ლიტერატურამოთხრობა

ეკატერინე გაბაშვილი – კონა

– დედა, პური, დედა, პური!

მისუსტებულის ხმით შესტიროდა ოთხი შვილი ერთს მაისის მშვენიერს დილას ახალკაცის ცოლს, მართას.

– ვაი დედათქვენს, რომ ვერაფრით გაგაძღობთ, – თავისთვის წაიტუტუნა მართამ და შვილებს კი ნუგეში მისცა: – სუთ, სუთ!! ეხლავ მხალს მოგიხარშავთ, ხვალ მამათქვენი მოვა და ფქვილს მოგვიტანს.

– ფქვილს მოგვიტანს? მართლა? ფქვილს მოგვიტანს? – სიხარულის ღიმილმა გაუარა სახეზედ ოთხს უსუსურს ბავშვს, რომელთაც ერთი კვირის განმავლობაში მარილწყალში მოხარშულ მხალის მეტი არ ეჭამათ რა.

დედამ კი გულით ამოიოხრა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მამა ამათ ბევრს არას მოუტანდა და, ვინ იცის, ისიც დამშეული სად დაეხეტებოდა საგლახაოდ, ლუკმა-პურის სათხოვნელად.

სამი წლის განმავლობაში ზედიზედ ქიზიყში მოსავალი არ მოვიდა. გაწყდა ყოველი ნაყოფი მთელს მხარეში. კარგი გაკეთებული ოჯახები წმინდა გლახებად გადაიქცნენ და გუდაწამოკიდებულები, ასობით დიდი და პატარა, მთელი სახლობით, დაწანწალებდნენ ახლო-მახლო სოფლებში და ქალაქებში.

მინდვრები მოდებული იყო ქალით და კაცით ბალახის ძირის სათხრელად, რომელსაც მარილ-წყალში ხარშავდნენ და იმით საზრდოობდნენ, ვიდრე საიდგანმე მოწყალება გამოუჩნდებოდათ და ერთი-ორი დღით ლუკმა-პურს იშოვნიდნენ. მაგრამ მოწყალებით მთელი მხარის გამოკვება შეუძლებელია და ქიზიყის მცხოვრებნიც აქა-იქ გაიფანტნენ ლუკმა-პურის მოსაძებნად.

რადგან მშიერის ცოლ-შვილის შინ დაყრა შეუძლებელი იყო, მთელი სახლობებით ანებებდნენ თავს მშვენიერს ქვითკირის შენობებს, შეჩვეულ მიწა-წყალს, თავის ღვიძლ სამშობლო ალაგს და მიდიოდნენ იქით, საცა იმედი ჰქონდათ საზრდოს შეძენისა.

პეტრე ახალკაციც კარგი გაკეთებული ოჯახისშვილი იყო: კარგი ქვითკირის ოთახი, ქვითკირისავე გომური, ფართო ეზო და ჩხრიალა წყარო ამშვენებდნენ იმის სადგომს. მშვენიერი მთის ჰაერი და კარგი მდებარეობა უვნებლად ინახავდა პეტრეს სახლობას. სამნი ძმანი, მდევებივით ვაჟკაცნი დღე და ღამე განუწყვეტლივ შრომობდნენ ოჯახისთვის და მართლაც რომ ამათს ოჯახში ღვთის თვალი ტრიალებდა. გუთნეული გამართული ჰქონდა პეტრეს და ისე წვრილფეხი საქონელი გასასყიდლად მთელი ჯოგი დაუდიოდა მინდორში. საზოგადო მამულში ამათზე ბევრს ვერავინ მოხნავდა. ისეთ ძნას დასდგამდნენ ხოლმე ახალკაცები, რომ მთელ სოფელს შურდა. მაგრამ აი ბუნებამ ჯიბრი გაუწია კაცს და სამ წელიწადში აყვავებული ოჯახი სრულიად ძირს დასცა. სადღაა გუთნეული, სადღაა ჯოგი და მოწყობილი სახლკარი! ამათ სახლს მტვერი აედინა; უკანასკნელი მართას მზითვის დანჯღრეული სკივრიც კი ლუკმა პურისთვის წაიღო შეუბრალებელმა სომეხმა. პეტრეს უნცროსმა ძმებმა, როგორც უცოლშვილო კაცებმა, თავს უშველეს, სხვა მხარეს წავიდნენ სამუშაოდ და პეტრე კი უკანასკნელ ღონისძიებამდე ვერ ანებებდა თავს იმ ალაგს, სადაც აღზრდილიყო და სადაც იმის მამა-პაპის ძვლები იყო დაფლული.

მაგრამ შიმშილ-წყურვილმა დასძლია ზნეობითს ძალას. იმან დაავიწყა ადამიანს ყველაფერი, გარდა თავისი მუცლისა. ტირილით გამოესალმა მართა ყოველს კუნჭულს თავისი ტკბილის ოჯახისას და გაუდგა ქმარ-შვილით დიდ შარაგზას.

ტიტლიკანა, დაგლეჯილ-დაფხრეწილი ეს ოჯახი ემზგავსებოდა მაწანწალა ბოშის სახლობას. დღითი დღე აქა-იქ ლუკმა-პურის თხოვნით დაქანცულები, ძალამიხდილნი ერთ საშინელ ცხელ ზაფხულის საღამოს შემოვიდნენ პეტრე და მართა სამის შვილით (ერთი გზაზე დამარხეს) ავლაბარში.

საშინელი სანახავები იყვნენ შიმშილისგან მიხრწნილი ბავშვები. ფეხებიდგან მეტის სიარულით სისხლი სდიოდათ და ხელ-პირი ბოლში გამოყვანილსავით ჰქონდათ მზისგან დახრაკული.

ქალაქმა შეიბრალა დამშეულნი და მალე მოიძღეს კუჭები. ერთს დერეფანში შეაფარა ღამით პეტრემ სახლობა. დღისით სათხოვნელად დადიოდნენ და საღამოთი წელებდაწყვეტილნი მიეყრებოდნენ ცალიერ მიწაზე დასაძინებლად.

კუჭები დაიძღეს თუ არა, ოჯახის შვილობის სიამაყემ გაიღვიძა ამათში: თხოვნა და ხელის გაშვერა სასირცხვილოდ მიაჩნდათ. უშრომლად ლუკმის შოვნას ჩვეულნი არ იყვნენ და სხვის ნაბოძები ლუკმა ბევრჯერ ყელზედ ადგებოდათ: აქეთ-იქით მეზობლებმა ურჩიეს პეტრეს ზემო-ქართლში წასვლა.

– იქ მოსავალი ბევრი მოდის, პურს იშოვნი, გლეხური საქმე ბევრი გამოგიჩნდება და ნელ-ნელა წამოფოჟოლდები. ღმერთი ხელს მოგიმართავს და ერთხელ ისევ ოჯახის კაცი შეიქმნები.

პეტრემაც დაიჯერა და წავიდა ქართლში. სოფელ არაშენდას გაქანებული მკა იყო, როდესაც პეტრემ თავისი ცოლ-შვილი იქ მოასხა. გლეხის გული უძირო კეთილის ზღვაა: პეტრე მაშინვე მიიკედლეს და ერთმა გლეხმა თავისს გომურში დააყენა. მეზობლებმა საჩქაროზედ მოურბენინეს პური, რძე, მაწონი დამშეულს ბავშვებს.

ბევრი ილაპარაკეს პეტრესთან არაშენდელებმა, შესჩივლეს ერთმანეთს თავიანთი ბედ-იღბალი და კარგა შუაღამისას თავის სახლში წავიდნენ. გემრიელად დაიძინეს ახალ მოთიბულ თივაზე ახალკაცებმა და იმედი მიეცათ, რომ ამათ მაწანწალობას ბოლო მოეღებოდა.

II
სოფელი არაშენდა ქართლის შუაგულში მდებარეობს. ის შემკულია დიდის კაკლის ხეებით და დიდროვანი წყაროებით. უკანიდან ამყუდროებს ახოვანი ტყე, წინ მტკვრის ღელეები აქვს გაშლილი და მრავალ სოფელს გაჰყურებს. მაგრამ თითქოს ამ მშვენიერ ბუნებას აყვავების მაგივრად დაუჩაგრავს აქ მცხოვრები ხალხი, მებატონის თუ გლეხის სადგომი რაღაცა ნაოხარს წარმოადგენს: გლეხის მიწურის სახლებიდან მარტო დიდ ერდოებს ამოუყვიათ თავები და კარებზე – ნეხვის გროვებს. მწვანე ბალახი, გაფოთლილი ხე არც ერთ მოსახლის კარებზე არ მოიპოვება. კალო, საბძელი, ბოსელი, ბაკი და საქათმე ერთმანეთშია არეული. ზოგ სახლს სამხრეთისკენა აქვს პირი, ზოგს ჩრდილოეთისაკენ, ზოგს ალთას, ზოგს ბალთას, სასოფლო გზა ისე მიხლაკ-მოხლაკნული და ოღრო-ჩოღროიანია, რომ თუ ოთხი კაცი არ შემოეჭიდა ურემს, უხიფათოდ არ გადურჩება.

სოფლის თავში გამოჭიმული დგას მებატონის ორსართულიანი სახლი, მაგრამ ახლო კი რომ მიხვალ, ვაი იმ გამოჭიმვას, რომ ის არის გამოჭიმული! ერთი უზარმაზარი შენობაა, როგორც ყველა შენობები ჩვენში ბატონ-ყმობის დროს მოწყობილი, და რაღაც უშნოდ არის აყუდებული. წინა პირზე მარტო სამი ოთახია გალესილი და მეორე გვერდი კი, ჟამთა ვითარების გამო, ნახევარზე ჩამონგრეულა. ირგვლივ ბალკონი აქა-იქა გვერდზე წაწოლილა და განსვენებისათვის მიუცია თავი. ყავარი ხომ ქარისაგან ისეა გაწეწ-გამოწეწილი, რომ სტრაფილები ძაღლებისაგან გამოხრულ მკვდარი ცხენის გვერდებს მიაგვანან, მრავალ ფრინველს გაუკეთებია ამ კედლებში ბუდე და თავისებური არქიტექტურით შეუმკიათ ოდესღაც ყვითლად შეღებილი სახლის კედლები. სახლის წინ გაფანტულა უკრუხო წიწილებივით სათონე, სამზარეულო, საქათმე და სხვა სამოსახლკარო შენობები. აქვე ეზოში გადმომჩქეფარებს მშვენიერი წყარო და მშვენიერადვე ავსებს ტალახით არემარეს უგზო-უკვლობის გამო. ამ ტალახში განისვენებენ დამტვრეული ურემი, გვერდზე გადახრილი და ტყავგამძვრალი ტარანტასი, ძარი, ჯინი და გუთანი; ქათმები, ბატები, ღორი და მწევრები, ეს აუცილებელი სამკაული ჩვენის მებატონის ოჯახისა, აქვე ტალახში დასეირნობენ. ბალკონზე ზის კნეინა ბარბარე და გადმოჰყურებს თავის გაწყობილ ოჯახს. კნეინა ბარბარე თავბრუაძისა ჯერ ახალგაზრდა დედაკაცია. ის არის ერთი თბილისელ ყასბის ქალი და ყასბურადვე იქცევა კნეინურ კანში. სქელი, მუცელგადმოვარდნილი, მთელის თვეობით უძრავადა ზის ზემო სართულში, ქვემოთ ჩამოსულს იშვიათად ნახავს ვინმე. რას აკეთებს? რით ატარებს დროს? ეს იმის მოსამსახურეებს უნდა ჰკითხოთ. მთელი დღე ხან ერთს ლანძღავს და ხან მეორეს; ბიჭისა და გოგოს ლანძღვის შუა ძილი და შემდეგ ისევ ლანძღვა. თუ კნიაზი სფირიდონ თავბრუაძე შინა ბრძანდება, ვაი იმის ბრალი! ახლა იმაზე გადავა ბარბარეს შეუწყვეტელი ლოცვა-კურთხევა. სფირიდონიც ამას იმიზეზებს და მთელის კვირაობით, ზოგჯერ თვეობითაც სახლიკაცებში, გორში და თბილისში ქეიფობს; და თუ ვინიცობაა მოისურვა და ეს ქეიფი თავისს ოჯახში გადმოიტანა სფირიდონმა, მაშინ დატრიალდება ხოლმე ჯარა. ქათმების კაკანი, ცხვრის ბღავილი, ბიჭების და დედაკაცების შერბენ-გარბენა სულ ფერს შეუცვლის ხოლმე თითქმის ყოველთვის მიძინებულს თავბრუაძიანთ ოჯახს. კნეინა ამ დღეებში უფრო ხმამაღლივ ილანძღება, უფრო ხშირად გადის და შედის აივანზე; ამოალაგებს ხოლმე მზითვის ქეჩა-ხალიჩას, ვერცხლეულს, სუფრა-სალფეთქს და მოჰყვება სასტუმროს ლაგებას. გასაოცარია იმათი სასტუმრო: ყვითლად შეღებილი კედლები ნიაღვრის სხვადასხვაგვარ ხაზებით არის დახაზული. ჭერის ბათქაში აქა-იქ დიდ ბელტებსავით ჩამოცვივნულა; რვა თუ ცხრა ფანჯარას მარტო აქა-იქ უსხედს მინები; დანარჩენი თვლები ქაღალდებით არის გაკრული და ამისთვის ოთახში ყოველთვის, ბრწყინვალე დღეშიაც კი, ჩამობნელებულია. ერთი გრძელი ტახტი და ექვსიოდ დამახინჯებული სკამი შეადგენს სამკაულს ამ რუისისავით გაგრძელებულ ზალისას.

ამ კურთხეული მეუღლეების ნაყოფს შეადგენენ: თორმეტი წლის ვაჟი ლევან, სფირიდონის პირველ ცოლთან ნაყოლი და სამი ერთი-ერთმანეთზე მომყოლი ქალები ბარბარესი.

აი ამ სახლობასთან მოიყვანა მართა ახალკაცის ცოლმა თავისი უფროსი გოგო კონა.

კნეინა ბარბარემ და მართამ სიტყვიერად ერთმანეთს პირობა ჩამოართვეს: კონა უნდა ჰყოლოდა ბარბარეს ათი წლის განმავლობაში მოსამსახურედ; ესწავლებინა მისთვის ხელსაქმე, წიგნი, სინდისიანად შეენახა და ათი წლის შემდეგ, კარგი მზითვით მიეთხოვებინა იმისათვის, ვისაც იმას ბედი საქმროდ გამოუჩენდა.

მართა გულმოწყვეტილი დაეკონა თავისს კონას და ბევრი მდუღარება დააყარა თავისს პატარა გოგუცუნას.

– რა გაეწყობა, შვილო, სიღარიბეს, – ჩასტუტუნებდა მართა კონას, – თორემ მე განა ისე უღმერთო ვარ, რომ სხვის ხელში ჩაგაგდო?! მაგრამ, შვილო, შინ მშიერი ყოფნას, იქ მუცელი მაინც გაგიძღება. მამაშენი დღიურის მუშაობით ჩვენც ვერ გვარჩენს; ახლა ზამთარიც მოვა და მაშინ სამუშაოც აღარა იქნება რა.

საბუთები ძლიერ საბუთიანი იყო, მაგრამ კონას არ ესმოდა იმათი მნიშვნელობა, მაგრა ეკვროდა დედას ძუძუებში და გულამომჯდარი ტიროდა. უცხო სახლი, დედის ტკბილის ალერსის მოშორება საშინელება იყო იმისთვის. მაგრამ მოსახდენი უნდა მოხდეს და ათი წლის კონაც უპატრონოდ დარჩა თავბრუაძიანთ სახლში.

III
დღეიდგან კონა გახდა მორჩილი მონა და ყმა ყოველ თავბრუაძიანთ ოჯახის წევრისა. ყურისგდება და გაწვრთნა კონასი ბარბარემ ჩააბარა უფრო იისახარს, სფირიდონის პირველი ცოლის მოახლეს, ოჯახის ბურჯს, მთელის სახლობის ტანტიკინს და მოსამსახურეების მეხს. ერთი საშინელი, ახმახი, კარგა მოზრდილის ულვაშებით, რიხიანი ხმით იისახარი უფრო მიაგავდა ბებერ ქოსა კაცს, სანამ დედაკაცს. ის თავის დღეში არ ყოფილა გათხოვილი, არ ჰყოლია შვილი და ამისათვის არ უგრძვნია სიყვარული. იმის შეუბრალებლობა განთქმულია მთელს არაშენდაში. სოფლის გოგო-ბიჭები შიშით გაეკვრიან ხოლმე ღობეს, როდესაც ის შეხვედრაზე გადააჭყიტავს ხოლმე იმათ არწივივით დაბრიალებულ თვალებს. იმას მთელის სახლის გასაღებები სარტყელზე აქვს გამობმული და მთელი დღე ზემო და ქვემო სართულს ალილუიას უვლის, რომ მეტი პური არვინ შეჭამოს, გვერდზე არვინ წამოწვეს და განსვენებას თავი არვინ მისცეს. ის რომ არ ჰყოლოდა სფირიდონს, იქნება ნახევარი მამულიც არ შერჩენოდა და ცოლ-შვილი შიმშილით გასწყვეტოდა.

ამისთანა იყო იისახარ, რომლის მსხვერპლად გახდა დღეიდგან კონა. პირველსა დღეს გულჩათხრობილი, მწუხარებისაგან მობღუნძული კონა იისახარმა მიუსვა აკვანს. მთელი საათობით განუწყვეტლივ კონა მოკეცილი იჯდა და არწევდა აკვანს; და თუ ამ თავის გამაბრუებელ რწევაში ჩაეძინებოდა, ვაი იმას! – დაიძინე, შე გულმკვდარო? – წაუმუჯლუგუნებდა იისახარ. კონა გულგახეთქილი გააჭყეტდა თვალებს და ისევ მიჰყოფდა აკვნის რწევას ხელს. განთიადისას, როდესაც ძილი ტკბილია ყველასათვის და მეტადრე ათი წლის ბავშვისათვის, კონას წამოაგდებდნენ ფეხზედ, ფეხშიშველას, დაფხრეწილის კაბით, უნდა ამოეტანა წყაროდამ წყალი, ხელ-პირი დაებანინებინა ყველასათვის, დაეგავა ოთახები, მოევლო ყმაწვილისათვის. ყველა ამ საქმეში იისახარ უკან მისდევდა კონას და ყოველსავე შეფერხებაზე უბრიალებდა თვალებს. კონას ყოველს ბავშვურს გათამაშებისათვის, ეშმაკობისათვის კანჭებში შხოლის გაკვრით სჯიდნენ. ბარბარეს შვილები აქვე, ამის გვერდით, თამაშობდნენ, დარბოდნენ, ყვიროდნენ და არავითარი მონაწილეობა არ შეეძლო მიეღო ამ თამაშობაში პატარა გოგოს. ბევრჯერ ბავშვების თამაშზე კონა გულით გაიხარებდა ხოლმე თავისი აკვნის ძირიდგან.

– ქა, რას ხარხარებ, შე წუწკო, – ეტყოდა ხოლმე იისახარ, – განა შენც მაგათი ტოლი ხარ, შე აშარო!

თუ ბავშვები კონას აწვალებდნენ, სჩქმეტდნენ, ქოჩორს აგლეჯდნენ, იმისგან ტირილი შეუძლებელი იყო. ბარბარე და იისახარ დიდად გაიკვირვებდნენ…

– ქა, დამიხედეთ ნებიერს, ყმაწვილებმა ხელი ვეღარ უნდა გახლონ. არც კი გიხარიან, შე გულმკვდარო, რომ ეს ბავშვები შენ გეთამაშებიან?

– კონავ, აბა მოდი, გამაჭენე, – ეტყოდა რვა წლის კნიაჟნა გოგოს და საჩქაროდ შეახტებოდა ზურგზე.

კონაც აჭენებდა ოთახში, აჭენებდა იქნობამდის, მანამ ძალმიხდილი პირქვე არ დაეცემოდა.

– გაჰკარ მაგას, – მაშინვე ეტყოდა ბარბარე სიცილით თავის მამაც შვილს და შეუდგებოდა წკაპუნი პატარა გოგოს გვერდებს.

ხილის ჭამაზე ხომ როგორც ბავშვები, ისე უფროსები თვალებს აბრეცინებდნენ კონას.

– კონავ, ჩურჩხელა მოუტანე ყუთიდგან ყმაწვილებს! კონავ, მურაბა ჩამოუღე თახჩიდგან ბავშვებს! – უბრძანებდა ბარბარე და ერთხელ არ მოაგონდებოდა, რომ იმისთვისაც მიეწოდებინა რამე. კონას პირი ევსებოდა ნერწყვით, მაგრამ თხოვნა როგორ შეეძლო, და თუ ვინცობაა ხელი წასძლევდა და რომელსამე ყმაწვილს ხელიდგან წააგლეჯდა რასმეს, იისახარ მაშინვე გაიხარებდა ამ შემთხვევით და მთელი დღე უჭმელს დააგდებდა.

კონას ამ განწირულობაში მარტო ერთი ამხანაგი ჰყავდა; პატარა ლევანი თუმცა ისე უბედური არ იყო, როგორც კონა, მაგრამ ყოველთვის დებში გამორჩეული და ობლობისაგან გულჩათხრობილი, თითქო ბუნებრივადვე თანაუგრძნობდა უპატრონო პატარა კონას. ის ყოველთვის განუზიარებდა ხოლმე იმას იმ მცირე ნაწილიდგანაც, რასაც დედინაცვალი შეახვედრებდა. ბევრჯერ უსამართლოდ დასჯილი ბარბარესაგან და უხასიათო მამისაგან, მიუჯდებოდა კონას და შესჩიოდა თავის უბედურებას. სადილის შემდეგ, როდესაც ბარბარე და იისახარ ძილს მიეცემოდნენ, კონა, ლევანი და ბავშვები გავიდოდნენ კარზე, რომ ძილი არ დაეფრთხოთ უფროსებისათვის და ამ სადილ-შემდეგებში ორი ობოლი, თუმცა კი გარჩეულნი საზოგადო მდგომარეობით, შეერთდებოდნენ ხოლმე მწუხარებით. რამდენიც იზრდებოდნენ ლევანი და კონა, იმდენად ამათი მდგომარეობა უფრო მტკიცდებოდა და ერთმანეთის უბედურება უფრო გულს უტეხავდათ საცოდავს ბავშვებს.

ყოველმხრივ შევიწროებულმა კონამ მალე დაჰკარგა თავისი ბავშვური ხასიათი. ის ყოველთვის თავჩაღუნული, დაღონებულის სახით დასცქეროდა დედამიწას, თითქო იქ უნდოდა ამოეკითხა თავისი უბედურების მიზეზი. მოიგონებდა თავის თავისუფალ ცხოვრებას, დედის ტკბილს ალერსს და გულით ამოიოხრებდა. ბევრჯერ აკვანთან თავჩაღუნული, თვალებზე ხელმოფარებული ჩუმად ქვითქვითებდა. დიდი და პატარა, გოგო თუ ბიჭი, ყველა კონას უბრახუნებდა თავში, “კონა, წყალი, კონა, ცეცხლი, აქ მოდი, იქ წადი!” გაისმოდა მთელ სახლში სამზარეულოდგან დაწყებული ბატონის ოთახამდის. საღამოზედ დაღალულ-დაქანცულ კონას მიეძინებოდა სადმე ოთახის კუნჭულში და იქვე მიაგდებდნენ ზედ ძველის საბნის ნაფხრეწს.

მართა კარგად ხედავდა თავისი შვილის უბედურებას, მაგრამ რა ექნა! არჩევანი შეუძლებელი იყო, პეტრე გაზაფხულზე ავად გახდა; ციებცხელებამ წააქცია და მთელი ექვსი თვე ფეხზე ვეღარ წამოდგა. მართა დღე და ღამ მუშაობდა, რომ სახლობისათვის ლუკმა მიეწოდებინა. მეორე გოგოც მოახლედ მისცა და ერთის ბიჭით და ავადმყოფის ქმრით დაბრუნდა თავის ქვეყანაში, საიდგანაც ამბავი მოსდიოდა, რომ ხალხს სახელმწიფოდ თესლი დაურიგდათ და წელს მშვენიერი მოსავალი მოვიდა ქიზიყშიო. პირველმავე კეთილმა ამბავმა აუღელვა გული ახალკაცებს და საჩქაროდ გაემგზავრნენ თავიანთი ოჯახის აღსადგენად. თუმცა მართასათვის ორ-ორის შვილის დატოვება უცხო, უგულო სახლში სიკვდილზე უარესი იყო, მაგრამ იმედი, ყოველთვის კარგად წარმომდგენი მომავლისა, გულს უმაგრებდა: “ერთხელ-ორჯერ კარგი მოსავალი მოვიდეს და შემდეგ ღმერთი მოწყალეა. წამოვალ და ჩემს ცოდვის შვილებს ისევ ჩემს ქოხში წავიყვან”, – ამბობდა მართა.

IV
მშვენიერი შემოდგომის დღეა, ვენახები მწიფე ყურძნით არის სავსე. ბალახს და ხის ფოთოლს ყვითელი ფერი დაედო. ჰაერში რაღაც ტკბილი სურნელოვანი სითბოა. არაშენდაში დიდი და პატარა გაქანებულ მუშაობაშია. კაცები სიმინდს ზიდავენ, დედაკაცები ბოსტნეულს იღებენ, ხილს ინახავენ. ყოველ სულდგმულს სახლში შეაქვს რამე ზამთრისათვის. მარტო თავბრუაძიანთ კარებზე სრული სიჩუმეა. ბატონიანთ სძინავთ, სახლის ახლო რუს პირზე სხედან ხუთიოდე პატარა ბავშვები და ბორბალს ატრიალებენ; ცოტა მოშორებით თხუთმეტის წლის გოგო და თვრამეტის წლის ყმაწვილი კაცი ჩუმად რაღაცას ელაპარაკებიან ერთმანეთს. ესენი არიან კონა და ლევანი. ხუთმა გრძელმა, მტანჯველმა წელმა გაიარა ამ ორის უბედურისათვის და კი ვერაფრით შესცვალა მათი უფერული მდგომარეობა; ისევ ისე მონანი არიან თავიანთ ბედისწერისა. ბარბარეს რამდენიმე შვილი მოემატა და კონას ამითი, რასაკვირველია, ჯაფა. ის წელში გაუშლელად მუშაობს და მადლობის მაგივრად ყოველ დღე ისახრება. ლევანი მამის უთაურობით და დედინაცვლის მოწყალებით თითქმის უსწავლელი დარჩა.

არაშენდას ზაფხულობით მოდიოდა ერთის იქაურ აზნაურის შვილი ალექსანდრე გოგრაშვილი თავისის რამდენიმე შეგირდით. სფირიდონი სარგებლობდა ამ შემთხვევით და მარტო ზაფხულობით მიაბარებდა ხოლმე თავის უფროს შვილს, ლევანს. რასაკვირველია, ამგვარ დროგამოშვებით სწავლით ბევრს ცოდნას ვერას შეიძენდა ლევანი, მაგრამ მისდა საბედნიეროდ ალექსანდრე გოგრაშვილი ერთი იმ ნათელ პირთაგანი იყო, რომელმაც არ შეიძლება დიდი შთაბეჭდილება არ მოიმოქმედოს ყველაზე, ვინც კი იმას დაუახლოვდება. ის ერთი იმ კაცთაგანი იყო, რომლის დანიშნულებაც არის აღზრდა ახალგაზრდობისა და რომელსაც ის სამაგალითოდ ასრულებდა. იმან ლევანს თუმცა სწავლით სამი-ოთხი ზაფხულის განმავლობაში ბევრი ვერა გადასცა რა, მაგრამ ზნეობით ისეთს პატიოსნებით სავსე მიმართულებაზე დააყენა ლევანის ჩვილი და უბედურებისაგან გატეხილი ხასიათი, რომლის შეცვლაც არავითარ გარემოებას აღარ შეეძლო. ამ ორი-სამი წლის ნაგლეჯ-ნაგლეჯის სწავლით გათავდა ლევანის განათლება. ყმაწვილი, ძალით და ღონით სავსე, მთელი დღეობით უსაქმურად დაეხეტებოდა სოფელში, ხან ვის კალოზე ჩამოჯდებოდა, ხან ვის ბოსელში შევიდოდა ზამთრობით საბაასოდ. მოუმზადებელი იყო ყოველგვარ საქმისათვის და მეტისმეტად იტანჯებოდა ცუდაობით. უბედურების დროს, რაშიაც დედინაცვლის წყალობით ხშირად იყო ჩავარდნილი, ლევანი ყოველთვის მიმართავდა ხოლმე კონას. კონას თანაგრძნობის ცრემლები ამშვიდებდა, ამსუბუქებდა იმის აღელვებულს გულს.

აი, დღესაც გალანძღული და თავლაფდასხმული სასოფლოდ იმისთვის, რომ უცაბედად აზიზი ბარბარეს ერთადერთი ძე წააქცია, შესჩივის კონას:

– ოჰ, კონავ, ზოგჯერ ჩემის დედინაცვლის უსამართლო ლანძღვაზე რაები მომდის თავში! მინდა მივარდე, ყელში წავუჭირო და კატასავით მივაღრჩო, მაგრამ მერე რაღა ვქნა! ხომ დავიღუპე! იმას ხომ აღარავინ მკითხავს, თუ რამ მაქნევინა ეს საქმე. არა, მაშინვე ციმბირში მიკრავენ თავს. თუმცა კი, სწორედ რომ სთქვას კაცმა, ციმბირში კიდეც ემჯობინება ჩემთვის. იქ მიწას მაინც მათხრევინებენ, იქ მეც ისე მიყურებენ მაინც, როგორც სხვა მუშებს და შურით ხომ გულს არ მომიკვლენ, როგორც აქა. ერთის მამის შვილებს, ერთისა და იგივე ცხოვრების პატრონებს როგორ გვარჩევენ ერთმანეთში, ხედავ? რა კი ჩემს დებსა და ძმას დედა ჰყავთ, კარგადაც აცვიათ, კარგადაც აჭმევენ, ასწავლიან კიდეც და მე კი, რადგან უბედურება მეწვია და მშობელი აღარა მყავს, კიდევ უარესად მიმწარებენ წუთისოფელს ამ გამორჩევით. რატომ მე კი არ მასწავლეს? რა ვარ ახლა? – უგუნური. არ ვიცი, რა გავაკეთო, რა საქმეს დავადგე. რასაც ხელს მოვკიდებ, ყველაში სიბრიყვე მეტყობა. რადა? რა დამიშავებია? არა, მე ასე ცხოვრება აღარ შემიძლია. მე წავალ, გადავარდები სადმე, ქვეყანა დიდია, საცხოვრებელს როგორ ვერ ვიშოვნი? მოჯამაგირეობა მირჩევნიან ამგვარ თავის დამცირებას და შერცხვენას.

– ნუ ბატონიშვილო, ნუ! ნუ იფიქრებ მაგეებს. სად უნდა წახვიდე? სხვაგან იქნებ უარესს დღეში ჩავარდე. სხვა არა იყოს რა, მე მაინც არ გებრალები? შენს მეტი ნუგეში ვიღა მყავს, რომ შენც თავი მიმანებო. ხანდისხან შენთან არ დავიჩივლო ჩემი გულის დარდები, არ შემოგტირო ჩემი უბედური ბედი, რაღა მეშველება? მოვითმინოთ, ლევანჯან, იქნება ღმერთმა გვიშველოს საიდგანმე, – ტირილით ეუბნებოდა კონა.

– კონა, ნუ სტირი, შენი ცრემლები გულს უფრო მიკვლენ. ჩემს უბედურებას შენიც ემატება და მაშინ უფრო მოუთმენლად მინდა, რომ დავიკარგო სადმე. მოდი, გოგო, ერთად გავიქცეთ. წავიდეთ სადმე, შორს, შორს, რომ ქვეყანაზე ვერავინ გაიგოს, თუ შენ გოგო ხარ და მე ბატონიშვილი. ერთად მოჯამაგირედ დავდგეთ, ვიმუშაოთ, ფულები მოვაგროვოთ და მერე…

– მერე?

– მერე? სახლი გავიმართოთ და და-ძმურად ერთად ვიცხოვროთ.

– გოგო, გოგო! – მოისმა წივილი იისახარისა. – სადა ხარ, შე გაგლეჯილო! დაგავიწყდა, რომ სახლში შემოსვლა გინდა. აქ მოეთერ, აქა, შე უნამუსოვ.

კონა ნელა წამოდგა ფეხზე. ის იყო ყარყარა, მაგრამ მეტად სუსტის აგებულობისა. იმის ტანს რაღაცა ბუნებრივი ლაზათი ჰქონდა და წყნარი მიხვრა-მოხვრა. იყო ფერმკრთალი და იმის ლამაზი შავი თვალები მუდამ დაღონებულნი გამოიყურებოდნენ. ბელეშად შეკერილი თეთრი ჩითის კაბა, წითელი გახუნებული თავსახვევი, ქალბატონის გამონაცვალი დაწიწკნილი ბაშმაკები შეადგენდნენ იმის მორთულობას. იმან გულით ამოიოხრა, ლევანს გადახედა, შეაგროვა ბავშვები და შევიდა სახლში.

V
ლევანი მწვანეზე გაიშოტა, დაებჯინა თავით ორთავ ხელებს და დაუწყო ყურება წყლის შეუყენებელ მდინარეობას. ათასნაირი ფიქრები ტრიალებდა ამ ობლის თავში. რა მომელის მე? რა მქვიან მამაჩემის ოჯახში, ან ქვეყანაში? პავლიკა ბიჭს უფრო მეტი ალაგი უჭირავს ცხოვრებაში, მანამ მე. ორი ხმა რომ მაღლა ამოვიღო, ჩემი დედინაცვალი მაშინვე გადმომიბღვერს; ყოველ წამს სცდილობს სიცოცხლე მომიშხამოს. აბა რა იყო დილას მიზეზი? ჯერ თვითონ მლანძღა, მერე მამას მიუტანა ენა, გამლანძღაო, და კინაღამ ჯოხით აცემინა. ოჰ, ნეტა კი ეცემა! მიზეზი მაინც მექნებოდა ჩემი გულის შხამები ვიზედმე გადამესხა. მამაჩემი! უხასიათო, უსირცხვილო! ოღონც აიცილოს ბარბარეს ლანძღვა და თუნდა იმისთვის თვრამეტი წლის ვაჟკაციც გალახოს, რა უშავს. რა უშავს?! ხელი ეხლო და მაშინ ნახავდა, რაც უშავდა. მაგრამ რისთვის ვიტან ამდენ ტანჯვას? რითი მაქვს იმედი, ფერი შევუცვალო ჩემს უბედურ ყოფა-ცხოვრებას? ნუ თუ კონას დატოვება მაბრკოლებს? რა ვიცი, ყოველთვის, წასვლას რომ დავაპირებ და იმის დაღონებულ სახეს წარმოვიდგენ, მრცხვენიან ვუღალატო და ხუთის წლის ამხანაგობა დავარღვიო. საწყალი! მთელი იმის სიცოცხლე ცემა-ტყეპაში მიდის. რასაც ბარბარე აკლებს, იმას იისახარი უსრულებს. ცემა ცემაა და გაუპატიურება ყოველ წამს ხომ უარესია. გუშინ კონას ქურდობა დააბრალეს. კონამ მოიპარა! განა კონას მოპარვა შეუძლიან რისამე? მაგრამ ვინ არის გამრჩევი. კონა უპატრონო, ობოლია, მოსარჩლე არავინა ჰყავს და ყოველთვის მტყუანი უნდა გამოდიოდეს. “ვიღას შევტირო ჩემი უბედურებაო”. საწყალი! ვიღას უნდა შესტიროს მართლა? მთელი სახლობა მგლებივით შეჰყურებს და მეც თავი დავანებო? არა. იმასაც უნდა ვუშველო და ჩემს თავსაც. ის უთუოდ გზას მიჩვენებს. იმის გულში იმდენი სიყვარულია, რომ გაჭირვებულს უთუოდ ხელს მომაშველებს.

VI
“ძმაო და მეგობარო ალექსანდრე!” – სწერდა ლევანი იმავ დღეს გოგრაშვილს, – “თქვენ კარგად მოგეხსენებათ ჩემი მდგომარეობა. მე თქვენ ყოველთვის ისე გიყურებთ, როგორც ძმას და ძმურადაც გიამბობდით ჩემის ოჯახის ამბავს. თქვენ მირჩევდით მომეთმინა, იქნებ მამაჩემის გულს როდესმე გაეღვიძნა და ჩემთვის გზა მოეცა რამე. მაგრამ იმის გულის გაღვიძება შეუძლებელი ყოფილა. ჩემი მოთმინება გათავდა. მეტი აღარ შემიძლიან. დღეს მე კაცი ვარ, თვრამეტის წლის კაცი. მე თქვენის მოწყალებით ვიცი, რა არის კაცი. მე თქვენის მოწყალებით ვიცი, თუ რა დამოკიდებულება უნდა იყოს კაცებს შუა და მოთმინება აღარ შემიძლიან. ჩემი ვინაობა აუწერელია; მე ყოველ დღე განდევნილი ვარ, ყოველ დღე თავლაფდასხმული მამაჩემის სახლში. მინდა თავი განვითავისუფლო ამ სიბნელიდგან და იმედი მაქვს ხელს მომიმართავთ, დარიგებას მომცემთ და გზას მაჩვენებთ. ესეც უნდა მოგახსენოთ, რომ მეორე ტყვე, რომელიც ჩემთან უნდა განთავისუფლდეს, ბევრად უარეს დღეშია და იმის იქ დატოვება ჩემგან უსინდისობა იქნება. გეხვეწებით, მალე შემატყობინეთ პასუხი. მე იქამომდე აღელვებული ვარ, რომ მეშინიან, ფათერაკი არა შემემთხვეს რა. ერთი რომ უსაფუძვლოდ გამლანძღონ, ერთი რომ კონას ჯოხი მოუღერონ, ვინ იცის, იქნება თავი ვეღარ შევიმაგრო და უბედურება მოვახდინო რამე. მირჩიეთ, რა ვქნა! მირჩიეთ!”

ერთ კვირაზე ლევანს შემდეგი პასუხი მოუვიდა გოგრაშვილისაგან: “ლევან, მე დიდად ვწუხვარ, რომ შენში ადამიანური აზრები აღვძარ. მე მინდოდა კაცად მექციე და ის კი ვეღარ მოვისაზრე, რომ მაგ აზრებით სადა გტოვებდი! როგორ შეგეძლო აგეტანა ის უზნეობა და ბარბაროსობა, რომელიც შენს სახლში ტრიალებს. მე მინდოდა, კაცი ყოფილიყავ და ის კი ვეღარ მოვიფიქრე, რომ ბოლომდის შენი გზაზედ გაყვანა ჩემს ხელთ არ იყო. მე მაშინვე ვერ მოვიფიქრე, რომ უნდა მგელი ყოფილიყავი, რომ მგლებში მგლურად გეღმუილა, რომ ბატკანს უთუოდ გადაგყლაპავდნენ. მაგრამ შენ ისეთი მასალა იყავ შენის უმანკოებით, რომ შეუძლებელი იყო მაგ მასალისათვის ხელი არ მომეკიდნა, არ შემემუშავებინა, თუმცა კი შენი სრულიად დახსნა მაგ ყოფიდან არ შემეძლო. მე ვგრძნობ შენს მდგომარეობას. მე მესმის შენი გმირული სურვილი, რომ კონაც გინდა გაანთავისუფლო, მაგრამ როგორ უნდა მოგაწვდინო ხელი! იქნება არც კი იცი, რომ შენ მცირეწლოვანი ხარ და არ შეგიძლიან მამის სახლი მიატოვო და თანაც ტკბილი ლუკმა, მუქთი მოსამსახურე გამოჰგლიჯო. კანონით, მამას შეუძლიან შინ დაგაბრუნოს, სასტიკად დაგსაჯოს, შემდგომში უარესს დღეში ჩაგაგდოს. და თუ მოახერხებ და წამოხვალ, ჩემი სახლი შენთვის ყოველთვის მზად არის. თუ ბრძოლა იქნება საჭირო შენის განთავისუფლებისათვის, რამდენადაც შესაძლო იქნება, კიდეც ვიბრძოლებ. მაგრამ რაღა ვქნათ მაშინ, რომ ყოველივემ ამაოდ ჩაგვიაროს და მამაშენმა შინვე დაგაბრუნოს?”

VII
ლევანმა კონას გადასცა ალექსანდრეს პასუხი. ის შეძრწუნდა. როგორ უნდა გავიპაროთ, მერე ქალბატონი რას იტყვის? იმას ვერ წარმოედგინა, რომ ქალბატონის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელი იყო. ის ისე შეეჩვია მონობას, რომ თავისუფლება ვერც კი წარმოედგინა. – მერე რომ დაგვეწივნენ და დაგვაბრუნონ?!

– დაგვაბრუნონ?.. ჩვენ ჩვენსას ვეცადნეთ და თუ დაგვაბრუნებენ, მაშინ სხაფრივ ვიფიქროთ. მაშინ ბრძოლა გაიმართება და გამარჯვება იმას დარჩება, ვინც უფრო ღონეს გამოიჩენს. შენ ბარგი შეკრული გქონდეს. მე მთაში წავალ. იქნება შალბაშის ფულები მოვაგროვო რამე. მე მამა ხანდისხან გამგზავნის ხოლმე ფულის ასაკრეფად და მთიულები ფულს არ დამიჭერენ. ფული რაკი გვექნება, ფიქრი აღარ არის. რკინიგზამდის, როგორც იქნება, ჩავალთ და შემდეგ ალექსანდრე მოგვეშველება.

ერთი კვირის განმავლობაში დიდს აღშფოთებაში იყვნენ კონა და ლევანი. დამკვირვებელი რომ ჰყოლოდათ ვინმე, ადვილად შეატყობდა ამათ მღელვარებას. ლევანი უფრო გულმაგრად და გადაწყვეტილებით მოელოდა გამგზავრებას და კონა კი თრთოდა. ამას წამ და უწუმ ავიწყდებოდა დაწყებული საქმე. ბევრჯერ შუა ოთახში გაჩერდებოდა და თავისთვის რაღაცას ტუტუნებდა; ბავშვები ღრიალებდნენ და კონას არაფერი ესმოდა. იისახარმა წიკვინი მოუხშირა, უფრო-და-უფრო ხშირად დაუწყო კონას კანჭებს შხოლის ლაწუნი, მაგრამ მდუმარებისაგან ვერ გამოიყვანა.

– დაგლახვროს ჩემმა წმინდა-გიორგი ლანახვისისამ! რა დაგემართა, შე გულმკვდარო, რაზედ გამოყრუვდი? ვირის ქეჩი ხომ არ გაკრავს, რომ ცემასაც კი ვეღარ ჰგრძნობ?

კვირა საღამოს ლევანი მთიდან დაბრუნდა და კონა გაიხმო:

– გოგო, ფული ვიშოვნე, ჩვენი საქმე კარგად არის. ამაღამ ფხიზლად იყავ, რაწამს სახლში ხმა მიწყდება, გავიპარნეთ.

– ლევან, ლევან, არ შემიძლიან. მუხლები მიკანკალებს. გული როგორღაც მეუბნება, რომ დაგიჭერენ და მერე ვაი ჩვენი ბრალი! ცოცხლად მიწაში ჩამსმენ. არ შემიძლიან, არა. მარტო შენ წადი, ღმერთმა ხელი მოგიმართოს.

– აი, შე ლაჩარო, შენა. მერე მე სადღა ვარ, ვერ გიშველი? მაშ მე ბიჭი აღარა ვყოფილვარ, რომ შენ ხელიღა დაგაკაროს ვინმემ. ეშმაკს შეაფურთხე და წავიდეთ. ნუ გეშინია, ობლის ღმერთი ჩვენს მხარეს იქნება.

შუაღამისას, როდესაც თავბრუაძიანთ სახლში ჩამიჩუმი აღარ ისმოდა, ბალკონის კარები ჩუმად გაიღო და ჩუმადვე მიიხურა. ბნელაში ორი ჩრდილი ერთი-ერთმანეთის მომდევნო, ხელი-ხელს ჩაკიდებული, ფეხის აკრეფით, უხმოდ განშორდნენ სახლსა. კარგა მანძილს რომ გასცილდნენ, ლევანი და კონა შესდგნენ, გადახედეს თავის სატუსაღოს, გადიწერეს პირჯვარი და გაჩქარებულის ნაბიჯით გაუდგნენ გზასა.

განთიადისას იისახარს ყმაწვილის ატეხილი ტირილი შემოესმა. ადგა, გავიდა ქალბატონის ოთახში და პირ-კატა ეცა. ბარბარე გაქანებული ხვრინავდა და კონას ლოგინი კი ცარიელი იყო. გამოვარდა გარეთ, შეჰქნა ყვირილი, ერთ წამზე მთელი სახლობა ფეხზე დააყენა. აქეთ გოგო, იქით გოგო. ლევანი აღარავის გაახსენდა. ბარბარე ქევქევით გამოგოგდა და ორთავ ხელები თავში შემოიკრა, – ქა, ახლა რაღა პასუხი გავცე იმ გოგოს დედას, რას მეტყვის, ჩემი შვილი შენი ამანათი იყო და სად დამიკარგეო! მიშველეთ, ბიჭებო, მოძებნეთ, დამიჭირეთ, თუ ღმერთი გწამთ, და მე ვიცი, როგორც დაგასაჩუქრებთ.

სოფელმაც გაიღვიძა. შეიქნა ერთი საშინელი აყალ-მაყალი, ზოგს უხაროდა ეს შემთხვევა, ზოგს უკვირდა, კარებზე მოგროვილ ხალხში სხვა და სხვა აზრი მოისმოდა.

– ვაცხონე იმის მამა, – ამბობდნენ ყმაწვილი ბიჭები, – რაც იმას ესენი სცემდნენ, რატომ აქამდის არ გაიქცა. ე ოხერი ბატონ-ყმობა დიდი ხანია გადავარდა და ეგ საცოდავი კი ყმაზე უარესს დღეში იყო.

– აი გაუწყდა სახელი იმ ურცხვს! ვინ იცის, ვის გადამთიელს მიჰყვა და თავი გაიფუჭა, – უმატებდნენ დედაკაცები.

ამ არეულ-დარეულობაში შეუნიშნავად სახლს მოუახლოვდა ტარანტასი, იქიდგან გადმოხტა სფირიდონ და ამაყად უბრძანა ბიჭებს:

– გადმოიღეთ ეგ უნამუსო და ახლა მე ვიცი, როგორს თავისუფლებასაც ვუჩვენებ მაგას.

ბარბარემ შეჰკივლა, იისახარმა გულშემოიყარა, დიდი და პატარა ტარანტასს შემოეხვია. გადმოიღეს კონა გაყვითლებული, მუხლმოკვეთილი და წინ დაუდვეს თავისს ქალბატონს. ბარბარეში გაიღვიძა ყოველმა იმისმა პირუტყვულმა გრძნობამ; ის წამოვარდა ფეხზე და თავის ზორბა გვამით შეადგა კონას. ამას სრულიად დაავიწყდა, ბოლო რა იქნებოდა ამის პირუტყვობისა. ის მხოლოდ ჰხედავდა თავის მსხვერპლს და პირუტყვსავითვე შეუბრალებლივ სჯიდა მას. არც ერთი ხმა, არც ერთი კრინტი არ დაუძრავს უბედურს გოგოს და თუ არ შეენიშნათ იქ მდგომ ბიჭებს კონას გულწასვლა, იქნება ფეხქვეშაც, ხმაამოუღებლივ ამოსვლოდა სული. უძრავი კონა შეიტანეს სახლში.

– სად იპოვნე ეგ ძაღლის ლეკვი? – დამშვიდებით ჰკითხა ბარბარემ სფირიდონს, თითქო აქ არაფერი ამბავიაო.

– სად ვიპოვნე, ქალო, და სტანციაში. წარმოიდგინე, გადმოვხტი ვაგონიდან თუ არა და ვნახოთ ხელი-ხელ ჩაკიდებული ლევანი და ეგ დარბაისელი შემოდიან იმავე ვაგონში. მაგათაც შემნიშნეს და გაქცევა დააპირეს. გაქცევა რომ არ დაეპირებინათ, მე აბა რას მივხვდებოდი! მაშინ კი მივხვდი, ვწვდი და დავიჭირე გოგო, ლევანი კი თავდაღმა დაეშვა და სად წავიდა და სად არა, ვეღარ გავიგე რა. დეე, წავიდეს, შორი გზა არ ექნება და როცა ჩავიგდებ ხელში, მაშინ მე ვიცი, როგორ მწყრებს გამოვურეკ. ისე დავბუბნი, ისე, რომ სიბერემდის ვეღარ დაივიწყოს. ვაჟო, ეს რაღაცა თავისუფლებააო, სულ გადაგვირია ბავშვები. რა ეშმაკად მივე იმ მჭადიჭამია გოგრაშვილს, მაგრამ ტყუილად კი არ არის ნათქვამი: “ჩვენი საქმე მაშინ წახდაო, როცა დათვი საძაღლედ გახდაო”.

კონა დიდხანს იწვა ლოგინში უგრძნობლად. არც მომვლელი, არც ხმის გამცემი იმის ბედობაზე არვინ იყო. მთელი დღეობით მწყურვალი, სიცხისაგან ყელამომხმარი შესცქეროდა ზეცას და ნატრობდა სიკვდილს. იისახარმა ორჯერ-სამჯერ წამოაგდო ფეხზე, ეგონა, რომ კონა ტყუილად იწვა ლოგინში, მაგრამ ორი ნაბიჯის გადადგმაზე კონა უძლურად დაეცა ფილაქანზე და მხოლოდ მაშინ მიანებეს თავი.

ამ ხანებში არაშენდას შემთხვევით მოვიდა ექიმი. მეზობლებმა ურჩიეს ბარბარეს, გოგო უჩვენეო, და იმანაც სინდისის გასაწმენდად მოიწვია. ექიმმა გადაათვალიერა კონას დაბრანძული ლოგინი, ნოტიო კედელი იმის საწოლთან და კნეინას შენიშნა: “ამ მდგომარეობაში ეს გოგო ერთს კვირასაც ვერ გააღწევსო”.

კნეინამ “მდგომარეობა” კონას ავადმყოფობას დააბრალა და, როგორც უნუგეშოს, ქვა მიაგდო. ხანდისხან, მეტადრე კვირაობით, როდესაც დედაკაცები მოცლით იყვნენ, შემოხედავდნენ ხოლმე კონას. ზოგი დიდგულას ასმევდა, ზოგი ძირტკბილას, ზოგი დოს პერანგში აწვენდა და შემდეგ ისევ მიივიწყებდნენ ხოლმე. ყველას თავისი საქმე ბევრი ჰქონდა და კვირაობითაც საკმაოდ სთვლიდნენ იმის მოვლას.

ექიმის სიტყვამ არ გასჭრა, თუმცა კონა მთელი ზამთარი ლოგინად იყო, მაგრამ რამდენიც გაზაფხულის სითბომ გააღვიძა ქვეყანა, იმდენი კონამ თანდათან მოიხედა და ერთ მარტის თბილ დღეს ფეხზედ წამოდგა, მაგრამ ვაი იმ წამოდგომას. მკვდრის ფერით სახეზე, წელში ორად მოკაკული მძიმე და განუყრელის ხველით საშინელი სანახავი იყო. მაგრამ ბატონყმობის დროს გაქვავებული გული იისახარისა და სისხლის მოყვარე ყასაბის ქალი ბარბარე ვერ ამჩნევდა თავიანთგანვე შემზადებულ სურათს. იმათთვის სულიერი თანაგრძნობა შეუძლებელი იყო: სხვისი ტირილი სიცილად მიაჩნდათ და სხვისი ტანჯვა – ქეიფად. ისინი სვავებივით მივარდნენ თავიანთ მსხვერპლს და თითქო გაიხარეს, რომ ისე ადვილად არ გამოეცალათ ხელიდან.

– კნეინას ვახლავარ! – საშინელის გველურის სიცილით მიეგება ბარბარე გამოსვლის უმალვე კონას. – როგორ მოისვენეთ, ჩემო ბატონო?..

კონა გაოცებული შეჩერდა. მერე საშინლად თვალები დააჭყიტა და წაბარბაცდა.

– რა კნეინა იქნებოდი, – დაუმატა იისახარმა, – გემოვნება კი გქონია! აი, თუ ჩაიხუტებდი კნიაზს ჭუჭყიანს უბეში.

– რა კარგად მოუხდებოდა კნეინობა ახალკაცის გომბიოსა! იქნება დედაშენმა დაგარიგა, რომ აგრე მარდად მოქცეულიყავ? და სიკეთის მაგივრად, რომ მშიერი გაგაძღეთ, წინიდან მოსათხრელი თვალები უკანიდან დაგეთხარა.

– საშინლად დაშვენდებოდა ტახტზე ჯდომა ლანჩაშემოხეულს და გამურულ კონას. რა რძალი დაგიმშვენებდა, კნეინა, გვერდს, თითით საჩვენებელი კი იქნებოდა! მეხი კი დაგაყარე მაგ თავზე, მეხი! შე წუწკო, კაცმა რომ შემოგხედოს, მჭადში ნახშირს ვერ გამოარჩევ და მაგდენი კუდიანობა კი შეიძელი.

– აი გახმეს ეგ გოგრა, რომ შენისთანა გომბიოები ვერ გაქალბატონდნენ! – და ორთავე ხელები თავში ჩაჰკრა ბარბარემ კონას.

– ქალბატონო, ქალბატონო, დამეხსენით, – ხელების მტვრევით ეუბნებოდა კონა, – დამეხსენით. ტყუილად ნუ მწვავთ, ტყუილად ნუ მაბრალებთ. განა არ იცით, რომ ეგენი თავისს დღეში თავში არ მომსვლია. შარს რად მიგონებთ, რადა? შემიბრალეთ.

– ხმა გაიწყვიტე, შე ძაღლის ლეკვო! შენ გინდოდა გაგეჩირქიანებინა ჩვენი ოჯახი, შენ გინდოდა პატიოსანი თავადიშვილი დაგეღუპა და ხმაც ვეღარ უნდა გაგცეთ?!

– ქალბატონო, გეუბნებით, დამეხსენით. მეტი მოთმინება აღარ შემიძლიან! მეც ადამიანი ვარ, ჩემს გვამშიაც ადამიანის სისხლი ტრიალებს, შემიძლიან მოთმინება დავკარგო და მაშინ……- კონა წელში გაიმართა, სახე გაუწითლდა და ეს სიტყვები ისეთი სიმამაცით სთქვა, რომ ცოტა არ იყო, შეაშინა თავისი მტრები; მაგრამ ერთი წამის შემდეგ ისინი უარესის გაცოფებით მივარდნენ:

– ქა, ვერა ხედავთ, როგორ ენა ამოიდგა. იქნება შენ შენი თავი მართლა კნეინა გგონია! მოდი, ბარემ დამკარ კიდეც რაღა! თორემ რა, თორემ რა? ხმა ჩაიწყვიტე, ხმა, თორემ ისე გაგცლი ბუწუწებიდან, რომ დედაშენმა მართუამაც ვეღარ გიცნოს.

– ოხ, ღმერთო, ღმერთო, მომათმენიე! – იტყოდა ხოლმე კონა და ბარბაცით გავიდოდა გარეთ.

ამგვარმა უსამართლო ცილისწამებამ კონას ჩუმი და უფერული ხასიათი სრულიად შესცვალა. ეხლა ეს ჩუმად აღარ ემორჩილებოდა თავისს ბედისწერას, ჩაისახა გულში შურის ძიება და მთელი დღე და ღამ ამის საფიქრებელი ის იყო, თუ როგორ გადაეხადნა თავისს მტრებისათვის სამაგიერო. გრძელსა და გაუთავებელს ღამეებს ატარებდა უძილოდ ხველების გამო და სულ იმ ფიქრში იყო, თუ როგორ აესრულებინა თავისი განზრახვა. “ლევანი ყოველთვის მზად იყო შურის საძიებლად, მაგრამ დასჯისა ეშინოდა”, ეუბნებოდა თავისს თავს კონა. “და მე რიღასი მეშინიან! მე ხომ დიდი ხანი აღარ დამრჩენია სასიცოცხლოდ და ისე მაინც მოვკვდე, რომ მაგათი ჯავრი არ წამყვეს. ერთ მუჭა სისხლს მაინც დავლევ ჩემი სიცოცხლის ფასად! ოხ, ლევან, ლევან, რა მიყავი, თავისუფლების მაგივრად სიცოცხლე რად მომიწამლე!”

ახალ-ახალი ზნეობის დამამცირებელი მოქმედება და დაცინვა ბარბარესი და იმისი ერთგული მოახლისა უფრო და უფრო უმტკიცებდა ამ აზრს კონას თავში. ბოლოს იქამდის მიაღწია, რომ თითქმის ჭკუაზე შესცდა ამ აზრზე. “რითი მოვკლა? ან რომელი მოვკლა?” ხშირად ჰკითხავდა თავისს თავს.

ერთხელ თავის ყუთს ალაგებდა და კუნჭულში იპოვნა პატარა ლამაზი კალმის დანა. ეს ლევანის პირველი საჩუქარი იყო და შიშით ვერ აჩენდა კონა, რადგანაც ყოველი ამის საკუთრება უთუოდ გადავიდოდა ხოლმე იისახარის ხელში. ერთხელ სტუმრებმა კონას თეთრი ფული აჩუქეს და ისეთის სისწრაფით გამოჰგლიჯა ხელიდან, რომ კინაღამ თითებიც თან გაატანა. კონამ დანა კარგად გასინჯა, გადაატრიალ-გადმოატრიალა და ჯიბეში ჩაიდო. ამ დღითგან კონას შეხედულება სრულიად შეიცვალა. ტანში გასწორდა, თითქოს სიმაღლეც მოემატა, თვალები აენთო, გაყვითლებული ლოყები გაუწითლდა, მოძრაობაში სისწრაფე დაემჩნია. ამან მოიკრიბა რაც დარჩენილი ძალა და ღონე ჰქონდა შურის ძიების ასასრულებლად და ლოდინიც დიდხანს არ მოუნდა.

ერთხელ კონამ ბარბარეს ძვირფასი შალი დასწვა უთოში. ბარბარე გააფთრდა, მოჰგლიჯა კონას თავშალი და ქოჩრის წიწკნა დაუწყო – აი, შე წუწკო, შენა. აბა ახლა გიშველოს, აბა ახლა მოგიტაცოს კნიაზმა, აბა გაგანთავისუფლოს! – და თან ლუკმა-ლუკმა აგლეჯდა ხორცებს. იისახარიც შემოვარდა და ქალბატონს კვერი დაუკრა. კონა ათრთოლდა, უკანასკნელი ღონისძიება მოიხმარა და ბარბარეს ხელიდან გაუსხლტა, ცოფიანივით დორბლი გასდიოდა პირიდგან, თვალები წინ წამოუცვივდა, ყელში ხრიალი დაიწყო და თვალის დახამხამებამდის თავისი დანა ბარბარეს გულში ჩაარჭო. მაგრამ კმაყოფილების მაგივრად დატორტმანდა, გვერდზე ხელი წაივლო და უსულოდ დაეცა ბარბარეს ფერხთით. პირიდგან სისხლი გადმოსკდა და შეუერთდა ქალბატონის სისხლსა.

ამავე დროს მეორე კარებიდან შემოვიდა მართა ხურჯინით დატვირთული. ამან ძღვენი მოუტანა ქალს მოსაკითხად. ძლივს ეღირსა თავისი გულითადის აზრის ასრულება. მოვიდა ქალის გასანთავისუფლებლად და დაინახა, რომ განთავისუფლებამ დაასწრო, განთავისუფლებამ საზარელმა, მაგრამ ნამდვილმა და საუკუნომ…

VIII
ბარბარეს დაჭრილობა ძლიერ მცირე გამოდგა. არც იარაღი და არც ძალა საკმაო არ იყო, რომ იმის გასუქებულ მკერდში ჩაეტანებინა.

ლევანი იმავე დღესვე, როდესაც მამას სადგურიდან გაექცა, ტივით ქალაქში ჩამოვიდა. გოგრაშვილის შემწეობით და ნათესავების მაშუალობით სფირიდონი შეურიგდა თავის შვილს და თვეში სამი თუმანი საზრდოდ დაუნიშნა. ლევანი გიმნაზიაში სწავლობს და იმედი აქვს უმაღლესი სწავლაც მიიღოს. ამის შრომით სავსე სიცოცხლეს ძლიერ ხშირად ამღვრევს ის აზრი, რომ ამხანაგს უმტყუნა და სათნო კონა უმეცრების მსხვერპლად გაჰხადა.

1882

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button