პოეზია

ჯაბა გორგილაძე – აღსარება

მამაო, მოისმინე ჩემი აღსარება!

წლების ნალექია თუ სულის საომარი?

მაინც მოვედი, ამოვფეთქე, ამოვიღე

ღრმა ნაჭაობი, გულის ფეთქვა, სატკივარი.

ის, რომ ვცხოვრობ სიყვარულის მონატრებით,

ქედმაღალი სხვისი ვეღარ გამიგია.

არსებობა ჩემი სულის ეგოისტი,

გულისკარი სხვისთვის ვერა გამიღია.

მამაო, მოვიტანე…

ჰო, მოვიტანე

დარდი, ტანჯვა

სიმართლეში ნაგორები,

ისე გეგმით ჩავიწერე

ჰო, ცოდვა!

ცოდვა დაგიწერე!

როგორც მატარებლის ვაგონები.

აჰა, იქნებ გაგიჭირდა?

კითხვა გაგირთულდა,

მიწისძვრა დაემართა სხეულს!

თუნდაც ვერ გამიგო, ვერ შემინდო,

მაინც მოვიტანე, მაინც ვაღიარე, მამაო, აღსარება!

ჩემი დაბადება დღემდე,

ჩემი სინანული, ჩემი პატიება,

სულიდან გულის სიღრმემდე!

რადგან ადამი ვარ, ქალის ახირება,

ვნება ცოდვიანი, სხვისი გამხილება,

რათა მსახიობი, ჩემი უნიღბო

ცოდვის მასპინძელი,

მერე ცრემლიანი ქცევის დატირება.

არა, დახმარება, გამეტება,

ფუფუნება, ცოდვის დაღვინება.

მამაო, აღსარება, ჰო, ეს აღსარება,

ცოდვილის ნაცოდვილარი, ბაგე ნათამაში,

სხეულ-ჟრუანტელი, ხმათა გატალღება,

არმორჩილება, სიამაყე ანგელოზ-ნაკამათი.

მაინც იმედია, მაინც გათენდება,

ჯვარი დამიმშვიდებს სულს სხეულში,

მამაო, ჩაიბარე ჩემი აღსარება, ჩემი აღსარება!

ანგელოზი შემირიგე, ანგელოზი, მე, სნეულში…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button