ისტორიასაინტერესო

ვინ გამოიგონა და რისგან მზადდებოდა კბილის ჯაგრისი

თურმე შუასაუკუნოვან ევროპაში კბილების ჰიგიენას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. იმ პერიოდში ბევრი კბილებს არც კი იხეხავდა. ზოგიერთების მხრიდან პირის ღრუს მოვლა მხოლოდ ჭამის შემდეგ წყლის გამოვლებით შემოიფარგლებოდა.

კბილის ჯაგრისები ევროპაში პირველად XVI საუკუნეში გაჩნდა. მათ შექმნას ჩინელებს უკავშირებენ. ძველებური პრიმიტიული ჯაგრისი ღორის ჯაგრისგან მზადდებოდა. ჩინელები მას ბამბუკზე საგანგებოდ გაჭრილ ნაპრალში ამაგრებდნენ. ასეთი მოწყობილობით სარგებლობა მეტად მოუხერხებელი იყო. თუმცა აღნიშნული ჯაგრისების გარდა ზოგიერთებს მეტად ორიგინალური თვითნაკეთი სახეხებიც ჰქონდათ. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, ფუფუნების საგანი გახლდათ და მხოლოდ მდიდართათვის იყო ხელმისაწვდომი. იმ დროში კბილების გაწმენდისთვის უმრავლესობა საკუთარ თითს იყენებდა. კბილის ფხვნილს პირდაპირ თითზე იყრიდა და ისე იხეხდა კბილებს.

საინტერესოა პირველყოფილი კბილის ფხვნილის შემადგენლობაც – ქვიშა, დაფხვნილი თიხა, ნაცარი. იყო შემთხვევებიც, როცა ქაშანურის ან ფაიფურის გატეხილ ჭურჭელს ფქვავდნენ და ამ ერთგვარ ფქვილისებრ მასას კბილების სახეხად იყენებდნენ. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, მხოლოდ აზიანებდა კბილის მინანქარს და მთელ რიგ გართულებებს აძლევდა დასაბამს.

XVII საუკუნის ბოლოს კბილების მოვლის თვალსაზრისით შეიძლება ითქვას ნამდვილი “რევოლუცია” მოხდა. ამ დროიდან მოყოლებული პირის ღრუს ჰიგიენას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. ამ კუთხით “ბნელ უკუნეთში მანათობელ სხივად” იქცა პიერ ფოშარის – ლუდოვიკო XV-ის კარზე მოღვაწე სტომატოლოგის ნაშრომი. თავის წიგნში ექიმს მეტად საინტერესოდ ჰქონდა დასაბუთებული კბილების მოვლის აუცილებლობა და წესები. მკაცრად იყო ხაზგასმული, რომ ადამიანმა კბილები დღეში რამდენჯერმე უნდა გაიხეხოს, თანაც ამისათვის უნდა გამოიყენოს არა უხეში ფხვნილი, რომელიც აზიანებს მინანქარს, არამედ მარილიან წყალში დასველებული ზღვის ღრუბელი. ეს რჩევა_რეკომენდაცია ფრანგებმა მყისიერად აიტაცეს და დანერგეს ყოფა-ცხოვრებაში. ამ მეთოდმა დიდხანს არ გასტანა, რამეთუ XVIII საუკუნის დასასრულს დაიწყო კიდეც კბილის ჯაგრისების წარმოება.

დამცავი ფტორი

პირველი პროფილაქტიკური პასტა აშშ-ში გამოუშვეს. პირველობა Colgate-Palmolive-ის ფირმებმა მოიპოვეს. სწორედ მათ ლაბორატორიებში ჩატარდა მრავალრიცხოვანი გამოკვლევები და სპეციალისტთა მიერ დადასტურდა, რომ ფტორი კბილებს კარიესისგან იცავს. ამ კვლევების საფუძველზე შეიქმნა და დაპატენტდა “Fluoristate”. ის შევიდა მსოფლიოში პირველი პროფილაქტიკური პასტის შემადგენლობაში. ეს პასტა პირველად 1955 წელს გამოვიდა სახელწოდებით “Crest with Fluoristate”. მოგვიანებით ბაზარზე სხვა ფირმების პროდუქციებიც გამოჩნდა, თანაც ფტორის გარდა კბილის პასტებში კალციუმის გამოყენებაც დაიწყეს.

პირის სავლები

კბილის ელექსირის ისტორია საფრანგეთის სამეფო კარს უკავშირდება და XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს. საფრანგეთის სამეფო კარის მსახურები პირს ცედრისა და პიტნის ნახარშით ივლებდნენ. ნახარშს ზოგჯერ სუნამოსაც უმატებდნენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იმ პერიოდში ადამიანებს უფრო მეტად პრობლემის ესთეტური მხარე აღელვებდათ და კბილების დაავადებათა პროფილაქტიკაზე ნაკლებად ამახვილებდნენ ყურადღებას. XX საუკუნეში კარიესის საწინააღმდეგო საგანგებო ფტორშემცველი ელექსირების გამოშვება დაიწყო. მოგვიანებით შეიქმნა ანთებისსაწინააღმდეგო სპეციალური სავლებები.

დღეს კბილების ჰიგიენისთვის პასტებისა და სავლებების ფართო არჩევანია მოწოდებული, მთავარია სათანადოდ შეირჩიოთ კბილის მოვლის საშუალება და მკაცრად დაიცვათ ჰიგიენის წესები!

წყარო
http://icode.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button