ლიტერატურამოთხრობა

ეგნატე ნინოშვილი – გოგია უიშვილი

  • იი ეკუცია კიდევ ჩამოუყენებიათ სოფელში! დღეს ნაცვალმა ჩამოირბინა და გამოაცხადა: კომლმა თითო თუმანი უნდა შემოიტანოს ეკუციის ხარჯათ. შეშა, თივა, სიმინდი კიდევ სხვააო! – გულგატეხილის კილოთი უთხრა მარინემ თავის ქმარს, გოგიას, როცა ეს უკანასკნელი სამუშაოდან საღამოს შინ დაბრუნდა.
  • კიდევ ეკუცია!.. ხომ არ გადირიე, დედაკაცო. კიდევ ეკუცია რომ ჩამოგვიყენონ, ფუტი გაგვიცივდება! – სთქვა გოგიამ და სახეზე დაღრეჯილობა დაეტყო.
  • მე რომ მიწყრები, ჩემი ბრალია თუ! უსაყვედურა მარინემ ქმარს.

ახლა ერთი შენც დაიჩემე! გიწყრები! მიხთი, ადამიანო, იმას გიჩივი, რომ ვეტყოდი იმ ოჯახდაქცეულს – ახლა ნადელის ფული, ახლა ხუცის ფული, ახლა ფოშტის ფული, ახლა გზის სამუშაო და რა ვიცი, ათასი ჯანაბა უნდა გადაიაროს ამ ჩვენ ზურგზე! ამასაც აღარ დაგვაჯერეს, თქვენში ავი კაცები ბუდობსო, ასწიეს შარშან და ეკუციით დაავსეს ჩვენი სოფელი. ახლა ეკუციაო! ბარემ ამოგვხადონ სული-თქვა, ვეტყოდი! – ამ სიტყვებით გოგია მიუჯდა ცეცხლიპირს მწარედ ჩაფიქრებული.

გოგია, გვარად უიშვილი, ორმოციოდე წლის გლეხი იყო. შავგვრემანი, მოხმელო, ულამაზო პირისახე მუდამ მოღუშული და ნაღვლიანი ჰქონდა; უსწორმასწორო გაბურძგნულ შავ წვერ-ულვაშში საკმაოდ გამორეოდა ჭაღარა; მსხვილი, გაუხსნელი წარბები მეტისმეტ სასტიკ შეხედულებას სდებდა მის სახეს. გოგიას მამამ, რომელსაც თავისი სიყმაწვილის და ვაჟკაცობის დღენი ბატონის სამსახურში ჩაელია, რადგანაც მის დროს ბატონყმობა იყო, სიკვდილის შემდეგ, თავის სამს ვაჟს (გოგიას და მის ძმებს) სამემკვიდროდ დუტოვა: ერთი პატარა ფიცრული ძველი სახლი, ერთი ნალია, ერთი ფაცხა და შვიდი დღიური საბეგრო, ანუ როგორც ეძახიან, სანადელო მიწა. აი ამ ყოფა-ქონების მესამედი ნაწილი შეხვდა გოგიას, როცა ძმებს გაეყო. მართალია, გაყოფის შემდეგ სახლი გოგიას შეანარჩუნეს ძმებმა, რადგანაც გოგია მათში წლოვანებით უფროსი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ნალია, ფაცხა და წვრილმანი, ავეჯ-სამკაული, რაც კი რამ ებადათ, გოგიას ძმებს დარჩათ თავიანთ წილ სახლის ფასში. რა თქმა უნდა, რომ ასეთი ღატაკი ოჯახის ფეხზე დაყენება ადვილი არ არის, მაგრამ გოგია და მარინე, როგორც ყმაწვილნი და ჯანიანი გლეხნი, დიდი იმედით და ხალისით შეუდგენ საქმეს. „რა ვუყოთ, ახლა ღარიბები ვართ მარა ხელს გავანძრევთ, გევირჯებით და ჩვენც ტკბილი ცხოვრება გვექნებაო”. თავდაპირველად დაბრკოლებაც ვერ აშინებადა ამ ყმაწვილ ცოლ-ქმარს. „რა ვუყოთ, დღეს არა, ხვალ მაინც კარგად წავა ჩვენი საქმეო,” – ფიქრობდენ ისინი და გულმაგრად ებრძოდენ ყოველგვარ დაბრკოლებას. გოგიამ ფიცრებიც დათვალა, ოდა უნდა ავაშენოო, მაგრამ ხანი გადიოდა და “ტკბილი ცხოვრება” კი არსად იყო გოგიას ჯალაბისათვის. პირიქით, რაც დღე გადიოდა, მით უფრო და უფრო ძნელი ასატანი ხდებოდა მათთვის ცხოვრების ტვირთი: მიწა ცოტა ჰქონდათ, როგორც ვსთქვი, ისიც საბეგრო. გადასახადი დღითი დღე ემატებოდა; ამასთან, ხუთი წვრილშვილი მიეცათ და, სხვა რომ არა ვსთქვათ, ამ ხუთი ბავშვის რჩენაც არ იყო ღარიბი გლეხისათვის ადვილი საქმე. „იი დასაქცევი დღით და ღამით არ ვისვენებ, ჩემი ოფლი მიწას ერთვის და მაიანც რომ არ იქნა, რაც არ იავა, წინ არ წეიწია ჩემი ცხოვრებაო”, – დაიწყო გოგიამ საჩივარი თავის თავზე ბოლოს და ბოლოს, რა რომ მეტისმეტად გაუმძიმდა ცხოვრების ტვირთი. გავიდა კიდევ რამდენიმე ხანი, გოგიას აგერ წვერში ჭაღარა გამოერია და მისი წინანდელი საჩივარი ხვედრისადმი ეხლა თავმობეზრებულ ადამიანის საჩივრად შეიცვალა: „სიკვდილი ჯობია ჩემ სიცოცხლესო”, – ამოხდებოდა მას ხშირად გულიდან ოხვრასთან ერთად.

  • ნუ სცოდავ ღმერთს, ნუ! მკდარი არა, ცოცხალი ვართ აგერ, დღით და ღამით ვმუშაობთ და მაინც ვერ დაგვიპურებია ბაღნები! რა ვუყოთ, საცთელი ჩვენ არ დაგვიკლია და თუ ვერ ვიხეირეთ, ალბათ, ასთე ყოფილა ჩვენი ბედისწერა, მარტო ჩვენ ხომ არ ვართ ასე, ყაძახს ასში ერთს ვერ ნახავ, ჩვენზე უკეთესად იყოს. ქვეყანა იმ დალოცვილ ღმერთს ჩვენთვის არ დუულოცავს! – ეტყოდა მარინე თავის ქმარს, როცა თავის თავზე საჩივარს გაუგონებდა, მაგრამ თვითონ მარინეც კი ხშირად სწყევლიდა თავის ბედს და გაჩენას.
  • ვითამ ძაან მანუგეშებ ამ სტყვებით! მეც ამას არ ვტირი, რომ ასე უსაბუთოთ არის ჩვენი ცხოვრება-მეთქი! – მიუგებდა თავის მეუღლეს გოგია უკმაყოფილოდ.

მართლა და რა ნუგეში შეიძლებოდა გოგიასთვის, როცა ის ცხადად ხედავდა თავის მდგომარეობას: მუდამ მოუსვენარი ხარივით შრომა, ოფლის ღვრა, ჭაპან-ღლეტა და მაინც ცოლ-შვილი შიშველ-ტიტველი, ხშირად მშიერიც; მიწა-მამული მის ბარაზე არსად მოიპოვება, ნაბატონარი საბეგრო მიწას გარდა: გადასახადი დღითი დღე მატულობს, უფროსი, მებატონე, მღვდელი, მამასახლისი, ასე გასინჯეთ, ნაცვალიც კი მას უწყრება და იჯაბნებს. სახსარი ცხოვრების გაუმჯობესებისა არსად სჩანს, ნუთუ არ დაღონდება და არ მოსძულდება თავი! მისი ფიცრები, რომლითაც ოდის აშენებას ფიქრობდა, კარგა ხანია მას შემდეგ, რომ გაყიდა სხვადასხვა გადასახადის დასაკმაყოფილებლად. გადასახადში წაართვეს მარინეს მზითვი: ნოხი, ფარდაგი, სპილენძის ქვაბი და ის ქისეიას კაბა, რომელიც გოგიამ ჯვარის დაწერის დროს უყიდა მარინეს. რიგიანი საჭმლის უქონლობა და უსაცმელობა ანუ, როგორც თითონ გოგია იძახდა, „გლახათ ყოფნა” ხშირად აჩენდა გოგიას ოჯახში ავადმყოფობას. მეტადრე ერთ ზაფხულში გოგიას ცოლ-შვილს გაუჩნდა სნება და ერთი ბავშვი მოუკლა; სხვები თუმცაღა გადარჩენ სიკვდილს, მაგრამ ერთი ბავშვი კი დამუნჯებულიყო ავადმყოფობისაგან და მას შემდეგ ისე მუნჯად დარჩა. აი ასეთმა უნუგეშო მდგომარეობამ შეაძულა გოგიას სიცოცხლე და ანატრებია სიკვდილი; ამიტომ უჩიოდა ის ცას და ქვეყანას. ხშირად ისეთ რამეებსაც ლაპარაკობდა, რომ მაყურებლები ამბობდენ – ადგილზე რომ მიაწიოს ამ სიტყვებმა, გოგიას უციმბიროდ არ დაარჩენენო. ერთხელ ეკლესიაზე რაღაც ლაპარაკი ჩამოვარდა, გოგია ჩაერია ლაპარაკში და ისეთი რამეები წამოროყა, რომ მღვდელი ოქმის შედგენას უპირებდა. თუ ხალხს არ ეთხოვა მღვდლისათვის – შეუნდეთ, ესეთი უსტავლელი, ბრიყვი კაცია, არ გაეგება რას ლაპარაკობსო, – მღვდელი სისრულეში მოიყვანდა კიდეც თავის განზრახვას. ასევე მოუვიდა გოგიას სოფლის სასამართლოში: წამოროშა ისეთი სიტყვები, რომ გოგიას სიმამრს კარგი ძღვენი დაეხარჯა მამასახლისთან – აპატიე ჩემს სიძეს, ნუ მოახსენებ მთავრობას მის ნათქვამსო.

  • მერე კალანდამდი უნდა გადიხადო ერთი თუმანიო? – ჰკითხა გოგიამ თავის ცოლს კარგი ხნის ფიქრის შემდეგ.
  • ამ სამ დღეში ვინც არ შემოიტანს, მოთხრიანო, უპასუხა ცოლმა.
  • ღმერთი მის ოჯახს ააშენებს ისე! ზავოტი მაქ, თუ სავიშონო ასე ელანძე თუმანი! ნაკალანდევსაც კი მიირთუმენ, თუკი ვიშოვნიდე! თუმანი! ძაან ადვილი კი გონიან იი თუმანი! მთელი ზამთარი რომ ვიმუშაო, ერთ თუმანს ვერ ევიღებ. არ ეყვენ, შარშან რომ დაგვაძვრეს ტყავი! ფირალი გეიქცაო! რა ვქნა მე, რომ გეიქცა! არა, მე სადაური ფირალის გამაქცევარი ვარ! თუ გაქცევა შემეძლოს, ჩემ თავს გავაქცევდი და გადავრჩებოდი ამ წვალებას! მარა იმ მამასახლისის და მწერლის ბრალიცაა. აიო და ეკუციის ხარჯიაო, ათარეშებენ ქვეყანას და ნახევარს თავის ჯაბაში იტენენ თითონ იგინია ცუდები, რომ კაცი იყოს! მარა ჩვენ ჭკუაზე რომ აღარავინ ამგვარჩევია აღარც მწერალი და აღარც მამასახლისი! რა გონია, თითონ აქცევენ იი ფირალებს, მერე აიო და ფირალებიდან უნდა დაგიფაროთო, ტყავს ქე გვაძრობენ! იმდონობას ვერც ფირალი გვიზამდა და ვერც სხვაი! გადასახადი აღარ მეყოფოდა! წელში გავწყვედილვარ გადასახადით და ახლა აგიც მეიგონეს! ბარემ ამოგვხადონ სული და იგია! – ამბობდა გოგია ბრაზმორეული და ძალზე სწევდა თუთუნს მოკლე ღერიანი ჩიბუხით.
  • რა ვიცი, ასე კი დაგვიმოწმა იმ ენა ჩასავარდნმა და! სთქვა მარინემ ნაღვლიანად.
  • ახლა რა ვუყო, რომ დამიმოწმა! კალანდის გათენებას აღარ მაცლიან თუ! კალანდას გევითენებ და მერე… ვითომ მერე რაი, თუმანი ან მერე სა იშონება ჩემგან! – დაღონებით სთქვა ბოლოს გოგიამ და დადო გული იმაზე, რო „კალანდამდე სამი დღე რჩება, ამ სამ-ოთხ დღეში ვერ მოგვთხრიან და მერე სამე ვეცდები, გავახერხებ და გადავიხდიო”.

II

ახალი წლის წინა დღე იყო, თუმცაღა წინღამით თოვლი მოდიოდა, მაგრამ იმ დილას კი ცა მოიწმინდა. ღონემიხდილი ზამთრის მზე ზარმაცად ამოჩოჩდა მქისედ მოკრიალებულს ლურჯ ცაზე და თოვლით დაქუნთულ ხეებთ შუა ნელ-ნელა აძვრენდა თავის სხივებს. გოგია უიშვილი იჯდა თავის სახლში და, თითქო ყოველივე ჯავრი და ნაღველი დავიწყნიაო, მხიარული, წარბგახსნილი, ხან თავის ცოლს ებაასებოდა და ხან ბავშვებს ეალერსებოდა. გოგია კმაყოფილების მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ საკალანდო პურღვინო და ნამზადისი უკვე მზად ჰქონდა. მარინე, რომელსაც ღვთის მოწყალებად მიაჩნდა თავის ქმრის პირისახეზედ დანახული ღიმილი და კმაყოფილება, ბედნიერად სთვლიდა ამ დილას თავის თავს, თითქო თხუთმეტ-თექვსმეტი წლის ქალიაო, ისე სიცილ-კისკისით აცხობდა საკალანდო ხაჭაპურებს. გოგიას ბავშვები, რა თქმა უნდა, მერცხალსავით ჭიკჭიკობდენ და ცელქობდენ. კალანდა თენდებოდა ხაჭაპურები ცხვებოდა, მსუქანი ღორი და ქათმები უნდა დაეკლათ, ამასთან თავიანთ მშობლებსაც მხიარულს ხედავდენ და ამაზე მეტი ბედნიერება იმათთვის რაღა იქნებოდა! მეტადრე ერთ საქმეში იყო პატარა ორწლინახევრის ქალი, თებრო: ხან დედასთან მივიდოდა და დაუწყებდა ყურებას და ტიკტიკს: “ნენა, დიდი პული კიდევ გააკეთებ!.. სულო, სულო!…” ხან მამას ეხვეოდა და ეუბნებოდა: “ბაბა, ხვალ კალანდაია, მე ალ დევიძინავ…” და სხვა. “ჰო, ბაბა, კალანდაა. წმინდა ბასილი მობრძანდება, პური, წიწიეი, ჩიჩილაკი, ყოლიფერი გვაქ, ღვთის მოცემული. მე დილას თოფს ვისვრიო”, – ეუბნებოდა ალერსით გოგია თავის პატარა ქალს. აი ასეთი საყოველთაო მხიარულება იყო ხსენებულ დილას გოგიას პატარა, მჭვარტლით გაშავებულს, ფიცრულა სახლში, იმ სახლში, რომლის ავეჯ-სამკაულს შეადგენდენ ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთები: ოღრო-ჩოღრო ფიცრის ტახტზე ეწყო ჭილობი, ძველი ჭუჭყიანი ლები, ასეთივე საბანი და ბალიში (მუთაქის მაგიერად კი ხის ძირკვი იდო); ქვედა კუთხეში ერთმანეთში არეულიყვენ ერთი დიდი და ერთი პატარა თუჯის ქვაბები, ქვის კეცი და ორი პირმოტეხილი დოქი; იქვე თაროზე ეწყო ათი-თუთხმეტიოდე ხის ჯამი, ხისვე ფილი და გობი; ზევით კუთხეში ერთ მხარეს ეგდო ცული და წალდი, მეორე მხარეს იდგა ერთი დიდი და ერთი პატარა გოდორი; საცეცხლურზე ეკიდა მჭვარტლისაგან გაშავებული ხის კავი. აი ამით თავდებოდა გოგია უიშვილის სახლის ავეჯეულობა. ამათ ახლა მომატებოდა ჩიჩალაკი, რომელიც სახლის ერთი საკმაოდ ბნელი კუთხიდან მოხუცის თეთრ წვერივით მოჩანდა. ჩიჩილაკთან ეკიდა თოფი, რომელიც გოგიამ თავის სიმამრისაგან ითხოვა, „კალანდას, დილით გავისროლიო”. რა რომ ლაპარაკით და ალერსით გული შეიჯერა, გოგიამ უთხრა თავის ცოლს:

  • აბა, მარინე, ერთი შენ წყალი ამიდუღე და ბარემ მოვრჩეთ იმ ქათმების და ღორის დაკვლას.
  • რა იქნა, კაცო, რა გაჩქარებს? ყოველთვის სულწასულობა რავა იქნება! მეიცაი, აგერ ხაჭაპურს ვაცხობ, აგი შეჭამე და მერეც მიესრობი საქმეს, – ტკბილად უპასუხა ქმარს მარინემ და შეაბრუნა ცეცხლის პირას აყუდებულ კეცზე მდებარე ხაჭაპური, როელიც აქა-იქ სიმხურვალისაგან გახეთქილიყო და შიგჩართული ყველის ერბო მადის აღმძრავად ცეცხლისაგან გაყირმიზებულიყო პურის კანზე.

გოგიამ დაუჯერა რჩევა თავის მეუღლეს. ხაჭაპურის გამოცხობამდე გადადო ქათმების და ღორის დაკვლა. ის ეხლა დროს გასატარებლად მოჰყვა ძარის და საღორის დათვალიერებას და როცა გაათავა, სიამოვნებით გაუზიარა თავისი კმაყოფილება მარინეს:

  • ძაან კი გუუწითლებია და გადმოუუბრუნებია დუდი იმ ჯაჭვედა დედალს! იი ყვერულიც ძაან მსუქანი უნდა იყოს! საწყლები! სულ ორი საათის სიცოცხლე არ დარჩენიათ!.. ძაან ცოდვა კი უნდა იყოს, მარინე, ამდონ სულდგმულს რომ ხოცავს ადამიანი!
  • ცოდვა? რა ვიცი, ღმერთს ასე გაუჩენია და ჩვენი რა ბრალია, – უპასუხა მარინემ.
  • სხვაფერ რომ გეეჩინა იმ დალოცვილს, უკეთესი იქნებოდა. აბა, ერთი იფიქრე, უნდა წამოვაქციო იმსისხო ღორი და დავკლა! მერე არ იტყვი, რავა ემწარება საცოდავს სიკვდილი! ცა უწევს იმის ჭყვირილი! – ჩაფიქრებით სთქვა გოგიამ და მერე შესცვალა ლაპარაკის საგანი: – ძაან მარჯვეთ ვიყავით, მარინე, წრეულს! ასე ადვილად უწინ ვერ ვახერხებდით საკალანდო პურ-ღვინოს. აი, წმინდაო ბასილე, თუ გამიმართლო საეტლოის სიტყვა – ბოლო ჟამს კაი ცხოვრებაო, რომ მიწერს! აი, ღმერთო, თუ ამ კალანდიდან მოწყებული წაღმა შეატრიალო ჩემი იღბალი! – სთქვა გოგიამ და თვალები იმედიანად გაუბრწყინდა.
  • დეილოცა მისი დიდება, რაც დროია, ჩვენისთანა საწყლისკენაც გადმეიხედავს და მოგვცემს ტკბილ ცხოვრებას, – იმედიანათვე უპასუხა ქმარს მარინემ.
  • აგია, მარინე, რომ იტყვიან გლეხი კაცი სიხარულში მოკვდებაო. ერთი ფუთი ყირიმული პური ვიშონეთ საკალანდოთ და ქვეყანა ჩვენი გვგონია, – ნაღვლიანის სიცილით უთხრა გოგიამ თავის ცოლს და დაუწყო ყურება ხაჭაპურს, რომელიც ის იყო, გამოცხვა კიდეც და მარინეს უნდა გაენაწილებია ქმარ-შვილებისათვის, რომ ამ დროს გარეთ გოგიას ერთგულმა ძაღლმა წავიამ გააბა გაცხარებული ყეფა, რომელიც საჩქაროდ შესცვალა საზარელ კივილზე.
  • კაცო, ვინცხამ ძაღლი მოკლა! წამოიძახა გაკვირვებით მირინემ.
  • გოგიავ, გოგია! – მოისმა ამ დროს გარედან.
  • უი, ნაცვლის ხმაია! – სთქვა მარინემ და სახე გაუფითრდა.
  • ახლა ნაცვალს რა ხელი აქ, კალანდა, ასე ითქმის, აგერ გათენებულია! – სთქვა მარინეზე არა ნაკლებ გაფითრებულმა გოგიამ და წელმოწყვეტილი მივიდა კარებზე, რომელსაც ამ დროს, ის იყო, მეორე მხრიდან მოადგენ ნაცვალი და ექვსი ყაზახ-რუსი, ჭიშკართან ეგდო დაჭრილი წავია, სასიკვდილოდ ხრიალებდა და ჭიმავდა ფეხებს.
  • გოგიავ, ძაღლათ ჩამაგდე თუ რა არის აგი, თუმანი ჩამეიტანე კანცელარიაზე და შეშის საზიდავად ჩამოდი-მეთქი, გუშინღამ დაგიმოწმე შინ და ახლა მაინც მეორეჯელ მომათრიე აქანაი! – მე – მე ვარ, მარა ამ რუსებს რა პასუხს აძლევ? ერთი ძროხა არ გეყოფა დღეს სადილათ! – ჩქარი, შეწუხებული ხმით უთხრა ნაცვალმა.
  • ივანე, რავა ჩივი, თუმანი ასე ადვილი საშონელია ჩემგან! სამ დღეს არა, სამ თვეს ვერ ვიშონი ერთ თუმანს… – გოგიას კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ნაცვალმა გააწყვეტია.
  • ვერ ვიშონიო, ამ რუსებთან არ გაგივა, ძალა აღმართს ხნავსო ხომ გაგიგონია? გაშონინებენ. ჯობს ულაპარაკოთ მოგვცე, ლაპარაკს ძაანს ხუობენ!

ჩემი ბაღნების დამკვლელი ვიყო, ივანე, თუ ერთი გროში გამაჩთეს! ქენი კაცობა, ამ კალანდის გასტუმრება მაცალე, მერე სადმე საქირაოს წავალ და გადვიხთი, – შეეხვეწა ნაცვალს გოგია.

  • გეყურება, შენ ზღაპარს ჩივი მგონია! რომელი საქირაოზე წასვლაა! ქვეყანას თხრიან და ატირებენ და შენ რას ჩივი! ფული თვარ გაქ, სხვაი რამე მოგვეცი: ღორი, ქათმები და სხვა.
  • სად მყავს, კაცო? იი ნაზარდაი ზამხულზე მგელმა შემიჭამა. ქათმები, ხომ იცი, რა ქათმის ჭირი იყო, დამეხოცა. მარინემ დიდი ცოდვილობით გაახერხა საკალანდო, იმას ხომ ვერ მოგცემ!
  • ჰა, ჰა, ჰა, ჰა!.. გიჩივი, ქვეყანას თხრიან და ატირებენ-მეთქი და შენ კიდევ შენი კალანდა გახსოვს? მორჩი, მოგვეცი ჩქარა, თვარა შენს კალანდას ოხრად მოგიქცევენ!

გოგია გაშეშდა და სიტყვას ვეღარ იღებდა.

  • რას შობი, გადარჩი! შენისთანაი კიდევ გვყავს სხვაიც, ნასადილევს იქინეი უნდა წავიდეთ, – განუმეორა ნაცვალმა.
  • ივანე, ღმერთს შეხედე, ქრისტიან კაცი ვარ, გიჩივი არა მაქვს-მეთქი, – თითქმის ტირილით უპასუხა გოგიამ.

ნაცვლის ამხანაგებმა ვეღარ მოითმინეს ეს გაგრძელებული საუბარი ნაცვლისა და გოგიას შორის და წყრომით შესძახეს:

  • რა ბევრს ლაყბობთ! ნებით არ გვაძლევს, ძალით გავხიბაკავთ! ამ სიტყვებით ისინი გაექანენ სახლში შესასვლელად.
  • მომხთომიხართ, ძაღლი მომიკალით და ახლა სახლი უნდა გამიგლიჯოთ! მე თქვენ გაჩვენებთ სეირს! – შეჰყვირა გოგიამ და ჰკრა გულზე ხელი ერთ ყაზახს, რომელიც ამ დროს სახლში უნდა შესულიყო.

ყაზახი წაბორძიკდა უკან და დაეცა. გოგიამ დააპირა, – მივირბენ, თოფს ავიღებ ხელში და იმით დავხთებიო, მაგრამ ამდენი აღარ აცალეს: თანისთან მოიღო მის თავზე ხმლის ყუამ ხათქახუთქი; ვაიო, შეჰყვირა საბრალომ და დაეცა მიწაზე. სისხლმა ამოხეთქა გატკლეცილ კანიდან და რამდენიმე წამის განმავლობაში გოგიას მელანივით შავი თმა წითელ ბურთს დაემსგავსა. მარინემ, რომელიც აქამომდე კარებს ეფარებოდა, დაინახა ყოველივე, რაც მოხდა, საშინელის წივილით, მომკლეს, მომეხმარეთო, გამოვარდა გარეთ, მივარდა ნაცვალს და უნდოდა ერთი ფრჩხილებით მაინც დაეკაწრა, მაგრამ საბრალო ქალი შეიპყრეს ყაზახებმა და მისცეს ხელში ერთ თავის ამხანაგს; ეს ამხანაგი არაყგადაკრული იყო; დაინახა თუ არა მარინეს ლამაზი სახე (მარინე ჯერ კიდევ მოუხუცებელი და საკმაოდ ლამაზი იყო), დაუწყო ძალად კოცნა. მარინე ჰკიოდა, წიოდა, ცას და ქვეყანას სთხოვდა შველას, მაგრამ მშველელი არავინ ჩანდა. გოგიას ბავშვები ზოგი იქვე ჰკიოდა და ჩხაოდა შიშისაგან გულგახეთქილი და ზოგი იმალებოდა. წივილ-კივილზე მოვიდა რამდენიმე მეზობელი, მაგრამ რა, ყველა თავის ტყავს უფრთხილდებოდა.

არ გასულა ამის შემდეგ ნახევარი საათი, რომ ბაწრით გაკოჭილი გოგია ნაცვალს და ყაზახებს ჩაეყენებიათ შუაში და მიჰყავდათ უფროსთან წასადგენათ. ამათ უკან მიჰყეებოდათ გოგიას საახალწლო ღორით და ქათმებით დატვირთული რამდენიმე გლეხი. ამ გლეხებს შორიახლო მისდევდა მტირალი მარინე.

მართალია, ნაცვალს არ უნდოდა გოგიას წაყვანა, რადგანაც გადასახადში ის იყო ღორი და ქათმები წაართვეს და ამასთან საკმაოდაც სცემეს ყაზახებმა გოგიას, მაგრამ ამ შემთხვევაში არ იქნა შეწყნარებული ნაცვლის აზრი მისი ამხანაგებისაგან.

  • ეს ბრძანების წინააღმდეგია, ჩხუბიც დაგვიპირა! უეჭველად უნდა დაისაჯოსო. – სთქვეს ყაზახებმა და გაიგდეს გოგია წინ მათრახის ცემით. გოგიას ერთი მეზობელი მოხუცი კაცი შეეცადა, სთხოვა ნაცვალს და ყაზახებს გოგიას გათავისუფლება, მაგრამ, როცა ყაზახებმა მათრახი დაანახვეს, გაკმინდა ხმა.

III

ერთ უღობო, ვაკე მიდამოში იდგა ყავრით დახურული დიდი ფიცრის სახლი. ეს იყო სოფელი ა-ის სასამართლო, ანუ, როგორც იქაურები ეძახდენ, კანცელარია. ახალი წლის გათენებას რამდენიმე დღე უკლდა, რომ ამ კანცელარიას ესტუმრენ მაზრის უფროსი, პოლიციის ბოქაულები და ყაზახ-რუსები. მიზეზი ამ დაუპატიჟებელი სტუმრების მობრძანებისა ის იყო, რომ ა-ის სოფლის საზოგადოებას მთავრობა აბრალებდა ფირალების დევნაში გულგრილობას. რამდენიმე საათის განმავლობაში მთელ სოფელს მოედო ამბავი, ეკუცია (ეგზეკუცია) კიდევ ჩამოგვიყენესო. ამ ამბავმა ა-ის მკვიდრთ შიშის ჟრუანტელად დაუარა ტანში; მათ გასულ წელში ენახათ გემო, თუ რა იყო ეს ეკუცია, გასულ წელში მოაოხრა ეკუციამ მათი სოფელი; მაშინდელი დაზიანებული, ჯერეც ვერ გამართულიყო ხალხი წელში და ახლა კიდევ იგივე მოელოდათ!

უფროსმა დაჰყო რუსები და ერთი ნაწილი დააყენა იმ ოჯახებში, რომლებზედაც იჭვი ჰქონდა მიტანილი – ყაჩაღებს ინახავსო, და აგრეთვე იმ პირებისას, რომლებსაც რაიმე ნათესაობა გააჩნდათ ფირალებთან. თითონ უფროსი, ბოქაულები და დანარჩენი რუსები კი ჯერჯერობით სოფლის კანცელარიაში იყვენ ჩამომხტარნი, გარდა მაზრის უფროსისა, რომელიც თადარიგის მიცემის შემდეგ მაზრის ქალაქში უნდა წასულიყო: რამდენიმე დღის შემდეგ ესენიც სოფელში, აქა-იქ მოსახლე კაცებისას აპირებდენ ჩამოდგომას და იქ უნდა ეცხოვრათ, სანამ ფირალებს ხელში არ მოიგდებდენ. იმ დღიდან მოწყებული, რაც მაზრის უფროსი მობძანდა, კანცელარიაზე აუარებელი ხალხი ტრიალებდა ყოველ ცისმარა დღე: ზოგს უფროსის და მისი ამალის ხარჯი მოჰქონდა, ზოგს – შეშა, ზოგს – ყაზახების ცხენებისათვის თივა და სიმინდი, ზოგს ეკუციის ხარჯის ფული მიეტანა და ეხვეწებოდა მწერალს და მამასახლისს – კვიტანცია მიბოძეთ, ხელახლა არ გადამხდესო. მაზრის უფროსი, რომელსაც ასე ხშირად მიჰყავდა სოფლებში ყაზახები ფირალების დასაჭერად, მაგრამ ფირალები მაინც ვერ დაეჭირა, მეტად ცუდ გუნებაზე ბრძანდებოდა. ის იბარებდა მამასახლისის და მწერლის მიერ დასახელებულ საეჭვო და შენიშნულ პირებს, ზოგს მათგანს სატუსაღოში გზავნიდა და ზოგზე კი მათრახით და წკეპლით ყრილობდა ჯავრს. ნამეტურ იმან გააცხარა უფროსი, რომ მისი იქ ყოფნის დროს ორი ბიჭი კიდევ გავარდა სოფელ ა-დან ფირალად. არა, აჯანყებას აპირებენ, სწორეთ აჯანყებას! ამათ ტყავი თუ არ დავაშპე, ისე არ იქნებაო, ამბობდა ბრაზმორეული უფროსი.

შუადღე იქნებოდა, რომ ნაცვალმა და ყაზახებმა მიაღწიეს ა-ის კანცელარიას და მიიყვანეს ბაწრით გოგია უიშვილი.

  • მამასახლისო, მომთხარეს, დამაქციეს, გამლახეს! მიპატრონე, თუ სამართალი გაქ, მიპატრონე! თვარა შენი თვალის წინ დევიკლავ თავს! – დაიწყო გოგიამ ყვირილი კანცელარიაზე მისვლისთანავე.

ნაცვალი და ყაზახი პირიქით გოგიას აბრალებდენ დანაშაულს, – ბრძანების წინააღმდეგობას და ყაზახების ხელით შეურაცხყოფის მიყენებას.

  • სუ, სუ, ნაჩალიკმა არ გაიგონოს! – მიაფარა ხალხმა გოგიას პირზე ხელი.
  • მეც იგი მინდა, გეიგონოს. ნაჩალიკი თუა და მოასამართლე, აგია, დამაქციეს და მიპატრონოს! – ყვირილით წამოიძახა გოგიამ. მამასახლისს ვერც კი მოესწრო გოგიას შესახებ განკარგულების მოხდენა, რომ გოგიას ყვირილზე გამობრძანდა უფროსი და იკითხა:
  • ვინ არის ეს გლეხი?
  • ბრძანების წინააღმდეგი გახლავსთ, თქვენო მაღალკეთილშობილებავ, ხარჯს არ გვაძლევს, – უთხრა უფროსს ერთმა ყაზახმა.
  • მიპატრონეთ, ბატონო, დამიფარეთ, დამაქციეს, კალანდა დღეს მომთხარეს და გამლახეს ქრისტიანი კაცი! აა, ბატონო, რას მერჩოდენ, რომ თავი გამიტეხეს! – ყაბალახმოხდით შეეხვეწა გოგია უფროსს და აჩვენა გასისხლიანებული თავი.
  • ჩხუბი დაგვიწყო, თქვენო მაღალკეთილშობილებავ, ხელი შეგვახო, თოფის სროლას გვიპირებდა, – უთხრა ყაზახმა უფროსს და მერე აჩვენა ნაცვალზე – აი, ამან იცის. ჩვენთან იყო.

ნაცვალი შეყოყმანდა, ეტყობოდა სინდისმა დატანჯა, მაგრამ ყაზახების შეეშინდა და ამიტომ გასცა გოგია – მართალი გახლავს, წინააღმდეგიაო, – მოახსენა უფროსს.

  • მოიყვანეთ ეს გლეხი აქეთ, – ბრძანა უფროსმა.

გოგია მიიყვანეს.

  • შენ ვინ გასწავლა წინააღმდეგობა და ჯარისკაცის ხელით შეხება! – მრისხანედ დაეკითხა უფროსი გოგიას.
  • მე არა, ბატონო, იგინმა მომთხარეს და გამლახეს… – შემკრთალის ხმით უპასუხა შეშინებულმა გოგიამ და კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ მეტი აღარ დასცალდა, მაზრის უფროსის მათრახმა დაატოვებია დანარჩენი სათქმელი.
  • აა, შე ღდინძაღლო! აა!.. აჯანყებას აპირობენ, ხედავთ!.. მე ვიცი, თქვენ ვინცა ბძანდებით! მადროვეთ, სულ თითოულად დაგაძრობთ ტყავს! აბა გაბედეთ!.. – გაბრაზებული, პირზე დორბლმოყენებული ამბობდა უფროსი და ჩქარის ნაბიჯით დადიოდა პარმაღზედ.

გოგია კარგა ხანს ჩაკირულივით იდგა ერთ ადგილას, მკერდი მძლავრად აუდ-ჩაუდიოდა, რაღაც მძიმედ და ყრუდ ითქვამდა სულს. უკანასკნელ უფროსი შებრძანდა ოთახში; გოგია დაიძრა ადგილიდან და მოჰყვა ყვირილს:

  • ჩვენდა ქვეყანაზე სამართალი არ ყოფილა! მე მომთხარეს, მე დამაქციეს, მე გამლახეს! სამართლის კარზე მოვედი მეგონა და აქანაი უარესი მიყვეს. სად ხარ, სამართალო, ღმერთო, ხატო, რჯულო!..

ხალხი სუ, სუო, აფარებდა გოგიას პირზე ხელს, მაგრამ გოგია თავისას არ იშლიდა, ყვიროდა და ყვიროდა. მარინე, რომელიც აქამომდე მისი ქმრის თავზე მომხდარი სანახაობით ისე იყო შეშინებული, რომ კრინტს ვერ სძრავდა, ახლა აჰყვა ქმარს, ჩიოდა: “არ ყოფილა ჩვენდა სამართალი, უფროსი არა, თათარი ყოფილა!” ამ დროს გამოვარდა უფროსი და დაიყვირა:

  • წაათრიეთ ეს ღდინძაღლი, ოცდაათი წკეპელი მიარტყით და მერე ცოლიან-ქმრიანად სატუსაღოში დაამწყვდიეთ! ჩქარა!

წკეპლის ხსენებაზე იქ მყოფ ხალხს რაღაც ყრუ, საიდუმლო, შიშის ბინდმა დაჰკრა სახეზე; რაღაც საშინელი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა… გოგიას ფერი წაუვიდა, ენა დაება და შესაბრალისი, შეშინებული სახით იდგა ხალხში. მარინემ კარგა ვერ გაიგო უფროსის ბრძანების აზრი, მაგრამ მიხვდა კი, რომ რაღაც საშინელი ამბავი უნდა დატრიალებულიყო მათ თავზე და შიშით თავბრუდახვეული ელოდა, რით გათავდება ჩვენთვის ეს წამიო.

გავიდა ამ მდგომარეობაში რამდენიმე წუთი.

  • ჩქარა! – გაისმა კიდევ უფროსის ბრძანება და ფეხების ბრახუნი.

მამასახლისი შეუდგა ბრძანების ასრულებას.

  • ვაიმე, მომეხმარეთ! – შეჰღრიალა გოგიამ და დააპირა გაძალინება, მაგრამ რამდენიმე ყაზახის მძლავრმა ხელმა დასცა ის.

იქ დამსწრე ხალხს საშინელმა ჟრუანტელმა დაუარა ძარღვებში, როცა გაისმა გოგიას გულის შემზარავი გმინვა და ღრიალი.

მარინემ ვეღარ აიტანა თავისი ქმრის უბედურება და გულშემოყრილი დაეცა მიწაზე.

IV

საღამო მოახლოვდა. ზევიდან მოწმენდილი, ლურჯი ცა და ქვეშ თოვლით მოთეთრებული დედამიწა რაღაც დიდებულ შეხედულებას სდებდა ბუნებას. თითქო ცა და ქვეყანამ ამოისუნთქაო, არე-მარეში ჩამოდგა სიცივე და დაიწყო ყინვა. სოფელი ა-ის გლეხკაცობაში ნაღვლიანობა და დაღვრემილობა სუფევდა, მაგრამ ჩვეულებას მაინც არ ღალატობდენ და, ვინც მორჩა უფროსის და ყაზახების სამახურს, მიესწრაფებოდა შინისკენ, რომ სახვალიო, საკალანდო სამზადისის თადარიგი მოესწრო თავის ოჯახში. რა ვქნათ, ჩვეულება რჯულის უმტკიცესია, ნათქვამია, თორემ გასულ წლებში იმედგაცრუებულნი არც მომავალში მოელოდენ უკეთესს.

გოგია უიშვილი დანაღვლისფერებული სახით, თავჩაქინდრული მოჰყვებოდა უკან ტირილისაგან თვალებდასივებულს მარინეს. უფროსმა გამოიჩინა სულგრძელობა და დაუბარა მამასახლისს (თვითონ უფროსი კი წაბრძანდა თავის ცოლ-შვილთან ქალაქში, ახალი წლის მისაგებებლად) – რადგან ხვალ ახალი წელია, ის გლეხი გაათავისუფლეო. მამასახლისმა აღასრულა უფროსის ბრძანება, გაათავისუფლა გოგია და მისი ცოლი და, ის იყო, მიდიოდენ შინ.

ღამის სიბნელემ კიდეც მოატანა, როცა გოგიამ და მარინემ თავიანთ სახლს მიაღწიეს. იმ დილას ნანახი სცენით თავზარდაცემულმა და მთელი დღის განმავლობაში უპატრონოდ დაყრილმა ბავშვებმა, რა დაინახეს თავიანთი მშობლები, სიხარულით შემოესიენ იქიდან-აქედან. პატარა ქალი, თებრო, მიცოცდა თავის გოგიასთან, სიცივისაგან დაწითლებული პატარა ხელებით დაუწყო თავის ბაბას წვერებზე ცაცუნი და თან ეტიტინებოდა: „ბაბა, სად ალის პული, ნაზალდი… ლოის მეიტანავთ? ნენამ შეინაქა?” და სხვა. გოგიამ ალერსის მაგიერ ბრაზიანსავით წაჰკრა თავის პაწია ქალს ხელი და იქვე, მუგუზლებში ჩააჯახა. ბავშვმა ისეთი გულისშემზარად დაიწყო წივილი, რომ ამის დამნახველ მარინეს კინაღამ გული არ წაუვიდა. მარინეს თავის დღეში არ ენახა, რომ გოგია ასე სასტიკად და შეუბრალებლად ოდესმე თავის შვილს მოქცეოდეს. გაკვირვებული დედა საჩქაროდ მიახტა ბავშვს, ამოიღო მუგუზლებიდან და ჩაუდო პირში ძუძუ, რომელშიაც იმ დღეინდელი ვაივაგლახის გამო რძე სრულიად გაშრობოდა, მშიერი ბავშვი ძალზე ეწეოდა, მაგრამ შიგ ვერაფერს პოულობდა.

გოგია მიუჯდა ცეცხლს, შემოიდგა თავზე ხელი და მდუმარებდა. მარინემ კი, როგორც იყო, მოიბრუნა გული, ჯერ კვერი გამოუცხო ბავშვებს, დაუნაწილა და გოგიასაც მიაწოდა:

  • შენ არ ჭამ? ახლა ვითამ თავი რომ დევიხოცოთ, იმით რა გაგვიკეთდება? რა ვუყოთ, ბევრს ჩვენზე უარესიც დამართია! არ გაგიგონია ჭკუიანის ნათქვამი, – ჭირს ქვის კედელსავით უნდა შეხთეო? მეიბრუნე გული, ხეფსი გადაყლაპე, ღვინო დააყოლე, ასე რავა იქნება, მთელ დღეს უხეფსოთ!

ამ სიტყვებთან მარინემ მიუტანა თავის ქმარს ჭიქით ღვინო და ხის ლამბაქით ყველჩართული კვერის ნატეხი.

  • გასწი იქით! – დაუყვირა გოგიამ ცოლს და გაისროლა პურ-ღვინო ლამბაქიან-ჭიქიანად ცეცხლში.
  • უი, ჩემ დღეს! კაცის ფერი რომ აღარ აქ, რაღა ესაჭმელება! არ გადირიოს და სხვას არ ვჩივი! ან რა გასაკვირალია, რაც დღეს მას საქმე უყვეს, იმას ურიეი არ უზამდა ქრისტიანს! იმის მნახველი ან მე, ძაღლის დასაჭმელი, რავაღა ვარ ცოცხალი!.. ღმერთო, შენ გაამწარე იგი, ვინც ჩვენ ამისთანა დღეი დაგვაყენა! – დაასრულა მარინემ წყევლით ლაპარაკი და იმ იმედით, რომ გოგია მოისვენებს, დაიძინებს და შემდეგ ეგება გული მოიბრუნოსო, შეუდგა საკალანდო სამზადისს, მაგრამ რაღა სამზადისი! ღორი აღარ ჰყავდათ, ძარში არც ერთი ქათამი არ დაეტოვებიათ, ხაჭაპურებიც აღარსად იყო – ისიც წაეღოთ! მარინემ მონახა დანარჩენი პურის ფქვილი, მოზილა და დაადგა კერაზე. მერე მოინდომა ქათმების დაჭერა, მაგრამ ქათმები ამ დროს ხეზე ისხდენ და როგორ უნდა მოეკიდებია ხელი! მოიხმარია თავისი ბავშვები, ჩამოაგდო ხიდან სამიოდე ქათამი და დაუწყო დევნა დასაჭერად. დიდხანს ეწვალა, მაგრამ არ იქნა, ვერას გახდა. მეტადრე ხელს უშლიდა პატარა თებრო, რომელიც მამაზე გაჯავრებული იყო და ამიტომ დედას აღარ შორდებოდა.
  • ციცავ, ერთიცახე მაცა, თვარა ისე გაცოფებული ვარ, მგონია, შენ დაგკლა! – უწყრებოდა მარინე პატარა თებროს, ვითომდა სტოვებდა სახლში მამასთან, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ, თებრო არ იცდიდა სახლში, უფროდაუფრო ეკვროდა დედას გულში.

უკანასკნელ, თითქმის ვახშმობის დრო იყო, მარინემ, როგორც იყო, ორი ქათამი მოიგდო ხელში და დააკვლევია ბავშვს. „იმდენი ვზდიე ამ რჯულძაღლს, რომ დღეს მაინც დაბნეული მქონდა და კიდევ უფრო დამებნა ტვინი თავში! ასე მგონია, ხე და მიწა ტრიალებსო!” – ჩაილაპარაკა თავისთვის მარინემ, ცოტა დაისვენა და შეუდგა საქმეს – ქათმები გაბურტყლა, სამიოდე ხაჭაპური გამოაცხო, წმინდა თაფლის სანთელი ჩამოქნა, ერთი დოქი ადესის ღვინო ამოიღო ჭურიდან, ასე რომ შუაღამე მოახლოვებული იყო, როცა მარინე საქმეს მორჩა.

გოგია კი მთელი ამ დროს განმავლობაში გამოუთქმელი, მძიმედ ჩაფიქრებული იჯდა ერთ ადგილას და ჩასცქეროდა ნაკვერჩხლებს. ჩიბუხი, რომელიც ისე უყვარდა და იმ დღემდე მუდამ პირში ეკავა, ახლა დავიწყებოდა. პატარა თებრო ხანდახან მწყრომარე თვალით გადახედავდა მას; ეტყობოდა, რომ ის ჯერ კიდევ ძლიერ გაჯავრებული იყო თავის ბაბაზე, – მუგუზლებში ჩასაჯახებლადაც გამიმეტაო. გოგიას საიდუმლო მდუმარებას და სასოწარკვეთილების გამომეტყველ სახეს ისე შეუშინებია მისი შვილები, რომ ვერც ერთი ხმის ამოღებას და მამის სიახლოვეს დაჯდომას ვერ ბედავდა. რაღაც საშინელი გულისმომკვლელი გლოვა-მყუდროება სუფევდა მთელ ჯალაბში.

  • არ გეძინება? თბილ წყალს მოგიტან, ფეხი დეიბანე და დავწვეთ… შუაღამეა აგერ, უთხრა მარინემ ქმარს.

მაგრამ გოგიას თითქო არც კი გაუგონია ეს სიტყვებიო, ისევ ისე ჩაფიქრებული ჩასცქეროდა ცეცხლს. მარინემ კიდევ განუმეორა თავისი სიტყვები, მაგრამ რა რომ ქმრისაგან პასუხი ვერ მიიღო, ერთი მწარედ ამოიოხრა და, რადგანაც ძლიერ დაღლილი იყო, დაწვა თავის შვილებთან იმ იმედით, რომ გოგიაც ადრე თუ გვიან დაწვებაო. მეტისმეტად დაღლილს და მოქანცულს მარინეს ჩქარა მოსტაცა ძილმა თვალები.

სახლში დამყარდა საშინელი მყუდროება, რომელსაც დროგამოშვებით არღვევდა მარინეს ან რომელიმე ბავშვის ამოხრინვა ან წამობოდვება. ცეცხლი მიიბჟუტა და შავ კედლებს შუა რაღაც უსიამოვნო, გულზე მწუხრის მომდები სიბნელე იდგა, რომელშიაც საგანს ძნელად თუ გაარჩევდით. მხოლოდ თოფი, რომელიც კუთხეში ეკიდა, პრიალით მოჩანდა ამ სუსტ სინათლეშიაც. გოგია იჯდა ერთ ადგილას გაუნძრევლად. მის თვალებს რული არ ეკარებოდა, მის ყურადღებას არა რა იქცევდა გარდა იმისა, რომ ხანდახან აიღებდა თავს და გაიხედავდა იმ კუთხისაკენ, სადაც თოფი ეკიდა. თითქო თოფის პრიალს გულს აყოლებსო. ამ მდგომარეობაში გავიდა ღამე, მოაწია ალიონი და გაისმა არემარეში მამლების ყივილი, გოგიას მამალმაც შემოჰკრა ფრთა ფრთას და მკაფიო ხმით მიულოცა პატრონს ახალი წელი. მამლის ყივილის გაგონებაზე გოგია შეინძრა, თითქო ძილიდან ეხლა გამოფხიზლდაო, ერთი გიჟივით გააქნია თავი იქით-აქეთ, თითქო რაღაცაზე უარს ამბობსო, ადგა და დაიწყო ყურება მძინარე ცოლ-შვილისკენ. ყველას ღრმად ეძინა. ერთ-ორ წამს უყურა გოგიამ, რომელსაც ეტყობოდა, უნდა გაეგო – ხომ არავის ღვიძავსო. მერე ფრთხილად მივიდა კუთხეში, ჩამოიღო თოფი და მიიტანა კარებთან. აქ კიდევ ერთ წამს შეჩერდა, გატრუნა სული და მიაყურა მძინარე ცოლ-შვილს; ისევ ხვრინვა და ძილის სუნთქვა ისმოდა. უკანასკნელ, გოგიამ ნელა გააღო კარი, გავიდა გარეთ, ისევ ნელა მიხურა კარი და გაჩერდა სახლის წინ. სავსე მთვარე გადახრილიყო და მოწმენდილ ცის დასავლეთის კუთხიდან შემოსცქეროდა გოგიას ეზოს. გაყინულს, მთვარის შუქით გაბრწყინებულ თოვლზე თავისი ტოტებიანად დახატულიყო ხეების აჩრდილები, დაწყნრებულს, ყინვისაგან დამძიმებულს ჰაერში ისეთნაირ მკაფიოდ გაისმოდა მამლების ყივილი, რომ გეგონებოდათ, ეს ხმა ჰაერში თვალით დასანახავ სხეულად იქცაო. გოგიამ მიაპყრა თვალი იმ ადგილს, სადაც მთვარის სინათლეზე გარკვევით მოჩანდა წავიას ლეში. „ჩემი წავიეი!.. რანაირად ჰკიოდა!.. ალბათ, ძაან მწარეა სიკვტილი!..” – ჩაილაპარაკა თავისთვის, შემდეგ მობრუნდა კარებისკენ და, თითქო კარებს ელაპარაკებაო, დაიწყო ძლივს გასაგონი ხმით: „გღალატობ, ოჯახო! გღალატობ, ცოლ-შვილო! მე მივალ, ვთავისუფლდები და თქვენ გტიებთ სატანჯველში! მომიტევეთ! ვეღარ გავუძელი, ვეღარ ევიტანე მეტი და გევექეცი!.. გიღალატე, მარინე! დავყარე შვილები შენს ამარა და გაგექეცი!.. შენ უფრო სულგრძელი ყოფილხარ ჩემზე!.. რა იმედით დევიწყეთ უწინ ოჯახობა!.. ვიფიქრებდი, ამნაირად გათავდებოდა! რა დღეში რჩება ახლა ჩემი ცოლ-შვილი! მომიტევე, მარინე, მომიტევეთ, შვილებო! მომიტევეთ, მე თავს ვუშველე და თქვენ ასე დაგყარეთ!.. რა ვქნა?.. ღმერთია მოწამე, რაც თავს მოვსრივარ, მერე დღეი არ მომისვენია და ღამე, ჩემი ოფლი მიწას ერთოდა, მარა ჩემს დღეს საშველი არ დაადგა! ერთი სიხარული არ მინახავს! სხვაი-სხვაი იყო და შოლტით ცემა!.. არა, ამას იქით ყოფნა აღარ ღირს..” აქ რამდენიმე წამს კიდევ ჩაფიქრდა გოგია, მერე გააქნია ხელი და ყრუ ხმით წარმოსთქვა: „არა, არ იქნება, გათავებულია! შვიდობით, ცოლ-შვილო! მივალ! სადა, არც მე ვიცი!.. თებრო, მომიტევე, წუხელის რომ გაგლახე! მარინე, შენც, რომ ხმაი არ გამიცია! ყველამ, ყველამ მუუტევეთ თქვენს მოღალატე გოგიას!. თქვენ გგონია ჩემდა ადვილია მოცილება, დაკარგვა!.. რა ვიცი, სად მივალ!.. თავბრუ მეხვევა, ჟრუანტელი მირბენს ტანში, თვალები მიბნელდება! არა, გათავებულია, გათავებული!..” ამ სიტყვებით გოგიამ საშინელი სწრაფად მიიღო მომართული თოფი გულზე, გაჰკრა თოფის ფეხს თავისი ფეხის თითი, თოფმა იჭექა და გოგია ჩაეცა კვალში. ეკითხოსო, გაუგებრად ამოილუღლუღა და შემდეგ სამუდამოდ დახურა პირი.

თოფის ხმამ გამოაღვიძა მარინე.

  • გოგია, არ გეყურება? გათენებულა კიდეც. თოფის სროლა ისმის. ავდგეთ, ჩვენც გევილოცოთ! – დაუძახა მან თავის ქმარს, რომელიც ცეცხლიპირას ჩაძინებული ეგულებოდა.

„რავა ღრმად დასძინებია!.. იყოს, ჯერ მე ავდგები, ცეცხლს დავანთებ და მერე გავაღვიძებ… იყოს, ცოდვაა იმის გაღვიძება! წუხელ იმდონ ხანს არ დუუძინია! ან რა დააძინებდა! რაც იმას გუშინ დღე დაადგა, ძილი არა, ცოცხალი რავა ვართ ან მე და ან იგი!” – გაიფიქრა მარინემ, რომ ძახილზე ქმარი არ გამოეხმაურა, მერე ადგა, დაანთო ცეცხლი და დაუწყო თვალით ძებნა თავის მეუღლეს. გოგია არსად ჩანდა. „ნეტაი სად წასულა!” – დაეკითხა მარინე თავის თავს. გააღო კარი და გავიდა გარეთ, რომ დაეძახა. კარში თავის გაყოფის დროს მას ცხვირში მოხვდა თოფის წამლის და დამწვარი ჭინჭის სუნი. მარინე ძლიერ შეაშინა ამ ახირებულმა სუნმა. „მეზობლიდან თუ მეიტანა ბორიომო”, – გაიმაგრა გული და დაუწყო ძახილი, გოგიაო. სამაგიერო ხმა არსაიდან ესმოდა. „წყალზე თუ ჩევიდა პირის დასაბანათ!” – ჩაილაპარაკა მარინემ თავისთვის და დააპირა წასვლა პატარა მდინარეზე, რომელიც მათი ეზოის სიახლოვეს მიმდინარეობდა, მაგრამ, გადასდგა თუ არა რამდენიმე ნაბიჯი, ფეხებით რაღაც რბილ საგანს გადაებორძიკა და დაეცა ძირს იმავე რბილ საგანზე. ეს იყო გოგიას გვამი, რომელსაც მარინე აქამომდე ვერ ხედავდა, რადგანაც მთვარე გადახრილი იყო და სახლს ჩრდილი გაეშვა წინ. „ვაიმე!” – ერთი შეჰკივლა მარინემ და წაუვიდა გული.

V

გათენდა. დედამიწა სარკესავით კრიალებდა ყინვისაგან. ჰაერი დამძიმებულიყო მეტისმეტი სიცივით და ადამიანს სუნთქვას უნელებდა. სოფელ ა-ში ისმოდა განუწყვეტლივ თოფის ხმა, – ხალხი მიეგება შედლუხით კალანდას.

  • ფარცაგი არ დამართია, იმისთანა წივილ-კივილი ისმის გოგიეისას! ცოფიანი მგელი თუ მუუხთა! – დაიძახა გოგია უიშვილის ერთმა მეზობელმა, როცა გამოაღო დილას თავისი სახლის კარები და დაუყოვნებლივ გაიქცა უიშვილისაკენ ამას გასდიეს სხვებმაც.

ჩავიდენ თუ არა მეზობლები გოგიას ეზოში, იმათ დაუხვდა შემდეგი სანახაობა: მარინეს ეჭირა ხელში დანა და გაშმაგებული დასდევდა თავის შვილებს შეშინებული ბავშვები საშინელი წივილით გარბოდენ იქით-აქეთ და იმალებოდენ. მაგრამ მარინე პოულობდა მათ, დაღუნავდა თავს, გაუჭვრეტდა, თითქო კატა ჩიტს ეპარვისო, „ჭიტა” – დაიძახებდა და გაიქცეოდა დამალულ ბავშვისკენ. რადგანაც მარინე თავისი ჭიტას ძახილით შორიდანვე ატყობიებდა ბავშვს მოვდივარო, ბავშვი ასწრობდა გაქცევას და სხვა ადგილზე დამალვას. როცა მარინე მოეწეოდა რომელიმე ბავშვს იმდენზე, რომ ჰა, ცოტა აკლია, ეს-ეს არის, მოჰკიდებს ხელსო, ის იყო, მაშინ ბავშვი ამოუშვებდა საშინელ წივილს: ვაი, ვაი, მომეხმარეთ, მომეხმარეთ, დამკლაო. ამ წივილზე მარინე შეჩერდებოდა. „ვაი“ – დაიკივლებდა და ახლა მეორე ბავშვისკენ გასწევდა.

სახლის წინ, კვალში ეგდო გოგიას გვამი, რომლის სახეს ისეთი ცივი, საიდუმლო შეხედულება დასდებოდა, რომ მის შეხედვაზე ჟრუანტელი დაუვლიდა მგრძნობიარე ადამიანს ტანში. მისი გაბურძგნული წვერ-ულვაშის და შეჭაღარებული გრძელი თმის ერთი მხარე იდო სისხლში, რომელიც მოწრეტილიყო თავისკენ. ერთ ხელში ეჭირა მიწა, მეორეში – თავისივე თავიდგან მონაგლეჯი თმა. ფეხებთან მოჩიჩქნილი მიწა ამტკიცებდა, რომ რამდენიმეჯერ მძლავრად გაესო მიწაზე ფეხი, – ალბათ, ემწარა სიცოცხლის გამოსალმება. სახლში, ლოგინზე იდო ყელგამოღადრული პატარა თებრო. რომელიც ხანდახან გაუსობდა ცალ ფეხს ჭილობზე და ესალმებოდა თავის უმანკო სიცოცხლეს.

  • რა ამბავია, ქალო, აგი, რაი! – ყვირილით შესძახეს მარინეს ამ სანახაობით შეძრწუნებულმა მეზობლებმა.
  • სუ, სუ, არ გააღვიძოთ, წმინდა ბასილეა! – რაღაც უცნაური ფუჩუნის ხმით უპასუხა მარინემ მეზობლებს; მერე მივიდა ერთ მეზობლის ქალთან და სიფრთხილით, საიდუმლოდ ჩაუფუჩუნა ყურში:
  • წუხელ ჩამევიდა ზეციდან წმინდა ბასილე, ქვეყანა უნდა დააქციოს.

აქ ერთი შეჰკივლა: ვაიმე, მოვიდენო და გაიქცა.

მეზობლებმა, რომლებიც ამასობაში საკმაოდ მოგროვილიყვენ აქ, გამოუდგენ და დაიჭირეს მარინე, რომელიც ეხლა ცივი ხმით კიოდა:

  • შემოგვესიენ!.. წეიღეს ყოლისფერი!.. მოკლეს, მომეხმარეთ, მომეხმარეთ!

ამაზე მეტი კი ვერც გამოკითხვით და ვერც სხვა გზით კრინტი ვერ დააძრევიეს. ცხადად ჩანდა, რომ მარინე გაგიჟებულიყო.

სხვა რა გზა იყო, მეზობლებმა მარინე დააბეს სახლში, თავი მოუყარეს გოგიას ბავშვებს, რომლებიც აქეთ-იქით მიმალულიყვენ, დედამ თებროსავით ჩვენც არ დაგვკლასო (ერთი პატარა ბავშვი ტახტის ქვეშ შემძვრალიყო და სანამ ძალად არ გამოიყვანეს, არ მოდიოდა), ჩააბარეს ერთ მეზობელს და შემდეგ გაგზავნეს კაცი მამასახლისთან ამ ამბის გასაცხადებლად.

მეორე დღეს მოვიდა მამასახლისი, შეადგინა ოქმი, აწერა გოგიას ოჯახის ყოფა-ქონება, დაანიშვნია მეზობლებს ობლების აპეკუნი და ჩააბარა გოგიას დანაშთი ოჯახიც და ობლებიც ამ აპეკუნს.

გავიდა ამ შემთხვევის შემდეგ რამდენიმე წელი. მარინე დიდხანს დადიოდა გაგიჟებული, ტანსაცმელშემოგლეჯილი და ეუბნებოდა ხალხს: წუხელ წმინდა ბასილე ჩამევიდა ზეციდან, ქვეყანა უნდა დააქციოსო. უკანასკნელ სიკვდილმა იხსნა ეს ბედკრული ადამიანი ასეთი დამამცირებელი ყოფისაგან.

გოგიას მიდამო თითქმის გავერანდა, გარდა სახლისა, ყველა შენობა ჩაინგრა. სახლის მარტო კედლებიღა იყო დარჩენილი, სახურავი კი კარგა ხანია დალპა და ჩაიქცა. რამდენიმე წელი კიდევ და ვეღარც შეატყობდით, აქ ერთ დროს მოსახლე კაცი მდგარაო.

მაგრამ აგერ ვიღაცამ დახურა ისლით ეს სახლი და გაიჩინა შიგ ფუტი. ეს გახლავთ გოგიას უფროსი ვაჟი (სხვები კი ჯერ სხვადასხვა პირებისას არიან სამოჯამაგიროდ), რომელმაც, ეს არის, ცოლი შერთო და მოუბრუნდა მამის კერას.

ვუნატროთ, რომ მამის ბედი აშორებოდეს და უკეთესად წასულიყოს მისი ცხოვრება.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button