მეცნიერებაუცნაურიფსიქოლოგია

მეცნიერული კვლევები, რომლებიც ჩვენს უარყოფით მხარეს ააშკარავებს

● ქველმოქმედი ადამიანები ნაკლებად გვიყვარს.
კუპიურებით სავსე საფულე რომ იპოვოთ, დაუბრუნებთ პატრონს? სწორედ ამ საკითხზე ჩაატარეს კვლევა ედინბურგელმა ფსიქოლოგებმა, თუმცა მეტად საინტერესო რომ გაეხადათ, რამდენიმე პუნქტიც დაამატეს. მათ მთელ ქალაქში გაანაწილეს 240 საფულე, რომლებშიც მფლობელის მისამართი იყო აღნიშნული და სხვადასხვა სახის ფოტოებიც დაურთეს. ზოგან ეს იყო ჩვილი ბავშვები ან საყვარელი ლეკვები, ზოგან მოხუცი წყვილი. ზოგ საფულეში ფოტო საერთოდ არ იყო, ზოგი კი შეიცავდა მინიშნებას, რომ პატრონი ხშირად რიცხავდა თანხას საქველმოქმედო ორგანიზაციებში. როგორც აღმოჩნდა, საფულის დაკარგვის შემთხვევაში დაბრუნების ალბათობა მაქსიმუმია (88%) მაშინ, როცა შიგნით ბავშვის სურათი დევს, ხოლო ქველმოქმედებს ყველაზე ნაკლებად (20%) წყალობთ ბედი (თუ არ ჩავთვლით საფულეებს, სადაც მხოლოდ მისამართი იყო – 15%). შესაბამისად, თუკი პატარა გყავთ, 4-ჯერ მეტია საფულის დაბრუნების შანსი, ვიდრე მაშინ, როცა თანხას გაჭირვებულებს უზიარებთ.


● ქველმოქმედების მოტივი საკუთარი თავის სიამოვნებაა.
მოწყალების გაღება საყოველთაოდ აღიარებულია კეთილშობილურ ქმედებად, თქვენი შრომით ნაშოვნი ფულის ქველმოქმედებაში გაშვება ნამდვილად იმსახურებს აპლოდისმენტებს. თუმცა როდესაც კენტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ქველმოქმედების მოტივის დადგენა გადაწყვიტეს, შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა. ადამიანთა უმეტესობა ქველმოქმედების სახეს ირჩევს გემოვნებისა და შეხედულებების მიხედვით და არა დასახმარებელთა მდგომარეობის შესაბამისად. მაგალითად, ერთი პიროვნება მუდმივად ეხმარებოდა ძაღლების თავშესაფარს, რადგან ვერ იტანდა კატებს. ბევრი კი გადაუდებელ საქმეში დახმარებაზე ამბობდა უარს, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა მათ პირად შეხედულებებს, რომლებიც ხშირად ინფორმაციის ნაკლებობის შედეგი იყო. კერძოდ, კვლევის ერთმა მონაწილემ უარი თქვა შრი-ლანკაში ცუნამის მსხვერპლთა დახმარებაზე, რადგან მისი აზრით, ფული მუგაბესა და მის მსგავს ხალხს ჩაუვარდებოდა ხელში.


● მძღოლები ზოგჯერ შეგნებულად ეჯახებიან ცხოველებს.
არსებობს გარკვეული შანსი, რომ ყოველდღე ჩაუვლით ხოლმე გვერდით ისეთ ადამიანებს, რომლებიც გზაზე შეგნებულად გადაუვლიან ცხოველებს. ნასას ინჟინრის, მარკ რობერის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში გზატკეცილზე განათავსეს რეზინის გველები, ტარანტულები და კუები, შემდეგ კი მძღოლებს დააკვირდნენ. რობერმა დაადგინა, რომ 1000 მძღოლიდან საშუალოდ 60 სპეციალურად ირჩევდა ისეთ მიმართულებას, რომ მათთვის გადაევლო. ისინი გამიზნულად ცდილობდნენ ცხოველების დახოცვას. ამ შემთხვევების 89%-ში კი მანქანა ყველგანმავალი (SUV) ტიპის იყო. მძღოლების გარკვეული ნაწილი ჩერდებოდა, რათა ცხოველები გზიდან გადაეყვანათ, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ საჭესთან მსხდომთა 6% მზადაა მანქანა და თავისი სიცოცხლე გარისკოს იმისთვის, რომ გზაზე მყოფი უდანაშაულო გველი გაჭყლიტოს.


● მოწმის ეფექტი საკმაოდ გავრცელებულია.
მოწმის ეფექტის არსებობა ახალი ამბავი არაა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის საკმაოდ ძლიერია და ზოგჯერ ადამიანები საკუთარ სიცოცხლესაც კი რისკავენ, რათა ეს დაამტკიცონ. კოლუმბიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების თანამშრომელ მეცნიერთა ერთობლივ პროექტში კვლევის ობიექტები მოათავსეს ერთ ოთახში და მხოლოდ ის უთხრეს, რომ კითხვარი უნდა შეევსოთ. განსაზღვრული დროის შემდეგ კი საჰაერო მილებიდან ოთახში სქელმა კვამლმა დაიწყო შემოსვლა. გასაოცარია, მაგრამ მიუხედავად დიდი საფრთხისა, რომელიც ოთახში მყოფ ყველა ადამიანს ემუქრებოდა, ნაკლებად ცდილობდა ვინმე ხელის შეშლას. თანაც რაც უფრო მეტი იყო ოთახში მყოფთა რაოდენობა, მით უფრო იზრდებოდა მათი პასიურობის მაჩვენებელი. ზოგიერთი კითხვარის შევსებას აგრძელებდა მიუხედავად იმისა, რომ კვამლი ხველებასა და თვალების წვას იწვევდა. როდესაც მოგვიანებით უმოქმედობის მიზეზი ჰკითხეს, უმეტესობამ უპასუხა, რომ როგორც მათ ჩათვალეს, ეს ცეცხლის კვამლი არ ყოფილა. ზოგიერთის ფანტაზია კი უფრო შორს წავიდა და ეგონათ, რომ ეს „სიმართლის კვამლი” იყო.


● უცნობებს მამაკაცებად აღვიქვამთ.
გენდერული თანასწორობა დღესდღეობით განხილვის აქტიური და ხშირად კონფლიქტური თემაა. მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივი დისკრიმინაცია დაგმობილია, ამ მანკიერებისკენ ბევრი ჩვენგანი ბუნებრივადაა მიდრეკილი. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ ჩვენი აღქმით, უცნობის ფიგურა მამაკაცს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რაც გვამცნობენ მინიშნებები. გასულ წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნული იყო, რომ კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულ ადამიანის სხეულს უმრავლესობა მამაკაცად აღიქვამს მაშინაც კი, როცა სურათზე შეინიშნება ქალური სილუეტი. როგორც ჩანს, მიდრეკილი ვართ იმისკენ, რომ ჩვენთვის უცნობ ან იდუმალ პიროვნებას ავტომატურად მამრობითი სქესი მივანიჭოთ. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არიან სხვადასხვა რელიგიებსა და მითოლოგიებში ღმერთები და უზენაესი არსებები მამაკაცური აღნაგობის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ სქესი არც აქვთ. ასევე როდესაც ადამიანი იგებს, რომ ექიმთან უნდა მივიდეს, უმეტესწილად ასკვნის, რომ ის მამაკაცია.


● ადვილად ვექცევით ავტორიტეტის გავლენის ქვეშ.
თუკი გსმენიათ მილგრამის კვლევაზე, ავტორიტეტისადმი მორჩილების ცნება თქვენთვის უცხო არ იქნება. გასაოცარია, რამდენად მცირე ავტორიტეტის მქონე პიროვნებაა საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანებს ცუდი რამეები განზრახულად ჩაადენინოთ. მილგრამის ცნობილ ექსპერიმენტში მონაწილეებს სთხოვდნენ სხვა ოთახში მყოფი ადამიანებისკენ მცირე ძაბვის ელექტროშოკის მიმართვას, სიმძლავრე კი თანდათან იზრდებოდა და საბოლოოდ 450 ვოლტს უახლოვდებოდა (თუმცა რეალურად არავინ იტანჯებოდა და მხოლოდ წინასწარ ჩაწერილი ხმები ისმოდა). ზოგიერთი ეჭვდებოდა, რამდენად უსაფრთხო იყო ექსპერიმენტი, მაგრამ ეჭვის გასაქარწყლებლად სრულიად საკმარისი იყო ლაბორატორიის მუშაკის ხალათში ჩაცმული პიროვნების მიერ წარმოთქმული დამამშვიდებელი ფრაზები. მოგვიანებით ეს თეორია დიდ ბრიტანეთშიც გამოიცადა და აღმოჩნდა, რომ ავტორიტეტად აღქმისთვის ფლუორესცენციული ქურთუკიც კი საკმარისია.


● თანასწორებად არ ვიბადებით.
2013 წელს ჩატარებულ კვლევაში, რომლის მიზანიც იყო დაედგინა, რამდენად სწრაფად ითვისებდნენ ადამიანები საჭადრაკო და მუსიკალურ უნარებს, აღმოჩნდა, რომ ათასობით საათის განმავლობაში გაწეული შრომა სულაც არ ნიშნავს, რომ ოდესმე ექსპერტი გახდებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარტო პრაქტიკა არაა წარმატების გარანტია, ამას ხშირად ბუნებრივი ტალანტიც სჭირდება, თანაც მას უფრო დიდი როლი უკავია, ვიდრე ჩვენ გვგონია. მიუხედავად იმისა, რომ შრომის გარეშე საჭირო უნარების ათვისება არ ხდება, კარგსა და პროფესიონალს შორის განსხვავება პრაქტიკაზე ნაკლებადაა დამოკიდებული, მთავარი ფაქტორი აქ ნიჭია. ეს კი ერთ სამწუხარო რამეზე მიანიშნებს: უამრავი ბავშვი, რომლებიც მონდომებით ეუფლებიან გიტარას იმის იმედით, რომ ოდესმე მათ კერპს დაემსგავსებიან, შეიძლება მიზნისგან ყოველთვის შორს დარჩნენ.


● ცუდ ხასიათზე ყოფნისას ხშირად ვიტყუებით და ვღალატობთ.
სევდის შემოძალების ან თვითშეფასების ვარდნისას უფრო მეტად ვართ ცუდი რამეებისკენ მიდრეკილი. ერთ-ერთ ცნობილ ექსპერიმენტში სტუდენტებს ტესტებს აძლევდნენ, რომლებშიც კითხვები მათ პიროვნებას ეხებოდა, შემდგომ კი საშუალება ეძლეოდათ, მოეტყუებინათ სხვა სტუდენტები და ამ გზით ფული ეშოვათ. კვლევამ დაადგინა, რომ ის სტუდენტები, რომლებსაც თავიანთ თავზე პოზიტიური წარმოდგენა ჰქონდათ, გაცილებით ნაკლებად თაღლითობდნენ მათთან შედარებით, ვინც თავის თავზე უარყოფითი შეხედულების იყო – მაგალითად ისინი, ვისაც უთხრეს, რომ ტესტის მიხედვით, ისინი უინტერესო პიროვნებები არიან. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი, უმეტესად ინტერნეტში, ამაზე გაცილებით მძიმე ფორმის შეურაცხყოფის ობიექტები ხდებიან ადამიანები. მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანისთვის უფრო ძნელია ამორალური საქციელის ჩადენა, რადგან ამით ელახებათ დადებითი წარმოდგენა თავიანთ თავზე. ხოლო როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ის ნაკლებად მიმზიდველი პიროვნებაა საზოგადოებისთვის და მასზე ნაკლებად ფიქრობენ, უფრო ადვილად მოიტყუება ან უღალატებს ახლობელს.


● სხვა რასების მიმართ ნაკლებად ლოიალურები ვართ.
იტალიაში ჩატარებული კვლევისას, რომელიც გასაჭირში მყოფი ადამიანისადმი თანაგრძნობას ეხებოდა, შავკანიან და თეთრკანიან ადამიანებს აყურებინებდნენ ხანმოკლე ვიდეოს, რომელშიც ჩანდა ხელში ნემსის შერჭობა. ყურებისას მეცნიერები აკვირდებოდნენ მონაწილეთა ტვინის აქტიურობისა და გულისცემის სიხშირის ცვალებადობას. გაირკვა, რომ შავკანიანებიც და თეთრკანიანებიც უფრო მძაფრად რეაგირებდნენ იმ მომენტებზე, როცა მათი რასის წარმომადგენლის ხელს ხედავდნენ და ნაკლებად – მეორე რასაზე. იმის გამოსარიცხად, რომ ამის მიზეზი მონაწილეთა მხრიდან თავიანთ ხელებთან გაიგივება იყო მსგავსების გამო, მკვლევარებმა დაამატეს მოვარდისფრო შეფერილობის ხელზე ჩხვლეტაც. აქაც რეაქცია უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სხვა რასასთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის თავდაპირველი მიზანი სხვა იყო, დადგინდა, რომ ჩვენს ქვეცნობიერში არსებობს რასისტული მიდრეკილებები და ეს ჩვენს ემოციებზეც აისახება.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button