ზღაპარისაბავშვო

ზაზა აბზიანიძე – ამბავი დე ლა მელასი

ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა და აქედან ძალიან შორს. თქვენ რომ შეგძლებოდათ ნებიერად გეფრინათ უღრანი ტყის თავზე, როგორც, მაგალითად, ცნობისმოყვარეობით განთქმულ ყვანჩალა ზიტას, უთუოდ შენიშნავდით ტყის შუაგულში, მდელოზე აჩონჩხლილ პატარა ციხესიმაგრეს ქონგურებიანი გალავნით და ამ გალავანს გაყოლებული, წყლით ამოვსებული თხრილით.

 უცნაური იყო ეს სათამაშოსმაგვარი ციხესიმაგრე და კიდევ უფრო უცნაური ის ამბავი, აქ რომ დატრიალდა. უცნაური იყო, რადგან ეს ციხე-დარბაზიცა და ეს გალავანიც თავის დროზე ტყის უჩინარ ბინადრებს – პატარა, ჯადოქარ გნომებს აეშენებინათ იმდროინდელი რაინდების წაბაძვით; ერთხანს უცხოვრიათ კიდეც აქ, მაგრამ მერე ისევ ძველებური და თავისუფალი ცხოვრება მონატრებიათ და ტყეში დაბრუნებულან, ციხესიმაგრე კი აქაური ტყის მელათმთავრის – დე ლა მელას მშობლებისათვის გადაუბარებიათ. გარიგების თანახმად, ციხის ახალი მეპატრონენი ყოველდღე მიაცუნცულებდნენ ქონდრისკაცებთან თავისი ღამეული ნადავლის მეოთხედს.

 ასეთი იყო გარიგება წინაპართა შორის და მელაკუდები, თუმცაღა საკმაოდ ეშმაკები იყვნენ, ამ გარიგებას არ არღვევდნენ – არც ჯადოქარი გნომების განაწყენება უნდოდათ და არც თავიანთი წინამძღოლისა, რომელსაც ციხე-დარბაზთან ერთად მელათა გრაფის წოდებაც მიეღო და ახლა ისე უფრთხილდებოდა ამ რაინდულ პატივს, როგორც თავის უგრძესსა და უფაფუკეს კუდს.

 ადრე, როცა კუდგრძელები ჯერ კიდევ თავ-თავიანთ სოროებში ცხოვრობდნენ ტყეში, ნადავლის მეტ ნაწილს მგელი სევასტი ართმევდა.

სევასტის არნახული მადა ჰქონდა, მაგრამ სოფლის ძაღლების ეშინოდა და მარტო მელიები ჰყავდა დაჯაბნილი – სადაც კი დაიგულებდა, პირიდანვე სტაცებდა ქათამს. რომელიმე მელათაგანი რომ გაქცეოდა კიდეც – გაწბილებული სევასტი სოროს აუწიოკებდა. მომხდარა, რომ ლეკვებიც კი მოუტაცნია… ისე იყო თუ ასე, მელათა მოდგმამ გნომებთან გარიგება არჩია. ახლა, ღამეული ნადირობის შემდეგ, მელაკუდები გარიჟრაჟზე, წინასწარ დათქმულ ადგილზე ხვდებოდნენ ერთმანეთს და მამაცი დე ლა მელას წინამძღოლობით დარაზმულნი ამაყად შედიოდნენ თავიანთ ციხესიმაგრეში.

 შიმშილით ჯანგატეხილი სევასტი კბილების კრაჭუნით უვლიდა გარშემო სამელიეთის გალავანს და დე ლა მელას მოდგმის აქ დასახლების დღეს წყევლიდა…  სამელიეთის გალავანს შიგნით კი ფრიად საინტერესო ამბები ხდებოდა. გნომებისგან გაგონილმა სარაინდო ისტორიებმა ისე გაიტაცეს დე ლა მელა, რომ იგი ახლა ძალას არ იშურებდა, რათა თავისი ცუღლუტი ქვეშევრდომებისათვის ნამდვილ საგრაფოებში მიღებული წეს-ჩვეულებები და სიტყვა-პასუხი შეეთვისებინა.

 ამ წეს-ჩვეულებათაგან ზოგი ძალიან ლამაზი იყო, ზოგი – მომაბეზრებელი, მაგრამ არცთუ უაზრო, ზოგიც – უბრალოდ სასაცილო… გრაფის ზურგს უკან თითქმის ყველა ქირქილებდა მის ახირებაზე, მაგრამ ამ თამაშს თავისი ხიბლიც ჰქონდა და მელაკუდები თანდათან მიეჩვივნენ ახლებურ ყოფას: ღამღამობით კვლავ დასუნსულებდნენ ნადავლის საშოვნელად, დღისით კი ისე დარბაისლურად დასეირნობდნენ დე ლა მელას სასახლის გარშემო, რომ ამის შემყურე ყვანჩალა ზიტას ეჭვიც კი ღრღნიდა – ჩემს შემოსატყუებლად ხომ არ იდარბაისლებენ თავს ეს ეშმაკებიო?

 მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, უფრო სწორად კი – საღამოს (ხოლო მშვენიერი იყო თუ არა – ახლა ნახავთ), სამელიეთის გალავნის შიგნით ისეთი წრიალი ატყდა, რომ ცნობისმოყვარე ზიტამ ჩვეული სიფრთხილე დაივიწყა და გალავნის ქონგურს შემოაჯდა. აქედან უკვე კარგად ხედავდა, რომ მისთვის ახლა სამელიეთში არავის ეცალა: რაღაც საგანგაშო მომხდარიყო, მელიები მიმორბოდნენ და მხოლოდ დე ლა მელა, რომელსაც ზიტა უცდომლად ცნობდა უზარმაზარი და მბზინავი კუდით, აუჩქარებლად მიემართებოდა სასახლისაკენ.

 გრაფის ციხე-დარბაზში უკანასკნელი, ყველაზე ბალანგაცვენილი და გაუბედურებული მელაც რომ შეიძურწა და გარეთ აღარავინ დარჩა, ზიტას მთლად უმტყუნა ნებისყოფამ და ახლა უკვე სასახლის ზემო სარკმელში შეყო თავი.

 როდესაც თავდაპირველი აურზაური მიწყნარდა და კუდაცახცახებული ქვეშევრდომები უფროს-უმცროსობით განლაგდნენ დე ლა მელას გარშემო, ზიტა სმენად იქცა.

მალე მიხვდა, რომ მთელ ამ ამბავს არავითარი კავშირი არ ჰქონდა ყვავებთან, მაგრამ სამელიეთს კი მართლაც დიდი გასაჭირი ადგა – ამაღამდელი ნადირობისათვის გამზადებულმა მელაკუდების რაზმმა თხრილზე გადასასვლელი ხიდი ვერ ჩაუშვა. ვიღაც მზაკვარს გარედან ისე ჩაეხერგა ხიდიცა და ალაყაფის კარიც, რომ ახლა ციხიდან ცხვირის გამყოფი არავინ იყო. რაღა თქმა უნდა, თუ გალავნიდან გადახტომას და თხრილში თავის დახრჩობას არ მოინდომებდა.

 ზიტა მიხვდა, რომ წესისამებრ, სხვაზე ადრე თავისი აზრი დე ლა მელას ყველაზე კუდგრძელ კარისკაცებს – ბარონებს დე სუნსულიოსა და დე ცუნცულიოს უნდა გამოეთქვათ, მაგრამ ყვანჩალამ არ იცოდა, რომ სუნსულიო-ცუნცულიოს ვეზირობის დროს ერთხელაც არ მომხდარა, რომ მათი აზრი ერთმანეთს დამთხვეოდა.

 ახლაც ასე იყო. დე სუნსულიო დაჟინებით იმეორებდა – “სევასტი! სევასტი! სევასტი!”, ხოლო დე ცუნცულიო ასეთივე შეუპოვრობით პასუხობდა – “ბომბოკო! ბომბოკო! ბომბოკო!”

 დე ლა მელა ხან ერთს მიაჩერდებოდა, ხან მეორეს, თავისთვის კი ფიქრობდა, რომ თუმცაღა სევასტი ყველაფრის მკადრებელი იყო, შიმშილით მისუსტებული ბებერი მგელი ვერაფრით ამოგლეჯდა ძირფესვიანად ხეს და ხიდს ვერ ჩახერგავდა, ხოლო დათვი ბომბოკო ჯანზე კი იყო, მაგრამ მელიებთან გასაყოფი არაფერი ჰქონდა და, საერთოდ, არ ჰგავდა ამგვარი ვერაგობის ჩამდენს… მელათმთავარმა კიდევ ერთხელ შეავლო თვალი კარისკაცებს და თავისთვის ჩაილაპარაკა:

 – ბრძენი სოფი თუ უშველიდა ახლა ჩვენს გაჭირვებას, მაგრამ ფრენა ჩვენ არ შეგვიძლია და, აბა, ხმას როგორ მივაწვდენთ?..

 – მე მოგიყვანთ სოფის! – ისე უეცრად წამოიჩხავლა ზემოდან ზიტამ, რომ თვითონვე გაუკვირდა და თავი ფრთებში ჩამალა.

 ბეწვბრწყინვალეთა საზოგადოებაში უეცარი სიჩუმე ჩამოვარდა. დე ლა მელა უძრავად იჯდა, თითქოს არც გაეგონა ზიტას წამოძახილი და მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ რაღაც უნდობლად აიხედა იმ სარკმლისაკენ, სადაც ეგულებოდა სამელიეთის არამკითხე მხსნელი. ყვანჩალა უკვე გაფრენილიყო…

 გათენებას ბევრი არ უკლდა და, ის-ის იყო, სუნსულიო-ცუნცულიო კვლავ კამათის წამოწყებას აპირებდნენ, როდესაც დარბაზში ბუ სოფი შემოფრინდა და დარბაისლურად დაეშვა დე ლა მელას ტახტის წინ.

 სოფისა და დე ლა მელას მეგობრობას თავისი ისტორია ჰქონდა. ჯერ კიდევ სამელიეთის დაარსებამდე სოფის მამას შესცოდებია და შესაჭმელად არ გაუმეტებია დე ლა მელას პატარა და-ძმა.

რაღა თქმა უნდა, ამის შემდეგ სოფი და მისი წვრილშვილი დე ლა მელას მთელი მოდგმისათვის კბილშეუხებელნი გახდნენ. ეს მშვიდობიანი მეზობლობა ნელინელ მეგობრობაში გადაიზარდა: სოფი დროდადრო შემოიფრენდა ხოლმე დე ლა მელასთან – ხან სევასტის ადგილსამყოფელს დაუზუსტებდა, ხან ახალდაჭერილ თაგვს მიართმევდა, ხან სასახლის ამბებზე წაეჭორავებოდა… გონიერ სოფის დიდი ხანი არ დასჭირვებია, მდგომარეობაში რომ გარკვეულიყო. მან ყურადღებით მოუსმინა მელათმთავარს, თვინიერად დააცალა დე სუნსულიოსა და დე ცუნცულიოს დაესრულებინათ მორიგი პაექრობა, მერე მძიმედ აფრინდა და ტყისაკენ აიღო გეზი.

 მთელი ამ ხნის განმავლობაში ზიტა კვლავინდებურად სარკმელში იყო შეყუჟული და კუდგრძელებს მისი არსებობა მაშინღა გაახსენდათ, როცა სოფის გააყოლეს თვალი და ბუს მიდევნებული ყვანჩალა დაინახეს.

 სოფის ყვანჩალას დამგზავრება აშკარად აწყობდა. ინათებდა თუ არა, სულ უფრო და უფრო ცუდად ხედავდა და თუ სამელიეთში უკვე გათენებულზე მოუწევდათ მიბრუნება, ზიტას უნდა მიჰყოლოდა კუდში.

 ბუმ გეზი პირდაპირ ბომბოკოს ბუნაგისაკენ აიღო. დე ლა მელასთან ლაპარაკის შემდეგ, ეჭვი მაინც ღრღნიდა – ვაითუ დათვი რაიმემ გააცოფა ან ფუტკრებმა დაკბინეს და გონებადაბნელებულმა მელიებზე იყარა ჯავრიო…

 ბომბოკო ბუნაგის წინ დაუხვდათ. მხარ-თეძოზე ისე არხეინად და მშვიდობისმოყვარედ წამოგორებულიყო, რომ სოფი ხმისამოუღებლად გადააფრინდა თავზე და კვლავ სამელიეთისაკენ გაეშურა. მხოლოდ ზიტამ წაიჩხავლა რაღაც მისალმებისდაგვარი და კუდი დაუქნია უცნაური წყვილის შემოფრენით ცოტა არ იყოს გაკვირვებულ დათვს.

 გათენებულიყო და ახლა უკვე ზიტა მიფრინავდა წინ.

მიფრინავდა ნელა და აუჩქარებლად, მაგრამ დროდადრო მაინც უკან იყურებოდა – სოფი ხომ არ ჩამორჩაო… ის-ის იყო, ციხესიმაგრეში შეფრენას აპირებდნენ, რომ ზიტა მოცელილივით დაეშვა გალავნის ქონგურზე. სოფი უხმოდ გვერდზე მიუჯდა.

 ცოტა ხანში, სული რომ მოითქვა, ზიტამ აკანკალებული ხმით ჰკითხა სოფის – მდელოზე რამეს თუ ხედავო? სოფიმ უარის ნიშნად დიდი თავი გააქნია. ზიტამ რაღაც დაბნეულად მიმოიხედა გარშემო, მაგრად მოჭუტა თვალები და მერე ისევ თვალებდაჭყეტილი მიაშტერდა ციხესიმაგრის წინ გაშლილ მდელოს. არა, ნამდვილად არაფერი ეჩვენებოდა – ზედ შუა მდელოზე უზარმაზარი გველეშაპი გაწოლილიყო… მერე სოფიმაც თითქოს გაარჩია რაღაც რუხი და უძრავი ბორცვი…  ზიტა შიშისაგან ადგილიდან ვერ იძვროდა. სოფის გულმა უკარნახა, რომ ახლა მხოლოდ მის საზრისიანობაზე იყო დამოკიდებული სამელიეთის ბედი და განწირულივით მოსწყდა გალავანს.

 სუნთქვაშეკრული ზიტა ხედავდა, რა მძიმედ იქნევდა ფრთებს ბუ და რა ფრთხილად დაფრინდა რუხი მთის შორიახლოს. სოფი ცოტა ხანს შეყოვნდა.

ეტყობოდა, ძალას იკრეფდა, მაგრამ მერე მხნედ წაბაჯბაჯდა გველეშაპისაკენ და ზედ ცხვირწინ დაუსკუპდა.

 გველეშაპი მოწკურული თვალებით ბუს მიაშტერდა – ეს ვინღააო?

 სოფი ცდილობდა, რაც შეიძლება ბოხი და სერიოზული ხმით ელაპარაკა და სიტყვა-პასუხიც განსაკუთრებით ზრდილობიანი ჰქონოდა – რაც უნდა იყოს, ელჩობა ჰქონდა ნაკისრი.

 – პატივცემულო გველეშაპო, – როგორც იქნა, ამოთქვა სოფიმ, – მაპატიეთ, რომ სახელით ვერ მოგმართავთ.

 – მე კლარა მქვია, – მოულოდნელად ნაზი და წკრიალა ხმით უპასუხა გველეშაპმა.

 – მადამ კლარა, – კვლავ წამოიწყო სოფიმ, ცოტა არ იყოს, შეცბუნებულმა, მაგრამ ახლა უკვე თავისივე ხმით.

 – გაუთხოვარი გახლავართ, – გააწყვეტინა სიტყვა კლარამ.

 – ოო, მომიტევეთ, მადმუაზელ, ეს ხომ ისედაც ჩანს… ასეთი ნაზი და მშვენიერი არსება… – არ დაიბნა სოფი.

 – თქვენ ასე თვლით? – იკითხა კლარამ აშკარად ნასიამოვნები კილოთი.

 – რაღა თქმა უნდა, ამას ხომ ბრმაც დაინახავს, – თქვა სოფიმ და ინანა, – ვაითუ კლარამ იცის, ბუები დღის სინათლეზე ცუდად რომ ხედავენო.

 – როგორ დაინახავს, თუ ბრმაა? – სულ სხვანაირად შეატრიალა კითხვა კლარამ.

 – გამოთქმაა ამნაირი. მაგალითად, როდესაც ვამბობთ: გული გამისკდაო, – მართლა ხომ არ გვისკდება გული, – გაუჭირვებლად მოიხმო მაგალითი სოფიმ.

 – ჰოოო? – გაიკვირვა კლარამ, – თუმცა ყოველთვის მიჭირდა ამგვარ გამოთქმებში გარკვევა… მშობლებსაც იმიტომ გამოვექეცი…

 – რატომ გამოექეცით? – ჩაეკითხა სოფი, რომელსაც კლარას გაჭირვებამ თავისი დამშეული ბარტყები გაახსენა.

 – ჩვენს გამოქვაბულში შემთხვევით კვერცხს დავაბიჯე ფეხი და დედ-მამამ სულ “მოსაკლავი” მიძახეს. შემეშინდა და აქეთ გამოვიქეცი… უკვე რამდენი ხანია მას შემდეგ… ესე იგი არ მომკლავდნენ? ეს მხოლოდ გამოთქმაა ამგვარი? აბა, თუ ბოროტები არ იყვნენ და ჩემი მოკვლა არ უნდოდათ, რატომ იძახდნენ: “ამ მოსაკლავმა ჩვენი უკანასკნელი იმედი დაამსხვრიაო?” – მე ხომ მხოლოდ კვერცხი შემომატყდა? – თავისას არ იშლიდა კლარა.

 სოფიმ მძიმედ ამოიოხრა და რაღაც უიმედოდ ახედა გველეშაპს.

 – როგორ ბრძანებთ, თქვენი მშობლები, ასეთი საპატივცემულო გველეშაპები, თავიანთ ქალიშვილს მოსაკლავად როგორ გაიმეტებდნენ… იმ კვერცხიდან, ალბათ, თქვენი ძმის ან დის გამოჩეკას ელოდნენ და იმიტომაც გაცეცხლდნენ.

 – არა, პირიდან ცეცხლს არ აფრქვევდნენ, – დააზუსტა კლარამ, – ცეცხლს რომ აფრქვევენ, ისინი ჩვენი შორეული ნათესავები არიან.

 სოფი აღარ გამოედევნა კლარას ნათესაური კავშირების დადგენას და გველეშაპთან ლაპარაკის თავდაპირველი გეგმა გაიხსენა. ერთხანს ჩუმად იყო, მერე, ნელინელ, მოთქმით წამოიწყო:

 – სულ მარტოდმარტო დარჩენილი, თან ასეთი ლამაზი, ასეთი ახალგაზრდა… რა უსამართლობაა…  ბუმ უეცრად შეწყვიტა მოთქმა და რიხიანი კილოთი დაასკვნა:

 – თქვენ უნდა დაბრუნდეთ! დიახ, თქვენ აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ მშობლიურ კერას!

 – რას დავუბრუნდე? – კვლავ ვერ გაიგო კლარამ.

 – მშობლიურ გამოქვაბულს, – განმარტა გველეშაპის მიუხვედრელობით გაბეზრებულმა ბუმ.

 – არასოდეს! მე მათთან საერთო აღარაფერი მაქვს და სულაც დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვრო. მე უკვე დიდი ვარ.

 სოფიმ ერთი კი დააპირა შეპასუხება, – პატარა ხარო, – მაგრამ ამ ვეება მთას რომ ახედა, ენა არ მოუბრუნდა და უიმედოდ ჩაქინდრა თავი.

 კლარა, პირიქით, გახალისდა, ლაპარაკის ხასიათზე დადგა და მეოცნებე ხმით განაგრძობდა:

 – დიახ, მე უკვე ზრდადასრულებული ქალიშვილი ვარ და დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვრო. სხვათა შორის, საკუთარ ბედზეც უნდა ვიფიქრო. ამიტომ, პირველ ყოვლისა, ოცდაათი მელია მჭირდება.

 სოფიმ ყურები ცქვიტა.

“დაღუპულან”, – გაიფიქრა თავისთვის, მაგრამ შეეცადა მღელვარება არ დამჩნეოდა და კლარას განზრახ დამტკბარი ხმით ჰკითხა:

 – ასე მოგშივდათ, განა?

 – არა, სულაც არ მშია… თუმცა ჰო, ჰო, ძალიანაც მშია და სანამ ის მელაკუდები ოცდაათ თავისიანს არ გაიმეტებენ, ციხიდან არ გამოვუშვებ!

 სოფი შიშით აძაგძაგდა, მაგრამ უკან მაინც არ იხევდა და მელიების დასახსნელ გზას ეძებდა.

 – პატივცემულო კლარა, მელიების ნაცვლად, ვთქვათ, სამასი თაგვი რომ მოგვერთმია ან ქათმები… მერწმუნეთ, გაცილებით უფრო გემრიელია…

 კლარა ჭირვეულად იმეორებდა თავისას:

 – არავითარი თაგვები და ქათმები! ოცდაათი მელა და მორჩა! მე არსად არ მეჩქარება, მაგათ იკითხონ.

 მერე აძურწულ სოფის დახედა და დაამატა:

 – ოცდაათი მელა და თან ყველაზე ლამაზი. ყველაზე ლამაზი ყველაზე გემრიელიც იქნება. ხომ ასეა?!

 ეს ბოლო სიტყვები იმგვარი შეუვალობით იყო ნათქვამი, რომ სოფიმ შეპასუხება ვეღარ გაბედა, შიშისაგან გაათკეცებული თავაზიანობით დაემშვიდობა გველეშაპს და ისე ნაბიჯ-ნაბიჯ დაიხია უკან, რომ თავის ბოლო დაქნევასთან ერთად აფრენილიყო კიდეც და გასცლოდა იქაურობას.

 ყვანჩალა, რომელიც გალავნიდან თვალს ადევნებდა ამ წარუმატებელ ელჩობას, ჰაერში შეეგება გამობრუნებულ ბუს და სოფის საგრაფო დარბაზში შეფრენისთანავე, თავის ჩვეულ ადგილზე მოკალათდა სარკმელში.

 სოფი ისე მოცელილივით დაეშვა დე ლა მელას ტახტის წინ და ისე უხერხულად ჭუტავდა თავის დიდრონ თვალებს, რომ ცხადი იყო – სასიკეთოს ვერაფერს იტყოდა.

 სიჩუმე ისევ დე ლა მელამ დაარღვია:

 – თქვი, ჩვენზე ფიქრით ძილგამკრთალო დაო, თქვი, რა ამბავი მოგიტანია?!

 – ოო, თქვენო კუდუბრწყინვალესობავ, ბუთა მოდგმის მფარველო და კეთილო მეგობარო! საზარელი ამბავი უნდა შეგატყობინოთ!

 დარბაზს კუდების ცახცახმა დაუარა. უძრავად ისხდნენ მხოლოდ დე ლა მელა და მისი რამდენიმე ძველი თანამებრძოლი. მართალია, ამ უკანასკნელთ კუდები საერთოდ არ ჰქონდათ, თავის დროზე სევასტისა და სოფლის ძაღლებს მოეჭამათ, მაგრამ რომ ჰქონოდათ, ნამდვილად არ ააცახცახებდნენ.

 – გვაუწყე ჩვენი უბედურების ამბავი, ქალბატონო სოფი, ნუღარ აყოვნებ! – კვლავ მიმართა დე ლა მელამ სტუმარს და თვალებმოჭუტულმა გადახედა დარბაზს.

 სოფიმ ჯერ დინჯად და დაწვრილებით აღწერა გველეშაპის გარეგნობა და მათი საუბრის შინაარსი, ბოლოში კი წამოენთო და წამოიძახა:

 – გველეშაპი ღელავს! ოცდაათი მელა, თან ლამაზი ყველა, უნდა შესაჭმელად!

 – რა დროს ლექსებია, – ჩაიქირქილა დე სუნსულიომ.

 დე ცუნცულიომ შეპასუხება არ დააყოვნა:

 – დიდად სამწუხაროა, როდესაც ზოგიერთს არ ესმის, რომ ჭეშმარიტი პოეზიის ძალა სწორედ ასეთ წუთებში ვლინდება!

 დარბაზში მოულოდნელი კისკისი გაისმა.

კუდმოჭმულებმა უკმაყოფილოდ გადახედეს შორეულ კუთხეში შეყუჟულ მბზინვარექურქიან ლამაზმანებს, დე ლა მელას ნება-სურვილის თანახმად, ფრეილინებად რომ იწოდებოდნენ. ფრეილინებმა დამნაშავედ დახარეს თავები, მაგრამ წამწამებქვეშიდან ისე ეშმაკურად აციმციმებდნენ თვალებს, რომ დე ლა მელასაც კი ულვაშებში ჩაეცინა – ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ამ კუდფაფუკა ცუღლუტებმა სასახლის ყველა საიდუმლო იცოდნენ – ისიც, თვითონ ჩუმ-ჩუმად ლექსებს რომ წერდა და ისიც, ვის უძღვნიდა ამ ლექსებს… ამასობაში კუდების ცახცახიც შეწყდა და მელათმთავარი მიხვდა, რომ სწორედ ახლა უნდა გაეცა პასუხი სოფისათვის.

 – მაშ, ოცდაათი მელა, თან ლამაზი ყველა, უნდა შესაჭმელად?! ვერ მივართმევთ, ვერა! – ეს დაბოლოება ისეთი მჭექარე ხმით წარმოითქვა, რომ დარბაზმა ერთბაშად იქუხა.

 ზიტა, რომელიც მოულოდნელობისაგან კინაღამ გადმოვარდა თავისი სარკმელიდან, ცალკეულ შეძახილებსღა არჩევდა: “გრაფს გაუმარჯოს! ვაშაა!”, “დე ლა მელა – გაგვიძეხი ყველას!”, “ძირს მზაკვარი გველეშაპი!” და ასე შემდეგ.

 საომარი ყიჟინა რომ ჩაცხრა, დე ლა მელამ კილო იცვალა:

 – ღრმად პატივცემულო კუდგრძელებო და უკუდონო, ქალბატონო სოფი და თქვენც, ქალბატონო ზიტა, კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენს გასაჭირს ყვირილით არაფერი ეშველება. სჯობს, თითოეულმა ბრძენთაგანმა გამოთქვას თავ-თავისი აზრი.

 დე სუნსულიომ გაბადრულმა გადახედა დარბაზს. ემჩნეოდა, რომ ხსნის გზა ნაპოვნი ჰქონდა. ეს გზა სევასტისაკენ მიდიოდა – შევურიგდეთ და გვიშველისო.

 დე ცუნცულიომ, რაღა თქმა უნდა, ბომბოკოსაკენ აიღო გეზი – თუკი სამომავლოდ ბომბოკოს თაფლს შევპირდებით, ახლა გასაჭირისაგან გვიხსნისო…  კუდმოჭმულთა აზრი უკუდოთუხუცესმა მელენტიმ გამოთქვა: “ჩვენ, მისი კუდუბრწყინვალესობის ძველ თანამძრომელებს, თუმცაღა კუდები არ შეგვრჩა სევასტისთან და სოფლის მზაკვარ ძაღლებთან ორთაბრძოლაში, მაგრამ გულები, ზოგიერთებისაგან განსხვავებით, საგულესა გვაქვს, – აქ მან ხმას აუწია, – ამიტომაც ჩვენი საერთო გადაწყვეტილებაა – ომი და მხოლოდ ომი!”

 დე ლა მელამ რატომღაც სასახლის თავანს ახედა და მელენტის შემპარავი ხმით ჰკითხა, – საომარი გეგმა თუ გაქვთო?

 – საომარი გეგმა ერთ კვირაში თქვენი კუდუბრწყინვალესობის წინ გაიშლება, – გაიჯგიმა მელენტი და ღირსებით აღსავსე თავდახრით დაასრულა თავისი პატაკი.

 – გნომებისათვის ხომ არ გვეკითხა რჩევა, – სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა სოფიმ. დე ლა მელას არაფერი უპასუხია, მაგრამ ისეთნაირად იქნევდა თავს, ეტყობოდა, ეს აზრი სხვაზე უფრო დაუჯდა ჭკუაში.

 ის-ის იყო დე ლა მელას საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა, წინ ბებერი მელათმწიგნობარი და ალქიმიკოსი მელკიბიადესი აეტუზა. აცახცახებულ თათებში ობმოკიდებული ტყავის გრაგნილი ეჭირა.

ეტყობოდა, რომ ღელავდა და რაღაც დიდმნიშვნელოვანის თქმას აპირებდა, მაგრამ გრაფის ნებართვის გარეშე ვერ ბედავდა.

 გაქუცულკუდიანი მეცნიერის მიუპატიჟებლად ტახტის წინ გამოჩენა, როგორც ჩანს, საგრაფო კარზე მიღებული რომელიღაც წესის დარღვევა იყო, მაგრამ დე ლა მელამ თვალებით ანიშნა ბალანაბურძგნილ სასახლეთუხუცესს, რომ საგანგაშო არაფერი მომხდარა და მელკიბიადესს ღიმილით მიმართა:

 – დიდო ალქიმიკოსო! აი, ახლა კი მოგეცა საშუალება, მთელი შენი ცოდნა გამოამჟღავნო. ჩაუჯექი შენს სინჯარებს და ერთ კვირაში, სანამ გულადი კუდმოჭმულები საომარ გეგმას გაამზადებენ, ხელოვნური ვარიები გამოიყვანე! ხომ შეძლებ? იცოდე, უკანდასახევი გზა არა გაქვს! ერთ კვირაში ციხესიმაგრის ყველა თაგვი შეჭმული იქნება და მხოლოდღა შენი ვარიების იმედით უნდა ვიარსებოთ!

 კარისკაცებმა მლიქვნელურად ჩაიხითხითეს, მაგრამ მელკიბიადესს ეს აინუნშიაც არ ჩაუგდია. დე ლა მელას არ აცილებდა თვალს და მხოლოდ მას მიმართავდა:

 – თქვენო კუდუბრწყინვალესობავ! როგორც კი ბრძენმა ქალბატონმა სოფიმ ეს საზარელი ამბავი მოგვიტანა, მე გნომების ბიბლიოთეკას მივაშურე და იქ ძველისძველ ხელნაწერებში ერთი ეტრატი ვნახე, რომელშიც საოცარი რამ წერია…  – მაინც რა წერია? – ჩაეკითხა დე ლა მელა.

 – გველეშაპი ხორცს არ ჭამს, გრაფო, მენდეთ… მხოლოდ ბალახს… აი, აქ წერია, ამ ეტრატზე. ჩანახატიც არის… დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. მელკიბიადესს გარკვევით ესმოდა მისი მისამართით ნათქვამი: “გამოჩერჩეტებული ბებერი”, “კუდგაქუცული შარლატანი”, “არამკითხე ცრუმეცნიერი”…  იგი დაიბნა და აიძურწა, მაგრამ თავისას მაინც არ თმობდა: მე ყველა გველეშაპს როდი ვგულისხმობ, ქალბატონმა სოფიმ რომ აგვიწერა, მხოლოდ იმაზე ვამბობო, – იმეორებდა. შემდეგ სოფის გრაგნილი გაუშალა წინ: ხომ ჰგავსო? – ჩაეკითხა.

 – შეიძლება კიდევაც ჰგავს, – ფრთები აიჩეჩა სოფიმ, – მაგრამ დანამდვილებით მაინც ვერ გეტყვით, ხომ იცით, დღისით რა ცუდად ვხედავ.

 გრაგნილმა მთელი დარბაზი შემოიარა. რაღა თქმა უნდა, უფროს-უმცროსობის დაცვით, მაგრამ ყველამ დაათვალიერა ეტრატი გველეშაპის სურათითა და მინაწერით.

 ის-ის იყო, გრაგნილი კვლავ მელკიბიადესს უნდა დაჰბრუნებოდა, ზევიდან ჩხავილი გაისმა და სარკმელში ყვანჩალა ზიტა გამოჩნდა.

 – თქვენო კუდუბრწყინვალესობავ, – ჩამოსძახა მან დე ლა მელას, – მაპატიეთ, რომ დაუკითხავად ვერევი თქვენს საქმეებში, მაგრამ ქვის გული ხომ არა მაქვს? ვიდრე აქ ბჭობდით, მე გნომებთან გადაფრენა მოვასწარი და მათი პასუხიც მოგიტანეთ.

 დე ლა მელამ ზიტას ახედა, მერე სოფიზე გადაიტანა მზერა და თითქოს მისგან რაღაც უხმო დასტური მიიღოო, ყვანჩალა დარბაზში შემოიპატიჟა:

 – ჩამოფრინდით, ქალბატონო ზიტა, აქ თქვენ კბილს არავინ გახლებთ. რაც უნდა მოშიებულნი ვიყოთ, თქვენგან ისე დავალებულნი ვართ, რომ…

 – ცუდი ამბავი რომ მოვიტანე, გრაფო?! – ხმა ჩაუვარდა ზიტას, მაგრამ ტახტის წინ მაინც დაფრინდა.

 – რითაც დაგვეხმარეთ, იმისთვისაც მადლობელნი გახლავართ… მაინც, რა თქვეს ასეთი გნომებმა?

 – არაფერი შეგვიძლიაო, ჩვენი ჯადოქრობა მხოლოდ ამ ტყის ბინადრებზე ვრცელდებაო და ის გველეშაპი კი ცხრა მთას იქიდანაა გადმოხვეწილიო… მისი აქ გამოჩენის ამბავი თქვენზე ადრე გავიგეთ და რომ შეგვძლებოდა, როგორ არ დაგიხსნიდით, თვითონაც ხომ შიმშილი მოგვიწევსო… – ქვითინით ჩაამთავრა ზიტამ ეს მართლაც უნუგეშო ამბავი.

 დე ლა მელას არასოდეს ენახა მტირალი ყვავი, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და ზიტას კვლავინდებური სიმშვიდით მიმართა:

 – ჩემო ზიტა, ჩვენ დიდი გასაჭირი გვადგას, მაგრამ სატირალი მაინც არაფერი გვაქვს.

ნუ მივცემთ ცუდ მაგალითს ახალ თაობას (აქ დე ლა მელამ ნაძალადევი ღიმილით გადახედა ფრეილინებს და შემდეგ კვლავ ყვავს მიუბრუნდა), – დიახ, სატირალი არაფერია, დასაფიქრებელი კი ბევრი. ვთხოვოთ ქალბატონ სოფის კიდევ ერთხელ აგვიწეროს გველეშაპთან შეხვედრა. რაიმე წვრილმანი ხომ არ გამოგრჩათ?.. ისე აღელვებული ბრძანდებოდით… ბალახს ხომ არ ძოვდა, თქვენ რომ მოფრინდით?

 – ბალახს? – ჩაეკითხა სოფი, – არა, ბალახს ნამდვილად არ ძოვდა. საერთოდ არაფერს ჭამდა, თვლემდა. შეიძლება იმიტომაც არ ჭამს, რომ ცუდ გუნებაზეა…  უკვე დიდი ხანია, რაც მშობლებს გამოექცა, სულ მარტოდმარტოა და ტირის… ისე მგონია, სულ არ არის ბოროტი არსება… მაგრამ მელიებს რომ მოითხოვს?

 – იმიტომაც მოითხოვს, რომ მელიათმჭამელია და მოშიებული! – წამოიძახა მელენტიმ და ნიშნის მოგებით გადახედა მელკიბიადესს.

 – ნუ განვაახლებთ კამათს, – შემრიგებლური კილოთი თქვა დე ლა მელამ, – მერე წამით ჩაფიქრდა და ჩაილაპარაკა, – ისე, ჩვენში რომ ვთქვათ, თუ არ ჭამს, რა ჯანდაბად უნდა ოცდაათი მელა?

 – მე ვიცი… – წაიკნავლა ერთ-ერთმა ყველაზე კუდფაფუკა ფრეილინამ და იმავე წამს ცხვირი ჩამალა გვერდზე მდგარი მეგობრის ბეწვში.

 – ბრძანეთ, მადმუაზელ, ახლა თქვენს ხელთაა ჩვენი ბედი! – მიმართა ეშმაკურად გაღიმებულმა დე ლა მელამ. მერე, როდესაც შენიშნა, რომ ფრეილინამ სულ ჩაიკმინდა ხმა, უკვე უფრო სერიოზულად გაუმეორა, – გისმენთ, რენატა!

 აღელვებული რენატა მარაოსავით იქნევდა ფაფუკ კუდს, მაგრამ უკანდასახევი გზა უკვე მოჭრილი ჰქონდა.

 – დიახაც, ვიცი! გველეშაპი გაუთხოვარია და სულ მარტოდმარტოა… თქვენ ხომ თქვით, რომ გაუთხოვარია? – ჩაეკითხა რენატა სოფის. სოფიმ უხმოდ, თავის დაქნევით დაუდასტურა ნათქვამი.

 – რა შუაშია გათხოვილი და გაუთხოვარი?! – ჩაერია დე ცუნცულიო.

 – იმ შუაშია, რომ… – წამოიწყო დე სუნსულიომ და უმწეოდ გადახედა რენატას, რადგან მართლაც არ იცოდა, რა შუაში იყო და წინადადებას ვერ ამთავრებდა. ისევ რენატამ უშველა:

 – დიახ, იმ შუაშია, რომ მარტოდმარტოა და კუდის სწორს ეძებს… კუდი ხომ გრძელი აქვს? – კვლავ ჩაეკითხა სოფის და ისევ უხმო დასტური მიიღო, – აბა, როგორ გათხოვდება, თუკი ვინმეს თავი არ მოაწონა, – განაგრძობდა რენატა, – თავის მოწონება კი მარტო ჩვენნაირი ფაფუკი ბეწვით შეიძლება… ჰოდა, ყელსაბურავი უნდა გაიკეთოს ჩვენგან… ჩვენც რომ მასე შიშველ-ტიტვლებს გვერბინა და თაყვანისმცემელი არავინ გვყოლოდა, შეიძლება ჩვენც კი გავმწარებულიყავით…  დარბაზი ისევ აჩოჩქოლდა: “სისულელეა”, “სად სიყვარული და სად გველეშაპი”, “შეჭმა უნდა, შეჭმა უნდა”, “სიყვარული ყოვლისშემძლეა”, “თვითონ რენატა რაღაზეა გაუთხოვარი?” – მოისმოდა საერთო ხმაურში.

 დე ლა მელამ წყრომის ნიშნად კბილები დააღრჭიალა – გაჩუმდითო! – და სუნსულიო-ცუნცულიოს წყვილს მიაჩერდა.

 ბარონ დე სუნსულიოს აზრით, გამოდიოდა, რომ რენატა მართალია და სიყვარული ყოვლისშემძლეა, მაგრამ გველეშაპს მელიების შეჭმა უნდა.

 ბარონი დე ცუნცულიო ამტკიცებდა, რომ რენატა ცდება და გველეშაპისათვის ისევე უცხოა სიყვარულის ამამაღლებელი გრძნობა, როგორც ხორციელი სიყვარული.

 – თუ ხორცისადმი სიყვარული? – ჩაეკითხა თვალებმოწკურული მელათმთავარი.

 – დიახ, დიახ, ხორცისადმი სიყვარული, – მყისვე დაეთანხმა ბარონი.

 – მაშინ რაღაში სჭირდება ეს მელიები?

 – გასართობად, მხოლოდ გასართობად, ხომ თქვეს, მოწყენილიაო, – სხაპასხუპით ჩაამთავრა წინადადება დე სუნსულიომ და თვალები აარიდა დე ლა მელას.

 უკუდოთუხუცესმა მელენტიმ, რომელსაც, წესის მიხედვით, ბარონების შემდეგ ერგებოდა სიტყვა, მჭახე ხმით წარმოთქვა კუდმოჭმულთა აზრი:

 – თქვენო კუდუბრწყინვალესობავ! ლაპარაკი სიყვარულზე იქ, სადაც წყდება სამელიეთის ბედ-იღბალი, ჩვენი კუდების ხსოვნის შეურაცხყოფად მიგვაჩნია და მოვითხოვთ, რომ მადმუაზელ რენატამ საჯაროდ ბოდიში მოიხადოს!

 დე ლა მელა წამით შეცბა, მაგრამ მაინც არ დაბნეულა და შემრიგებლური გეზი აიღო:

 – სინიორებო! თქვენი რაინდული წარსული გაიხსენეთ! განა თქვენ არ ებრძოდით კუდგამეტებით სევასტისა და იმ დაუნდობელ ფოქსტერიერებს – ფანის, ფანფანსა და ფანდორს? ვის შერჩა გამარჯვება?! შენ არ იყავი, მელენტი, სევასტის რომ შეატოვე კუდი, რათა რენატას დედა გადაგერჩინა?! ან შენ, შეუპოვარო მელიარეს, შენ არ გადაიკვნიტე ხმისამოუღებლად ხაფანგში მოყოლილი კუდი?! ახლა რაღა დაგემართათ?! სად გაქრა თქვენი რაინდობა?! მადმუაზელ რენატა იქნებ მართლაც ცდება, მაგრამ მოდი, ნუ დავწამებთ მას მკრეხელობას და ნუ შევუღრენთ… შეხედეთ – რა ახალგაზრდა და რა მშვენიერია. აბა, ვინ უნდა იოცნებოს სიყვარულზე, თუ არა მან და მისმა მეგობრებმა?!…  ჩვენ კი, უფროსმა თაობამ, კვლავ სახელმწიფო საქმეებზე ვიფიქროთ, – სული მოითქვა დე ლა მელამ და დასტურისათვის, რატომღაც, სოფის მიუბრუნდა, – ასე არაა, ქალბატონო სოფი?

 სოფიმ ისედაც ფართოდ დაჭყეტილი თვალები კიდევ უფრო დაჭყიტა და საკმაოდ ხმამაღლა, დამარცვლით წარმოთქვა: – მე ვფიქ-რობ, რომ მად-მუა-ზელ რე-ნა-ტა მარ-თალს ამ-ბობს!

 დარბაზი გაისუსა მელათმთავრის გადამწყვეტი სიტყვის მოლოდინში და ის-ის იყო, დე ლა მელამ რაღაცის თქმა დააპირა, ზიტა აჩხავლდა:

 – ვიდრე რამეს გადაწყვეტდეთ, კუდფაფუკებო, უნდა გითხრათ, რომ ამას წინათ აქ ჩამოფრენილი იხვებისაგან გავიგონე – ვიღაც ყმაწვილი გველეშაპი ცხოვრობს აქედან ერთი კვირის საფრენზე, სრუტის გადაღმა ნისლიანი კუნძული რომაა, იქო… ტბაში დავინახეთ, მარტოდმარტო ცურავდაო… უზარმაზარი და საშინელი შესახედავიაო…  – ეგება გვეშველოს და ითხოვოს ეს ოჯახდაქცეული ყელსაბურავის გარეშე, – აღმოხდა დე ლა მელას.

 კარისკაცები ხმას არ იღებდნენ. სუნსულიო-ცუნცულიოს უკვე აღარ ახსოვდათ, თავდაპირველად რა აზრი გამოთქვეს და ახლა ენაზე დაეჭირათ კბილები. კუდმოჭმულები რიგრიგობით მომნუსხავად აშტერდებოდნენ რენატას, სოფისა და ზიტას. ვეტერანები დარწმუნებული იყვნენ, რომ გრაფი აშკარად ტყუვდებოდა და ახლა არ იცოდნენ, ღირდა კამათის თავიდან წამოწყება თუ არა.

 მელაკუდებში გაშინაურებული ყვანჩალა კი არ ცხრებოდა და სხაპასხუპით გაიძახოდა: მე ზიტა არ ვიყო, თუ ხუთ დღეში სამახარობლო ამბავი არ ჩამოგიტანოთ! თქვენ ჯერ ნამდვილი ყვავი არ გინახავთო… ზიტა კიდევ რაღაცის დაყოლებას აპირებდა, მაგრამ გრაფის გამომცდელ მზერას წააწყდა და უცებ დადუმდა.

 – ქალბატონო ზიტა, თქვენ მართლა შეგიძლიათ ხუთ დღეში ჩამოგვიტანოთ ზღვისგადაღმელი სასიძოს ამბავი? – შეეკითხა დე ლა მელა ყვავს ისე, რომ თვალი არ მოუშორებია მისთვის.

 ზიტამ ენაზე იკბინა – ან როგორ უნდა ეფრინა ხუთ დღეში ერთი კვირის საფრენი, ან ამდენი ხნით ვის იმედად დატოვებდა თავის ახალგამოჩეკილ ბახალებს?.. – სოფიმ, თითქოს საფიქრალს მიუხვდაო, ყვავს გადაულაპარაკა, – ბარტყებზე ნუ ფიქრობ, ერთი ბუმბულიც არ დასცვივდებათ, საჭმელსაც არ მოვაკლებო.

 ეს სიტყვები ისეთი გულდაჯერებით იყო ნათქვამი, რომ არც ერთი დედა არ შეიტანდა ეჭვს მათ სიწრფელეში.

 – მაშ, მშვიდობით ფრენა ვუსურვოთ ჩვენს პატარა მხსნელს! – თქვა დე ლა მელამ და ზიტასკენ გადადგა თათი, მაგრამ ყვავი ტყვიასავით ავარდა ზევით.

ეს დაუმშვიდობებელი გაფრენა საქმის გადაუდებლობით იყო ნაკარნახევი თუ უნდობლობით, არავინ იცოდა, ოღონდ ძალზედ სასაცილო კი იყო და მელიები ერთიანად ახარხარდნენ… თვით სერიოზულზე სერიოზული ვეტერანებიც კი იცინოდნენ…  დე ლა მელამ შემთხვევით ისარგებლა და კუდმოჭმულების გულის მოსაგებად პირველად სწორედ მათ მიმართა:

 – გულგაუტეხელო რაინდებო! საომარი გეგმა მაინც გაამზადეთ. ამასთან, თუ მოიცლით და ახალბედა მონადირეებს ჩვენს ხელოვნურ საქათმეში ავარჯიშებთ, დიდად მადლობელი დაგრჩებით. ახლა კი სადილზე გეპატიჟებით ყველას, – მეზობელი დარბაზის მიმართულებით გაიშვირა თათი დე ლა მელამ, – იმედია, არ დამძრახავთ, მხოლოდ თაგვებით თუ გაგიმასპინძლდებით.

 მეხუთე დღე ილეოდა, როდესაც სამელიეთის გალავნის ქონგურზე არაქათგამოცლილი ზიტა შემოჯდა. ამ ამბის გაგონებაზე დე ლა მელამ წამით დაივიწყა ჩვეული სიდარბაისლე და ერთი ნახტომით სასახლის აივანზე აღმოჩნდა.

 – ფრთამალო და კეთილშობილო ყვავო! – ასძახა მან ზიტას, – შენნაირ მაცნეს საზეიმოდ უნდა ვხვდებოდეთ დარბაზში, მაგრამ რადგან ყველანი ეზოში ვართ, ბარემ ახლავე გვითხარი – როგორი ამბით ჩამოფრინდი?

 ზიტამ ამაყად ასწია ნისკარტი და სადღესასწაულო კილოთი დაიჩხავლა:

 – სამელიეთი გადარჩენილია!

 ერთი წამი ან, შესაძლოა, წამის მეასედი დასჭირდა ბეწვბრწყინვალეთა საზოგადოებას, გონს რომ მოსულიყო: “ვაშაა!”, “ზიტას გაუმარჯოს!” – დაიგრიალეს ქვევიდან მელიებმა. ქონგურზე მჯდარი ზიტა მადლობის ნიშნად წამდაუწუმ ნისკარტს ხრიდა და გრძნობდა, რომ ამგვარი ბედნიერების წუთები აღარ გაუმეორდებოდა, თუნდაც კიდევ სამასი წელი ეცხოვრა…  დე ლა მელას ცივი თვალები ამჯერად სითბოს ასხივებდნენ:

 – რაინდულ ფიცს ვდებ, – აივნიდან განაცხადა მელიების გრაფმა, – რომ ამიერიდან ჩვენი ტყის ყვავები კბილშეუხებელნი იქნებიან სამელიეთის ყველა თაობისათვის. ახლა კი, ჩვენო ფრთამალო მხსნელო, გთხოვთ დარბაზში შემოფრინდე და დაწვრილებით მოგვიყვე ყოველივეს.

 ბუ სოფი სწორედ იმ დროს დაეშვა საგრაფო ტახტთან, როდესაც მელიები უფროს-უმცროსობით ჩამომწკრივდნენ თავიანთი წინამძღოლისა და ზიტას გარშემო.

ახლა ყველანი აქ იყვნენ.  ზიტა დაღლილობისაგან ძლივს სუნთქავდა, მაგრამ საყოველთაო ყურადღება ძალას უორკეცებდა:

 – დიახ, თქვენო კუდუბრწყინვალესობავ, ვნახე, – აღტაცებული კილოთი განაგრძობდა თხრობას ყვავი, – ნისლიანი დღე იყო, მაგრამ მაინც ვნახე. იქაურმა ყვავებმა მიმასწავლეს. ველაპარაკე კიდეც. თვითონ გველეშაპს ველაპარაკე… ჰენრი ჰქვია. ისიც მარტოდმარტოა, მაგრამ ისეთი მახინჯია, რომ მაგასთან შედარებით ჩვენი კლარა მზეთუნახავი გეგონებათ (ფრეილინებმა მორცხვად ჩაიხითხითეს).

 – მაშ, ისიც მარტოა და უარზე არაა ცოლი შეირთოს? – სულ უფრო და უფრო განცვიფრებული ეკითხებოდა ყვავს დე ლა მელა.

 – რაღა თქმა უნდა! რომ იცოდეთ, როგორ გაუხარდა… თურმე ეგონა, რომ სულ მარტოა ქვეყანაზე.

რაც დედ-მამა მომიკვდა, გველეშაპი თვალით აღარ მინახავსო…  – ორივე დედისერთა ყოფილა… – ჩაიკნავლა რომელიღაც ფრეილინამ.

 – ასეა თუ ისე, მგონი, გვეშველა, – შვებით ამოისუნთქა დე ლა მელამ და კვლავ ყვანჩალას მიუბრუნდა, – ყელსაბურავზე თუ ჰკითხე რამეო?

 ზიტა ცოტა არ იყოს შეცბა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა.

 – რად უნდა, თქვენო კუდუბრწყინვალესობავ, ყელსაბურავი, როცა მთელი დღე ტბაში დაცურავს და ცოლიც წყალში უნდა აცხოვროს? მე მხოლოდ კლარას გარეგნობა ავუწერე და აღტაცებული დარჩა. ჩქარა გაფრინდი და აქ ჩამომიყვანეო.

 დე ლა მელა შეფიქრიანდა:

 – ისე, მაინც კარგი იქნებოდა, რაინდის სიტყვა ჩამოგერთმია, რომ უკან არ გამოაბრუნებს სულმთლად შიშველ-ტიტველ პატარძალს. ვთქვათ და, ეგენი მართლა არ თხოულობენ ცოლს, რამე უცნაური თუ არ აცვია.

 – არაფრით არ გამოაბრუნებს. პატარძლის საქმეს კი ჩვენ მოვაგვარებთ და არა უგვიანეს ხვალინდელი დილისა, – რიხიანად ჩაერია ლაპარაკში სოფი.

 – მაშინ, კუდფაფუკო და ბეწვბრწყინვალე საზოგადოებავ, – მიმართა დარბაზს მელიათა გრაფმა, – ხვალ დილამდე დავიშალოთ და ამ კეთილშობილ ფრთოსნებს მივანდოთ ჩვენი ბედი.

 სისხამ დილით სოფი და ზიტა ცხვირწინ დაუსკუპდნენ გველეშაპს.  კლარას ჯერ კიდევ ეძინა. ძილში კვნესოდა, ვიღაცას ეძახდა. ეტყობოდა, რაღაც მძიმე სიზმარს ხედავდა. რომ გამოეღვიძა, უცებ ვერც კი გაერკვა, სად იყო და უაზროდ მიაჩერდა შიშით ერთმანეთზე მიკრულ ბუ-ყვავს. როგორც იქნა, კლარა მიხვდა, რომ ეს უცნაური, ოთხთვალა და ორნისკარტა არსება ორი ფრინველისაგან შედგებოდა და ამათგან ერთ-ერთს იცნობდა კიდეც.

 – ააა, თქვენა ხართ, – უხალისოდ მიესალმა სოფის გველეშაპი და ისე გაიზმორა, რომ ზიტა წამსვე უკან გადახტა. ეს უცნაური უკან დახევა გველეშაპმა ყვავებში მიღებულ მისალმებად ჩათვალა და საპასუხოდ მძიმედ დაუკრა თავი. სოფი, რაღა თქმა უნდა, ყველაფერს მიხვდა და ზიტა გველეშაპს წარუდგინა.

 – მადმუაზელ კლარა, გთხოვთ იცნობდეთ ჩვენს ახლო მეგობარსა და შესანიშნავ ყვავს, ზიტას, – მერე დაამატა, – ახალგაზრდა დედაა. ქალბატონ კლარას, მე მგონი, წარდგენა არც კი სჭირდება…

 – მე თქვენ შორიდან გიცნობთ, უფრო სწორად, ზემოდან, – სიტყვა შეანაცვლა ზიტამ, – რომ იცოდეთ, როგორი სასიხარულო ამბავი ჩამოგიტანეთ!

 კლარა გამოცოცხლდა: “რა ამბავი? საიდან? მე კი ისეთი ცუდი სიზმარი ვნახე”… აქ ისევ ბუ ჩაერია ლაპარაკში: “ცუდი სიზმარი თუ ნახეთ, ესე იგი ნამდვილად კარგ ამბავს შეიტყობთ!”

 – თქვენ რა, სიზმრების ამოცნობა იცით? – ჩაეკითხა კლარა.

 – როგორ გითხრათ… ძალზედ მიახლოებით…

 – მაინც, გეთაყვა, რას უნდა ნიშნავდეს… – წამოიწყო კლარამ და უცებ ხმა ჩაუწყდა, უზარმაზარი თვალები ცრემლით აევსო, – არა, ამ სიზმარს ვერ მოვყვები…  – თქვენი ნებაა. ჩვენ კი მართლაც კარგი ამბები გვაქვს, – გაამხნევა სოფიმ დადარდიანებული გველეშაპი.

 კლარა მართლაც მალე დამშვიდდა და მიაჩერდა ახლა უკვე დაცალკევებულ წყვილს, – მაინც რა ამბები გაქვთო?

 – ჩვენი ზიტა ზღვისგადაღმელ ქვეყანაში გადაფრინდა და იქ საქმრო აღმოგიჩინათ! ახალგაზრდა, ულამაზესი, საკუთარი ტბა აქვს, ჰენრი ჰქვია… აი, უკვე მესამე დღეა, ნაპირზე ზის, არაფერს ჭამს და თქვენ გელოდებათ.

 – მართლა? საქმრო?! – ხმა აუკანკალდა კლარას, – მელის?! რომ არ მიცნობს? ვთქვათ და, არ მოვეწონე?

 – რას ბრძანებთ! რაინდის სიტყვა! ჩვენს დროში ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა! – ეჭვმიუტანელი კილოთი განაცხადა ზიტამ და დაამატა, – პასუხს მე ვაგებ!

 – როგორ აგებთ? – გულწრფელად გაიკვირვა კლარამ, რადგან მართლაც ვერ წარმოედგინა, რა პასუხი უნდა მოეთხოვა ცხრა მთას იქით გადაკარგული ყვანჩალასაგან.

 – დიახაც ვაგებ, – არ ცხრებოდა ზიტა, – მთელი ჩემი ღირსებით… მე თქვენი გულისათვის ხუთი დღე-ღამე ვიფრინე, შვილები დავტოვე, – ხმა აუთრთოლდა ყვავს.  კლარას გული მოულბა და ეუხერხულა, ასე რომ ააღელვა ეს პატარა და უმწეო არსება.

 – კარგი, თანახმა ვარ! მაგრამ როგორ წავიდე, როცა გზაც არ ვიცი და ყელსაბურავიც არა მაქვს?  სოფი გაშრა.

 – ქალბატონო კლარა! ჩვენ ყველაფერი გავითვალისწინეთ. ზიტამ გზადაგზა გააფრთხილა თავისი მეგობრები, თავდაპირველად თვითონ გაგიძღვებათ, მერე ისინი გაგაცილებენ.

 – ყელსაბურავის გარეშე მაინც არ წავალ, – თავისას არ იშლიდა კლარა, – იყონ იმ თავის ცხრაკლიტულში, – ბოლოს და ბოლოს ხომ მოშივდებათ…  აქ ზიტამ გამოიდო თავი:

 – მადმუაზელ! ყელსაბურავზე არც კი იფიქროთ! სერ ჰენრის რომ ვუხსენე, კინაღამ მომკლა. მელიის ბეწვზე თურმე ისეთი ცემინება უტყდება – ტბა ნაპირებიდან გადმოდის…  კლარა თვალებში მიაჩერდა ყვავს, – ხომ არ მატყუებსო, მაგრამ ზიტამ ისე თვალდაუხამხამებლად გაუსწორა მზერა, რომ მიამიტმა კლარამ ირწმუნა, – ალბათ, მართლაც ვერ იტანს ის ჰენრი ბეწვეულსო…  შორი მგზავრობისათვის მზადებას დიდი დრო არ დასჭირვებია.

კლარა აშკარად ღელავდა და წამდაუწუმ სთხოვდა ყვავს, კიდევ ერთხელ შემომიფრინე ირგვლივ, როგორ გამოვიყურებიო? სოფის აღარაფერს ეკითხებოდა, რადგან ენაჭარტალა ზიტას წამოსცდა – ბუები დღისით ვერაფერს ვერ ხედავენო.

 ის-ის იყო, სამზადისს მორჩნენ, გაწვიმდა კიდეც და ყვავ-ბუ-გველეშაპისაგან შემდგარი პროცესია გზას გაუდგა. სწორედ ასეთი თანამიმდევრობით მიდიოდნენ: წინ – სკუპ-სკუპით – ზიტა, მერე – ბაჯბაჯით – სოფი და ბოლოს – ზლაზვნით – კლარა. გზად, სოფის ფორთხიალს რომ უყურებდა, კლარამ შესთავაზა – მაინც მდელოს ბოლომდე მაცილებ და რას წვალობ, ზურგზე შემაჯექიო, მაგრამ ბუმ სასტიკად იუარა – პატარძალს ტვირთის ზიდვა არ შეშვენისო!

 როდესაც დე ლა მელას ციხესიმაგრეს მიუახლოვდნენ, სოფიმ პირველად ინანა, რომ დღისით ასე ცუდად ხედავდა – რაღა თქმა უნდა, სამელიეთი ახლა უკლებლივ გალავანზე იქნებოდა გამოფენილი მთელი თავისი ბრწყინვალებითა და სილამაზით.

 სანახაობა მართლაც იშვიათი იყო, მაგრამ მთლად ისეთი არა, სოფის რომ წარმოედგინა: გაწუწული, ცნობისმოყვარეობით კიდევ უფრო ცხვირწაგრძელებული მელიები ჩაკვეხებულიყვნენ ქონგურებს შორის და გამალებით იქნევდნენ სველ კუდებს. მხოლოდ დე ლა მელა იდგა მარტოდმარტო, ქონგურსა და ქონგურს შუა და მდუმარედ დაჰყურებდა, როგორ ათავისუფლებდა გველეშაპი ჩამოსაშვებ ხიდს და ამის შემდგომ, როგორ გაუდგა გზას უცნაური სამეული.

 ძნელი იყო მიხვედრა, რაზე ფიქრობდა ახლა მელიათა წინამძღოლი – უხაროდა, ასე იღბლიანად რომ დამთავრდა ესოდენ სახიფათო ამბავი თუ სწყინდა, რომ ცხოვრება ისევ უბრუნდებოდა თავის ჩვეულ კალაპოტს – ქათმების პარვით, სევასტისთან და სოფლის ძაღლებთან გაუთავებელი მტრობით და სასახლის მითქმა-მოთქმით… კვლავ წვიმდა… კლარა ნელა მიაბიჯებდა. ეშინოდა, შემთხვევით სოფისათვის ფეხი არ დაედგა. გაწუწული მელიების დანახვამ რატომღაც გული მოუკლა და დილანდელი სიხარული გაუნელა. ახლა ვერც კი წარმოედგინა, რატომ დაამშვენებდა წვიმისაგან მბზინავ მის სხეულს ოცდაათი მელიის გალუმპული ტყავი ან რა ყურთასმენა გაუძლებდა გალავანზე გადმომდგარი მელიების სასოწარკვეთილ ღნავილს, კლარას ახლა მათ თვალწინ აჩემებული სამკაულით რომ გაევლო…

– რა ბედნიერებაა, ჰენრი მელიის ბეწვზე ცემინებას რომ იწყებსო, – გაიფიქრა, ვეება, სველი თავის მოქნევით მოიცილა თვალზე მომდგარი ცრემლი და გზა განაგრძო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button