პოეზია

შოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი: ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი

შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი:
“ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი,
შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”.
მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი.

იტყვის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა;
მან არ იცის, რა მჭირს, ანუ სულ-დგმული ვარ ვისგან ვინა;
უმისოდმცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე, ნუცა შინა!
რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!

“თუცა მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს,
ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს;
გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უობს,
არას კაცსა არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების, ქსუობს.

“სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:
პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,
მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა,
გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

“რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა!
აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა.
რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა;
შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.

“აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე,
სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე;
სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე,
სამსახური აქანამდის, კვლა გავლენა გააკვლადე.

“მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების,
ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების!
შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების;
პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების”.

ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი;
მოახსენა: “მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი!
მაგრა რა ვქმნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი!
წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი.

“ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი?!
ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი?!
დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი?!”
ყმამან უთხრა: “ვერ წაგიტან რაზომსამცა ცრემლსა ჰღვრიდი.

“შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა,
მაგრა საქმე არ მოხდების, ჟამი ასრე დამემტერა!
ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდევ ვინმც მეფერა?!
გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერა, ვერა!

“თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად;
არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად?
გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად!
ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად!

“რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს;
არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს.
ხამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს.
მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.

“მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად,
ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად;
ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად!
მას თუ დავთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?!

“აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა;
შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა.
მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა,
ამას ზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა”.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button