ნარკვევები

იაკობ გოგებაშვილი – უსარგებლო გამეორება

დიაღ, კარგი, სწორედ ჩინებული დარი დაუდგა “დედა-ენასა”. ერთი წლის განმავლობაში მან გაიკრა მთელი ოთხი კრიტიკა. მეტი ღვთის წყალობა კიდევ გნებავთ, – მეტადრე ამ ჩვენს უფერულს და ზანტს დროში, როდესაც იმისთანა დიდად საყურადღებო, ფრიად შესანიშნავმა ლიტერატურულმა მოვლენამ, როგორიც არის აკაკის ისტორიული პოემა, ჩვენს კრიტიკოსებს “ობლომოვშჩინა” ვერ შეურყია, ყური ვერ გააბერტყინა.

უკანასკნელი ჩვენი კრიტიკოსი არა ჰგავს, ვგონებთ, იმ პირთა, რომლებთანაც საუბარი არ შეიძლება. მასთან თითქოს დალაგებული ბაასი მოხერხდება, სადაო კითხვების დამშვიდებული გამოკვლევა, და საეჭვო აზრების დინჯად გამოძიება შეუძლებელი არ არის. ამიტომ ჩვენა გვსურს მას ცოტახნობით გამოველაპარაკოთ.

თავდაპირველად ჩვენს მობაასეს ერთი საყვედური უნდა განუცხადოთ, რომელზედაც იმედი გვაქვს, ყველა ხელს მოგვიწერს. რავდენადაც იგი უხვია პედაგოგიურს საზოგადო ფრაზების ხარჯვაში, იმდენად ძუნწობს კონკრეტულს შენიშვნებში, კონკრეტულ შეცდომების დასახელებაში. ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ ეს რიგი უკუღმა ყოფილიყო შეცვლილი. – ხელგაშლილობა ეხმარა იქ, სადაც ძუნწობს და ეძუნწა, სადაც სიუხვეს იჩენს. ამიტომ რომ იმისთანა საზოგადო ფრაზები, როგორც: მახლობელიდგან გადასვლა შორეულზედ, ნაცნობიდგან უცნობზედ, მარტივიდგან რთულზედ, კონკრეტულიდგან აბსტრაქტულზედ და სხვანი, უკვე საკმაოდ არის გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში, ხოლო კონკრეტული ანალიზი კი ძალიან იშვიათი ხილია და ამ ხილის მირთმევით საზოგადოების გულს უფრო მოიგებდა და ჩვენც მადლობას გვათქმევინებდა.

მეორე ძირითადი ნაკლულევანებაც კრიტიკის თვალში გეჩხირებათ… ყოველი კრიტიკა უთუოდ რასმე ახალს უნდა იპყრობდეს, ახალს აზრს, მსჯელობას უნდა განუზიარებდეს მკითხველსა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იგი მხოლოდ გამეორებაა ნათქვამისა, განხილულისა და გამტყუნებულისა, მის წაკითხვის შემდეგ ყველა ამას ამბობს: ეს რა დასაწერი იყოვო. სწორედ ამისთანა ბედი ხვდა “მოკლე განხილვასა”, და ჰხვდა იმიტომ, რომ მასში არის გამეორებული მხოლოდ მცირედი ნაწილი იმ შენიშვნებისა, რომელნიც ამ სამის წლის წინათ გადაღმელმა წარმოსთქვა. თავის დროზედ ჩვენ ეს შენიშვნები ვრცლად განვიხილეთ ორს წერილში, რომელნიც დაბეჭდილნი იყვნენ “ივერიაში” და სადაც ჩვენ, ვგონებთ, გამოვაშკარავეთ მათი უსაფუძვლობა. ჩვენ მოველოდით, რომ ამ გვარს უხეირო კილვაზედ ხელს აიღებდენ და არც თვითონ შეიწუხებდენ თავს და არც ჩვენ დგვაკარგვინებდნენ დროსა. მაგრამ მოვსტყუვდით. ახლანდელს ჩვენს კრიტიკოსებს სრულიად საჭიროდ არ მიაჩნიათ გაცნობა იმ ბაასისა და მსჯელობისა, რომელიც წინედ გამართული იყო ამ საგნის თაობაზედ, რაზედაც მათ კრიტიკის დაწერა სწადიანთ.

უჩინარი კრიტიკოსი, ჩამდგარი გადაღმელის კვალში, ძლიერ გვიწუნებს ასოების რიგსა. რად? მიტომ, რომ გენეტიურს მეთოდს არ ეთანხმება ასოების დაწყობილობა “დედა-ენაშიო”, მაგრამ თვით საუკეთესო რუსულს და ევროპულს ანბანებში განა ეს მეთოდი სუფევს და მას აქვს მთლად დამორჩილებული რიგი ასოებისა? სრულიადაც არა. აბა გადაათვალიერეთ სამაგალითო “Русское слово” და ბუნაკოვის ანბანი, რომელიც უშინსკის წიგნის შემდეგ უკეთესს სახელმძღვანელოდ ითვლება და თქვენ აშკარად დაინახავთ, რომ ერთის დალაგება ასოებისა ძალიან ბევრში ეწინააღმდეგება მეორისასა და ორივენი დიდმანძილზედ არიან დაშორებულნი გენეტიურის მეთოდის მოთხოვნილებაზედ. აი რა რიგზედა აქვს ასოები დაწყობილი უშინსკისა: о, с, и, ы, у, в, е, л, ш, й, я, н, г, м, п, д, ц, з, р, к, х, б, ж, ч, щ, ф. ბუნაკოვი მისდევს სრულიად სხვა რიგსა, სახელდობრ: у, т, к, а, е, л, п, с, о, р, м, я, в, д, ы, ч, ъ, ю, ж, г, з, н, б, х, ш, щ, ф.

ამასთანავე დიდი განსხვავება გეცემათ თვალში ვოდოვოზოვის, პაულსენის, ბარონ კორფის და სხვა ცნობილი პედაგოგების ანბანებში. რად ხდება ესა? იქნებ გენეტიური მეთოდი ისეთი სიბრძნე იყოს, რომ ამ ნიჭიერ პირთ ვერ შეუგნიათ აქამდის? სრულიადაც არა. ყველა ამ პირთაგანი ორი წამის განმავლობაში დაგილაგებდათ და დაგილაგებთ ასოებს გენეტიურს სისტემაზედ. მაშ რატომ არ ემორჩილებიან მას? მიტომ, რომ გენეტიური მეთოდი უნდა განუზიარებლად, მთლად უფლებდეს მხოლოდ ანბაზედ დამოუკიდებელს დედანში, რომლის ერთ-ერთი საგანი წერის სწავლებაა. ანბანისა და პირველი საკითხავი წინგებისათვის კი წერა მხოლოდ ერთი დანიშნულებაა სხვათა დანიშნულებათა შორის.

ახლანდელს მეთოდზედ შედგენილი ანბანი მისდევს ჯერედ საგნების შესწავლასა, მერმე კითხვისასა და ბოლოს წერისასა. ხშირად, რაც წერისათვის სასარგებლოა, ის საგნების ჯეროვანს რიგზედ შესწავლასაც ეწინააღმდეგება და კითხვის პროცესსაც აძნელებს. ადგილი, რომელიც ასომ უნდა დაიჭიროს გონივრულად შემუშავებულს ანბანში, დამოკიდებულია იმაზედ, თუ რავდენად საჭიროა ეს ასო მოხერხებული სურათისათვის, რავდენად ადვილია გამოსათქმელად და შესაერთებლად სხვა ასოებთან, რავდენს მასალას აძლევს სიტყვებისა და ფრაზების შესადგენად, რავდენად ადვილია საწერად და სხვანი.

ავიღოთ მაგალითად ასო ყ; წერის სიადვილეს თუ მივაქციეთ ჩვენი მთელი ყურადღება, ეს ასო სულ თავში უნდა მოვაქციოთ, მაგრამ ამას ვერას გზით ვერე მოახერხებთ, ჯერ იმიტომ, რომ მისი გამოთქმაქ ხამს ბავშვებს ძლიერ უძნელდებათ, უძნელდებათ აგრეთვე მისი შეერთება სხვა ასოებთან, მერმე იმიტომ, რომ ამ ასოს შემწეობით და იმ ასოების ხმარებით, რომელნიც საწერად ადვილნი არიან, თქვენ ვერ შეადგენთ რომელიმე ცნობილი საგნის სახელსა და ვერც მისცემთ მოხერხებულს სურათსა საგნის შესასწავლად, – ბოლოს იმიტომ, რომ, თუ მომეტებული ნაწილი ასოებისა გათავებული არა გაქვთ, თქვენ ვერ შეადგენთ ამ ასოს შემწეობით საკმარისს სიტყვებსა და ფრაზებსა სავარჯიშოდ კითხვაში. ამიტომ იძულებული ხართ ასო ყ ან შუაში მოაქციოთ და ან სულ ბოლოში გადაიტანოთ.

რომ კრიტიკოსს დაახლოებულად არა აქვს გაცნობილი ის მოთხოვნილებანი, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს რიგიანად შედგენილი ანბანი, ცხადად სჩანს ყოველი მისი კონკრეტული შენიშვნებიდგან შესახებ ასოების სიადვილე-სიძნელისა და ადგილისა, რომელიც მათ უნდა ეჭირათ. ჩვენს ანბანში მეორე ადგილი უჭირავს ასოს ხ. მესამე ასოს ს. ეს მას არ მოსწონს და ამბობს, რომ მეორე ასოს პირველის ადგილი უნდა ეჭიროსო და პირველ ასოს მეორის ადგილს უნდა იქმნასო გადმოსული, რადგანაც საწერად ს უფრო ადვილია ხ-ზედაო. ასო ხ რომ უწინდებურად იწერებოდეს, ჩვენი მობაასეს მოსაზრებას საფუძველი ექნებოდა, მაგრამ ეხლა ეს ასო ჩვენ დედანშიაც, გაბიჩვაძისაშიაც და სხვაგანაც ისე იწერება, რომ მარჯვნივ ნახევარ რგოლით თავდება; ასო ს-ს კი მარჯვნივ მრუდე რკალი აქვს, – და რადგანაც რგოლის წერა უფრო ადვილაი მრუდე რკალზედ, ამიტომ ხ უფრო ადვილ საწერად უნდა ჩაითვალოს. ესეც რომ არ იყოს, ს მეორე ადგილს ვერ მივსცემდით, რადგანაც იმისთანა ადვილ ასოსთან შეერთებით, როგორიც არის ე, თქვენ ვერ შეადგენთ რეალურის, დასახატავი საგნის სახელსა, ხ-ს ხმარებით კი სდგება იმისთანა მარჯვე სიტყვა, როგორც ხე.

არც კ და ვ შესახებ არის შესაწყნარებელი კრიტიკოსის მოსაზრება. ჩვენ ანბანში პირველი ასო წინ უძღვის მეორესა. ეს არ მოსწონს მას და ადგილის ცვლას თხოულობს, რადგან მეორე ასოს დაწერა უფრო ადვილად მიაჩნია, ვიდრე პირველისა. თუმცა ეს შედარებითი სიადვილე ფაქტია, მაგრამ ადგილის ცვლაზე ვერ დავეთანხმებით ჯერ იმიტომ, მასვე გაებუტება გენეტიკური მეთოდი, რადგანაც რთული ასო წინ მოექცვა უფრო მარტივსა, რომელიც პირველის ელემენტს შეადგენს, მერმე იმიტომ, რომ კ კაფიოდ გამოთქმისათვის ბევრად ადვილია ვ-ზედ და ადვილადვე უერთდება, უკავშირდება ყოველს გვარს ასოსა, კითხვის პროცესს აადვილებს, და ბოლოს, იმიტომ, რომ ეს ისეთი დალოცვილი ასოა, რომ რომელ ხმოვან ასოებთაგანაც გინდა დააკავშირო, ყოველთვის რაიმე სიტყვა გამოვა, რის გამოისათაც მდიდარს მასასალას იძლევა საკითხავად.

უფრო კიდევ უსაფუძვლოა კრიტიკოსის აზრი შესახებ ასოსი ზ; ეს ასო მას მიაჩნია ისე ადვილ საწერად, რომ მეცხრე ადგილი, რომელიც მას უჭირავს დედა-ენაში, შეუფერებლად მიაჩნია და ითხოვს მის გადატანას უფრო კიდევ თავში. ყოველი ცოტაოდნად გამოცდილი მასწავლებელი დაგვეთანხმება, რომ თუ ამ ასოსათვის ადგილის ცვლა საჭიროა, იგი უნდა გადატანილ იქნას ქვემოდ, ზემოდ კი მისი გადმოტანა საფიქრებელიც არ არის…

მართალია ჩვენი ანბანის დაწყობილობაში რაოდენიმე ასო, გამოხატულობით მზგავსი, ერთმანეთს დაშორებულია, მაგრამ აბა შეადარეთ უშინსკი და ბუნაკოვის დაწყობილება ჩვენსასა და ნახავთ, რომ იქ უფრო ხშირია ეს დაშორება მზგავსი ასოებისა და ამასთან იშვიათად არ უძღვის წინ რთული ასო მარტივსა, რომელიც პირველის ელემენტს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მათი ანბანის უხეირობის დაჟინებული ქადაგება არავის ჭკუაში არ მოსდით. ჩვენ კი სწორედ გაცვითეს ჟურნალ-გაზეთების ფურცლები ამდენი წვრილმანი კილვით და კიცხვითა.

ჩვენი კრიტიკოსი ბრძანებს, რომ ზოგიერთა გამოუცდელს მასწავლებელს გოგებაშვილი ავტორიტეტად გაუხდიათ, ბრმად ემორჩილებიან მის ასოების სისტემასა და ამის გამო ერთი სამად მეტს დროს ახმარებენ ანბანის შესწავლასაო. აქ რამდენიც სიტყვაა, იმდენს შეცდომას იპოვნით. თუ ჩვენი შრომა ვისმე დაუფასებია, ესენი უთუოდ ყოფილან განვითარებულნი და გამოცდილნი პირნი; წინააღმდეგ ამისა, თუ ჩვენი წიგნები ვისმე უსაფუძვლოდ უკილავს, ეს ყოველთვის ჩაუდენიათ გამოუცდელს, ახლად სკოლის სკამიდგან გადმოსკუპულს მასწავლებლებს. გაიხსენეთ, ვინ არის ერთის მხრით, მაგალითად, ბატ. გიორგი იოსელიანი და მეორეს მხრით გადაღმელი, ქუთათური ბორა და სხვანი და თქვენ აშკარად დაინახავთ, რომელს კაპმანიას აძლევთ ბანსა, რომლის დასში ერევით.

აგრეთვე, ერთი სამად უძნელდებათ ანბანის შესწავლა სწორედ იმ სკოლებში, სადაც მოქმედებენ გამოუცდელნი მასწავლებელნი, რომელთაც მხოლოდ თავისი თავი მიაჩნიათ ავტორიტეტად და ასოების უაზრო გადასკუპ-გადმოსკუპებით ჰსურთ დაამტკიცონ თავიანთი მსჯელობა დამოუკიდებლობა, და მართლაც ამტკიცებენ, მაგრამ ამას კი არა, ბერნეს აფორიზმის სიმართლეს: უმეცრებაზედ მამაცი არაფერი იქნება ქვეყანაზედაო. გაიცანით, მაგალითად, წინამძღვრიშვიის სკოლის მასწავლებლის მოქმედების ნაყოფი “დედა-ენის” შესახებ, ერთის მხრით და მეორეს მხრით, ერთი თბილისელი მასწავლებლის მოქმედება, რომელიც სიზმარსიაც კი თურმე “დედა-ენას” კიცხავს და ასოების ქარაფშუტული გადასკუპ-გადმოსუპებით ილაჯს უწყვეტს ბავშვებსა. თუმცა პირველი ბევრი დაბრკოლებით არის გარემოცული, მეორეს კი უკეთესი პირობანი ახვევია გარს; მაგრამ წინამძღვრიანთკარში ერთს წელიწადს თითქმის ათავებენ “დედა-ენას” ყოველივე ვარჯიშობით, მაშინ, როდესაც თბილისში ორს წელიწადსაც ვერ ასწრებენ.

კრიტიკოსმა “დედანსაც” გადაჰკრა და ერთი დიდი შეცდომა აღმოაჩინა, სახელდობრ ისა, ვითომც ჩვენ ორმოც ელემენტად დაგვეყოს ქართული ანბანი. ეს ტყუილი დაწამება მოუხდა იმიტომ, რომ ასოების ნაწილები, რომელიც ჩვენს დედანში არის მოქცეული მესამე გვერდის ბოლოს, საერთო ელემენტებად ჩაუთვლია. ნამდვილად კი საზოგადო ელემენტები პირველს სტრიქონში (რგოლამდის) არიან მოქცეულნი და მათ შემდეგ მისდევს ნაწილები ყოველი ასოებისა იმ განზრახვით, რომ მასწავლებელს გაუადვილოთ ნაწილებად დაშლა ყოველი ასოსი მისი წერის სწავლების წინა. ეს ნაწილები უკეთესი იქნებოდა მოქცეულიყო თვითეული ასოს წინ და არა ელემენტებთან ყოფილიყო მოთავსებული, მაგრამ ერთმა მექანიკურმა დაბრკოლებამ შეგვიშალა ხელი. რაც შეეხება კრიტიკოსის აზრსა, რომ ქართულს ანბანში ათი-თერთმეტი ელემენტიაო, ესეც შეცდომაა. თუ, როგორც რიგია, სათვალავში ჩავაგდებთ მხოლოდ უმთავრესს ელემენტებს, აღმოჩნდება მხოლოდ ხუთი ელემენტი: რკალი, რგოლი, სწორე ხაზი, ალმაცერი ხაზი და მრუდე ხაზი. თუ წვრილმანს, განსხვავებულს ნაწილებს ასოებისას გამოუდგებით და ელემენტებად ჩათვლით, მაშინ ეს სიმდიდრე ძლიერ იმატებს და ოცზედ მეტს ელემენს შევიძენთ.

პირველ საკითხავს წიგნის მასალას, შინაარსს თუმცა იწონებს კრიტიკოსი, მაგრამ იმავე წუნსა სდებს, რასაც გადაღმელი აბრალებდა. იგი სწამებს უსისტემობას, რიგზედ დაულაგებლობას. ჩვენ პასუხში, რომელიც გამოწვეულ იქმნა გადაღმელის წერილით, ვრცლად ავხსენით ის რიგი და წესი, რომელსაც ემორჩილება პირველი საკითხავი წიგნი და განვმარტეთ ის საფუძველნი, რომელზედაც არის დამყარებული მისი სისტემა. მოკლედ გამეორება გვრცლად ნათქვამისა ჩვენ მომაბეზრებელ რათმე მიგვაჩნია მკითხველებისათვის და ამიტომ ბაასს ამ საგანზედ აღარ ვაახლებთ. ვიტყვით მხოლოდ, რომ “დედა-ენაში” მიღებულია იგივე სისტემა, რომელზედაც არის აშენებული უშინსკის წიგნი და შვეიცარიის პედაგოგის შერისა, რომლიდგანაც უშინსკის აქვს გადმოღებული არა მარტო სისტემა, არამედ თვით შინაარსის ბლომა ნაწილიც, თუმცა ეს გარემოება არავის არ უშლის აღიაროს “Русское слово” თავისებურ ნაცნიონალურ ნაწარმოებად. მართალია, ჩვენ არა ერთი ცვლილება შევიტანეთ ამ სისტემაში, მაგრამ ვგონებთ, რომ ამ ცვლილებებით სისტემა უფრო დავუახლოვეთ ჩვენი სკოლის მოთხოვნილებათა.

კრიტიკოსი არ გასჯილა და არ გამოურკვევია, თუ პირველ საკითხავ წიგნებში რად არის ერთად არეული, მოთავსებული გრძელი ზღაპრები და პატარა მოთხრობები და რატომ თავში სულ ერთად არ არიან მოქცეულნი უკანასკნელნი და პირველნი მოგროვილნი არ არიან სულ ბოლოში. ეს ხდება ჯერ იმიტომ, რომ ხშირად ორ სტრიქონიანი ლექსი და მოთხრობა ბევრჯერ ძნელნი არიან შეინაარსით ათ სტრიქონიან ლექსებსა და მოთხრობებზედ, და მერმე იმიტომ, რომ პირველი საკითხავი წიგნის დანიშნულება არის არა მარტო კითხვის პროცესის სწავლება, არამედ მრავალ მხროვანი განვითარება ბავშვის გონებისა და გრძნობისა. ამ გვარის წიგნის შინაარსმა და სისტემამ უნდა დააკმაყოფილოს ბევრგვარი მოთხოვნილებანი, რომელნიც ხშირად სცვლიან წიგნის დაწყობილობას კითხვის პროცესის მიხედვით. ამ მოთხოვნილებათა გამორკვევას ჩვენ ეხლა ვერ შევუდგებით ჯერ იმიტომ, რომ შორს წავა საქმე და მესამე წერილს მოითხოვს, მერმე იმიტომ, რომ ცვენ ამ საგანს უკვე შევეხეთ ხსენებულ წერილში. ვიტყვით მხოლოდ, რომ თუ ჩვენი მკითხველები გულიანად გადაათვალიერებენ უშინსაკის წიგნსა, რომელსაც იგინი სამაგალითო რათმე სთვლიან სისტემის მხრითაც, ცხადად დაინახავენ, რომ ხშირად წინედ არის მოქცეული უფრო გრძელი და რთული ლექსები და მოთხრობები და შემდეგში უფრო ადვილნი საკითხავად, ამასვე შეხვდდებიან სხვა საუკეთესო პირველ საკითხავს წიგნებშიაც. ეს გარეგანი “უსწორ-მასწორობა” სრულიადაც არ უშლით შეგნებულს მასწავლებელს ჩინებულად აწარმოვონ საქმე. იგინი სხვა-და-სხვა გვარად ხმარობენ ამ “უსწორმასწორო” მასალასა: გრძელ საკითხავებს ჯერ თვითონ კითხულობენ კლასის წინაშე, მერმე შინაარსს უამბობენ და ამით აჩვევენ ნიმუშს, მაგალითს კანონიერ კითხვისასა და შინაარსის გადაცემისასა, და ბოლოს, როცა მოსწავლეებს კარგად შეათვისებინებენ მოთხრობას, თუ ლექსსა, კითხვას მაშინ დააწყებნებენ. ასე უადვილებენ კლასსა გრძელს საკითხავებსა. მოკლე და ადვილ საკითხავებს კი კლასი თვითონ კითხულობს, თვითონ იგებს მისს შინაარსსსა და თვითონვე გამოხატავს მას თავისი სიტყვით, რასაკვირველია, მასწავლებლის დახმარებით.

აქ საჭიროდ ვრაცხათ შევნიშნოთ, რომ ის სისტემა, ის დალაგება შინაარსისა, რომელიც ჩვენს კრიტიკოსს იდეალურად მიაჩნია, ჩვენ უკვე განვახორციელეთ ათი წლის წინედ საოჯახო ანბანში და პირველ საკითხავ წიგნში. მაგრამ არამც თუ სკოლა, თვითონ ოჯახობაც ზედ ელალება “დედა-ენასა” და ნაკლებათ ეპიტნავებათ ეს “იდეალურ” სისტემაზედ შედგენილი წიგნაკი, თუმცა იგი პირველზედ სამჯდერ იაფი გახლავთ.

კრიტიკოსის მსჯელობის უსაფუძვლობას ჩვენ უკეთ დავინახავთ მისი კონკრეტული შენიშვნების გასინჯვით.

იგი თავდაპირველად იწუნებს პირველს ადგილზედ დაბეჭდილს ხალხურს სიმღერას (“მოდი ვნახოთ ვენახი”) სიძნელის გამო და თითქმის ასო-ასოდ იმეორებეს გადაღმელის სიტყვებსა. აი რა პასუხი გავეცით თავის დროზედ ამ საგნის შესახებ: “თუ მკითხველს წაუკითხნია ეს ლექსი, დაგვეთანხმება, რომ იგი სწორედ საგანგებოდ პირველი წიგნის დასაწყისისათვის შეუთხზავს ჩვენს ხალხსა. ეს ლექსი მარტივია უკანასკნელს ხარისხამდის. ყველა მუხლი მეტად მოკლეა, შედგება მხოლოდ სამი სიტყვისაგან, ნიშნავს მთავარ წინადადებასა და სრულს აზრს ჰხატავს, ისე, რომ აზრის გასაგებად ბავშვისათვის საჭირო არ არის შემდეგი მუხლის ამოკითხვას დაუცადოს. ლექსი ცოტა გრძელია, მაგრამ ერთი და იგივე სიტყვების გადაბ-გადმობმით არის შემდგარი. პირველს ოთხს მუხლიან ხანაში ბავშვი შეხვდება მხოლოდ ექვსს სხვა-და-სხვა სიტყვასა, ყველა შემდეგი ხანები ამავე სიტყვებიდგან არის შემდგარი მხოლოდ თითო თითო სიტყვის მიმატებით ყველა ოთხს სტრიქონში. ამიტომ საკითხავად მეტად ადვილია ბავშვებისათვის, ისე ადვილია, რომ მათ თვითონვე უკვირთ, თუ როგორ კითხულობენ ასე ადვილად პირველსავე დასაწყისში, და ძალიან ხალისი ეძლევათ. რაც შეეება შინაარსს, ლექსში იხატება საგნების და ცხოველების ერთმანეთზედ დამოკიდებულება იმისთანა მარტივის მახვილობით, რომ ბავშვი სრულს აღტაცებაში მოდის. ამას დაუმატეთ მარტივი საბავშვო ჰაგნი, რომელზეწდაც მხოლოდ ეს ლექსი იმღერება და თქვენ ადვილად დამეთანხმებით, რა ზედ-გამოჭრილი და მარჯვე რამ არის ეს ჩვენი ხალხის ნაწარმოები წიგნის დასაწყისისათვის”.

მართალია ჩვენ ეს ლექსი ათი წლის წინედ პატარა საოჯახო ანბანში ცოტა ქვევით ჩავწიეთ, მაგრამ ეს სიძნელის გამო კი არ მოვახდინეთ, იმიტომ, რომ ბევრს მშობლებს ჭკუა თვალში აქვთ და საკითხავის სიადვილეს და სიძნელეს ზომავენ სტრიქონების ნაკლებობით და სიმრავლით. მაგრამ რაც უსწავლელს მშობელს მიეტევება, ის სათაკილო უნდა იყოს მასწავლებლისათვის, რომელსაც უნდა კრიტერიუმად ჰქონდეს არა გარეგნობა საგნებისა, არამედ მათი შინაგანი გარემოებანი…

პირველ ადგილზედ დაბეჭდილს გრძელს სიმღერას მისდევენ პატარა ორ-სტრიქონიანი ლექსები და მოთხრობები, რომლებიც მეტად საადვილოდ მიგაჩნიათ; მაგრამ აბა დაკითხეთ გამოცდილს მასწავლებლებს და ისინი ერთხმად გიპასუხებენ, რომ ეს მეტად მოკლე საკითხავნი სიადვილით უკან ჩამოუვლენ პირველს გრძელს საკითხავსა.

კრიტიკოსი უკმაყოფილოა იმ ადგილითაც, რომელიც “დედა-ენაში” უჭირავს ხალხურს ზღაპარსა: “რწყილი და ჭიანჭველა”, მაგრამ თვითონვე ამტყუნებს თავის მსჯელობას შემდეგი სიტყვებით: “ვერ წარმოიდგენს კაცი, ბავშვები რა აღტაცებაში მოდიან “რწყილი და ჭიანჭველას” წაკითხვით და კუდა მელიის ამბის მოსმენითა”. კიდევ უფრო მეტს სიამოვნებას გამოივლიდენ ბავშვები, თუ გრძელი ამბავი რწყილსა და ჭიანჭველაზედ ჯერ მოესმინათ მასწავლებლისაგან და მერმე წაეკითხათ, მოკლე მოთხრობა კი კუდა მელაზედ პირ-და-პირ წაეკითხათ და თავის სიტყვით ეამბნათ მასწავლებლისათვის.

სხვა რამესაც გვაბრალებს კრიტიკოსი. მისი აზრით, იმ სახალხო მასალიდგან, რომელიც “დედა-ენაშია” მოქცეული, “საუკეთესო სახელმძღვანელო შესდგებოდა”, მაგრამ შემადგენელს კარგად არ გაურჩევია ხალხის ნაწარმოებნი და ჩინებულებში მახინჯი რამეებიც გაურევიაო. თავის მსჯელობის გასამართლებლად მას მოჰყავს მხოლოდ ერთად ერთი მაგალითი, სახელდობრ “ფეხ მოტეხილი კურდღელი”, რომელიც მას უმახინჯეს რათმე მიაჩნია. იგი ამბობს: “არ ვიცი ამ ლექსზედ უარესს ხალხის ნაწარმოებს კიდევ შეხვდება მკითხველი!” მაგრამ აი რა: ამ ლექსს ბავშვები სრულიად სხვა თვალით უცქერიან და მათთვის იგი შეადგენს სასიამოვნო რასმესა. ვინ არის მართალი? რასაკვირველია, ბავშვები. პირველად, ეს ლექსი სახალხო ლექსია და, მაშასადამე, ძველი, ნაცნობი, რომლის შეხვედრა და უფრო ახლო გაცნობა ბავშვისათვის საამურია; მეორედ, იგი ზედ შეხორცებულია ერთს სახალხო ჰანგთა, რომელიც იმისთანა ჩინებულმა მუსიკის მცოდნე პირებმა, როგორიც არის ბატ. მიროპოლსკი, მეტას საუცხოვო რათმე ჩასთვალეს, და რომელიც ბავშვებს გაგიჟებით უყვართ, – შეხორცებულია ისე, რომ როდესაც გსურთ ათქმევინოთ პატარას, თუ დიდსა ეს ჰანგი, უთუოდ უნდა უთხრაო იმღერე “კურდღელი ჩამოცანცალდა”; მესამედ, ეს ლექსი ბავშვის ლექსიკონს ამდიდრებს ერთი ლამაზი სიტყვით – “ჩამოცანცალდა”, რომელსაც იგი პირველი წლის განმავლობაში ვერც ერთს ლექსში და მოთხრობაში ვერ შეხვდებოდა. მეოთხედ, ლექსი შეიცვას არა დაცინვას, არა ვისიმე სიძულვილს, არამედ უბრალო, უმანკო ხურმობას კურდღლის და ვაჭრის შესახებ, ხუმრობას, რომელიც ისე აღვიძებს და ახალისებს დიდისა და პატარის გონებასა.

არა ნაკლები უსაფუძვლობა მოსდის კრიტიკოსს, როდესაც ამბობს, რომ ლექსი: “შავარდენი და მტრედი” საწვალებელი რამეა როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასაწვლებლებისათვისო. რუსული ლექსი, რომლის მიბაძვას შეადგენს “შავარდენი და მტრედი”, ითვლება ერთ საუკეთესო საბავშვო ლექსად. ჩვენი ლექსი გარეგანი ფორმით ვერ შეედრება მას, მაგრამ შინაარსით კი, ვგონებთ, უფრო აღმზრდელი, პედაგოგიური თვისება აქვს, რადგანაც ჰხატავს არა მარტო იმას, თუ როგორ გამოუდგა შავარდენი მტრედსა, როგორ დაიჭირა, როგორ მოხდო მისი ბურტყალი ცაში და როგორ შეღება მისი სისხლით მუხა, არამედ იხსენიებს მტრედის დედობრივს წუხილსა, რომელიც სიკვდილის დროსაც კი ივიწყებს თავის თავსა და ნაღვლობს თავის ბარტყების დაობლებაზედ. ამასთან ამ ლექსში ცეზურა ისევე სასტიკად არის დაცული, როგორც ლექსში “ნადირობა”, რადგანაც ყოველი ოთხი მარცვალი, შეადგენს ცალკე ტაეპს, რის გამოისათაც ხოროთი საკითხავად მეტად მოხერხებული ლექსია.

ბოლოს კრიტიკოსი გვიწუნებს ჩვენს ნაბაძ და ნათარგმნს ლექსებს. არა ერთხელ გვიღვიარებია ბეჭვდითაც და პირადათაც, რომ უკმაყოფილონი ვართ მათი გარეგანი ფორმითა, მაგრამ ეს ლექსები შევიტანეთ “დედა-ენაში” მათი განსხვავებული შინაარსის გამო და იქამდის ვერ გამოვტოვებთ მათ, ვიდრე ჩვენი ნიჭიერი პოეტები ამგვარსავე შინაარსის ლექსებს არ აჩუქებენ ჩვენ ლიტერატურასა. რაში მდგომარეობს ეს განსხვავებითი შინაარსი?

ბავშვების აღზრდაში თანაბარი მნიშვნელობა აქვს ორსავე ელემენტსა: დრამატიულსა და პლასტიკურსა. ჩვენი ხალხის გონებრივი ნაწარმოები მეტად მდიდარია პირველი ელემენტით, რაც აიხსნება იმით, რომ ჩვენი ისტორიული ცხოვრება დაუსრულებელი დრამაა. ამიტომ დრამატული შინაარსის ლექსების უხვად შეტანა საბავშვო წიგნში ძალიან ადვილია. მაგრამ პლასტიკური, აღწერილობითი ელემენტი ძლიერ ნაკლებად შეგვხვდებათ ჩვენი ხალხის ნაწარმოებში, მეტადრე იმისთანებში, რომელნიც თავისი სიმარტივით გამოსადეგნი არიან ბავშვისათვის. ჩვენ პოეტების ნამოქმედარშიც ვერა ჰპოებთ საბავშვო პლასტიკურს ლექსებსა, რუსული პოეზია კი, ღარიბი დრამით, მდიდარია პლასტიკით; რუსულს საბავშვო წიგნებში ბლომად შეხვდებით პატარა ლექსებსა, რომლებშიაც საგნები პოეტურად არიან აწერილნი. ამგვარი ლექსები, სხვათა შორის, მშვენიერს მასალას აძლევენ მასწავლებელსა ესრედ წოდებული განმარტებითი კითხვისათვის (объяснительное чтение). ჩვენ ამოვარჩიეთ ზოგიერთი ამგვარი ლექსები და ზოგი გადმოვთარგმნეთ, ზოგი გადმოვაკეთეთ. რასაკვირველია, ათასჯერ უკეთესი იქმნებოდა, რომ რომელსამე ჩვენს პოეტს ეკისრნა ეს შრომა და მშვენიერს პოეტურს ფორმაში განეხორციელებინა ხსენებული ლექსების შინაარსი. მაგრამ, როგორც კარგად მოგეხსენებათ, პოეტებს საზოგადოდ ახირებული ბუნება აქვთ, მხოლოდ ზენა ჩაბერილებით თხუზავენ და “ზაკაზით”, შეკვეთით რისამე გაკეთება ჭირივით ეჯავრებათ. მოდით ამ მდგომარეობაში და ნუ იკისრებთ უნებლიედ მელექსეს თანამდებობის დროებით აღსრულებასა!

ჩვენი კრიტიკოსი ვალად გვადებს “დედა-ენის” შემდეგი გამოცემა იმდენად შევამოკლოთ, რომ მისი გათავება ერთს წელიწადს შეიძლებოდეს. ჩვენ ეს მოთხოვნილებაც ყოვლად შეუსაბამოდ მიგვაჩნია და მისი დაკმაყოფილება მავნებლად. თუ წიგნს სიდიდე ფასს უმატებს, მხოლოდ მაშინ შეიძლება ვისურვოთ მისი შემოკლება-გაიაფებისათვის, მაგრამ თუ წიგნს იმოდენივე ფასი აქვს, რაოდენიც მასთან შეფარდებულს წიგნებს უცხო ენაზედ, სიდიდე ნამდვილს ღირსებად უნდა ჩაითვალოს: “დედა-ენა” სივრცით, შინაარსით სჭარბობს “Русское слово”-ს ერთ ნახევრობით; ფასი კი იმოდენავე აქვს. მისი შემოკლება ჩვენი პიროვანი ინტერესისათვის კარგი იქნებოდა, მაგრამ არ ვამოკლებთ, რადგანაც ძლიერ საჭიროდ და სასარგებლოდ მიგვაჩნია დიდი სივრცე, შინაარსის სხვა-და-სხვაობა ყოველი ქართული საკლასო წიგნისათვის. არას დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ძლიერ ძნელია, თითქმის შეუძლებელია შეკრიბო იმისთანა შინაარსი, რომელიც ყველა საქართველოს კუთხისათვის ერთნაირად საინტერესო იყოს. ხშირად საინტერესო ერთი ადგილისათვის, უინტერესოა მეორისათვის, უინტერესო მესამე ადგილისათვის, ინტერესით სავსეა მეოთხისათვის. ყველას შენიშნული აქვს დიდი განსხვავება ამ მხრით ქალაქისა და სოფლების ბავშვების შორის. რაზედაც ზედ ელალებიან სოფლელი ბავშვები, ქალაქელები იმას ხშირად აბუჩად იჭერენ, რაც უადვილდებათ პირველებს, ის ხშირად უძნელდებათ მეორეებს. მასწავლებელთ შორისაც არ არსებობს თანხმობა ამ საქმეში, ხშირად ერთი მასწავლებელი მშვენივრად ხმარობს მიზანის მისახწევად რომელსამე ლექსსა ანუ მოთხრობასა, მაშინ, როდესაც მეორეს იგი უსარგებლოდ მიაჩნაი – უყურადღებოდ სტოვებს, და მარჯვედ სარგებლობს იმ მასალით, რომელსაც პირველი უარჰყოფს. ამიტომ რავდენადაც მდიდარია რომელიმე საკითხავი წიგნი სხვა-და-სხვა მასალით, შინაარსით, იმდენად უფრო ადვილად დააკმაყოფილებს ყოველი კუთხის, ყოველი ადგილის და ყოველი მასწავლებლის მოთხოვნილებასა, და უფრო შეუფერხებლად მიახწევს თავის მიზნამდის.

ამასთან უნდ ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი ქართული ენის განსაკუთრებითი მდგომარეობა. მას ჩამორთმეული აქვს საგნობრივი ენის უფლება, – საგნები, მეცნიერებანი ისწავლებიან სხვა ენაზედ; როგორც კერძო საგანსაც ქართულს ენას მოზომილი აქვს ძალიან ვიწრო ადგილი, ისიც სადღაც სხვა საგნების ბოლოს. რა სამწუხარო შედეგი მოსდევს ამ მდგომარეობას, ვიცით ყველამა. ერთი მარჯვე ღონისძიება ამ შედეგის შესუსტებისათვის არის – გვქონდეს ვრცელი, შინაარსით მდიდარი საკითხავი წიგნები, რომელნიც საკმარისს მასალას იძლეოდნენ არა მარტო საკლასო ვარჯიშობისათვის, არამედ თავისუფალ დროს საკითხავადაც.

ჩვენ არამც თუ “დედა-ენის” შემოკლებას არა ვფიქრობთ, გადაწყვეტილი გვაქვს ერთი წლის შემდეგ მეხუთე გამოცემაში მოვაქციოთ სახატავები, საწერები, წერილობითი ამოცანები არითმეტიკიდგან, პაწია ელემენტარული მოთხრობა საღმრთო ისტორიიდგან სურათებით, ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც მთელს პირველს წელიწადს საჭიროა ბავშვისათვის, და ამ სახით თავიდგან ავაცილოთ სკოლებს სახატავების კრების, დედნის და საწრი არითმეტიკის სყიდვა. ეს შევსება ფასის შეუცვლელად, უნდა მოგვეხდინა მეოთხე გამოცემაში, მაგრამ წინ გადაგვეღობა ჩევნი დედანის დაგვიანება, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში უნდა დაბეჭდილიყო და წლევანდელს ზაფხულამდის გაყიდულიყო, ის კი არა – მარტო მისმა ბეჭდვამ სამი წელიწადი მოინდომა.

კრიტიკოსი აპირებს სხვა წიგნების გარჩევასაც “დროებაში”, სხვა პერიოდულ გამოცემებისთვინაც მზადდებიან ამგვარი სტატიები საღერღელ აშლილს კრიტიკოსებისაგან. ყველას რომ ცალ-ცალკე გავებაასოთ, შორს წავა საქმე; ამიტომ ნურას უკაცრავად, თუ ჩვენ მოვიცდით იმ დრომდის, როცა ყველანი მთლად გამობერტყენ სათქმელსსა და მაშინ საერთო პასუხს გავცემთ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button