მოთხრობასაბავშვო

ვაჟა-ფშაველა – ამირანის ხმალი

იგივეა, დაბერებულა: თმა გასთეთრებია, წელშიც ცოტად მოხრილა. უზარმაზარი კონა მოიტანა შეშისა და კერის პირას დაყარა.

– ოჰ, ძალიან დავიღალე, – სთქვა მან, – ღონე აღარა მქონია, დავბერებულვარ, გულიც გატყდა, მაგრამ ნუგეში მაინც კიდევ მაქვს. იმედი თავს არ მანებებს… აჟინება, ახირებაა… უკან დაწევა, დახევა, ყოვლად შეუძლებელია. აქამდის თუკი… ჰოო, აქამდის თუკი სწორე გზაზე დავდიოდი და შენც გატარებდი, ამას შემდეგაც ისევ ის იქნება. განა ეს ლეჩაქი სითბოს გულისათვის მხურავ? არა… რამდენჯერაც ახალი წელი დგება, იმდენჯერ თითქმის მეც განახლებასა ვგრძნობ. არ ვიცი, თითონაც არ ვიცი კარგად, ასე რად მემართება, და, შე საცოდავო, შენც დაგათრევ თან ძალაუნებურად…

– როგორ? რადა ვარ საცოდავი, დედა არა ხარ ჩემი?

– ვარ, ოღონდაც ვარ, მაგრამ ვაი თუ მემდურები, იქნება, კარგი დედა ვერა გყევარ, გულს რამ გაკლია ჩემგან.

– არა, არა… ღმერთმა დამიფაროს, ღმერთმა! მე უნდა მოვკვდე, შენ იცოცხლო, ვენაცვალე შენს მკრთალს სახეს, დედაჩემო, შენს დაფლეთილ, დაგლეჯილს კაბას. მაინც ლამაზი ხარ, მაინც მიყვარხარ… აბა, მითხარ – წყალში ჩავარდი, კლდეზე გადავარდიო, მხოლოდ თითით მაჩვენე, თუ უკან დავიხიო.

თავდაკიდებული იჯდა, თვალებიდან ცრემლმა მოჰხეთქა, ესიამოვნა ჩემი ასეთი პასუხი…

– ჰოო, შვილო, მართალია, მართალი, დედ-მამის ურჩი შვილი უბედურია. დედის წინ მორბინალს კვიცს მგელი შესჭამს. მხნედ იყავ. სულმოკლეს ნაბიჯიც მოკლე აქვს. განა დღესა ვარ მარტო უბედური? წინათაც ბევრჯერ ვყოფილვარ ამაზე უარეს დღეში. მტრებმა ამირანი რომ შეიპყრეს, შებოჭეს და დიდს მღვიმეში დიდის ჯაჭვით დააბეს: „ნუ ხარ კერპი, ურჩი, გაუტეხელიო“, – ჩემს მეტი ვინ შაესწრო ამ ამბავს? ან ვინ გაიგებდა, მე რომ არ მეუწყებინა ქვეყნისათვის ეს ამბავი? თვითონ დამაბარა თავის მქუხარეს ხმით, როცა შებოჭვილი მიჰყვანდათ. მედგრად დამიძახა: „თინათინ, ამცნე ქვეყანას ჩემი ამბავი! დაე, გაიგოს ადამიანმა, მტარვალნი მართალს ადამიანს როგორ მტანჯვენო!“

მეც ვერ დავუმალე კაცობრიობას ეს ამბავი, ვაუწყე ყველას.

– ნუთუ, დედავ, ამირანსაც იცნობ?

– ვიცნობ, კარგად ვიცნობ. ჩემს მეტი ვერცვინა ჰნახავს იმას. გუშინაც ვნახე. სახე გაჰბრწყინვოდა. „კარგი ნიშნები ჩნდება, თინათინ, ღმერთი მოწყალეაო“, – სთქვა მან, – „გვეშველება, უსათუოდ გვეშველება“, – და მიმითითა თავის ხმალზე, – „აგერ ჩემმა ხმალმა ფერი მოიწმინდა…“ მეტად სულგრძელია ის კურთხეული ადამიანი…

გარეთ ქარი ჰქროდა, ღმუოდა საზარლად და ნამქერს ანიავებდა. დედამიწას ჰგვიდა, თითქოს სწმენდდა ქვეყანას ცოდვათაგან. სადღა მიჰქონდა ეს ადამიანთა ცოდვები, არავინ იცის.

– „ყრაანტ! ყრა…ა…ანტ!“ – მოისმა. ოჰ, როგორ მეჯავრება ეს ხმა! როგორა მძულს, ენით ვერ გეტყვით. მერე ამ უკუნეთს ღამეში… საშინელებაა… საშინელებაზე მეტია…

– დედავ, ყორანი!.. საიდამ გაჩნდა ეს წყეული? მერე რა დროს და!

– სწორედ ყორანია… საკვირველია, ღმერთმანი, რას ჩაგვაცივდა ეგ წყეული! – სთქვა დედაჩემმა.

– არ ვიცი, მეც მიკვირს… და… – სიტყვას ვიდრე ვიტყოდი, ჩვენს დარბაზში შემოაფლაშუნა მხრები… ჩამოჯდა არხეინად კიდობანზე, დაიმწყაზრა მხრები.. დაგვაცქერდა, წამოძაბა ჩვენკენ კისერი და დედა-შვილს ორივეს თავზე დაგვყრანტალა. ავენთე, სისხლი ყელში მომებჯინა; მისმა გაკადნიერებამ მეტისმეტად ამაღელვა, მოთმენა ყოვლად შეუძლებელია. აქამდის მაღლიდამ ჩვენს დარბაზს დაჰკიჟინებდა და ახლა ზემო თაროსაც დაგვიბინავდა.

– დედავ, მოვკლავ!.. რაც უნდა ცოდვა იყოს, მოვკლავ!

– მოკალ, შვილო, მოკალ ეგ ღვთისაგან წყეული! – დედაჩემსაც ძალიან ეწყინა, რომ ამ უმსგავსმა ფრინველმა ასე მასხარად აგვიგდო.

იქვე პაპიჩემის შავერცხლილი ხირიმი ეკიდა დედა-ბოძზე მიკრულს ირმის რქაზე. ჩამოვიღე და მივუშვირე გულში. წარბს არ იხრიდა. ხუმრობა ეგონა. თითქოს დამცინოდა კიდეც: შენ ჩემს მოკვლასა ჰბედავო?!. მაგრამ თოფმა რომ დაიგრიალა და გულგაპობილი ზედ კერაზე რომ გაერთხა, მაშინ აღარ ვიცი, რა სთქვა და რა იფიქრა…

დედაჩემს მაინც კიდევ შაეცოდა.

– აბა რისთვის, რის გულისათვის მოიკლა საბრალომ თავი? რას გვემართლება, რა დაგვიშავებია მაგისთვის, რომ უბედურებას გვიქადიდა?!. რას ჩაგვაცივდა და აღარ გვეშვებოდა?! – სთქვა მან.

– ტყვიას ეძებდა, – ვუპასუხე მე…

ყორანი ჯერ ისევ ნისკარტს აღებდა, სული არ დაელია, რომ გარიჟრაჟებულიყო და კარების კაკუნი შემოგვესმა.

კარები გავაღე. ჩემი მეკვლე ბუთლა მოვიდა, შემოვიდა სახლში და მოგვილოცა ახალი წელი: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა! დიდი გიმატებიათ, დიდი გმატოსთ ღმერთმა, ახალმა წელმა, ახლის წლის გამოცვლამა!“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button