პუბლიცისტიკა

ილია ჭავჭავაძე – ქვათა ღაღადი (თავი მერვე)

სომეხთა მწიგობარ-მეცნიერნი რომ ასე იქცევიან და ოინბაზობენ, – ადვილად გამოსაცნობია რადა და რისთვის. ხოლო გვიკვირს რომ ამ რიგადვე ეპყრობიან ისტორიულ საბუთებს რუსის ზოგიერთი მწერლებიცა. იმის დასამტკიცებლად, რომ სომეხნი სულითაცა და ხორცითაც მედგარნი, გულგაუტეხელნი, ხელ შესაწყობნი არიან და მერმისი მათი საკუთნოა, ისტორიული საბუთები მოჰყავთ და ამით არწმუნებენ ქვეყანას, რომ ეს ასე ყოფილა, არის და იქნება კიდეცაო.

სომხებმა ყოველივე ეს სიკეთე თვისი ისტორიით დაამტკიცეს და ძალიან ვცდებით, რომ ამ ნიჭიერ, გამრჯელ, სულითა და ხორცით ღონიერს ერს ხელს არ ვაშველებთ, გზას არ ვუხსნით და ვაბრკოლებთო.

რა თქმა უნდა, ერს რომ გზა შეუკრან წარმატებისა, – რაც გინდ პატარა ერი იყოს – არავისათვის არც მოსაწონია, არც გამოსაყენებელი. არ არის ქვეყანაზე იმისთანა ერი, რომელიც, თუ ცოტაოდენად მაინც გონებად მოსულია, ცოტაოდენი ისტორია ჰქონია და კულტურაში ცოტაოდენად ფეხი მოუკიდებია, რითიმე გამოსადეგი არ იყოს სახელმწიფოში, რაც გინდ დიდი სახელმწიფო იყოს და მოჭმული თვისი სულიერ და ხორციელ ძალ-ღონითა. „რაც უკვე დარგულია და ხარობს, ფეხით ნუღარა დასთრგუნავ, ეცადე გაიზარდოსო“, ნათქვამია. ნიჭი, სიკეთე ცალკე ადამიანისა, თუ მთელის ერისა ისეთი რამ არის, რომ, რაც გინდ ნამეტანი იყოს ვისთვისმე, მეტი ბარგი არ არის, თუ საკუთარს სხვისაც ზედ წაემატება. ამიტომაც დიდი ცოდვაა ადამიანს, თუნდ ცალკე პატარა ერს, ნიჭი შეუკრა, შეუბოჭო, სიკეთის ღონე შეუხუთო. არა ნაკლები ცოდვაა ერთის ღვაწლი, თუ კია სადმე, მეორეს მიაკერო და მართლად ღვაწლდამდები ჩრდილში მიაყენო და სხვისით სხვა გამოამზეო საქებ-სადიდებლად.

თუ თავმოსაწონებელია სადმე, ყველამ თავისით უნდა მოიწონოს თავი, ყველას თავისი უნდა ეკუთვნის.

ჩვენდა სამწუხაროდ, ასე არ იქცევა ბ-ნი ვლად. გოლმსტრემი, რომელმაც ამ ახლო ხანში დაბეჭდა „Петербургские Ведомости“-ებში თავისი წერილი ამ სათაურით: „И Камни возопиют!“ . მართალია, ეს გაზეთი ერთი იმისთანა გაზეთია რუსეთში, რომელიც ესარჩლება ყოველ დაჩაგრულ ერსა და ამისთანა მართლა პატიოსნურს მიმართულებას გაზეთისას არ შეიძლება სრულის სიამოვნებით არ მიეგებოს ყოველი ჭკუათამყოფელი და გულთა მყოფელი კაცი, რა თესლისაც გინდ იყოს. იგი დაუცხრომელად იღაღადებს თავის სასახელოდ და ჩაგრულთა საოხად, რომ სიმტკიცე სახელმწიფოსი, რაც გინდ დიდი და ძლიერი იყოს, უნდა ემყარებოდეს ერთსულობაზე და არა ერთსახეობაზე, ერთფერობაზე. ამიტომაც მარტო სიყვარული და ტკბილად მოქცევაა იგი ქვითკირი, იგი დუღაბი, რომლითაც შენდება და მყარდება ციხე-სიმაგრე ერთობისა სახელმწიფოშიო. ყველას, მცირეა, თუ დიდი, თავისუფალი გზა უნდა ჰქონდესო იმ ნიჭით, იმ უნარით, იმ მადლით ემსახუროს სახელმწიფოს, რაც ღმერთს უმოწყალოებია როგორც დიდისა, ისეც პატარისათვისაო.

არავინ არის ქვეყანაზე იმისთანა, რომ რაიმე კეთილი, სახელმწიფოსათვის გამოსაფენი ნიჭი და უნარი არა სჭირდესო, ოღონდ-კი ნუ შეჰხუთავთ, გზა მიეცით ყველას თავი იჩინოს თავისებურად, თავისის ღირსებისა ღა სიკეთისამებრო.

სწორედ ამასვე გვიქადაგებს თვით ბ-ნი გოლმსტრემიცა თავისის წერილის დასაწყისში და ვინ იქნება ისეთი უბირი, ბრიყვი და გულწამხდარი, რომ სიყვარულითა და სიხარულით ხელი არ მიაშველოს ამის მთქმელსა და თქმული მისი არ ჩაიჭდიოს გულში, ვითარცა აღსავსენი მართლითა და კაცთმოყვარებითა.

დიდი ხანიაო, – ამბობს ბ-ნი გოლმსტრემი, – ჩვენნი წინმხედველნი და შორსგამჭვრეტნი კაცნი ჰკითხულობენ, – ეს ასე შორს რომ მივდივართ აღმოსავლეთ აზიაში, რა მიგვაქვს თანაო. პასუხი ამისი დიდად საიმედო და სანუგეშო არ არისო. ნივთიერ ცხოვრებისათვის, ესე იგი ის, რაც გარეთა კულტურის მანიშნებელია, ჩვენ თითონა ბევრი არა გვაქვს-რა და ამისთანებში დღესაც ერთმანეთს ვერ მოვრიგებივართო, ერთმანეთში ვერ გავსულ-გამოვსულვართ და ვერა გაგვირჩევია რაო. ხოლო ნამეტანობას სულიერის ღონისას უნდა ვმადლობდეთ, რომ რუსეთის ერი ბევრს განსაცდელს მთლად და უვნებლად გადარჩაო. ესე იყოო, სხვათა შორის, პეტრე დიდის დროსა, როცა ეს მედგარი გენიოსი არ შეუშინდა ძირითადის ცვლილებით დაუძლურებას ერისას, მისის ეროვნულ ძალ-ღონის დაშრეტასაო.

მაშინ რუსეთის ქვეყანა ჯერ ხელუხლებელი ქვეყანა იყოო, ესე იგი მძინარე ლომიო.

ეხლა სულ სხვააო. დრონი იცვალნენ, სულიერ ძალ-ღონეს ერისას გაფრთხილება, დაზოგვა უნდაო. რაც უფრო ფეხმაგრობს რუსეთში გონებითა, სულიერად და ხორციელად, იმას უნდა ემატოთ და ის ვამრავლოთ, იმიტომ რომ, – თუმცა ძნელია გამოვტყდეთ, – მაგრამ იგი ზნეობური დონენი, რომლითაც ჩვენ გავდივართ შორეულ აღმოსავლეთში, ძალიან დიდი საგზალი არ არისო…

… ისე უმართლოდ და ცილის წამებით არა ერს არ მოჰქცევიან, როგორც სომხებსაო. რომ ჭეშმარიტი ნათელი მოეფინოს სომხების საქმეს, უნდა ძველისძველს დროს გავუსწოროთ თვალი, იმ დროს, რომელიც გამოძიებულია სწავლულთაგან, არქეოლოგთაგან, მოგზაურთაგან, რომელთაც ჯერ არ შეჰყრიათ „პოლიტიკური სიბრძნე“ და მით არ წაუხდენიათ თვალთახედვა მეცნიერებისაო.

ქვანიც-კი იღაღადებენო, ჰბძანებს გაფიცხებული ბ-ნი გოლმსტრემი, ქვანიც-კი, რომელნიც გაფანტულნი არიან არარატის მაღლობებში, ვანის ტბის გარეშემო, ურმიის ახლო, არზრუმთან და ერევნისა და ფარსის ადგილებშიო. ქვანი ხომ არა ტყუიან არასოდესაო!.. მართალია, ქვანი არა ტყუიან, მაგრამ, კიდევ ვიტყვით, კარგს მთქმელს კაი გამგონიც უნდა. ქვევითა ვნახავთ, რომ ქვებს კარგი გამგონი არ შეხვედრიათ.

ცეცხლის ასოებით მოგვითხრობენო, – ამბობს იგივე ცეცხლმოკიდებული გოლმსტრემი, – ზედ წარწერანი კლდეებისა ამბებს ძველისძველს, ასურ-ბაბილონის დროებისასაო.

ჩვენმა ასირიოლოგ-არქეოლოგმა ბ-ნმა ნიკოლსკიმ, რომელსაც ეს ადგილები დაუვლია 1893 წ., დიდი ამბები აღმოაჩინაო. ლურსმული წარწერანი, იმ ადგილებში ნაპოვნი, რაღაც განსაკუთრებულ ენას ეკუთვნიან და გვაუწყებენო, რომ ტიბრისა და ეფრატის სათავეში, ვანისა, ურმიის და გოქჩის ტბების ახლომახლო ერთი რიცხვმრავალი ერი ყოფილა.

ასირიის ნაშთთა სიტყვით, რომელნიც ეკუთვნიან მეათე და მეცხრე საუკუნეს ქრისტეს წინათ, იმ ერს რქმევიაო „ნაირი“. მერე მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში, როცა მთელს ამ ერს ერთი სახელმწიფო შეუდგენია, ქვეყანა ეს ურარტად არის ხსენებული, აქედამ არის წარმომდგარი ებრაული სახელწოდება „არარატიო“. ესერთი და იგივე სახელიაო.

შუაგული ამ ურარტთა სახელმწიფოსი ჯერ ერევნის დაბლობებში ყოფილა და მერე მტრის უფრო უკეთ მოსაგერებლად სამხრეთისაკენ დაუწევიათ, ვანის ტბის აღმოსავლეთითაო. ურარტთა მეფეების ქვეყანა თუმცა კულტურის მხრით ასურელთა ზედგავლენის ქვეშ ყოფილაო, მაგრამ არაერთხელ ურარტლნი ძლევამოსილობით შესცილებიან ასურელთა სამსოფლიოდ ხელმწიფობასაო. ასურელთა მეფის თიგლათპილასარის III დროს, მერვე საუკუნის პირველ ნახევარშიო, გამარჯვება ურარტელების მხრივ იყოო. მთელი ჩრდილო და ნაწილი დასავლეთისა ურარტლებმა წაართვეს ასურელებსაო. სასწორმა ბრძოლისამ ტოკვა დაიწყო და მოსალოდნელი იყო ურარტელებს დაეპყრათ მთელი მაშინდელი ქვეყნიერება და სამსოფლიო ისტორიისათვის სხვა მიმართულება მიეცათო, ხოლო მერე როცა ასურეთში სხვა მეფე დამჯდარა, ხელახლად გაძლიერებულან ასურელნი და მტრები დაუმარცხებიათ.

ურარტის მეფეს ურსას მთელი ჩრდილო-დასავლეთი ფეხზე წამოუყენებია და მისევია ასურელთაო, მაგრამ დამარცხებულანო.

გარდა ყოველ ამისა ბ-ნი ნიკოლსკი მოგვითხრობსო, რომ ზედ წარწერანი გვეუბნებიან, რა კულტურა ჰქონიათ ურარტელებს, რა ქალაქები, სრა-სასახლეები, არხები და სხვა ამისთანა. ეს ზედწარწერანი ზოგი ასურელთა მეფეების ბრძანებით არის ნაწერნი, ზოგი ურარტელთა, იმისდა მიხედვით, ვინ იმარჯვებდა ომშია. ეს წარწერანი ძველად ძველის დროისანი გვაუწყებენო ორის მოძღვრების ბრძოლასაო, ერთი მოძღვრება მხეცურია და მეორე უფრო კაცებურიო. პირველი ეკუთვნის ასურელთ და მეორე ურარტელთაო. ურარტელებმაო, ამბობს მერე იგივე ავტორი, დიდი სამსახური გაუწიეს მთელს მაშინდელს მსოფლიო ცივილიზაციას და აქედამ მთელს ქვეყანასაო. ჯერ იმითი, რომ ჩრდილოეთიდამ მიწოლილი ურარტი ძალიან აბრკოლებდა ასურელთ, – მხეცურის მოძღვრების ერს, – და საკმაო მოცილეობას არ აძლევდა მისეოდნენ სირიას, პალესტინას და ეგვიპტეს და ერთობ მთელს სამხრეთ-დასავლეთსაო.

მეორე დიდი ღვაწლი ქვეყნიერების წინაშე ურარტისა ის არისო, რომ ერთის მხრით სკვითებს და სხვას ჩრდილოეთის ბარბაროსებს გულდაგულ წინ ედგნენ და კავკასიის მთებს აქეთ არ უშვებდნენ და ამით სამხრეთ-დასავლეთის ცივილიზაციას არ ათელვინებდნენო, და მეორეს მხრით – გზაში ედგნენ და ფეხს წინ არ ადგმევინებდნენ ეულს ხალხს სამხრეთის მინდვრებისას, საიდამაც გამოვიდა სისხლისმღვრელი რჯული – ისლამიო.

გამოდის, რომ, ბ-ნ გოლმსტრემის სიტყვით, ურარტელნი ჯერ კიდევ ძველისძველად დაწინაურებული ერი ყოფილა მაშინდელ კვალობაზე, ერი რიცხვმრავალი, ძლიერი, კაცთმოყვარულ მოძღვრებისა, ერი მედგარი, გულმტკიცე, გულმაგარი და თითქმის თავდადებული მოჭირნახულე და მეომარი მთელის მსოფლიოსათვის, მერე იმისთანა მებრძოლი, რომ კინაღამ მთელს სამსოფლიო ისტორიას სხვა მიმართულება მისცაო. მოდით, და თუ ეხლა ამისთანა ღვაწლმოსილ ერის ნატამალი სადმეა, გულში ნუ ჩაიკრავთ, ხელს ნუ მიაწვდით, ფეხზე ნუ დააყენებთ და გზას ნუ გაუხსნით ქვეყნისა და კაცობრიობის სადღეგრძელოდ და საბედნიეროდ. მართალია ბ-ნი გოლმსტრემი: დიდი უმადურობა და უსამართლობა იქნება ეხლანდელ კაცობრიობისაგან, რომ ასე არ მოექცეს ურარტის ნატამალ ერსა, თუ დღეს იგი სადმეა. ბატონი გოლმსტრემი გვეფიცება, რომ ურარტის ნატამალი ერი დღესაც არისო, მაგრამ ქვეყანა უსამართლოდ და უმადურად ექცევაო. ცოდვააო ამისთანა ჭირში გაუტეხელი, გონებით, ზნეობით, სულიერად და ხორციელად ღონიერი, გულმტკიცე და გულმაგარი ერი ფეხზე არ წამოვაყენოთ და ჩვენის კულტურის დროშა ხელთ არ მივცეთ მთელის აზიის გასანათებლად და გასაბედნიერებლადაო.

ხომ ასეთი საქებური და სასურველი ერი ყოფილა მოსახლე-მკვიდრი უწინდელ ურარტისა. ეხლა ვიკითხოთ: ვისთვის და რისთვის იხარჯება ასე უხვად, ვის ამკობს, ვის აქებ-ადიდებს ურარტელების სიკეთისა და ღვაწლის ხსენებითა? სომხებს, რომელნიც ვითომ ურარტელები არიან მოდგმით და იმათი შთამომავალნიო, და რადგანაც, ქართულის ანდაზისამებრ, მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახეო, ბ-ნ გოლმსტრემსაც აუღია და ამბობს, – რადგანაც ურარტელნი ასეთი სახელოვანნი ყოფილან, ასეთი ღვაწლმოსილნი მთელის კაცობრიობის წინაშე, ასეთი მხნენი, ხასიათ მაგარნი და მედგარნი, და რადგანაც ახლანდელი სომხები მათი სისხლ-ხორცია, მათის მოდგმისაა, აშკარა ყოველივე სიკეთე ურარტელებისა მოასწავებს სომხების ღირსებას, კუთვნილებას, ისტორიულად დასაბუთებულსაო.

ამ სახით სომხებმა ისტორიულად დაამტკიცეს თავისი სულიერი და ხორციელი გაუტეხლობა, მედგარობა, სიმაგრე ხასიათისა, და რადგანაც ესეა, ხელი უნდა შეეწყოს, გზა გაეხსნას ამისთანა სულითა და ხორცით ძალოვანს ერსა, რომელმაც ასე სახელოვანად თავი იჩინა ჯერ კიდევ უხსოვარ დროსაო და რომელიც კაცთმოყეარეობდა ჯერ მაშინ, როცა სხვანი მგელკაცობდნენო.

ვერ წარმოიდგენთ, რა სასაცილო ამბავი გამოდის იმ პიტალო უმეცრებისაგან, რომელსაც ასე სასაცილოდ გაუხურებია და გაუფიცხებია ამ საქმეში უმეცარი ბ-ნი გოლმსტრემი. ბ-ნთ ეზოვებს და მისის ამქრის მეცნიერებს რომ სცოდნოდათ, ურარტელების სახელ-ქვეშ რომელი ერია ცნობილი ევროპის სახელგანთქმულთა სწავლულთა და მეცნიერთაგან, ხელს მოსჭრიდნენ ბ-ნ გოლმსტრემს და ურარტელებს-კი ასეთის ქებით არ შეამკობდნენ.

თურმე ნუ იტყვით, ურარტელნი ქართველები ყოფილან და ბ-ნი გოლმსტრემი აქ იმ გულუბრყვილო დათვის მაგივრობასა თამაშობს, რომელმაც აქაო-და შუბლზე ბუზი აზის და აწუხებს ჩემს მეგობარსაო, აიღო და შუბლში უშველებელი ლოდი დაიზილა ბუზის ასაფრენად. სწორედ ასეთი ამბავი დამართა ბ-ნმა გოლმსტრემმა იმ ერთგვარ სომეხთა გუნდსა, რომელთა მრწამსიც სხვის მიერ გამომცხვარის პურის დაჩემებაა, რაკი გემრიელია, თითქოს თავისი არა აბადიათ-რაო. ესეთი მეხი არავის დაუცია ამ გუნდისათვის თავში, თუმცა-კი მარტო სომხის გაბერა უნდოდა ქებით და დიდებითა.

ტყუილად დაიხარჯა ძვირფასი ტყვია-წამალი.

ბ-ნმა გოლმსტრემმა გულში ტყვია ჰკრა სომეხთა გუნდსა, თუმცა მარტო ვარდის კონის სროლა კი უნდოდა. ძნელია უვიცობა, ანუ განგებ შეკეთებული, განგებ გაფიცხებული, განგებ ყალხზე შემდგარი ხელთქმნილი და არა გულთქმნილი თავგამოდება.

დიახ, ბატონებო, ურარტელნი ქართველთა წინაპარნი ყოფილან, ქართველთა სისხლ-ხორცი ერი ყოფილა, სამწუხაროდ – თუ ბ-ნ გოლმსტრემისა არა, იმ სომეხთა გუნდისა, რომელიც საცა-კი სხვის კარგს რასმე დაინახავს, მსუნაგსავით მაშინვე ხელს სტაცებს, ჩემიაო, თითქო თავისი საკუთარი სიკეთე და ღირსება არ გააჩნია, თითქო თუ სხვისა არ ჩაიცვა, არ დაიხურა, თითონ ტიტველ-შიშველიაო. მართლაცდა, არც ესეთნი არიან სომხები, რომ თავისი არა ჰქონდეთ-რა თავმოსაწონებელი.

ჩვენ უსაბუთოდ არ ვამბობო ურარტელების ქართველობას. ამის დასამტკიცებლად სწორედ იმ ქვებს ავალაპარაკებთ, რომელთ ღაღადებას ასეთი გოდება და ცრემლთა ღვრა მოართვევინა სომხებისათვის ბ-ნს გოლმსტრემსა და ვითომ საშინელის გულმტკივნეულობით დააძახა: „И Камни вопиют! Камни не лгут“!

ჩვენ თავის ადგილას დავუმტკიცებთ ბ-ნ გოლმსტრემს, რომ არამცთუ მკვდრებს ქვებს, ცოცხალ კაცსაც-კი უბედავს და მისის პატიოსანის სახელით მართალს არ გვეალაპარაკება. ასე შეაქცია მან ბ-ნი ნიკოლსკი, რომელიც იქნება სხვას ყველაფერს ამბობდეს, ხოლო იმას-კი არა, რასაც იმისის სახელით ბ-ნი გოლმსტრემი გვეუბნება, რასაც მის მაგიერად გვეფიცება და რაც სიზმარში მარტო სომეხთა მეცნიერთ დღემუდამ ელანდებაო.

გვიკვირს, რომ ამ პატივცემულ რუსთა ასირიოლოგ-არქეოლოგს ასე უკადრისად მოეპყრო რუსისავე მწერალი და მისი ფრთხილი, ჭკუადამჯდარი საზრისი ამ საგანზე განგებ, თუ უვიცობით გადაასხვაფერა, გადააკეთა, რომ მისის პატივცემულ სახელით ტყუილი მართლად გაუსაღოს ერთგვარ სომეხთა გუნდსა. აშკარაა, ბ-ნი გოლმსტრემი აქ რაღაც უცნაურ მახეში გაბმულა, ტყუილებით გატენილი გუდა ზურგთ აუკიდიათ და თვით პატივცემული „Петербургские Ведомости“ შეუცდენიათ და თავიანთ სიყალბის მონაწილედ გაუხდიათ. წინათაცა ვთქვით, – ეს გაზეთი თავისდა სასახელოდ ჩაგრულთა მოსარჩლეა, მისი გონება ერთმანეთის შეუწყნარებლობის ვიწრო ფარგალში არ ატრიალებს, იგი ყველას, დიდია თუ პატარა, თავისას აკუთვნებს და ამისთანა მართლა კაცთმოყვარული, მართლა ჰუმანური ღვაწლი მისი ვალად სდებს ყოველს რიგიანს კაცს იმისთანა რამ არ მიაწოდოს დასაბეჭდად, რაც ტყუილია, რაც მოტყუებაა… იმას აღარ ვიტყვით, რომ ერთობ მწერლობა იმისთანა საქმეა, საცა ტყუილსა და ჭორს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. კიდევ მეტს ვიტყვით: იმისთანა წმინდა საქმეში, როგორიც ბეჭდური სიტყვაა, ტყუილებით და ჭორებით ბურთის გატანა ყველა უკადრისობაზე უსაძაგლესია. „ვისაც ყურნი ესხნენ სმენად, ისმინონ!“

ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ეს პატიოსანი გაზეთიც არ დაუნდვიათ, მოუტყუებიათ იმ ჭკვიანურ ანგარიშით, რომ თუ ეშმაკობა გაგვივიდა, ხომ რა კარგი, თუ არა-და, თავშიც ქვა უხლია გაზეთს, თუ ტყუილში დაიჭერენო. არც ბ-ნ გოლმსტრემისათვის აიტკივებენ ძალიან თავსა.

იმათ რა ენაღვლებათ, ოღონდ სხვისის ხელით ნარი გლიჯონ, თუ შესაძლოა. მაშ რის სომეხთა მეცნიერნიღა იქნებიან, რომ სხვა დაზოგონ, სხვის სახელს გაუფრთხილდნენ? ეს დავთარში იმათ არ უწერიათ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button