ბიოგრაფია

სერგო კლდიაშვილი – ბიოგრაფია

სერგო კლდიაშვილი დაიბადა თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში 1893 წელს. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.
მამასთან ერთად (ცნობილ მწერალ დავით კლდიაშვილთან) ერთად მონაწილეობდა I მსოფლიო ომში,საქართველოში დაბრუნდა 1917 წელს. მისი პირველი პროზაული ნაწარმოები დაიბეჭდა 1911 წელს თბილისის გაზეთ ,,სინათლეში“.
1916 წლიდან ,,ცისფერყანწელთა დამაარსებელი და აქტიური წევრია.

„მახსოვს ჩემი თავი და გარემო ქვეყანა იმ დროიდან, როცა ძალიან პატარა ვიყავი. ისინი ნაწყვეტ-ნაწყვეტებს წარმოადგენენ, ერთმანეთთან კავშირი არა აქვთ და ცოცხლობენ როგორც უეცარი გაელვებანი, გარემო მოვლენებთან სრულიად დაუკავშირებელნი, ყოველგვარი მთლიანობის გარეშე. ეს იყო ძალიან ადრეული ბავშვობა“.
„ბავშვობაში ლექსებს ვწერდი, ვუგზავნიდი მათ ჟურნალ-გაზეთებს, მაგრამ არც ერთი არ დამიბეჭდეს, მაშინ ძალიან ვწუხდი, ახლა კი დიდად მადლობელი ვარ რედაქტორების.
სრული რვა წლის არ ვიყავი, როცა პირველად რაც დავწერე, მოთხრობა იყო, უფრო სწორად რომ ვთქვა, რაღაც მსგავსი მოთხრობისა. . .
. . . თექვსმეტი წლის რომ გავხდი მაშინ პირველად დაიბეჭდა ჩემი ნაწარმოები.
. . . თუ მაშინ ზოგჯერ მაინც გავიფიქრებდი მომავალზე, უფრო ხშირად ის ოცნება მქონდა, რომ მეზღვაური ვყოფილიყავი.
იქნებ კიდევაც შევისრულებდი ამ ნატვრას, მაგრამ რევოლუციის წლებში სხვაგვარად წარიმართა ჩემი და არამარტო ჩემი ცხოვრება. 1918 წლიდან ჟურნალ – გაზეთების რედაქციაში დავიწყე მუშაობა.
პროფესიონალი მწერალი გავხდი 1927 წლიდან, როცა ჩემი მოთხრობების პირველი კრებული გამოვიდა. . .
. . . ადრიან გაზაფხულზე გატაცებული ვიყავი სიმბოლისტური და კიდევ დეკადენტური ხასიათის მწერლობით. . . .“
შეიძლება ადამიანმა ბევრი რამე იცოდე ლიტერატურაზე, მაგრამ არ გრძნობდე მას.
. . . .მაინც მწერლად ვგრძნობ თავს. ყოველშემთხვევაში დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არ შევურაცხყობ ჩემი ნაწერებით ქართველი მწერლის სახელს. ( სერგო კლდიაშვილის უბის წიგნაკიდან. გამომცემლობა „ ლიტერატურული მატიანე, თბილისი 2000)
. . . .
„მე კარგად მახსოვს სერგო კლდიაშვილის გამოსვლები და კიდევ უფრო მკაფიოდ – მისი ლიტერატურული საუბრები თანამოკალმეებთან.
მათი თემა ზოგჯერ შორს იდგა საკუთრივ მწერლობისგან, მაგრამ თავისიჩანაფიქრით და ფორმით ეს ყო¬ველთვის ლიტერატურული საუბრები იყო, ვინაიდან ყველაფერი, რასაც ის ჰყება, შენიშნავს, ამტკიცებს, თავისთავად ლიტერატურაა, ამ სიტყვის არსებითი გაგებით.
განსაკუთრებით ორი თემა იზიდავს – დავით კლდიაშვილი და თანამედროვე მხატვრული პროზის პერსპექტივები.
ხშირად უთქვამს გულისტკივილით, რომ დღეს უფრო ხშირად ნარკვევებს („ოჩერკებს“) წერენ და არა ნამდვილ მოთხრობებს. თუმცა ბოლო დროს ნაკლები დარწმუნებით ამტკიცებდა ამას; როგორც ჩანს, მის წარმოდგენაშიც ეს უკვე განვლილი ეტაპია ჩვენი ლიტერატურისა – მხოლოდ დროებით მოძალებული, სადღეისოდ უკვე განვლილი სენი. სერგო კლდიაშვილისათვის პროზა არ არსებობს ხელოვნების („გამონაგონის“) მკაფიო დომინანტის გარეშე. ოღონდ გამოგონება მისთვის თვით ცხოვრების კონცენტრატია და არა თითიდან გამოწოვილი უსაგნო რამ.
დიდად აფასებს დღევანდელთაგან უსამართლოდ მივიწყებულ სანდრო ცირეკიძის წვლილს ახალი ქართული პროზის განვითარებაში.
ხშირად უთქვამს ამის შესახებ. დღემდე უალერსებს ადრე წასული მეგობრის ლანდს და მე ზოგჯერ მეჩვენება, თითქოს ჩემი თვალით ვხედავ, როგორ დასეირნობენ ორნი „პროვინციის მთვარის“ ქვეშ, როგორ საუბრობენ, ოცნებობენ, გულს უხსნიან ერთმანეთს, ან ჩუმად, მთვარეულებივით მიჰყვებიან უქიმერიონის აღმართს.“ ( გურამ ასათიანი)

ისევ „ უბის წიგნაკიდან“:
„ ჩემი სურვილი – სურვილი კი არა, მოვალეობათ ვთვლი, ვინაიდან სხვა აღარავინაა გამკეთებელი – დავწერო ჩემს მეგობრებზე; პაოლო იაშვილზე, ტიციან ტაბიძეზე, ვალერიან გაფრინდაშვილზე, გრიგოლ რობაქიძეზე, კოლაუ ნადირაძეზე, გიორგი ლეონიძეზე, ნიკოლო მიწიშვილზე, ალი არსენიშვილზე და რა თქმა უნდა, სანდრო ცირეკიძეზე და სალვა აფხაიძეზე. გზადაგზა, ცხადია, მომიხდება ვილაპარაკო ნიკო ლორთქიფანიძეზე, ლეო ქიჩელზე, შალვა დადიანზე, გალაკტიონ ტაბიძეზე და სხვათა შესახებ.მე ვცხოვრობ, იმ დროს, როცა ქართულ ლიტერატურაში განუკითხაობის ეპოქა დგება, ასეთ ვითარებაში ყოველ მართალ სიტყვას კარგი საქმის გაკეთება შეუძლია და მეც ამიტომ ვწერ.“.( ს. კლდიაშვილი)

მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი და პუბლიცისტი სერგო კლდიაშვილი გარდაიცვალა 1986 წელს.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button