ზღაპარისაბავშვო

აკაკი ჭანტურია – ოქროს კრავი, დადიანი და მისNრის ხელმწიფეიიი

    ერთხელ მისNრის ხელმწიფეს ჩვენი დადიანისთვის შემოუთვლია: შენ რომ ოქროს კრავი გყოლია, გამომიგზავნე, თორემ, თუ მე მომიწია მანდ მოსვლა, იმ კრავს ყელზე ჩამოგკიდებ და ისე წამოვიყვანო.

    დადიანს დიდი პატივი უცია გამოგზავნილი კაცებისთვის, ბევრი საჩუქარი უბოძებია და ჩვენი კაცები გაუყოლებია პასუხის გასაცემად.

    მისNრის ხელმწიფემ ჯერ თავის კაცებს გამოჰკითხა, თუ როგორი ქვეყანაა, როგორ მიიღეს და პასუხად რა შემოუთვალეს. მათ ასჯერ შელამაზებულად და გაზვიადებულად უამბეს, თუ რა ნახეს და როგორ მოექცნენ. თქვეს, რომ დადიანს ჩვენთვის პასუხი არ უთქვამს, მაგრამ ხალხი გამოგვაყოლეს, რომლებსაც, თქმა არ უნდა, დადიანის სიტყვა მოაქვთო.

    ხელმწიფემ მოაყვანინა დადიანის მიერ გამოგზავნილი კაცები. შემოვიდა ხუთი კაცი, რომლებიც ძალიან ზრდილობიანად, როგორც ხელმწიფეს შეეფერებოდა, ისე მიესალმნენ. ამ ხალხს ისე მდიდრულად ეცვა, ისეთი კარგი შესახედავნი იყვნენ და ისეთი მიმოხვრა და მოქცევა ჰქონდათ, რომ ხელმწიფეს ძალიან გაუკვირდა.

    – აბა, ჩემო კარგებო, მითხარით, რა შემომითვალა თქვენმა ხელმწიფემ? მათ არაფერი თქვეს. ხუთივე რიგში დადგა. პირველი რომ იდგა, იმან გადასცა ერთი კვერცხი. ამ კვერცხის ერთ მხარეზე ეწერა «შენ», ხოლო მეორეზე – «მე».

    – რა არის ეს? – ჰკითხა ხელმწიფემ.

    – ისე არ მენახოს თქვენი წყრომა, როგორც მე ამის რამე ვიცოდე. ჩემმა ხელმწიფემ მიბრძანა ეს კვერცხი თქვენთვის გადმომეცა. როცა ვკითხე, რა ვუთხრა-მეთქი, მიპასუხა: «არაა შენი საქმე ხელმწიფესთან ლაპარაკი. მე პასუხს ამ კვერცხით ვუთვლი. ის დიდი ხელმწიფეა, ჭკვიანი და რასაც ვუთვლი, შენს დაუხმარებლად, ამ კვერცხით მიხვდება,» – უპასუხა პირველმა და ყველას უკან დადგა. ახლა პირველი გახდა ის კაცი, რომელიც მეორე იდგა. ამან გადასცა გალიაში გამოკეტილი ვეფხვი. ამ გალიას კარი ჰქონდა, მაგრამ იქ სადაც კარი უნდა გაღებულიყო, მაგრად იყო დაჭედილი და შეკრული და გარედან უზარმაზარი ბოქლომი ედო. გალიას ეწერა: «შენ» და «მე».

    – გასაღები სადაა? – ჰკითხა ხელმწიფემ.

    – ჩემთვის გასაღები არ მოუციათ. მხოლოდ მიბრძანეს, ეს თქვენთვის გადმომეცა, მეტი არაფერი ვიცი, – თქვა ეს ამ კაცმა და თავისი ამხანაგების უკან დადგა. ყველაზე წინ აღმოჩნდა ის კაცი, რომელიც უწინ მესამე იყო. ამან გადასცა ერთი ცხვარი. ცხვარს რქებზე ეწერა: «შენ» და «მე».

    – ჩემმა ხელმწიფემ მიბრძანა, ეს ცხვარი თქვენთვის გადმომეცა. ამის მეტი მე არც არაფერი ვიცი და ვერც ვერაფერს ვიტყვი, ისევე, როგორც ჩემმა ამხანაგებმა არ იცოდნენ და არაფერი უთქვამთ. წავიდა ეს კაცი და სულ ბოლოს დადგა. ახლა წინ აღმოჩნდა ის, ვინც თავიდან მეოთხე იყო. მან გადასცა პატარა კოლოფი, რომელშიც ჭიაყელა იყო მოთავსებული. ორივე მხარეზე ფრთა ედო. ამასაც ეწერა: «შენ» და «მე». ახლა ყველაზე წინ აღმოჩნდა ის კაცი, რომელიც უწინ მეხუთე იყო. ამან გადასცა ერთი სატევარი. ამ სატევარს ორივე მხარეზე ეწერა: «შენ» და «მე». მანაც უთხრა, არაფერი ვიციო. შემდეგ ხუთივე ერთმანეთის გვერდით დადგნენ და დიდი მოწიწებით თაყვანი სცეს ხელმწიფეს.

    –ერთს გკითხავთ, ჩემო კეთილო კაცებო, – თქვა ხელმწიფემ, – ვფიქრობ, ეს მაინც გეცოდინებათ: რატომ იყო, რომ თქვენ ერთიმეორის უკან დადექით?

    – იმდენი თქვენი წყრომა არ გვენახოს, ჩვენ რაიმე ვიცოდეთ. ჩვენმა ბატონმა ხელმწიფემ გვიბრძანა, ასე მოვქცეულიყავით და ჩვენც მისი ბრძანება ისე შევასრულეთ, როგორც შევძელით.

    ხელმწიფე ძალზე გაოცდა და ბრძანა, ეს ხალხი წაიყვანეთ და კარგი პატივი ეცითო. შემდეგ ვეზირებს მიუბრუნდა და უთხრა: ამიხსენით რას ნიშნავსო ყოველივე ეს. ვეზირებმა ათასნაირი აზრი გამოთქვეს, ერთმანეთში ვერ მორიგდნენ და არაფერი გამოვიდა. ხელმწიფემ ბრძანა: სამ დღეს გაძლევთ მოსაფიქრებლად და ასახსნელად. თუ ვერ ამოხსენით, ვეზირებად არ ვარგებულხართ და ყველას თავებს დაგაჭრითო. შეშინებული ვეზირები დაიშალნენ.

    ამ დროს ცხოვრობდა ერთი სიბერისაგან ორად მოხრილი ვეზირი. იგი ამ ხელმწიფის მამისა და პაპის ნავეზირალი იყო და მასაც ემსახურებოდა, მაგრამ რაც უფრო მოუკლო ამ ვეზირმა ხოტბასა და პირფერობას, იმდენად ახალმა ხელმწიფემ მის მიმართ წყალობას უკლო. ბოლოს იგი მთლად ჩამოშორდა ვეზირობას და იყო თავისთვის, ბერივით. მთელი სახელმწიფოდან, ნაცნობი თუ უცნობი, მასთან მოდიოდა ჭკუის საკითხავად და რჩევის მისაღებად. ხალხმა იცოდა, თუ რატომ ჩამოშორდა იგი სასახლეს და ამიტომ კიდევ უფრო შეიყვარა.

    ვეზირებს სამი დღე აქვთ ვადა. დღე და ღამე ფუსფუსებენ და წრიალებენ. ხან ცას უყურებენ, ხან ზღვას, ხან მიწას და ხან მთას. ღამით ვარსკვლავებს ბევრი უცქირეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. თითო-თითოდ ყველა მივიდა ამ ძველ ვეზირთან, უნდათ რაიმე გაიგონ იმისგან, მაგრამ ყველას ერთნაირ პასუხს აძლევს: ასეთი სახელმწიფო საქმე რომ მცოდნოდა, ახლაც ვეზირი ვიქნებოდი. არ ვიცი, შვილო, მაგრამ დადიანს და მის ქვეყანას ვიცნობ. იოლი არაა მათთან საქმის დაჭერაო.

    გაუხდა ხალხს ეს ამბავი თავის სამტვრევად. ყველა ამ ვეზირს ახსენებდა. რა თქმა უნდა, ხელმწიფის ყურამდეც მივიდა ყველაფერი, მაგრამ იგი ჯერ თავის ვეზირებს უცდიდა.

    ვეზირები ხედავენ, რომ არაფერი გამოდის. ყველანი ერთად შეიყარნენ და პირი შეკრეს, რომ ყველა ერთ აზრს დავადგეთ, ერთმანეთს ნუ გავამტყუნებთ და მაშინ ხელმწიფეც დაიჯერებსო. ხელმწიფემ ესეც გაიგო და ისიც, რომ ისინი ყველანი მისულიყვნენ ამ ძველ ვეზირთან რჩევისათვის. ხელმწიფე თვითონ მივიდა ჩუმად ამ ვეზირთან. მან უამბო ყველაფერი თავიდან ბოლომდე და სთხოვა დანიშნულ დროს მისულიყო, შეემოწმებინა ვეზირების პასუხი და თავისი აზრი ეთქვა, რათა ტყუილ-უბრალოდ არ დაეჭრა ვეზირებისათვის თავები.

    – კი, ბატონო, კი, მაგრამ ჩემი აზრი რომ სხვა ვეზირების აზრს არ დაემთხვეს, მე მომჭრი თავს, თუ იმათ?

    – შენ რატომ მოგჭრი თავს? შენ მინდიხარ ჩემი მოქმედების სისწორის შესამოწმებლად.

    – კი ბატონო, მაგრამ ამბობენ, მართლის მთქმელ კაცს შეკაზმული ცხენი უნდა ჰყავდესო. როგორც კი სიმართლეს იტყვის, იმ წამსვე ზედ მოევლოს და ბუზივით დაიკარგოსო, მე ცხენზე შეხტომა კი არა, ლოგინზე ძლივს ავფოფხდები ხოლმე.

    – მაშ, შენ გცოდნია, თუ რას ნიშნავს დადიანის გამოგზავნილი.

    – შეიძლება, მაგრამ ამაღამ კიდევ ვიფიქრებ და იმას ვიტყვი, რაც სათქმელია.

    მეორე დღეს, ზუსტად დანიშნულ დროს, შეგროვდნენ ვეზირები და ყველა სახელმწიფო კაცები. დიდძალი ხალხი შეიკრიბა. მოვიდა ეს ძველი ვეზირიც და ხალხში დაჯდა. ხელმწიფემ ბრძანა: – აბა, ვეზირებო, მითხარით, როგორ ხსნით დადიანის შემონათვალს?

    გამოვიდა ერთი ვეზირი და როგორც მოილაპარაკეს ისე მოახსენა: – კვერცხით იგი ამბობს: როგორც ეს კვერცხი უღონოა, მეც თქვენს წინაშე უღონო ვარ. როგორც თქვენ შეგიძლიათ ამ კვერცხს მოექცეთ, ისევე შეგიძლიათ მეც მომექცეთ; ვეფხვითა და გალიით იგი ამბობს, რომ თქვენი ძალით და დიდებით მე ისე ვარ დაჭერილი და დამორჩილებული, როგორც ვეფხვიო; ცხვრით იგი ამბობს, რომ როგორც ეს ცხვარია უწყინარი და მორჩილი, ჩვენც თქვენთამ ასეთივე მორჩილი ვიქნებით და შეგიძლიათ ასე გამოგვიყენოთო; ჭიაყელათი იგი ამბობს, რომ ჩვენც ასეთივე მიწაზე მხოხავები ვართო, თქვენთან შედარებით; სატევრით ამბობს, რომ თქვენი ძალა ყველაფერში და ყველგან მოგვერევაო; ერთმანეთის უკან დგომით იმას გამოხატავენ, რომ თქვენს წინაშე ისინი ყველანი ერთნაირები არიან და, რომ სითამამეს არასოდეს გამოიჩენენ.

    – ვეზირებო, ყველანი ეთანხმებით იმას, რაც ამ ვეზირმა თქვა?

    – დიახ, ჩვენ ყველანი ვეთანხმებით მის ნათქვამს, – თქვეს დანარჩენმა ვეზირებმა. ხელმწიფეს ეს გაეხარდა, რადგან თუ მართლა ასე იყო, მისი ქება გამოდიოდა.

    – ვინმეს აქვს სათქმელი? შეიძლება ვინმეს სხვანაირად გაქვთ გაგებული. მომახსენეთ თქვენი აზრი.

    – თუ ნებას მომცემთ, მე მაქვს სათქმელი, – თქვა ამ ძველმა ვეზირმა.

    – აბა, თქვი, შენ როგორ არ მოგცემ ნებას?

    – აქ მოიყვანეთ და დააყენეთ დადიანის მიერ გამოგზავნილი კაცები. როცა ისინი მოვიდნენ და ვეზირის წინ დადგნენ, მან ჰკითხა:

    – როგორაა თქვენი მამაცი, კეთილი და ჭკვიანი ხელმწიფე?

    – თქვენი სიკეთე, კეთილი გული, კარგად ყოფნა, მუდამ სიბრძნის მომატება და კურთხევა ინებოს ღმერთმა. კარგადაა. ნადირობა მიატოვა, მაგრამ რაიმე მავნე ნადირი ცხვარს ან სხვა საქონელს რომ დაესხას თავს, ან ხალხის შემაწუხებელი სხვა რამე რომ გამოჩნდეს, იგი ხალხის წინ დადგება; წაუძღვება და ას ახალგაზრდას აჯობებს. ჯერჯერობით ისარს თავს თვითონ უკეთებს, ფრთას მიამაგრებს, ხმალ-სატევარს თვითონ ლესავს, მშვილდის მოზიდვის ძალა აქვს, შუბს, ხმალს და სატევარს ხმარობს, მგელი, დათვი და ვეფხვი თუ შეებრძოლა, უკანდახევა არ იცის და ჯიქურ შეუტევს.

    – მომწონს თქვენი პასუხი. თქვენს ხელმწიფეს, როგორც მას შეშვენოდა, ისეთი ფრთხილი, ჭკვიანური, მაგრამ ყველაზე უფრო, ძლიერი პასუხი მოუცია ჩვენი კურთხეული ხელმწიფისათვის.

    – ჩვენში ხალხი ამბობს, «ქოთნის ამბავი კოვზმა იცისო». ეს იმიტომ უნდა იყოს ნათქვამი, რომ კოვზი ქოთნის ძირამდე წვდება. რაც შეეხება ხელმწიფის გულსა და აზრს, ეს უძირო ზღვაა, უსაზღვრო ცაა, ჩვენ, უბრალო მონა-მსახურებმა რა უნდა ვიცოდეთ, ზღვაში ან ცაში რა ამბავი ტრიალებს.

    – რა იცით ოქროს კრავის შესახებ?

    – ჩვენ იმდენი ვიცით იმის შესახებ, რამდენიც ჩვენმა ხალხმა, ქალმა და კაცმა, დიდმა და პატარამ ერთად იციან. შევვედრებივართ, გვინატრია, მაგრამ თვალით არასოდეს გვინახავს. ვინც ღირსეულია, ის ნახავს, როდესაც იგი მზეს ეთამაშება, განთიადზე. დანარჩენი არაფერი ვიცით.

    – ჰო, მესმის თქვენი ენა; თქვენ კარგად ხართ აღზრდილი, ფრთხილი და ზომიერნი ხართ, როგორც თქვენი ხელმწიფე. თქვენი ხელმწიფე და თქვენ ძველ ენაზე ლაპარაკობთ. მე, როგორც ძველ კაცს, ასე მაქვს თქვენი ენა გაგებული; მოახსენეთ თქვენს ხელმწიფეს, რაც ჭეშმარიტად იქნება ახსნილი, არ იუარებს და არ გადაასხვაფერებს, მაგრამ თუ არასწორად იქნა ახსნილი, იგი შეასწორებს და გასაგებს გახდის. კვერცხით, რომელსაც «შენ» და «მე» აწერია, იგი გვეუბნება: «შენ და მე ორივე ხელმწიფენი ვართ; შენ ისევე არ შეგიძლია შენს თავს შეეხო, როგორც არ შეგიძლია მე შემეხო; კვერცხი თავის კანონს ემორჩილება, იგი ამ კანონს არ გადაუხვევს არც შენი და არც ჩემი ბრძანებით; არ უნდა შევეხოთ მას, რადგან შეიძლება დაიკარგოს მისი უნარი. ვეფხვით იგი გვეუბნება: ვეფხვი ლამაზია; შეიძლება მე და შენ გვინდოდეს მასთან თამაში, მაგრამ საშიში მხეცია; მე და შენ რამდენადაც არ უნდა გვიყვარდეს იგი, თავისუფლება არ უნდა მივცეთ, რადგან შეიძლება ის დაგლიჯოს, ვინც გაათავისუფლებს და შემდეგ სხვასაც ავნოს, ერთხელ თუ კარი გაუღე, შემდეგ, თქმა არ უნდა, ზიანს მოიტანს. ცხვარით ის გვეუბნება: ვიყოთ ცხვარივით უწყინარი და მშვიდი, არ მოგვაკლდება ხორცი, ყველი, რძე, მაწონი და ტანისამოსი. ჭიაყელათი და ფრთით იგი გვეუბნება, რომ მე და შენ მიწაზე მხოხავები ვართ და მაღლა, ცაში ფრენა და იქაური ამბის გაგება არაა ჩვენი საქმეო. სატევრით გვეუბნება, რომ სატევარი იქითაც ჭრის და აქეთაც, პირი ერთნაირი აქვს, იქითაც შეუძლია სისხლი დაღვაროს და აქეთაც. თავისი კაცებისათვის ერთიმეორის უკან დგომა რომ დაუვალებია, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ეს საკითხი ერთნაირად მნიშვნელოვნად მიაჩნია და ერთნაირ ყურადღებას ანიჭებს.

    ხელმწიფე მოუბრუნდა დანარჩენ ვეზირებს და ჰკითხა: – თქვენი ნათქვამი რომ სულ არაა ახლოს ამის ნათქვამთან, რომელია მართალი?

    – მართალია რასაც ჩვენი მოხუცებული ვეზირი ამბობს. თავიდანვე ეს ჩვენც ვიცოდით, მაგრამ თქმას ვერ ვბედავდით.

    – ჰო, თქვენ გინდათ თავი კისერზე შეგრჩეთ, მაგრამ ჯერ ვნახოთ. ახლა ეს მითხარით: რა პასუხი გავცეთ?

    – აქ მხოლოდ ერთი პასუხია გასაცემი. პასუხი უნდა აგოს, რადგან თავისი თავი თქვენ ტოლად მიაჩნია, პასუხი უნდა აგოს რჩევის მოცემისა და ჭკუის სწავლებისათვის. ამასაც რომ თავი დავანებოთ, თქვენ ბრძანეთ სიტყვა და თქვენი სიტყვა უნდა შესრულდეს.

    – ამაში სწორი ხართ, მეც ასე ვფიქრობდი, – თქვა ხელმწიფემ. – თქვენ როგორ იტყვით, ძვირფასო? – ჰკითხა შემდეგ მოხუცებულ ვეზირს ხელმწიფემ.

    – მე ვერ დაგეთანხმებით, რადგან თქვენ დაავალეთ და თხოულობთ ისეთ რამეს, რაც მას არ შეუძლია გააკეთოს, და არც თქვენ შეგიძლიათ. ოქროს კრავი არც დადიანის ფარაში ურევია და არც სხვა ვინმესაში. ის ღმერთია. ამ საქმეში არ უნდა ჩაერიოს კაცი. თავიდანვე ეშმაკს უდევს რაღაცა წილი ამაში.

    – ვნახოთ. მას რაც ღმერთად მიაჩნია, ის ჩემთვის ღმერთი არ არის. ჯარი შეკრიბეთ! იარაღის ტარება ვისაც შეუძლია, არცერთი კაცი არ დარჩეს სადმე!

    დადიანი ძალიან შეწუხდა, მაგრამ რა უნდა ექნა. მტერს დახვედრა უნდოდა, მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა დადიანს, რომ მის ერთ კაცზე ათი მისNრელი მოდიოდა. ეს ადარდებდა მას.

    წამოვიდა მისNრის სახელმწიფოს ჯარი. მას არც მთა იტევდა და არც ბარი. აქედან შეიკრიბა დადიანის ჯარი, რომელსაც იგი თვითონ წაუძღვა. მისNრის ჯარს მისNრის ხელმწიფე მოუძღოდა.

    დადიანმა გახიზნა საზღვრის ახლომახლო მცხოვრებნი და ცოტათი შემოუშვა მტერი თავის სახელმწიფოში. დადიანის ჯარი დაბანაკდა ერთ ადგილას. მოუახლოვდა მისNრის ჯარი. ორივე ჯარი პირისპირ დადგა სათოფე მანძილზე. მაშინ წესად ჰქონდათ: ჯერ ჯარის მეთაურები უნდა მოლაპარაკებულიყვნენ. თუ ვერ შეთანხმდებოდნენ, მხოლოდ ეს ორი იბრძოლებდა. ვინც აჯობებდა, ის იყო გამარჯვებული და მაშინ ჯარი არ იბრძოლებდა. მაგრამ უფრო ხშირად ჯარს უნდა ეომა.

    იმ ღამეს დადიანი თავის კარავში იყო და ღმერთს ეხვეწებოდა. მეორე დილით ალიონამდე ადგა და გამოეწყო მისNრის ხელმწიფისა და მისი ჯარის შესახვედრად. დადიანის ხალხი მზადაა: ყველა ბრძანებას ელის. კარავიდან რომ გამოვიდა და, აჰა, ჯარს უნდა გაუძღვეს, ამ დროს, უეცრად, გაჩნდა ოქროს კრავი დადიანის წინაშე. დადიანმა მუხლი მოიდრიკა და მთელი ჯარიც მიწაზე დაემხო თაყვანის საცემად. ლოცვა რომ დაამთავრეს, წამოდგნენ, მაგრამ არ იციან რა ქნან. იფიქრეს, რადგან კრავი ასეთ დროს გამოჩნდა, თქმა არ უნდა, მას სურს, რომ იგი მისNრის ხელმწიფეს მისცენ. ჩვენ ხელს ვერ შევახებთ დასაჭერად. წავიდეთ და თვითონ რასაც იზამს, მისი საქმეაო. დადიანი ადგილიდან რომ დაიძრა, კრავი წინ წაუძღვა. იქიდან მისNრის ხელმწიფე მოდის. ღვთისაგან დახმარება რომ ნახეს, დადიანმა და მისმა ჯარმა ისეთი ძალის მომატება იგრძნეს და ისე გათამამდნენ, რომ ათ კაცს კი არა, ასსაც ერთი შეებმებოდა. სულ სხვანაირი იყო მისNრის ხელმწიფისა და მისი ჯარისათვის ოქროს კრავი. როგორც კი ხელმწიფემ დაინახა იგი, იფიქრა, დადიანი დამმორჩილებია, კრავი მოჰყავს და პატიებას მთხოვსო. მაგრამ დადიანი ისე რიხიანადაა, რომ თაყვანისცემა კი არა, ათ ასეთს შეებრძოლება. მისNრის ხელმწიფემ იგრძნო რომ ძალა დააკლდა. კიდევ უარესი დაემართა მის ჯარს: ზოგი მეფესავით დასუსტდა, ზოგს მუცელი გაებერა, ზოგს ნაწლავი დაეწვა, ბევრმა თავის დამაგრება ვერ შეძლო კისერზე და აუყანყალდა, ზოგს ენა დაება, ზოგს ფხანა აუტყდა. უმრავლესობას თვალი აერია. ვინც კრავს შეხედავდა, იმას ან ერთი, ან მეორე უბედურება ემართებოდა. აირ-დაირია მტრის ჯარი, თხილის ძველ ნაღობარს დაემსგავსა.

    ხელმწიფემ უთხრა დადიანს: – რატომაა, რომ არ დაიჩოქებ, თაყვანს არ მცემ და პატიებას არ მთხოვ?

    – როცა ორი ჯარი ერთმანეთს უპირისპირდება, მაშინ ვინ უნდა დაიჩოქოს, ამას იარაღი წყვეტს. აბა, ამოიღე ხმალი.

    ამან რომ ხმალი ამოიღო, სხვებმაც იშიშვლეს ხმლები და ორივე ჯარი შეება ერთმანეთს. მაგრამ დადიანის ჯარი ისეთი გამოდგა მათთვის, ქორი რომ იქნება მწყერისთვის, ანდა ლომი – კურდღლისთვის. დაუწყეს მისNრის ჯარს სრვა. დევნისას ჩვენი ჯარი შევიდა მისNრის სახელმწიფოში. როგორც კი დადიანის ქვეყანას გასცდა ჯარი, კრავი გაუჩინარდა, დადიანმა მისNრის სახელმწიფოს დიდი ხარკო დაადო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button