ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ნისლის შვიდი მოფარიკავე ნინძა

ნისლის შვიდი მოფარიკავე ნინძა (霧の忍刀七人衆, კირი ნო შინობიგატანა შიჩინინ შუ) იყო ორგანიზაცია, რომელიც კირიგაკურეს რჩეული ხმლით მებრძოლი შინობებისაგან შედგებოდა. პირველი მიზუკაგეს დროიდან მოყოლებული, შვიდი მოფარიკავის ხმლები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ორგანიზაციის წევრების რაოდენობა მისი არსებობის ყველა ეტაპზე შვიდი იყო – აქედან მომდინარეობს მისი სახელი. შვიდი მოფარიკავე მიზუკაგეს შემდგომ სოფლის უძლიერეს შინობებად ითვლებოდნენ. ამასთანავე მიიჩნეოდა, რომ მათ ერთად მთელი ქვეყნის განადგურება შეეძლოთ.

ისტორია
ორგანიზაციის ისტორიის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არაა. მესამე მსოფლიო ომის პერიოდში შვიდი მოფარიკავის იმდროინდელი შემადგენლობა თავს დაესხა და კუთხეში მიიმწყვდია კონოჰას გენინთა გუნდი (გაი, ებისუ და გენმა). ახალგაზრდა შინობები გარდაუვალ სიკვდილის მაიტო დაიმ გადაარჩინა, რომელიც რვა კარიბჭის გახსნის ფორმირების გამოყენებით შვიდივე ნინძას ერთდროულად დაუპირისპირდა და უმეტესობა მათგანი დახოცა. მანგას მიხედვით, ბრძოლას ცოცხალი მხოლოდ ფუგუკი გადაურჩა, ანიმეში კი მასთან ერთად ჯუზო და რაიგაც გადარჩნენ.

მომდევნო წლების მანძილზე გუნდის კომპოზიცია რამდენჯერმე შეიცვალა: ორგანიზაციას შეუერთდა მანგეცუ ჰოზუკი, რომელიც შვიდივე ხმლის გამოყენებაში დაოსტატდა, ფუგუკი კი მისმა ყოფილმა თანაშემწემ – კისამე ჰოშიგაკიმ მოკლა და ჩაანაცვლა. თანდათანობით გუნდის დარჩენილი წევრების ნაწილი დაიხოცა (მანგეცუს შემთხვევაში), ნაწილი კი გაქცეული ნინძა გახდა და ხმლები სოფლიდან გაიტანა (როგორც ეს კისამემ და ზაბუზა მომოჩიმ გააკეთეს. ანიმეში იმავე გზას დაადგნენ ჯუზო და რაიგა). შინობთა მეოთხე მსოფლიო ომის დროს მხოლოდ ჩოჯუროს ჰირამეკარეი იყო შემორჩენილი კირიგაკურეს მფლობელობაში.

მოგვიანებით, მეოთხე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას კაბუტო იაკუშიმ შვიდი მოფარიკავის უძლიერესი თაობა აკაცუკის მხარეს საბრძოლველად გააცოცხლა. სპეციალური გრაგნილის მეშვეობით რეანიმირებულმა მანგეცუმ ბრძოლის ველზე ხუთი ლეგენდარული ხმალი გამოიძახა, რის შემდგომაც მოფარიკავეები გაერთიანებული ძალების მესამე დივიზიას დაუპირისპირდნენ. ბრძოლა მესამე დივიზიის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ომის მეორე დღეს შვიდივე მოფარიკავის ჩაბეჭდვა შეძლო, თუმცა დიდი მსხვერპლის ფასად. უწმინდური მსოფლიო რეინკარნაციის ტექნიკის გაუქმების შემდეგ ჩაბეჭდილი მოფარიკავეების სულები წმინდა მიწაზე დაბრუნდნენ.

ანიმეს თანახმად, დარჩენილი ექვსი ხმალი კვლავ კირიგაკურეს მფლობელობაში გადავიდა, მათ შორის: კუბიკირიბოჩო – კაკაში ჰატაკეს, სამეჰადა – კილერ ბის, ხოლო კიბა – ომოის მფლობელობიდან. მოგვიანებით, ჩოჯურომ გუნდში თავისი პოზიცია და ხმალი კაგურა კარატაჩის დაუთმო. გარკვეული ხნის შემდეგ, შიზუმა ჰოშიგაკიმ გუნდის საკუთარი ვერსია შექმნა, სახელად ახალი შვიდი მოფარიკავე ნინძა (新・忍刀七人衆, შინ შინობიგატანა შიჩინინშუ) . აღნიშნული გუნდი შვიდი მეამბოხისგან შედგებოდა, რომელთა მიზანს მეექვსე მიზუკაგეს დამხობა, რევოლუციის წამოწყება და კირიგაკურეს „სისხლიანი ნისლის“ ეპოქაში დაბრუნება წარმოადგენდა. კაგურას დახმარებით მათ იარაღების საწყობში შეღწევა და ხმლების დაუფლება მოახერხეს, თუმცა ბორუტო უზუმაკის, მისი მეგობრების, ჩოჯუროსა და კაგურას ძალისხმევის შედეგად დამარცხდნენ და შვიდივე მათგანი პატიმრობაში იქნა აყვანილი.

ხმლები
thumb|შვიდი ხმალი. მარცხნიდან მარჯვნივ: უკანა პლანზე − შიბუკი (ჯინპაჩი მუნაში), კუბიკირიბოჩო (ზაბუზა მომოჩი), კიბა (რაიგა კუროსუკი), ჰირამეკარეი (უცნობი), ნუიბარი (კუშიმარუ კურიარარე); წინ − კაბუტოუარი (ჯინინ აკებინო), სამეჰადა (ფუგუკი სუიკაზანი).

ჰირამეკარეი (ヒラメカレイ) ბანდით შეხვეული ორტარიანი ხმალი, რომელსაც გამომყენებლის ჩაკრას შენახვა და გამოყოფა შეუძლია. დაგროვილი ჩაკრას გამოთავისუფლების შედეგად იარაღისათვის სასურველი ფორმის მიცემა (მაგალითად, მისი დაგრძელება ან ჩაქუჩად გარდაქმნა) არის შესაძლებელი. აგრეთვე ეძახიან „ტყუპ ხმალს“ (双刀, სოტო).
კაბუტოუარი (兜割, ქართ. „მუზარადის საპობი“) შედგება გიგანტური ნაჯახისა და ჩაქუჩისაგან, რომლებიც ერთმანეთთან ბრტყელი, წვრილი, ტყავისმაგვარი თოკით არის დაკავშირებული. მიჩნეულია, რომ შეუძია ნებისმიერი თავდაცვითი საშუალების განადგურება. ასევე იწოდება, როგორც „ბლაგვი ხმალი“ (鈍刀, დონტო).
კიბა (牙, ქართ. „ეშვები“) ხმლების წყვილი, რომელიც დამუხტულია ელვის ბუნების ჩაკრით, რაც მათ ჭრისუნარიანობას ზრდის. ითვლება ყველაზე ბასრ ხმლებად, რაც კი ოდესმე გამოუჭედავთ. აგრეთვე იწოდება, როგორც „ჭექა-ქუხილის ხმლები“ (雷刀, რაიტო).
კუბიკირიბოჩო (首斬り包丁, ქართ. „თავის საკვეთი დანა“) ყასბის დანის ფორმის გიგანტური ხმალი, რომლის პირზე არსებული ნახევარწრე ოპონენტების თავის მოსაკვეთად გამოიყენებოდა, საიდანაც წარმოდგება მისი სახელწოდება. გააჩნია თვითრეგენერაციის უნარი, რისთვისაც საჭირო რკინას მსხვერპლის სისხლიდან იღებს. მანგეცუს გრაგნილში აღნიშნულია სიმბოლოებით 断刀 (დანტო, ქართ. „საკვეთი ხმალი“).
ნუიბარი (縫い針, ქართ. „საკერავი ნემსი“) ნემსის ფორმის მქონე ხმალი გრძელი, წვრილი მავთულით, რომელიც წააგავს ნემსზე მიმაგრებულ ძაფს. შეუძლია ყველაფრის გახვრეტა და მსხვერპლთა სხეულების ერთმანეთზე „მიკერება“. ასევე ცნობილია, როგორც „გრძელი ხმალი“ (長刀, ჩოტო).
სამეჰადა (鮫肌, ქართ. „ზვიგენის კანი“) შვიდი ხმლიდან ყველაზე საშიში. გარეგნულად ჰგავს ზვიგენის ქერცლებით დაფარულ გიგანტურ დანას. სამეჰადა არის გონიერი, ცოცხალი იარაღი და აქვს ჩაკრას შთანთქმის უნარი. აგრეთვე მოიხსენიება, როგორც „დიდებული ხმალი“ (大刀, დაიტო).
შიბუკი (飛沫, ქართ. „შხეფი“) იარაღი, რომელშიც ინკორპორირებულია ფეთქებადი იარლიყებით სავსე გრაგნილი, რაც მფლობელს ხმალთან ერთად აფეთქების ტექნიკების შესრულების შესაძლებლობას ანიჭებს. ასევე ეძახიან „ფეთქებად ხმალს“ (爆刀, ბაკუტო).

ყოფილი წევრები
ჯინინ აკებინო
ჯუზო ბიუა
კისამე ჰოშიგაკი
მანგეცუ ჰოზუკი
კუშიმარუ კურიარარე
რაიგა კუროსუკი
ზაბუზა მომოჩი
ჯინპაჩი მუნაში
ამეიური რინგო
ფუგუკი სუიკაზანი

გუნდური ძიუცუ
ჩუმი მოკვლა

Source
https://naruto.fandom.com/ka/wiki/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94_%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AB%E1%83%90

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button