ზღაპარისაბავშვო

აკაკი ჭანტურია – ტონბა-ვარჩხილი და ოქროს კრავი

ყოფილა ერთი კაცი, რომელიც მუდამდღე მრუდე საქმეებზე ფიქრობდა და სიავეს ჩადიოდა. თქმა არ უნდა, როგორც ყველას, მასაც გაგონილი ჰქონია ტონბა-ვარჩხილის ამბავი. ზოგი ამბობდა, ხატები ბანაობენ შიგო, ზოგი _ ოქროს კრავი მოდის და ტანს იბანს, მერე კი ტონბა-ვარჩხილის მთებზე დაკუნტრუშობს მზის ამოსვლამდეო. მზე რომ ამოვა, იმას ეთამაშება, მზე რომ აიწევს, მერე გაუჩინარდებაო. ზოგნი ამბობდნენ, მზეთუნახავივით გოგოები მოდიან და შიგ ბანაობენო და ვინ იცის კიდევ რას აღარ ჰყვებოდნენ.

    ამ კაცს, მას რომ შეეფერებოდა, ისეთი უკუღმართი აზრი დაჰბადებია: ან ოქროს კრავი დაეჭირა და გაეკრიჭა, ან ერთი ოქროს ხატი ეშოვნა, ანდა ერთი გოგო ჩაეგდო ხელში. მოუმზადებია მაკრატელი, სატეხი და თოკი. მაკრატელი კრავის გასაპარსავად უნდოდა, სატეხი – თუ ხატს იშოვიდა, და თოკი – გოგოს  თუ მოიტაცებდა. ამის გარდა, ამ კაცს მომზადებული ჰქონია მარყუჟი, რადგან ღრმა წყალთან ჰქონდა საქმე და შიგ შესვლა საშიში იყო.

    როდესაც მწყემსების მთებში წასვლის დრო მოსულა, ეს კაცი შეხვეწნია მათ, თან წამიყვანეთო, რადგან თვითონ არასოდეს ევლო იმ მხარეს. მთაში წამსვლელ მწყემსებს არაფრად ეჭაშნიკათ თურმე ასეთი უკუღმართი კაცის თან წაყვანა, მაგრამ უარი ვეღარ უთქვამთ. მოუმზადებია ამ კაცს საგზალი და გაყოლია.

    ტონბა-ვარჩხილთან რომ მისულან, ყველას გადმომდინარე წყალში ხელი და პირი დაუბანია და ღმერთს შევედრებიან. ეს კაციც ასე მოქცეულა, მაგრამ, როდესაც მწყემსებს წასვლა დაუპირებიათ, იგი არ გაჰყოლია მათ და უთქვამს:

    – ეს ადგილი ისე მომეწონა, რომ ჯერ აქაურობის ცქერით არ მომიჯერებია გული და ამიტომ ამაღამ აქ უნდა დავრჩეო.

    მთაზე წამსვლელებს უთქვამთ:

    – მართალია, ეს ადგილი მოსაწონია, შესახედავადაც კარგია, მაგრამ მოსარიდებელია. ეს უბრალო ადგილი არ არის. აქ გაჩერება არ შეიძლება.

    აქამდე რომ არაფერი დამემართა, არც აწი მომივა რამე, და თუნდაც მოვკვდე, აქედან მაინც არ წავალ, თქვენ თუ გინდათ, წადით, მე ამაღამ აქ უნდა დავრჩეო – უთქვამს ამ კაცს.

    მწყემსები მიხვდნენ, რომ ამ კაცს გულში ცუდი რაღაც ედო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ არც რჩევით, არც გაწყრომით და არც მუქარით. ბოლოს ვერაფერი რომ ვერ შეასმინეს, მოილაპარაკეს, რომ წასულიყვნენ და ისეთ ადგილას დაბინავებულიყვნენ, ტონბა-ვარჩხილიდან კაცის ძახილი რომ გაეგონათ; მათთვის სამარცხვინო იქნებოდა, ეს კაცი რომ დაღუპულიყო, რადგან იტყოდნენ, მთის ამბავი რომ არ იცოდა, ისეთი კაცი წაიყვანეს და უპატრონოდ მიატოვესო, რადგან წინ სავალი გზა ამ კაცმა არ იცოდა და რომ უკან დაბრუნებულიყო, ერთხელ გავლილი, გზა სადმე უღრანში დაებნეოდა და დაიკარგებოდა. დატოვეს ეს კაცი ტონბა-ვარჩხილთან და თვითონ მოშორებით დაბინავდნენ.

    დამჯდარა ეს კაცი ტონბა-ვარჩხილის ნაპირზე და დადარაჯებულა, თუ რა მოხდებოდა. შუაღამე რომ გადავიდა, დაინახა, რომ მისგან კარგა მოშორებით, ნაპირზე ოქროს კრავი იჯდა. ფეხაკრეფით ამდგარა ეს კაცი და დაუწყია მიპარვით მისვლა. უნდოდა დაეჭირა და გაეკრიჭა. ძალიან ახლოს მისულა, მაგრამ დაფეთებისა და გაქცევის ნაცვლად კრავი მისკენ წამოსულა. წაუვლია რქაში ამ კაცს, მაგრამ ხელის წავლება და სულის გაფრთხობა ერთი ყოფილა.

    მეორე დილას მოსულან მთაზე მიმავალნი. ამ კაცის გაცივებული გვამი უპოვიათ, წყლის ნაპირას გაშოტილი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button