განხილვამუსიკა

ივერია – ჩხიკვთა ქორწილი (როკ-ოპერა, 1984)

rock opera, progressive rock, art pop

ტრეკლისტი:

  1. ნაწილი პირველი (19:03)
  2. ნაწილი მეორე (19:49)
  3. ნაწილი მესამე (18:45)
  4. ნაწილი მეოთხე (18:05)

შემადგენლობა:

  • თემურ წიკლაური – არწივი
  • მანანა თოდაძე – ქეთევანი
  • თემურ რცხილაძე – ზაქარა
  • გოჩა ლორია – ყვავი
  • ნუგზარ კვაშალი – ბუ
  • ვახტანგ ტატიშვილი – წრუწუნა
  • ჯემალ ბაღაშვილი – თომა, ლიბრეტო
  • ლუიზა კობალაძე, ლილი ზღვაური – კაჭკაჭები
  • ზურაბ ლალიაშვილი, რომა რცხილაძე, ალექსანდრე ბასილაია, ალეკო კვაშალი – სხვა ჩიტები
  • ავთადილ გელოვანი – მთხრობელი

ოთხმოციანების დასაწყისში „ივერიამ“ რამდენიმე ალბომი გამოსცა. ამ უდაოდ კარგ ნამუშევრებში ბასილაიას კომპოზიციებს შედარებით ნაკლებად შეხვდებით – აქ ძირითადად დამხმარე კომპოზიტორების სიმღერებია თავმოყრილი. ამას საპატიო გამართლება ჰქონდა: თავის საუკეთესო იდეებს ბასილაია ყველაზე მასშტაბური პროექტისთვის ინახავდა. სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა როკ-ოპერა „ჩხიკვთა ქორწილი“, რომელმაც უსაზღვრო პოპულარობა ხვდა წილად – იგი, სულ ცოტა, 120-ჯერ დაიდგა სხვადასხვა სცენებზე და ყოველთვის სრული ანშლაგით მიდიოდა.

თავიდან „ჩხიკვთა ქორწილი“ გარკვეული ვარიაციებითა და შესწორებებით იდგმებოდა. იცვლებოდნენ შემსრულებლებიც. 1984 წელს, ჯგუფმა, როგორც იქნა, გადაწყვიტა როკ-ოპერა  ფირფიტაზეც ჩაეწერა და კლასიკურიც სწორედ ეს ვინილის ვერსია გახდა.

შემოქმედებითი გეზის არჩევის თვალსაზრისით, ნამუშევარმა მთლიანად გაამართლა. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების თანამედროვე, მსუბუქი სოციალური სატირით შეზავებული ადაპტაცია ძალიან სახალისოდ ისმინება; საზოგადოებრივი ყოფიერების შარჟიც ზუსტად იმ დოზითაა, რომელიც იმდროინდელ ცენზურას შემოდავების საბაბს არ აძლევდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ივერიას“, თავისი არსებობის განმავლობაში, პირველად მიეცა შესაძლებლობა  უმაღლეს ტექნიკურ დონეზე ჩაეწერა ალბომი (ვინც ჯგუფის წინა ალბომებს იცნობს, დამეთანხმება, რომ ჟღერადობის მხრივ „ჩხიკვთა ქორწილი“ მათ ბევრად აღემატება). ეს შანსი ჯგუფმა ბრწყინვალედ გამოიყენა, ჩაწერა რა ალბომის ორი, ერთმანეთისაგან მცირედ განსხვავებული, ქართული და რუსული ვერსია.

ვინილის ვერსიაზე როლები იდეალურადაა შერჩეული. ახალგაზრდა შეყვარებულების როლებს მანანა თოდაძე და თემო რცხილაძე ასრულებენ, არწივისას კი თემურ წიკლაური. ხმის გარდა, ისინი იმიჯითაც უხდებოდნენ როლს. იმ დროისთვის „ივერია“ 15-მდე წევრისაგან შედგებოდა. „ჩხიკვთა ქორწილში“ ყველა მათგანმა თავისი მცირე, მაგრამ დასამახსოვრებელი პარტია შეასრულა.

მუსიკალურად, ოპერის პირველი ორი ნაწილი თითქმის იდეალურია. არანჟირებები წვრილმან დეტალებამდეა გათვლილი, მაგრამ ეს ტექნიციზმი ულამაზესი მელოდიურობის ფონზე საერთოდ არ იგრძნობა. თავად მუსიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ყველაფერს ნახავ – წმინდა პროგ-როკის ხასიათის უვერტიურიდან დაწყებული, ჯაზურ თუ ფანკისებურ პოპამდე. საუკეთესოდ კი მაინც ის მომენტები მიმაჩნია, რომლებიც ჭეშმარიტად ბასილაიასეული მელოდიზმითაა აღბეჭდილი – მაგალითად, ქეთევანის არია, რომლის დარიც ქართულ პოპ-მუსიკაში ცოტა რამ თუ შექმნილა.

ერთადერთი შენიშვნა, რაც მუსიკასთან მაქვს, მომღერალთა შეჯიბრისსცენას ეხება, რომელიც თავიდან სახალისოა, შემდეგ კი ოდნავ იწელება. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მუსიკა დადგმისთვის იყო ჩაფიქრებული და შესაძლოა სცენაზე მას უკეთესი ეფექტი ჰქონდა.

საერთო ჯამში, ეს ალბათ ქართულ როკ-მუსიკაში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური პროექტია. ნაწარმოები (ორმაგი სტუდიური ალბომი) არანჟირების, მუსიკალური იდეების და სოლისტების მხრივ თითქმის იდეალურადაა გათვლილი და შესრულებული. ამას ემატება გამართული, ჯანსაღი სატირით აღსავსე ლიბრეტო, რომელიც მთელ ოპერას ძალიან სახალისოდ მოსასმენს ხდის. შედეგად კი მივიღეთ ნამუშევარი, რომელიც, ჩემი აზრით, სრულად აკმაყოფილებს ძალიან მაღალ ევროპულ დონეს. ეს ერთ-ერთი იმ კლასიკურ ალბომთაგანია, რომელიც აუცილებლად უნდა მოისმინო, თუ გსურს ქართულ როკ-მუსიკაზე წარმოდგენა შეიქმნა.

ამიტომაც, ჩემი შეფასებაა: 9,5 / 10.

გადმოსაწერი ბმული: http://www.mediafire.com/?s5tlopv30tbo8s3

Source
georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button