ზღაპარისაბავშვო

აკაკი ჭანტურია – ოქროს კრავი და ქურდი

იყო ერთი ძალიან გაწაფული ქურდი. ეს კაცი ისეთი ქურდი ყოფილა, რომ ქვეყანას აქცევდა. რა თქმა უნდა, როგორც სხვას, ამასაც ქურდობა წვრილმანებზე ჰქონდა ნასწავლი. მაგრამ ახლა სხვასაც რომ შეეძლო მოეპარა, იმის მოპარვა მას მიტოვებული ჰქონდა და აღარც კადრულობდა. ასე რომ, თუ ეტყოდი, ქურდი არა ხარო, ეწყინებოდა.

    ქურდობა თუ საქებარი რამეა, ამ ხელობაში იგი მართლაც საქებარი იყო. ნაძლევს სდებდა, რომ რასაც ეტყოდნენ იმას მოიპარავდა და, მართლაც, იპარავდა. მთელს ქვეყანაზე ჰქონდა ხმა გავარდნილი იმ ზომამდე, რომ ბევრ ისეთ რამეს მიაწერდნენ, რაც, მართლაც, შეუძლებელი იყო ვინმეს გაეკეთებინა. დათვსა და ვეფხვს – ბელებს, გველს – წიწილებს და ჩიტებს – ბარტყებს მოპარავსო. იმასაც ამბობდნენ, რომ, როგორც ზღაპარში იტყვიან, ორბს ფრთასა და ბოლოს მოპარავსო. ყველას უკვირდა და ერთი ამბით ჰყვებოდნენ მის თავგადასავლებს.

    თვითონ მას ძალიან უყვარდა ენის სარსალი. თავის ნამოქმედარს ასჯერ გაბერავდა, ყოველთვის ახალ-ახალ რამე საძნელო ქურდობას განიზრახავდა, და ასრულებდა კიდეც, რადგან ამით უნდოდა სახელი გაეთქვა. მაგრამ სახელი მას ისედაც საკმარისი ჰქონდა, არასოდეს სულდგმულ კაცს რომ არ რგებია, ისეთი, მაგრამ მაინც აეკვიატა ერთი აზრი: უნდოდა თავისი სახელი უკვდავეყო. და, ბოლოს, ასეთი რამ გადაწყვიტა: ღმერთებისთვის ოქროს კრავი უნდა მოეპარა. ასეთზე იტყვიან: «კაცი რომ გათამამდება, ხატს ქვების სროლას დაუწყებსო». მაგრამ მას დიდი ჭკუა რომ ჰქონოდა, ქურდიც არ გახდებოდა. თქმა არ უნდა, ასეთი აზრი მას ჩაუნერგა ჯერ მისმა უჭკუობამ, მერე სხვისგან გაზვიადებულმა ქებამ.

    მაგრამ ამ საქმეს ერთი სიძნელე ახლდა: სად იყო ოქროს კრავი? სად ბინადრობდა, რომ მოეპარა? მისი ნახვა შეიძლებოდა ცაში კიბულზე, მაგრამ ცაში კიბულზე ღმერთების ტახტი იდგა; ვის შეეძლო გაებედა იქ ასვლა? აკრძალული იყო, არ შეიძლებოდა, ცოდვა იყო, ხორციელ კაცს იქ არასოდეს გაუბედავს ასვლა. ეს ამბავი ამ კაცს ცოტათი აფიქრიანებდა, მაგრამ ბოლოს თავი დაიმშვიდა, შეიძლება სადმე ვნახოო და გადაწყვიტა თავისი განზრახვის შესრულება.

    როდესაც ამ აზრს დაადგა, მაშინათვე დაიწყო ენის ტრიალი, ამის ჩადენას ვაპირებო. ბევრმა უთხრა: ამის გაკეთება შეუძლებელიაო; ზოგმა – გაგიჟებულხარ, ახლა დაგიღუპავს თავიო, მაგრამ ზოგი ამბობდა: ეს რას არ გააკეთებს, რადგან თქვა – შეასრულებს კიდეცო. ამგვარად, შეუდგა თავისი ჩანაფიქრის შესრულებას. რადგან არ იცოდა, რამდენ ხანს მოუხდებოდა ძებნა, მოამზადა დიდძალი საგზალი და წამღებად გაიყოლია ერთი მასავით გაქექილი კაცი. გავიდა სახლიდან და ცაში კიბულის ახლო-მახლო მთებში დაიწყო კრავის ძებნა. არ ტოვებს არც ერთ კუთხე-კუნჭულს; მხედველობა ისეთი აქვს, რომ ას ორგიაზე ბუზს დაინახავს. ღამეში თვალი ისე აქვს გაჩვეული, რომ დღესავით ხედავს. დადის დღედაღამ, არა აქვს მოსვენება.

    ერთ მთაზე ნახა ისეთი მინდორი, რომ სამოთხის გარდა ასეთი არსად იქნებოდა. ამ მინდვრის გარშემო, ცამდე რომ სწვდებოდა ისეთი ხეები იზრდებოდა და თვითონ მინდორი მწვანე მდელოთი და ათასნაირი ყვავილებით ისე იყო აფერადებული, რომ კაცს ყველაფერს დაავიწყებდა. რომ მიმოიხედა, დაინახა, რომ ოქროს კრავი აგერ არ თამაშობს, ამ მინდორზე?!

    – ოჰ, კარგადაა საქმე. აქ მოსაპარი არაფერია. დაჭერა უნდა მარტო, – თქვა თან რომ ახლდა იმ კაცმა. ეს კაცი ისეთ ჭეშმარიტებას ამბობდა, რომ ლახვარივით გულზე მოხვდა ქურდს. მან ინანა მისი წამოყვანა, მაგრამ ახლა გვიანღა იყო. სწრაფად მოფიქრებაში ამ ქურდს ვერავინ აჯობებდა. როგორმე უნდა დაერწმუნებინა თავისი თანამგზავრი, რომ კრავის მოპარვისთანა საძნელო არაფერი იყო ქვეყანაზე. ამიტომ უთხრა:

    – შენ ისეთი სულელი ხარ, რომ გგონია იმ კრავის მეტი ამ ადგილას არავინაა? მის თამაშს ღმერთები უყურებენ, შე ბრიყვო!

    – რასაც ამბობ, მართალია? –ჰკითხა თანამგზავრმა.

    – რომ არ იყოს, არც გეტყოდი, შე სულელო. – მიუგო ქურდმა.

    – თუ ასეა, შენი გოგრისთვის სჯობია, თავი დაანებო და ძველებურად უგდო ყური სოფლის ჭარტალს.

    – შენ მაცალე ცოტა ხანს. რაც შეეხება სოფელს, ჭარტალის მაგიერ მე იმათ ჩემთვის კოშკს დავადგმევინებ. შემოდი აქეთ, ტყეში. საძნელო საქმეა. კარგად უნდა მოვემზადო, შენ ხმა არ ამოიღო, რაც არ უნდა ნახო. მინდორზე გაუსვლელად მიყურე ჩუმად, სანამ შენთან არ მოვალ. თქვა ეს ქურდმა და ყველაფერი გაიხადა ტანზე. მალამოს მსგავსი რაღაც წამალი ჰქონოდა ტყავში შეკრული. იმით მთელი სხეული დაიზილა. შემდეგ ისეთი ოინები წამოიწყო, უდაბური ტყის გარდა სხვაგან რომ ვერ იზამს კაცი: დაიწყო ხელ-ფეხის ათასნაირად გრეხა, თვალები გადმოკარკლა, სხეულის ყველა ნაწილს ბწკენდა, ყურები დაიქაჩა, ცხვირი დაიზილა, კბილები ააკრაჭუნა, ენა გარეთ გამოიგდო და მოქაჩა; ხან ჩაცუცქდებოდა, ხან ყირაზე დგებოდა, ხან კოტრიალობდა; სახე ისე დაღრიჯა, რომ ამ კაცს შეეშინდა – გაგიჟდაო და წყლის დასხმა დაუპირა, მაგრამ შეფიქრიანდა, იქნებ ღმერთები უშვრებიან ამასო და ამიტომ ვეღარ გაბედა. შემდეგ ამ ქურდმა გმინვა და ზმუილი დაიწყო. უეცრად მიწაზე გაიშხლართა, კანკალი, ხელ-ფეხის გრეხა, თვალების ტრიალი დაიწყო. შემდეგ მთლად გაჩუმდა. ასეთი საცოდაობის შემყურე მისმა ამხანაგმა თქვა: «შენს სახლში მომკვდარიყავი, ასე არ გაწვალდებოდი, შე უბედურო». მაგრამ სანამ ამის თქმას მოასწრებდა, ქურდი, რომელიც არაქათგაცლილი, გაშეშებული იდო, წამოვარდა ზეზე, თან წაიღო თოკი, შიშველი დაუყვა ტყის ნაპირს და კრავისკენ წავიდა. როცა მიუახლოვდა, გამოვიდა ტყიდან, მიწაზე გაიშხლართა და ასე დაიწყო ხოხვით მიპარვა. ძალიან ახლოს მივიდა კრავთან; კრავმაც დაინახა იგი, მაგრამ არც კი განძრეულა. მთლად მივიდა ქურდი კრავთან, მაგრამ კრავი არც ახლა დაფრთხა და სადაც იდგა, იქიდან უყურებდა ამ კაცს. კაცმა ფეხზე წამოუდგომლად მოჰკიდა ხელი კრავს, მაგრამ არც ამაზე დაფეთდა იგი. ქურდის ამხანაგი ხედავს ყველაფერს ამას და ფიქრობს, რომ ეს კაცი ან ქაჯია, ანდა ნამდვილად ეშმაკის სული უდგიაო. შემდეგ ყულფიანი თოკი მოაბა და მოსწია, მაგრამ ძვრა ვერ უყო. მაშინ ადგა, კისერზე დაისვა კრავი, მარჯვენა ხელით წინა ფეხები, ხოლო მარცხენათი უკანა ფეხები დაუჭირა და თავისი ამხანაგისკენ წამოვიდა. მართლაც გასაკვირი იყო ამ ქურდის ამბავი, მაგრამ ახლა მის ამხანაგს უკვირს, თუ რატომაა რომ ეს კაცი ასე გაჭირვებით მოდის, ისე მოდის, თითქოს კრავის მაგივრად ასი ფუთი მოჰქონდეს. რამდენ ნაბიჯსაც გადმოდგამს, სულ უფრო და უფრო დაბლა სწევს თავს და წელში იხრება. აჰა, როგორც იქნა მოაღწია მინდვრის ბოლოს, სადაც მისი თანამგზავრი ელოდება. მაგრამ, ცოტა რომ უკლდა ტყემდე მისვლას, მიწაზე გაიშოტა და გაშეშდა, კრინტიც არ დაუძრავს ისე. ვერ მოითმინა ამხანაგმა და დაუძახა, მაგრამ პასუხად ეს კაცი არაფერს ამბობს. გამოვიდა შეშინებული ამხანაგი და მივიდა ახლოს, მაგრამ სადღაა კრავი. ნახა რომ ამ კაცს ორივე ფეხი გაჭიმული აქვს, ხოლო თავი მიწაზე დანასკვული, ოღონდ კრავის მაგივრად სიპი ქვა უდევს კეფაზე. გადმოვაგდებო, იფიქრა, მაგრამ როგორც კლდეს ვერ უზამს კაცი ძვრას, ისე ვერ უყო ძვრა იმ ქვას.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button