ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – შინობი

შინობი (忍), იგივე ნინძა ეწოდება მეომარს, რომელიც ზეადამიანურ შესაძლებლობებს ფლობს. ყველა შინობს ჩაკრას მართვა და, მისი მეშვეობით, სხვადასხვაგვარი ტექნიკების გამოყენება შეუძლია. როგორც წესი, ისინი დამალულ სოფლებში კლანებად ცხოვრობენ და გასამრჯელოს საფასურად სხვადასხვა რანგის მისიებს ასრულებენ. გარდა ამისა, ისინი თავიანთი სოფლების დამცავ ძალას წარმოადგენენ. თითოეულ მათგან სოფლის განსაკუთრებული ერთგულება მართებს. ის, ვინც საკუთარ სოფელს განუდგება და ზურგს შეაქცევს, გაქცეული ნინძად იწოდება და სიკვდილს იმსახურებს. სერიების ყველა ძირითადი პერსონაჟი შინობს წარმოადგენს.

რანგირება
შინობთა საზოგადოება, სიძლიერის დონის მიხედვით, განსხვავებულ რანგებადაა დაყოფილი. ესენია:

გენინი
გენინი (下忍, “დაბალი-დონის შინობი”) შინობის ყველაზე უფრო დაბალ წოდებაა. მათ სამ-სამი კაცისგან შემდგარ გუნდებად ყოფენ. ყოველი ასეთი გუნდის მასწავლებლად და ზედამხედველად გამოცდილი ჯონინი ინიშნება, რათა მან დამწყებ ნინძებს ნინძათა ხელობა და გუნდური მუშაობა ასწავლოს. ასეთი გუნდები განსხვავებული შესაძლებლობების მქონე გენინებისგან კომპლექტდება, რაც გუნდური მუშაობის პროცესში ბალანსის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. დამწყებ გენინებს ყველაზე დაბალი, დ-რანგის მისიების შესასრულებლად მიავლენენ ხოლმე, შედარებით უფრო გამოცდილებს კი უფრო მაღალი, სი-რანგის მისიების შესრულება ევალებათ, აქედან გამომდინარე, მათი შემოსავალი საკმაოდ მწირია. ზოგიერთი გენინი შესაძლოა სიძლიერის თვალსაზრისით სხვა ჩუნინებს და ჯონინებსაც კი უთანაბრდებოდეს, თუმცა სანამ სათანადო გამოცდას არ ჩააბარებს, მომდევნო საფეხურზე იგი ვერ გადავა. მაგალითად, ნარუტო დღემდე გენინს წარმოადგენს. გენინად გახდომამდე, ყველა დამწყები ნინძა ვალდებულია გაიაროს ნინძათა აკადემია და წარმატებით გადალახოს გენინთა შესარჩევი გამოცდები, რის შემდეგაც მას თავისი სოფლის სიმბოლოთი დამშვენებული შუბლსაკრავის ტარების უფლება ენიჭება.

ჩუნინი
ჩუნინი (中忍, “საშუალო-დონის შინობი”) ნინძათა კლასიფიკაციის რიგით მეორე საფეხურს წარმოადგენს. მათ სხვა ნინძების ზედამხედველობა და მისიათა წარმართვა ევალებათ, რისთვისაც ლიდერისა და ტაქტიკური უნარ-ჩვევების გამოვლენა მოეთხოვებათ. ჩუნინად გახდომა შესაბამისი გამოცდების ჩაბარებას მოითხოვს. როგორც წესი, ჩუნინთა გამოცდები სამ ეტაპიანია და კონოჰაში წელიწადში ორჯერ ტარდება. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ნინძას ჩუნინთათვის დამახასიათებელი მწვანე ქურთუკისა და ნინძიუცუს გრაგნილთა ტარების უფლება ეძლევა. ჩუნინებს ძირითადად სი და ბი-რანგის მისიების შესასრულებლად გზავნიან ხოლმე. ჩაცმულობას რაც შეეხება, მათთვის რაიმე სავალდებულო უნიფორმა არ არსებობს და შესაბამისად ყოველი მათგანი განსხვავებულადაა შემოსილი. ჩუნინთა ნაწილი ნინძათა აკადემიაში ასწავლის, ზოგიერთი მათგანი კი – მაგალითად ნარა შიკამარუ – სპეციალური დანიშნულების გუნდის მეთაურია.

ჯონინი
ჯონინი (上忍. “მაღალი-დონის შინობი”) ელიტარულ ნინძას ეწოდება. ისინი მეტად გამოცდილნი არიან და ძლიერ ტექნიკებს ფლობენ, ამიტომ, როგორც წესი მათ სამხედრო მეთაურებად ნიშნავენ ხოლმე. ჯონინები, ძირითადად ა-რანგის მისიებს ასრულებენ, მათგან საუკეთესონი კი ეს-რანგის მისიების შესასრულებლადაც შეიძლება გააგზავნონ.

ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა, თუ როგორ ხდება ჯონინის წოდების მოპოვება. შესაძლოა ეს სამი გენინისგან შექმნილი გუნდის აყვანსა და მათ გაწვრთნას უკავშირდებოდეს.

კაგე
კაგე (影, “ჩრდილი”) ხუთი ყველაზე ძლევამოსილი დამალული სოფლის ლიდერებს ჰქვიათ. ყოველ მათგანს უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობიან. კაგე სოფლის ყველაზე ძლიერ შინობად მიიჩნევა. ძალაუფლების თალსაზრისით იგი ქვეყნის მმართველი დაიმიოს თანასწორია. კაგეს თანამდებობა უვადოა, თუმცა მას ნებისმიერ დროს შეუძლია გადადგომა, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის. შინობთა ხუთი დიდებული ქვეყნის კაგეები არიან: ჰოკაგე (კონოჰაგაკურე), კაზეკაგე (სუნაგაკურე), მიზუკაგე (კირიგაკურე), რაიკაგე (კუმოგაკურე), ცუჩიკაგე (იუაგაკურე).

სხვაგვარი კლასიფიკაცია
მკურნალი ნინძები
მკურნალი ნინძა (医療忍) სათანადო განათლების მქონე ისეთ შინობს ეწოდება, რომელსაც საკუთარი ძიუცუს გამოყენებით ჭრილობათა განკურნება შეუძლია. აქედან გამომდინარე, გუნდში მკურნალი ნინძას ყოლა დიდ უპირატესობას წარმოადგენს. გარდა განკურნებისა, ასეთი ნინძები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ბრძოლებშიც ჩინებულად იყენებენ. ჩაკრას შესანიშნავად კონტროლის წყალობით, მათ მოწინააღმდეგეთათვის ისეთი დაზიანებების მიყენება შეუძლიათ, რაც მათი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს და, შესაძლოა, სხეულის ან მისი რომელიმე ნაწილის სრული პარალიზიც გამოიწვიოს. ცუნადე, საკურა, შიზუნე და ინო იამანაკა მკურნალ ნინძებს წარმოადგენენ. ბრძოლებში, როგორც წესი, ისინი ტაიძიუცუზე დაფუძვნებულ ტექნიკებს იყენებენ.

მონადირე ნინძები
ყოველ სოფელს მონადირე ნინძათა საკუთარი რაზმი ჰყავს. მათი მთავარი ფუნქცია გაქცეულ ნინძათა მოძიება და მათ ლიკვიდირებაა.

განდეგილი ნინძები
სხვაგვარად მათ გაქცეული ნინძები (抜け忍) ეწოდებათ. ამ კატეგორიას ისეთი შინობები მიეკუთვნებიან, რომლებმაც თავიანთი სოფლები უარყვეს და მიატოვეს. აკაცუკის კრიმინალური ორგანიზაცია სწორედ ასეთი ნინძებისგანაა შემდგარი. განდეგილი შინობები მოღალატეებად მიიჩნევიან. როგორც წესი, საკუთარი სოფლებზე ისინი მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ, რასაც დიდი გასამრჯელოს საფასურად მტრებზე ასხვისებენ. ამის გამო, ისინი მონადირე ნინძათა ნადირობის მუდმივ ობიექტებს წამოადგენენ.

S-რანგი
S-რანგი (Sランク, ესუ რანკუ) მისიის სირთულის უმაღლესი დონეა, თუმცა ამ ტერმინითვე მოიხსენიებიან განსაკუთრებით ძლიერი გაქცეული ნინძები. მაგალითად, პეინის აკაცუკი თითქმის სრულად S-რანგის კრიმინალებით იყო დაკომპლექტებული. კატეგორია:ნარუტოს ტერმინოლოგია

Source
https://naruto.fandom.com/ka/wiki/%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button