Mythbusterრელიგიაფაქტები

მითები ათეიზმსა და ათეისტებზე

სხვადასხვა პერიოდში ათეიზმზე მრავალი მცდარი მოსაზრება გავრცელდა, რაც გასაკვირი არაა, რადგან ზოგჯერ თავად ათეიზმის განმარტებაც კი დავის საგანია. ეს მოსაზრებები ეხება როგორც ზოგადად ათეისტებს, ისე მათ იდეოლოგიას, შეხედულებებს, ცხოვრების სტილს და ა.შ. ზოგიერთ მათგანში სიმართლის მარცვალი დევს, ზოგი კი თავიდან ბოლომდე მცდარია.

● ათეიზმი ღმერთის უარყოფაა, რაც რწმენას მოითხოვს.
ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა ათეიზმზე მისი განმარტებაა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ათეიზმი ნიშნავს ღმერთის არსებობის უარყოფას, მაგრამ ამ მსჯელობაში ორ შეცდომას ვხვდებით. პირველი, მოსაუბრე, როგორც წესი, ასკვნის, რომ ათეიზმი კონკრეტულად მის ღმერთს (იუდო-ქრისტიანულ-ისლამური) ეხება. მეორე, ის ათეიზმის მხოლოდ ერთ მხარეს განიხილავს და გამორიცხავს სხვებს. სტანდარტული ლექსიკონები ნაკლებად განმარტავენ მას, როგორც ღმერთ(ებ)ის უარყოფას, არამედ განიხილავენ, როგორც ღმერთ(ებ)ის მიმართ ურწმუნოებას. ურწმუნოება არ უტოლდება უარყოფას, არამედ უფრო მეტად რწმენის არქონას ან სკეპტიციზმს უახლოვდება.

● არგუმენტების არარსებობის გამო ათეიზმიც ისეთივე რწმენაა, როგორც თეიზმი.
ხშირად ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ ნებისმიერი ღმერთის არსებობაზეც და არარსებობაზეც არგუმენტებს თანაბარი ღირებულება აქვთ, ამიტომ ათეიზმი რწმენაა. რეალურად ეს მიდგომა არასწორია. ზებუნებრივი და უჩვეულო მოვლენის ან არსების მიმართ ლოგიკური პოზიცია არის სკეპტიციზმი და მისი ბრმად მიღების უარყოფა, სანამ მტკიცებულება არ იქნება წარმოდგენილი. ადამიანის არსებობის ისტორიაში კი ათასობით ღმერთის იდეა გაჩნდა და ჯერჯერობით ვერცერთი მათგანის არსებობა ვერ დამტკიცდა.

● ათეიზმისა და სეკულარიზმის სახელით უფრო მეტი ადამიანი დაიხოცა, ვიდრე რელიგიების.
ათეისტები ხშირად აკრიტიკებენ რელიგიებს გამომდინარე წარსულში მომხდარი მოვლენებიდან, როცა მორწმუნეები ღმერთის სახელით მრავალ ამაზრზენ დანაშაულს ჩადიოდნენ. განსხვავებული რელიგიური შეხედულებები იწვევდა მკვეთრ დაპირისპირებას, რასაც საბოლოოდ სისხლისღვრა მოჰყვებოდა ხოლმე. შეიძლება თუ არა იმავეში დადანაშაულდეს ათეიზმი, თუნდაც საბჭოთა კავშირის სისხლიანი პერიოდის გამო? არა, რადგან ათეიზმი არ წარმოადგენს იდეოლოგიას ან ფილოსოფიას. რუსეთისა და ჩინეთის მთავრობები ათეისტებიც იყვნენ და სეკულარისტებიც, მაგრამ ხალხს არც ათეიზმის სახელით ხოცავდნენ და არც სეკულარიზმის. ათეიზმი არ მოიცავს რაიმე სახის დოგმას, იდეას, პრინციპებს ან რწმენის სისტემას, რომ ადამიანს მკვლელობისკენ უბიძგოს. მისი ერთადერთი პუნქტი რწმენის არქონაა. ხოლო ნაცისტები, რომლებიც ბევრს ათეისტები ჰგონია, ფიქრობდნენ, რომ ჰიტლერი ღმერთისგან იყო გამოგზავნილი, რათა გერმანელი ხალხი აღეზევებინა.


● ათეისტები რელიგიებს უარყოფენ, შესაბამისად მათ არ აქვთ მიზეზი, იყვნენ მორალური ადამიანები.
რელიგიურ თეისტებს მათი რელიგია, ღმერთი და წმინდა წიგნები სთავაზობენ ცხოვრების პრინციპებს, მორალურ და ეთიკურ ღირებულებებს. ამის გამო ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ თუკი ათეისტი განდგომილია რელიგიისგან, რა მიზეზი უნდა ჰქონდეს მას, რომ იყოს ზნეობრივი ან სულაც შეძლოს იმის გაგება, რას წარმოადგენს მორალური ქცევა? რეალურად, ათეისტები ისევე განიცდიან სიყვარულს და ისევე შეიძლება გამოავლინონ ალტრუიზმი, როგორც მორწმუნეებმა. უბრალოდ ათეისტები საკუთარ მორალს აყალიბებენ გარემო პირობებიდან და იმ ცოდნის საფუძველზე, რაც კაცობრიობამ თავისი განვითარების პერიოდში დააგროვა. უფრო მეტიც, ათეისტური თვალთახედვით, სიკეთე უფრო მეტად ფასდება, როცა მისი მამოძრავებელი ფაქტორი არაა სამოთხის მიღების სურვილი ან ჯოჯოხეთის შიში.

● ათეისტები ადიდებენ სატანას, ფულს და ა.შ.
გარდა იმისა, რომ ეს მოსაზრება არასწორია, დამატებით მოიცავს მცდარ აზრს, რომ ვინმეს ან რაიმეს დიდება ადამიანის ფუნდამენტური ნაწილია და მის გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგია და რწმენა ზოგიერთი ადამიანისთვის, არასწორია მათი განზოგადება, რადგან არსებობენ ისეთებიც, ვინც ამ ორი პუნქტის გარეშე ახერხებს ცხოვრებას. გარდა ამისა, რელიგიებისა და ღმერთის მიმართ რწმენის არქონა თავისთავად მიანიშნებს იმაზეც, რომ ათეისტები სატანის (ისევე როგორც ღმერთის) არსებობას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ.

● ათეიზმი ამბოხების ან ამპარტავნების შედეგია.
ხშირად აბრალებენ ათეისტებს, რომ მათი პოზიცია წარმოადგენს ღმერთის, რელიგიის, ეკლესიის, ოჯახის, სასულიერო პირების და ა.შ. მიმართ განხორციელებული ამბოხების შედეგს ან სულაც გადაჭარბებული სიამაყის შედეგად ჩამოყალიბდა. ამ მოსაზრების ძირითადი გამავრცელებლები ქრისტიანები არიან, რადგან ბიბლიაში წერია, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზები იყო სატანის ღმერთთან დაპირისპირებისა და შემდეგ დაცემის ხელშემწყობი ფაქტორი. ათეისტთა გარკვეულ ნაწილს ნამდვილად შეესაბამება ეს მოსაზრება, მაგრამ არა ყველას და არც უმრავლესობას. ათეისტად გახდომის ძირითადი მიზეზი იმის გააზრებაა, რომ რელიგიებში ასახული ზებუნებრივი არსებებისა და მოვლენების მტკიცებულება არ არსებობს. გარდა ამისა, ეს მოსაზრება სწორიც რომ იყოს, არ ნიშნავს, რომ რელიგიური პოზიცია მართებულია და უფრო მეტ სიმართლეს შეიცავს, ვიდრე ათეისტური.

● ათეისტებს არასდროს უცდიათ ღმერთის პოვნა.
რელიგიური ადამიანები ხშირად აცხადებენ, რომ ათეისტად გახდომის მიზეზი მცდელობის ნაკლებობაა და მათ უბრალოდ ვერ გაიგეს რელიგიის არსი. ხოლო იმის შეხსენებისას, რომ ბევრი ათეისტი წარსულში მორწმუნე და ზოგჯერ საკმაოდ ძლიერი რელიგიური პიროვნება იყო, ამბობენ, რომ ისინი არასდროს ყოფილან „ნამდვილი” მორწმუნეები. მაგალითად, ქრისტიანები ირწმუნებიან, რომ თუ ადამიანი კარგად გაიცნობს ღმერთსა და იესო ქრისტეს, არასდროს მიატოვებს ქრისტიანობას. ეს მიდგომა ლოგიკაში დარღვევად ითვლება, რადგან საწყის წერტილად იღებს ისეთ მოსაზრებას (ღმერთის არსებობა), რაც დავის საგანია.

● რელიგიური გამოცხადებები და სასწაულები ღმერთის არსებობას ამტკიცებს.
ბევრ ადამიანს სწამს, რომ მას ანგელოზი, ღმერთი ან წმინდანი გამოეცხადა, ან ეს სამყარო დატოვა და დროებით სამოთხე და ჯოჯოხეთი მოინახულა. ათეისტებისთვის პირველი პრობლემა ამის დაჯერებაა, რადგან სკეპტიკოს ადამიანს რაიმეს სანდოდ აღიარებისთვის მაღალი სტანდარტები აქვს და რელიგიური განცდები მასში ვერ ჯდება. მეორე პრობლემა კი მსგავსი შემთხვევების მრავალგვარობაა. უამრავ რელიგიაში ხდება გამოცხადებები და «ზებუნებრივი» მოვლენები, რომლებიც რიგ შემთხვევებში მკვეთრად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ცხადია, ყველა მათგანი სწორი ვერ იქნება და მიუკერძოებელი ადამიანის წინაშე დგას საკითხი, რა კრიტერიუმით აარჩიოს, რომელია ნამდვილი? რეალურად ასეთი კრიტერიუმი არ არსებობს, უფრო სწორად არის რამდენიმე, მაგრამ ისინი რწმენას მოითხოვენ. იგივე ეხება სხვა სახის სასწაულებსაც – ისინი უმეტესწილად ან კონკრეტული პიროვნების მიერ შექმნილი ფარსია, ან რაიმე სახის ბუნებრივი მოვლენა, ან უბრალოდ მიუწვდომელია სკეპტიკოსებისთვის, რომ გამოიკვლიონ და თავიანთი აზრი გამოთქვან.


● ათეიზმი მძიმე ბავშვობის შედეგია.
მორწმუნეთა ნაწილის აზრით, ადამიანი იმიტომ კარგავს რწმენას, რომ ბავშვობაში მცდარ ან «ცუდ» რელიგიასთან მოუწია შეხება. ამის შედეგად თეისტები რწმუნდებიან თავიანთ პოზიციაში, რომ «ცუდ» რელიგიას მათთან საერთო არაფერი აქვს და ჭეშმარიტებას მიჰყვებიან, რომ ათეისტური კრიტიკა არ ეხება მათ რწმენას და ურწმუნოებმა რომ გაიგონ მათ რელიგიაზე, ათეიზმს მიატოვებენ. რეალურად ამ მოსაზრებებიდან არცერთია სწორი, თუმცა გარკვეულწილად სიმართლის მარცვალიც დევს. საქმე იმაშია, რომ თუკი ადამიანი მშვიდ გარემოში იზრდება, სადაც რელიგიას პოზიტიური ელფერი აქვს, ნაკლებად სავარაუდოა, მასში ეჭვი შეიტანოს (თუმცა არც გამორიცხულია). ხოლო როცა ხედავს, რომ რელიგიის სახელით ბოროტება ხორციელდება, რომ მას ცუდი მიზნებისთვის იყენებენ, დაფიქრდება, რა დგას რეალურად ამ ყველაფრის უკან და რა არის რელიგიის საფუძველი. თუმცა ამ მითის პრობლემა ერთი მხრივ მის განზოგადებაშია, მეორე მხრივ კი – კონკრეტული პიროვნების საფუძველზე ათეიზმთან ბრძოლა. ათეიზმთან დასაპირისპირებლად საჭიროა თავად ათეიზმის კრიტიკა და არა მის უკან მდგომი ადამიანებისა.

● გასაჭირში ათეისტები ღმერთს ახსენებენ.
ამ მითის მრავალი ვარიაცია არსებობს, ძირითადი იდეა კი ისაა, რომ ათეიზმი პრობლემებისგან თავისუფალი ადამიანების ფუფუნებას წარმოადგენს და შიშის ან სისუსტის შეგრძნებისას გულის სიღრმეში ისევ რელიგიას უბრუნდებიან. მორწმუნეთა აზრით, რელიგიას ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს, გასაჭირში ეხმარება და ამშვიდებს. მაგრამ ათეისტები იაზრებენ, რომ რელიგიის მიღების შემთხვევაში მღელვარებისა და შიშის მიზეზიც ემატებათ. თუკი ღმერთი მართლაც ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნეა, როგორც ბევრი რელიგია აღწერს, მაშინ ადამიანს უწევს, მასთან სამუდამო ურთიერთობა ჰქონდეს, რომლისგან თავის დაღწევაც შეუძლებელია – მაგალითად, ცუდი საქციელისთვის სამუდამოდ ჯოჯოხეთში იქნება. ამას დამატებული ისიც, რომ არაფერი კეთდება დედამიწაზე დატრიალებული ბოროტების (მაგალითად ჰოლოკოსტი) შესაჩერებლად.

● ათეისტები ღმერთზე არიან გაბრაზებული.
ათეისტები ხშირად შენიშნავენ ხოლმე იმ ლოგიკურ წინააღმდეგობებს, რაც რელიგიურ მსჯელობებში არსებობს – ღმერთი საუკეთესო თვისებების მქონე და ყოვლისშემძლე არსებაა, მაგრამ ბოროტებას მაინც აძლევს არსებობის უფლებას. ამის შედეგად მორწმუნეები ასკვნიან, რომ ათეისტები ღმერთზე გაბრაზდნენ. რეალურად, შეუძლებელია გაბრაზდე იმაზე, ვისი არსებობისაც არ გწამს. ათეისტი ისევე ვერ გაბრაზდება ბიბლიურ ღმერთზე, როგორც ზევსზე, ოდინზე, ანუნაკზე და ა.შ. იმ რელიგიური სისტემის კრიტიკა, რომელიც ათეისტისთვის მიუღებელია, არ ნიშნავს ამ რელიგიის მიერ უზენაესად აღიარებულ არსებაზე გაბრაზებას ან განაწყენებას.

● ათეისტური სიცოცხლე მოსაწყენი და ერთფეროვანია.
მიუხედავად იმისა, რომ ათეისტები არ აღიქვამენ ადამიანურ გრძნობებს ზეციურ საჩუქრად და ყოვლისშემძლე არსების მიერ გაღებულ მოწყალებად, მათ არაფერი უშლით ხელს იმაში, რომ უყვარდეთ, შექმნან ბედნიერი ოჯახი, გაერთონ მეგობრებთან, ჰქონდეთ ჰობი, შესაბამისად იყვნენ ბედნიერები და იცხოვრონ სრულფასოვნად. უფრო მეტიც, ბევრი ათეისტი მიიჩნევს, რომ რწმენის არარსებობა ამ საქმეში ხელის შემწყობიც კია. თუკი სიკვდილის შემდეგ ცხოვრება არ არსებობს, მაშინ ჩვენი ამქვეყნიური არსებობა კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია და მაქსიმალურად დადებითად უნდა იქცეს.


● ათეისტებს არ შეუძლიათ ღმერთის არარსებობის დამტკიცება.
ეს მართლაც ასეა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მტკიცების ტვირთი ათეისტებზე არაა. ათეისტების არგუმენტი ის კი არაა, რომ ღმერთის არარსებობა დამტკიცდა, არამედ ის, რომ ღმერთის არსებობა არ დამტკიცებულა და ამიტომ სკეპტიკურ პოზიციას იკავებენ. რამდენად ლოგიკური იქნებოდა თოვლის კაცის (იეტი) დაჯერება იმ მოტივით, რომ მისი არარსებობა არავის დაუმტკიცებია? როგორც ცნობილმა ასტრონომმა, სკეპტიკოსმა და მეცნიერების პოპულარიზატორმა კარლ საგანმა (1934-1996) ერთხელ განაცხადა, „ექსტრაორდინარულ განცხადებას ექსტრაორდინარული მტკიცებულებები ესაჭიროება”.

● ადამიანი მინიმუმ იმიტომ არ უნდა იყოს ათეისტი, რომ ჯოჯოხეთი აიცილოს თავიდან.
ეს მტკიცება თავისთავად აბსურდულია, რადგან ჯოჯოხეთის ცნება რამდენიმე რელიგიაში არსებობს და გამოდის, რომ ადამიანი ყველა მათგანს უნდა გაჰყვეს და რამდენიმე ღმერთს ემსახუროს, რაც შეუძლებელია განსხვავებული დოგმების გამო. გარდა ამისა, თუკი ღმერთი მართლაც ყოვლისმცოდნეა, მისთვის ადამიანის ქცევის რეალური მიზეზის ამოცნობა რთული არ იქნება და არც ისე კმაყოფილი დარჩება, თუკი ათეისტი მხოლოდ ჯოჯოხეთის შიშით დაემორჩილა მას. ეს დაახლოებით იგივეა, ადამიანმა დაიჯეროს უცხოპლანეტელების არსებობა მხოლოდ იმ მოტივით, რომ შეიძლება ერთ დღესაც მოვიდნენ და კარგი ადამიანები თავიანთ პლანეტაზე, უკეთეს გარემოში წაიყვანონ.

● ათეისტები მეცნიერებას იყენებენ, რომ ღმერთის უარყოფა შეძლონ.
მეცნიერება არის სამყაროსა და სიცოცხლეზე კითხვების დასმისა და ამ კითხვებზე პასუხის მიღების მცდელობების სერია. მეცნიერები უბრალოდ ცდილობენ, მეტი გაიგონ ბუნებაზე, სამყაროზე და ის ფაქტი, რომ ახალი აღმოჩენები ეწინააღმდეგება ბიბლიაში რამდენიმე ათასი წლის წინ ჩაწერილ ფრაზებს, წინასწარგანზრახული არაა. ასევე მცდარია განცხადება, რომ მეცნიერები ღმერთის არარსებობის დამტკიცებას ცდილობენ. მეცნიერების შესწავლის სფერო არის მატერიალური და არა ზებუნებრივი საკითხები.

● ათეისტები კომუნისტები არიან.
ეს მცდარი მოსაზრება ცივი ომის პერიოდში გავრცელდა. მაშინ ხალხი შეცდომით ფიქრობდა, რომ ყველა რუსი კომუნისტი ავტომატურად ათეისტი იყო, შესაბამისად თუკი აშშ-ის ტერიტორიაზე ათეისტი გამოჩნდებოდა, ის ასევე კომუნისტი იქნებოდა. ათეიზმი არ მოითხოვს კომუნისტობას, რეალურად ათეისტები არ არიან შეზღუდული მსოფლმხედველობისა და იდეოლოგიების საკითხებში. მათ შეუძლიათ ნებისმიერი პოლიტიკური სისტემა აირჩიონ, როგორც კომუნისტური, ისე ლიბერალური ან კონსერვატორული. ყველა იმ ადამიანის კომუნისტად აღქმა, ვისაც ღმერთის არ სწამს, საკითხში გაუცნობიერებლობის ნიშანია.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button