ქალღმერთ კალის სცემდა თაყვანსაო. ამ დიდებული ქალღმერთის სადიდებლად ბევრი ლოცვა წაუკითხავს, მარხვით თავი დაუტანჯავს და მისი ტაძრებისათვის დიდძალი მსხვერპლი შეუწირავსო.

ქალღმერთმა კალიმ, რაკი კმაყოფილი იყო ჭაბუკი ბჰაკტიას საქციელით, გადაწყვიტა პირადად თვითონ დაესაჩუქრებინა იგი. ერთ ღამეს კალი რამაკრიშნას თავისი ყველაზე საშინელი სახით გამოეცხადა, — ათი თავი ება, წელზე შხამიანი გველები შემოერტყა და სამკაულად ასურებისა და ბჰუტების* (* ასურები და ბჰუტები

— ინდური რელიგიური რწმენის მიხედვით — მოჩვენებები, ავი სულები. ისინი მიცვალებულთა გვამების დაწვის ადგილას ბინადრობენ. ბჰუტებად იქცევიან ძალადობით დახოცილნი, დამხრჩვალნი ანდა მიცვალებულები, რომლებიც არ დამარხეს წესის მიხედვით, არ დაწვეს. ასურები და ბჰუტები ინდოეთის ყოველ კუთხეში ერთნაირად სწამთ.) თავის ქალების ყელსაბამი ჩამოეკიდა, ქალღმერთს ხელში ორი თასი ეჭირა. ერთში სქელი, ტკბილი რძე ესხა, მეორეში კი — მჟავე მაწონი. კალიმ ორივე თასი რამაკრიშნას დაუდგა წინ და ანიშნა: აირჩიეო! რამაკრიშნამ უსიტყვოდ აიღო ორივე თასი და ერთმანეთის მიყოლებით გამოსცალა. ქალღმერთს გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. რამაკრიშნამ კი თავი დახარა,

აშტანგა* (* აშტანგა — რიტუალური მისალმება, ე. წ. რვამუხლა თავის დაკვრა. ამ დროს ადამიანი ერთდროულად ეხება მიწას წინ გაშლილი ხელის თითებით, შუბლით, ცხვირით, ნიკაპით, მკერდით, მუცლით, მუხლებითა და ფეხის თითებით.) მიუძღვნა და უთხრა:

— დედაო ყოველი არსისა! თუ შენი ერთგულებისათვის ჩემი დასაჩქურება განგიზრახავს ერთ კითხვაზე მიპასუხეო.

ალბათ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას მომცემსო, — გაიფიქრა ქალღმერთმა და თანხმობის ნიშნად ათივე თავი დახარა.

რამაკრიშნას მოწიწება და საგონებელში ჩავარდნილი კაცის იერი აღებეჭდა სახეზე და უთხრა:

— დედაო ყოველი არსისა! ჩვენ, ადამიანებს, უღირს არსებებს, მხოლოდ თითო ცხვირი გვაქვს და სურდოს დროს მაინც ძალზე ვწვალობთ — ყოველწუთს ცხვირს ვაცემინებთ და ვიწმენდთ, რაც ძალზე უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებს და გვღლის. შენ კი, ჰოი, ათთავავ, როგორ იქცევი, როცა სურდო გაქვს, ჰქმენ სიკეთე და მითხარიო!

ქალღმერთს გაეცინა:

— შენ პოეტი იქნები და მუდამ ისე შეაქცევ ხალხს, რომ მხიარულ პოეტს დაგარქმევენო, — უთხრა მას ქალღმერთმა და გაქრა.

ვინ იცის, იქნებ ქალღმერთის სიტყვები საშინელი წყევლა იყო. რამაკრიშნამ კი დალოცვად მიიღო და სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე არც უნანია.

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button