ლიტერატურამოთხრობა

ვაჟა-ფშაველა – შალვას ნანახი ხატი

I

ბუთლას ქოხი მარტოდ-მარტო მოსჩანს ტყეში. ზევით და ზევით რომ აივლიდა ცოტად ამ ქოხიდამ კაცი, საძოვარს ბალახს მოეკიდებოდა. იქ ხშირი ტყე აღარ იყო: ათასში ერთგან თითო-ოროლა არყი და ცირცელი იდგა, მაგრამ ეს ტიტველი ნაწილი მთისა ბალახით და ყვავილებით იყო მდიდარი. ბუთლას ქოხი ისე იყო შამბით და დიდრონის ხეებით დაჩრდილული, რომ მთას, ძლიერაც რომ მოეწადინა, მაინც ვერ დაინახავდა მას, თუმცა კი თავზე დასჩერებოდა. ქოხს კედლები ერთმანეთზე დაწყობილი, გაუთლელი ნახჩებისა (ხეები) ჰქონდა და ზედ ნაქერქალი1 ეხურა. ყველა მთიელი მწყემსი სამთო ქოხს ამგვარად აკეთებს. ქოხს შორიახლოს ჩაუდიოდა მეტისმეტად წმინდა, ანკარა, ცივი, მუდამ მხიარული ხევი. ეს პატარა მდინარე ერთთავად მღეროდა, განუწყვეტლად უგალობდა, უმღეროდა მთას და ტყესა; ჩაჩხრიალებდა ყვითელს, გალიპულს ლოდებზე და გოხებზე. არ იცოდა, რას ერქვა დაღალვა, ან ძილი, ერთს წუთსაც, ერთი წუთი რა არის, თავის სიცოცხლეში არ დაუთვლემია. მთის ბალახნაძოვი მოჯერებული ბუთლას საქონელი – ცხვარი და ძროხა, ამ მდინარეზედ ჩამოდიოდა საღამ-საღამოობით წყლის დასალევად. იქვე ქოხის ახლო უფრო ცივი წყარო გამოწკანწკარებდა, ხევზე უფრო წმინდა, უფრო ანკარა, მაგრამ პატარა იყო, იმდენს ცხვარსა და ძროხას ვერ გააძღობდა; ეს წყარო ისეთი პატარა იყო, როგორც ორი თვის ყმაწვილია პატარა და ფუნჩულა. ისიც მხიარულობდა, მღეროდა თავისთვის, მაგრამ ისე გამოჭექით არა, როგორც ხევი. პატარას თავისი მღერა, ღუღუნ-დუდუნი მარტო თვითონ ესმოდა; კიდევ ესმოდა მისი მღერა ბუერებს, ესმოდა რამდენსამე ყვავილს ახლო-მახლოს, ესმოდა ფესვებიდამ დაწყებული წვერებამდე დიდრონს თელას, რომლის ფესვებშიაც იწყებოდა წყაროს სათავე. ამ თელისათვისვე აეყარათ ქერქი და დაედოთ წყაროსთვის ღარად. ამ წყაროდამ ბუთლას ოჯახობა ქოხში ეზიდებოდა წყალს სასმელად. ისე დაბალი იყო ეს ქოხი, რომ თუ არა წელში შუაზე მოხრილს, ფეხზე დგომა არ შაიძლებოდა შიგნით. ქოხში ორს მხარეზე წიფლის, ცულით გათლილი ფიცრები იყო გადებული; ერთზე რძიანი და ნაღბიანი ხონები (თაბახი) იდგა, ხოლო მეორეზე პური და ჯამ-ჭურჭელი ეწყო. კერის თავზე ეკიდა ლასტი, ხაჭოს კვერების საშრობი.

სულ ოთხი სული სცხოვრობდა ამ ქოხში: მოხუცი ნინია – ბუთლას მამა, ბუთლა, ხვარამზე, იმისი ცოლი და შალვა – იმათი პატარა შვილი. ქოხი ბუთლას ეკუთვნოდა, მაგრამ თითონ პატრონი კი, ზოგჯერ კვირა გავიდოდა, რომ არა სჩანდა ამ ქოხში. ბუთლა იშვიათად ბრუნდებოდა შინ, მაშინაც აჩქარებით, ცხენ-ხეთქით მოიჭრებოდა თავით ფეხამდე იარაღში ჩამჯდარი. წელზე ერტყა დიდრონი ხანჯალი, ვერცხლის ყაწიმებით მორთულ ქამრით ქართული ხმალი; წელში გარჭობილი ჰქონდა დამბაჩა და მხარზე გადაგდებული სიათა. მუდამ გულისპირს უმშვენებდა სასწრაფო, ყვითელი თითბრის მასრებითურ; ეს მასრები ვარშავის შიბით იყვნენ ერთმანერთზე გადაბმულნი, – და შავი რქის საპირისაწამლე, რომელიც პირდაპირ შესჩერებოდა სასწრაფოს და მისაშველებლად მუდამ მზად იყო. მოვიდოდა რა შინ ბუთლა, იკითხავდა შინაურს ამბავს, ფაცაფუცით შესჭამდა პურს, ჩაიდებდა დამზადებულს საგძალს ხურჯინში და ბრუნდებოდა ისევ უკან. ყველაზე უმალ ცოლს ამას ჰკითხავდა:

– პური ხომ არ დააკელით? არ დააკლო, მამიშენის ცხონებას; თქვენ დაიკელით და იმას კი ნუ დააკლებთ! აბა, როგორც შენი იმედი მქონდეს, ისე მოიქეც. – ეტყოდა ამას ცოლს, გადიგდებდა მხარზე თოფს, მოახტებოდა ცხენს და გასწევდა.

– რას ამბობ, კაცო, რასა? რა შენი დარიგება მინდა, განა თვითონ არ ვიცი? – მიუგებდა ხვარამზე. ბუთლა იმ საქმისას, რაზედაც დადიოდა, ცოტა რასმე იტყოდა კილოკავად: აქა და აქა საქონელი დაიტაცეს ქისტებმა, იქ ტყვეები წაასხეს ლეკებმაო; ეს მოგვიკლეს, ის დაგვიჭრესო.

შალვა მოწიწებით, გაფაციცებით ყურს უგდებდა მამას, მის აჩქარებულს საუბარს. იცოდა შალვამ, რომ ბუთლა ყარაულად იყო, მდევარში დადიოდა. იმ დროს ქვეყანას მიუდიოდა ტყვეები, იტაცებდენ საქონელს, შეუბრალებლად ჟლეტდენ ხალხს გზა-გზის პირებზე, გასავალი აღარ იყო… შალვას მხოლოდ ერთი რამ ვერ გაეგო, ეს აწუხებდა, ეს უკლავდა გულსა; ვერც გაბედა ეკითხა დედ-მამისათვის, თუ ვისთვის აცხობდა ხვარამზე, მისი დედა, პურსა და ნინია, პაპა შალვასი, კიდევ ჩაიდებდა ამ პურს გუდაში, აიკიდებდა გუდას ზურგზე, რომ შემოღამდებოდა, და გასწევდა წელში მოხრილი, ჯოხის ბჯენით…

II

წვიმამ გადიღო, მაგრამ ცაზედ მზე მაინც არა სჩანდა. ნაწყვეტ-ნაწყვეტად დაფანტულ ნისლებს ზოგს სად ეძინა და ზოგს სადხევებში, ან გორ-გორის პირებზე; ზოგი კურუმად დარჩენილიყო და თითქოს ტყე იწვება, ბოლი ასდისო, ისე ფუოდა ტყის წვერებზე. მეტისმეტად ტურფა სანახავია ამ დროს მთა! თითოეული მასზედ დაცემული წვიმის ცვარის პირით თუნგობით ასხამს წყალს სიწმინდისას კაცის გულში… არწივმა თვალის ვლებით გადმოიარა მთაზედ და მიეფარა ნისლებს, გაღმიდამ ყელმოღერებული ორბიც გამოჩნდა, რამდენიმე კალო გალეწა ჰაერში, ხევების თავზე, და დაიმალა ისიც ქვეით; შორს წერტილივით ძლივს ეტყობოდა ძერა, ისიც მარაქაში ერეოდა თავის ჭკუაში, დამჯდარიყო ხის კენწეროზე და საბრალოს ხმით „წიო-წიოს“ გაიძახოდა. მაგრამ ამ საცოდავ ფრინვლის გოდებას ყურს არავინ უგდებდა, არც მთა, არც ბარი და არც ტყე, მარტოდმარტო მტირალს მოზარეს ჰგვანდა, მისი ხმა არც სასიხარულო იყო ვისთვისმე და არც საზარო. თუ ვისმე ჰზარავდა ძერას წივილი, ჰზარავდა თაგვს, სხვას არავის. თაგვი ახლო-მახლო თავისუფლად სეირნობას ვეღარა ჰბედავდა; გულდამშეული გარეთ გამოსასვლელად, შემკრთალს თვალებს გამოაჭყეტდა სოროდამ და ისევ მალე მიიმალებოდა… გაფენილი ცხვარ-ძროხა მისდევდა და მადლიანად მოსძოვდა დანამულს ბალახს; მთაზედ პატარა ვაკობი ეპოვნა ნინიას და მხარ-თეძოზე წამოწოლილი ადევნებდა თვალყურს საქონელს. ცოტა მოშორებით, პატარა კლდის თავზე, იჯდა შალვა, ფეხები დაბლა გადაეკიდა და გაცხარებული უკრავდა სალამურს, ახლად ეჩვეოდა.

– შალვავ, შვილავ! გამაიქე პაპასთან! – დაუძახა ნინიამ თავის შვილიშვილს.

შალვა საჩქაროდ წამოხტა და სალამურის კვრით წავიდა ნინიას თხოვნისამებრ.

– რად მეძახი, რა გინდა, პაპავ? – ჰკითხა შალვამ, როცა მიუახლოვდა.

– მოდი, შვილო, მოდი, გენაცვალოს პაპა მაგ ქორივით თვალებში, მოდი, ზურგში დამფხანე.

შალვამ მაშინვე სალამური უბეში ჩაიდო, მკლავი მოიმარჯვა, გადაუწია ნინიას გამხმარი ტყავის საყელო და დაუწყო ფხანა; შალვას ხელი რაღაც ხორკლებზე უხვდებოდა და უფრო ამ ადგილებზე სთხოვდა ნინია ფხანას.

– ემანდ, ემანდ დამფხანე, შვილო! – ეუბნებოდა პაპა შალვას.

– ეს რა გქონია, პაპავ, ამაში? მე ესეთი ზურგი არა მაქვს.

– შენ ღმერთმა დაგიფაროს, შვილო! შენ ჯერ პატარაცა ხარ, შენ ჯერ არ გექნება ესეთი ზურგი.

– მაინც რა არის ესეები, ჩემო პაპავ, შენი ჭირიმე, მითხარი!

– ეგ, შვილო, ნაწყლულარები, ნაჭრევებია.

– ვინ დაგჭრა იმ ურჯულომ, იმ ღმერთგამწყრალმა, რად დაგჭრა, შენ, ხომ ვიცი, არას დაუშავებდი, პაპავ?

– ომებში დამჭრეს, შვილო, ომებში, – მიუგო ნინიამ ამოხვრით. – სულ ურჯულოებისაგან მჭირს, შვილო, ეს წყლულები: ზოგი თათრების, ზოგი ლეკებისაგან. ბევრჯელ ორმოცი კაცი დამცემია მარტოკას, გარშემო შემომხვევიან.

– რადა ომობდით, პაპავ, რა გქონდათ გასაყოფი? – ჰკითხა კვლავ ცნობისმოყვარე შალვამ.

– ჩვენ არ ვეომებოდით, ისინი გვეომებოდენ, რჯულძაღლები, შვილო! გვესხმოდენ თავსა, მიწა-წყალს გვეცილებოდენ, რჯულს გვართმევდენ, თქვენც ჩვენსავით თათრები უნდა იყვნეთო.

– აბა, უყუროს კაცმა, იმ მადლძაღლებს, იმათა! – სთქვა შალვამ თავის ქნევით, გულმოსულმა. – მემრე, პაპავ?

– მემრე ისა, შვილო, რომ ჩვენ, ქართველებმა, ხმალი გავლესეთ და ხელი შაუქციეთ, წინ ერეკლე მიგვიძღვებოდა, ბატონისშვილი.

– ერეკლე ვინღა იყო, პაპავ?

– მეფე იყო შვილო.

– მემრე იმათ გაჯობესთ, თუ თქვენ აჯობეთ?

– ბევრჯელ იმათ გვაჯობეს, ბევრჯელ ჩვენ ვაჯობეთ. ჩვენ ცოტანი ვიყვენით, შვილო! – სთქვა რა ეს ნინიამ, ცრემლები ვეღარ დაიმაგრა და ტყავის კალთით დაიწყო თვალების წმენდა. პაპას თვალებზე რომ ცრემლები დაინახა, შალვასაც თვალები მოეცრემლა, შაეცოდა თავისი საყვარელი პაპა.

– რადა სტირი, პაპავ? – ჰკითხა შალვამ ათრთოლებულის ხმით.

– არა ვსტირი, შვილო, ბერიკაცი ვარ, თვალები მეცრემლება, – მიუგო ნინიამ.

– იქნება სხვა წყლულებიც კიდევა გჭირს, პაპა, და მე კი არ ვიცი!

– წყლულების მეტი რა უნახავს თავის სიცოცხლეში პაპაშენს, შვილო, – სთქვა ნინიამ და შალვას ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა მით, რომ მოიხადა თავიდამ ტყავის ქუდი და უჩვენა თავი, უმტვერო თოვლივით თეთრის თმით დაფარული.

– ეს სულ ნაჭრევებია, ჩემო შვილო! – შალვა დააცქერდა პაპას თავზე და ნახა, რომ მართლა ნაწყლულარები ბაწრად, ზოლად ჰქონდა ნინიას თავზე გადავლებული.

– ვაჰმე, ვაჰმე, ჩემო პაპავ, რამდენი წყლულები გქონია! როგორ არ შაეცოდე იმ წყეულებს!.. არავინ გეშველებოდა, პაპავ?

– მეშველებოდენ, შვილო, მაშა? რომ არ მამშველებიყვნენ, ეხლა პაპა-შვილთ საუბარი არ გვექნებოდა აქ გამართული. ერთხელ თვითონ ერეკლემ გამაგდებინა ლეკებს ცოცხალ-მკვდარი. – შემდეგ გაიხსნა და გაიხადა ნინიამ საცვეთები და უჩვენა შალვას ნაწყლულარები წვივებზე. შალვას გული ყელში ჰქონდა მობჯენილი, სახეზე ალმური ასდიოდა, აწუხებდა ცალკე სიბრალული პაპისა და ცალკე იმ ბოროტის, შეუბრალებელის ხალხის საქციელი.

III

შალვას თევზაობა უყვარდა ანკესით (ნემსკავი). ანკესი ძუითურთ ნინიამ გაუმართა, ხოლო საჭე თვითონ შალვამ გამოსჭრა ტყეში, გაქერქა, გაათეთრა და დაურჭო ქოხის წინ. და როცა პაპა დაითხოვდა საკალმახოდ, შალვა სიხარულით, ღიღინით წამოავლებდა საჭეს ხელს და ჩაეშვებოდა ხევში და უთრევდა ანკესს მორევებში. ხევმა ბევრი კალმახი იცოდა, ალაგ-ალაგ ჰქონდა დიდრონი მორევები. ლიპის კლდით შემოზღუდული, დაბლა ბუერით და მაღლიდამ დიდრონის ქორაფებით და წიფლებით დაჩრდილული. შალვა თევზს ბლომად იჭერდა, აასხამდა ჩირივით ხის ტოტზე და მხიარულად გამოექანებოდა შინისკენ. რომ მოვიდოდა შინ, ჯერ თავს ისრე დაიჭერდა, თითქოს ცუდად ჩაუარა შრომამაო, მაგრამ უცებ ჩოხის კალთიდამ გამოაჩენდა ღარადელად ასხმულს კალმახებს და სიცილით ჩაუგდებდა პაპას კალთაში.

ერთს საღამოს შალვა შეშინებული, აფორიაქებული დაბრუნდა ქოხში.

– რა არი, შვილო, რად გადევს ცუდი ფერი? – ჰკითხა პაპამ.

– ხატი ვნახე, პაპავ, ხატი! – მიუგო შალვამ გაოცებულის კილოთი.

– სად, შვილო? სად იყო ის დალოცვილი, როგორა ჰნახე?

– აიქა ვნახე, პაპავ, გაღმა რომ დიდი მუხაა, იმის ძირში. ნემსკავს ვუთრევდი, კვნესა-ბუტბუტი შემომესმა. ავცოცდი კლდის პირზე და გადავხედე: თეთრწვერა კაცია დაჩოქილი, ორივე ხელები აუშვერია ცისაკენ, ლამაზი სახე ჰქონდა, საყდარში კი მინახავს ისეთი სახის კაცი, ტანზე ტყავი ეცვა, ყავარჯენი მუხაზე ჰქონდა მიყუდებული, თვალებიდამ ცრემლი ჩამოსდიოდა… – ეს რომ სთქვა შალვამ, ნინიას ცრემლები მოსქდა თვალებიდამ და დამჭკნარმა პირის კანმა თრთოლა დაუწყო.

– ჰაი დედასა მტრისასა! ჰაი და ჰაი წუთისოფელო, ტიალო, რას არ დაჰმართებ კაცსა! – სთქვა ნინიამ და მაგრა ჩაიმჯიღა გული.

– რა?! ხომ არ იცნობ იმ კაცსა, პაპავ? კაცია მართლა? ჩვენებური კი არ არის ისა!

– ვიცნობ, შვილო, როგორ არ ვიცნობ, იმასაც არ ვიცნობ, მაშ ვისღა ვიცნობ, იმასთან დავბერდი. მართლა ხატი გინახავ.

– მითხარ ვინ არი, ჩემო პაპავ, რა დასამალია? მეც მითომ კაცი ვარ! მითხარ, შენის გულის ჭირიმე, ჩემო პაპავ! – როცა ნინიას ეხვეწებოდა რასმე შალვა, მუდამ ამას ეტყოდა ხოლმე: შენის გულის ჭირიმეო.

– რად გინდა, შვილო, შენ იცოდე?.. – პაპა თავდაკიდებული დაფიქრდა და შვილიშვილის თხოვნა და მუდარა აღარც კი ესმოდა, სხვა ფიქრებმა გაიტაცეს. შალვამ შეატყო პაპას, რომ იმისგან პასუხს ვეღარ მიიღებდა და დედისაკენ გაიქცა. ხვარამზე ამ დროს ფურებსა სწველდა. შალვამ დედასაც უამბო, რაცა ჰნახა და გაიგონა.

– პაპას რომ ვუამბე, დედავ, იტირა. ჩვენი ნათესავი ხომ არავინ არის ისა? თუ კაცია, მე კი ხატი მეგონა, მაგრამ პაპამ ისე დაიწყო საუბარი, რომ კაცი უნდა იყოს. შენ მაინც მასწავლე, შენი ჭირიმე, ჩემო დედავ, შენი შვილი არა ვარ, ქალო, მითხარით, რად მიმალავთ? – შესთხოვა ტირილის ხმით შალვამ.

– ვინ არი და ერეკლეა, შვილო! – სიტყვა „ერეკლე“ ხვარამზემ მოწიწებით სთქვა და თან ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდამ. – პაპაშენი იმის ჯარში დაბერდა, იმის კარისკაცად იყო, შვილო. მტრებმა ისე გაუხადეს საქმე, რო ეხლა ტყეში სცხოვრობს ბერივით და პურ-საჭამადს ჩვენ ვუზიდავთ აქიდამ. პაპაშენი იქ დადის საღამ-საღამოობით.

– ვაჰმე! ეგ თუ არის, დედავ, ის ერეკლე, პაპაჩემი რომ იტყვის, მთის ხალხი ძალიან ვუყვარდით, როგორც ძმა, ისე იყო ჩვენთანო. ვაჰმე! მაშ ის არის? – სთქვა რა ეს შალვამ, საუბარი ვეღარ განაგრძო, თუმც კი უნდოდა ბევრი რამ ეკითხა იმ „ხატზე“ დედისათვის, და იმასაც ცრემლები მოსქდა თვალებიდამ. პატარას ცრემლები ჩამოედინა პირიდამ, პატარა მკერდიც დაუსველა და დედამიწასაც უწივა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button