პოეზია

შოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი: მისლვა ავთანდილისაგან ფრიდონისას

ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა;
შორით ნახნა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა;
მოიცადა, ჰკითხა: “ვინ ხართ, თქვენ ამისა გნუკევ თქმასა,
ეს სამეფო ვისი არის, ან ჰმორჩილობს ვისსა ხმასა?”

მათ მოახსენეს: “ტურფაო სახით და ანაგებითა,
გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა;
აქამდის მზღვარი თურქთაა, მომზღვრეა ფრიდონ მზღვრებითა;
ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.

“ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა,
მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა;
ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნად მშვენისა,
იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა”.

ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე;
მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე,
რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?”
მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს ზღვისა კიდე.

მოახსენეს: “ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი,
მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მახვილ-ხრმალი;
აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი;
ვა, რად დაგვწვენ უცხომ უცხო, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!”

ყმამან უთხრა: “მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულნი,
ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი!
თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვსხედით, არ საპყრულნი!
ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი”.

კაცნი წავიდეს; დაბრუნდა ყმა გზასა თავის-წინასა,
ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა;
მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა,
ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.

ვინცა გზას ნახნის უცხონი, ჰმსახურებდიან, ჰყმობდიან,
მოვიდოდიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან,
ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან,
გზის ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.

მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა;
მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა,
ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა,
ისრვიან და იზახიან, მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა.

კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა,
უბრძანა: “ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?”
მან უთხრა: “ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა,
იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა”.

მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა,
გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა!
მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა,
ნახვა მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს რხევითა.

მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა;
ყმამან ცხენი შეუტივა, გაამაყდა, არ შეშინდა,
შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა,
გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა

იგი რა ნახეს მესროლთა, სროლასა მოეშლებოდეს,
ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს,
იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს,
ვერცა ჰკადრებდეს: “ვინ ხარო”, ვერცა რას ეუბნებოდეს.

მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა;
ღირსნი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ჰხლებოდა;
მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა.
ფრიდონს უკვირდა: “რა ქმნესო”, მისთა სპათათვის წყრებოდა.

ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახენო ისი სპანი,
რა ქმნეს, ალყა რად მოშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?”
მონა ფიცხლად მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი,
დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.

ავთანდილ ცნა, თუ: “ისია მოამბედ ჩემად რებული.

  • წა, ჰკადრე შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული:
    ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული,
    ძმად-ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული”.

მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად,
უთხრა: “მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად;
ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად;
«ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად»“.

რა ტარიელ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა,
თვალთათ ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა,
მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა;
შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

ფიცხლად ჩავლო იგი ქედი, ჩაეგება ფრიდონ წინა;
რა შეხედნა, მან ესე თქვა: “თუ არ მზეო, ისი ვინ ა?”
მას ჰმეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა;
ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქვევინა.

მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდონ;
თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ;
რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ,
მომკალ, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა, ან გაყიდონ.

ფრიდონისებრნი მოყმენი ვინა ვინ ვით ეგებიან!
მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიხვდებიან;
მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან,
დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა.
დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა;
ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქი-აქათ იქმენ ჯრასა,
თქვეს: “ასეთი ხორციელი შეუქმნია, ნეტარ, რასა!”

ყმა ფრიდონს ეტყვის: “ისწრაფვი, ვიცი, ამბისა თხრობასა,
გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ჰლამი ცნობასა,
ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა,
იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.

“მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით,
დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით,
ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით,
საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

“დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა;
მინდორს ვნახეთ, ტარიელ ჯდა, ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა,
გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა,
ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.

“მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა;
მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა,
ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწა და ზოგთა სული ჰხდებოდა;
მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

“მათ სპათაგან ვერ-შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა,
თვით შესხდეს და შეუტიეს ამაყთა და არას მკრთალთა.
რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა,
ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

“ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა.
მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა.
მე ვერღა გავძელ მისისა ამბისა ვერ-დასტურობა,
გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლისა მურობა.

“იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი.
მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი;
ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი,
შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

“ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია;
მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია;
მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ, არ ახლებია,
ვა ჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ჰხლებია.

“ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი;
ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი,
მიართმევს და იმით არჩენს იგი, ერთგან ვერ-დამდგომი,
მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

“მე უცხოს უცხომ მანატრა მოსმენა სანატრელისა,
მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა.
რა ჭირნი დათმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა,
ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.

“ვითა მთვარე დაუდგრომლად იარების, არ დადგების;
მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდახდების;
არას ნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების.
ვა მე, მისსა მგონებელსა, ვა მას, ვინცა მისთვის კვდების!

“მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა;
შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა;
მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა;
შევიქეც, ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

“დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა.
დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იძახიან მუნ ვასა;
გამოვიპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა,
აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა.

“შენი მან მითხრა ამბავი მისგან ძმობისა შენისა,
აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ – საქებარი ენისა;
გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა,
მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა”.

აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა;
ორნივე სწორად მოთქმიდეს მოთქმითა საქებარითა,
გულ-ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ-დამთმობარითა,
მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა.

ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა,
ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა.
ფრიდონ ტირს, მოთქვამს ხმა-მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა:
“უხანობა და სიცრუვე, ვა, საწურთოსა ფლიდისა!”

ფრიდონ მოთქვამს: “რა შეგასხა, ვერ-საქებო, ვერ-სათქმელო!
ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსმელო,
მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო,
ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!

რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია;
თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია;
შენ უჩემობა ლხინად გიჩნს, მე დია მიმჭირვებია,
ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!”

ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა;
სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა.
ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერ-ფერითა,
მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.

ქალაქს შევიდეს, მუნ დაჰხვდა სრა მოკაზმული სრულითა,
სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა;
მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა!
შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა.

შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი:
იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი;
თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვინმცა ვით თქვა ქება მათი!
ბროლ-ბადახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა,
უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა,
მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა,
მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.

მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა.
გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა,
შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა,
შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.

ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა,
ფრიდონს თანა ნადირობას გავიდის და თამაშობდა,
სწორად ჰხოცდის შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყროდა,
მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.

ყმა ფრიდონს ეტყვის: “გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები:
მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩნს და მით თავსა ვევნები,
მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მწვავს მოუთმენები,
გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები.

“მართალ არს, შენი გამყრელი თვალთათ თუ ცრემლსა ღვრიდესა,
დღეს წარუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა;
დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა;
სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა”.

ფრიდონ უთხრა: “დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის;
ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის;
წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, მტერი შენი დაემხობის,
მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?

“ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი;
თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი,
აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი.
არ წაიტან, გაირჯები ღაწვი-ვარდი ცრემლ-ნადენი”.

მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა,
სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა,
სამოცი ლიტრი წითელი აწონით, არ-ნაკლულითა,
ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.

ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა;
წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა.
აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა,
მოთქვამს: “თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა”.

ზარი მის ყმისა გაყრისა გახდა, მიეცნეს წუხილსა.
მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა;
ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა,
იტყოდეს: “მზესა მოვჰშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!”

ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა,
მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა,
მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,
ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა:

“აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა,
კბილ-თეთრი, ბაგე-ბადახში, სახედავითა შავითა;
ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა,
შორს მნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინველი ჩნდა ვითა”.

მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი,
აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი,
გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი,
ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკლველი ტანი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button