ენიგმამეცნიერება

არსებობდა თუ არა სამყარო დიდ აფეთქებამდე?

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფიზიკის დარგში, როჯერ პენროუზი, აცხადებს, რომ მას აქვს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც სამყარო დიდი აფეთქების მომენტამდეც არსებობდა. ცნობილი მეცნიერის თქმით, სამყაროს მიკროტალღოვან ფონში აღმოჩენილი კონცენტრული წრეები მიგვანიშნებს იმ მოვლენებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მაშინ, სანამ სამყარო დღევანდელი ფორმით დაიწყებდა არსებობას.

კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის მეშვეობით მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, ბუნდოვნად დააკვირდნენ სამყაროს, როგორიც იყო ის დიდი აფეთქებიდან 300 000 წლის შემდგომ. ეს ერთი შეხედვით ხანგრძლივი პერიოდი რეალურად დროის მიკროსკოპულად მცირე მონაკვეთია, თუ გავითვალიწინებთ სამყაროს ასაკს (13.75±0.11 მილიარდი წელი).

პენროუზის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევა არგუმენტებს მატებს იმ თეორიას, რომლის მიხედვითაც სამყარო მრავალჯერ გაფართოვდა (დიდი აფეთქება/Big Bang) და შეიკუმშა (დიდი შეკუმშვა/Big Crunch). როჯერ პენროუზს მრავალი პრიზი და ჯილდო აქვს მიღებული, 1988 წელს კი სტივენ ჰოკინგთან გაიყო ვოლფის პრემია სამყაროს შეცნობის საკითხში გაწეული ღვაწლისთვის.

მიიჩნევა, რომ სამყაროს დაბადებიდან 10-20 მილიარდი წლის შემდეგ კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის ტემპერატურა საშუალოდ -270°C იქნება. დიდი აფეთქებიდან 300 მილიონი წლის შემდეგ ვარსკვლავებმა და გალაქტიკებმა დაიწყეს გაჩენა. დაახლოებით 5 მილიარდი წლის წინ ჩვენი მზე გაჩნდა, 3.8 მილიარდი წლის წინ კი დედამიწაზე თავი იჩინა სიცოცხლის პირველმა ფორმებმა მარტივი უჯრედების (პროკარიოტების) სახით.

სტივენ ჰოკინგმა ერთხელ განაცხადა, რომ ჩვენი სამყაროს შორეულ წარსულში სხვა სამყაროსთან შეჯახების კვალი უნდა ვეძებოთ. მეცნიერთა ნაწილი ეჭვობს, რომ რასაც ჩვენ სამყაროს ვეძახით, ერთადერთი არაა და მისი მსგავსები კიდევ არსებობენ. ამჟამად კი პროფესორი პენროუზი მიიჩნევს, რომ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სომხეთი) პროფესორ ვაჰე გურზადიანთან ერთად „ნასას” უილკინსონის მიკროტალღოვანი ანიზოტროპიის ზონდის (WMAP) ფოტოებზე ჩატარებული კვლევა ააშკარავებს იმ რადიაციის ნაკვალევს, რომელიც დიდ აფეთქებაზე ძველია.

მეცნიერთა თქმით, მათ კონცენტრული წრეების 12 ნიმუში აღმოაჩინეს, რომელთაგან ზოგს 5 რგოლი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ ობიექტებს წარსულში 5 სერიოზული მოვლენა გადაუტანიათ. რგოლები ჩნდებიან გალაქტიკების ჯგუფების გარშემო, სადაც მიკროტალღოვანი ფონის რადიაციის ვარიაცია უცნაურად დაბალია.

ამ აღმოჩენამ შესაძლოა უარყოს სამყაროს წარმოშობაზე საკმაოდ გავრცელებული ე.წ. ინფლაციური თეორია, რომ ყველაფერი დაიწყო დიდი აფეთქებით და სამყარო განაგრძობს გაფართოებას მანამ, ვიდრე საბოლოოდ არ განადგურდება.

პენროუზი და გურზადიანი მიიჩნევენ, რომ მათი აღმოჩენილი წრეები წარმოადგენს უკიდურესად ძლიერი გრავიტაციული რადიაცის ნაკვალევს, რისი მიზეზიც იყო სუპერმასიური შავი ხვრელების შეჯახება. ეს კი ბოლო დიდი აფეთქების წინა პერიოდში მოხდა. მეცნიერთა თქმით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სამყარო მუდმივად გადის გარკვეულ ციკლებს, რაც დიდი აფეთქებებისა და სუპერმასიური შავი ხვრელების შეჯახებების შედეგია.

პროფესორ პენროუზის „ციკლური კოსმოლოგიის” ახალი თეორიის მიხედვით, შავი ხვრელები საბოლოოდ შეისრუტავენ სამყაროში არსებულ ყველანაირ მატერიას. ამის შემდეგ კი ერთადერთი, რაც სამყაროში დარჩება, იქნება ენერგია – ენერგია, რომელიც დასაბამს დაუდებს მომდევნო დიდ აფეთქებას და სამყაროს ახალ ეპოქას.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button