დეტექტივილიტერატურამოთხრობა

აგათა კრისტი – ჯენტლმენი-მკვლელი

ჰარი ლექსტონის დაქორწინების ამბავმა მთელი საგრაფო ააფორიაქა. ყველა ამბობდა, დაჭკვიანდა ბიჭი, მდიდარი, ლამაზი, ახალგაზრდა ქალი შეირთო და მშობლიურ მხარეში დაბრუნდაო. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ძირითადად გაუთხოვარი შინაბერები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ ჰარი ლექსტონის დაჭკვიანების ამბავს. საქმე ისაა, რომ ყმაწვილობაში ჰარი ქვეყნის დამაქცევარი იყო. ბიჭი მეზობლებს ბაჭიებს და კურდღლებს უხოცავდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ფანჯრების მტვრევაზე. მერე ბანქოში მთელი ქონება გაანიავა და ბოლოს ადგილობრივი აფთიაქარის ქალიშვილიც შეაცდინა. აქედან უკვე ვეღარ

„გამოძვრებოდა“ და ისიც იძულებული გახდა, აფრიკაში გამგზავრებულიყო. იქ რა მოხდა, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ საქმეები კარგად წაუვიდა. „უძღები“ შვილი დაბრუნდა, თანაც სავსე ჯიბით. ამბობდნენ, ცოლის, ანგლო-ფრანკების შთამომავალი ლამაზმანის მზითევით, ლონდონში და რივიერაზე შესანიშნავი სახლები შეიძინა. კინგსდენ-ჰაუსი კი მთლიანად გადაასხვაფერა. ძველი კოშკი და სახლი, რომელიც გაბარდულ ხეებს შორის ჯადოქრის სახლს უფრო ჰგავდა, მთლიანად დაანგრიეს. მის ადგილას თეთრი, ქათქათა სასახლე წამოიმართა. სამუშაოები სარეკორდოდ მოკლე დროში დამთავრდა. მერე მოვიდნენ დეკორატორები, მებაღეები, ინტერიერის სპეციალისტები და იქაურობა სამოთხედ აქციეს. ახალ სახლში ჯერ მსახურები გამოჩნდნენ, ბოლოს კი თავად მისტერ და მისის ლექსტონებიც ჩამოვიდნენ მდიდრული „ლიმუზინით“. მთელი საგრაფო სულგანაბული ელოდა ახალგაზრდა მისის ლექსტონს. ხმები გადაჭარბებული არ აღმოჩნდა. ის მართლაც მშვენიერება იყო – ნაზი, ჰაეროვანი, მოკრძალებული… სათბურში გაზრდილი ყვავილივით… სოფლის ჭორიკნებმა უკვე იმაზე დაიწყეს ბჭობა, რას მოიმოქმედებდა მისის ლექსტონი, როცა თავისი ქმრის ახალგაზრდობის ცოდვების შესახებ გაიგებდა. ყველაზე მეტად მის ჰარმინი აქტიურობდა.

– ჰარის ხომ იცნობთ. ეგ არ გაჩერდება. კიდევ მონახავს გასართობს.

– არ მგონია, – შეედავა მის ბრენტი, – ადამიანები იცვლებიან.

– არა ისეთი მამაკაცები, როგორც ჰარი ლექსტონია, – ჩაილაპარაკა მის მარპლმა და რატომღაც ექიმის დისშვილს, მის კლარისა ბეინს შეხედა. ქალიშვილი დაძაბული უსმენდა შინაბერების საუბარს და ბოლოს ვეღარ მოითმინა.

– მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი. ისეთი ახალგაზრდები არიან და საერთოდ, ჰარის ისეთი არაფერი დაუშავებია. ახალგაზრდობაში ვის არ ჰქონია პატარა თავგადასავალი.

მის მარპლმა თავი გადააქნია, მაგრამ არაფერი უთქვამს. რამდენიმე დღეში კი ავად გახდა ფილტვების ანთებით. დოქტორი ჰეიდოკი ხშირად მიდიოდა მასთან, ახალ ამბებს უყვებოდა.

ცოლ-ქმარმა ლექსტონებმა შესანიშნავი წვეულება მოაწყვეს. ჰარიმ ახალგაზრდა ცოლს არაჩვეულებრივი, ჯიშიანი და ძვირფასი ცხენი აჩუქა. ლუიზა ლექსტონი, ჰარის მეუღლე, საკმაოდ მოწყენილი იყო სოფლური ცხოვრებით და ცხენით სეირნობაში კლავდა დროს. ერთ საღამოს, როცა ჰარისთან ერთად მანქანით ბრუნდებოდა სახლში, გზაზე მოულოდნელად მოხუცი ქალი შენიშნა. წელში მოხრილი უცნობი მანქანას გადაუდგა და ხელებით ზეცას რაღაც შეჰღაღადა. ჰარიმ ძლივს მოასწრო მანქანის დამუხრუჭება და შეიგინა.

– რა მოხდა, ჰარი? – წამოიყვირა ლუიზამ, – ვინ არის ეს ქალი, რა უნდა ჩვენგან?

– ეს მარგეტროიდია, ჩვენი ყოფილი მებაღის ცოლი. ქმართან ერთად ორმოც წელზე მეტხანს იცხოვრა იმ ნანგრევებში, მე რომ მოვაშორე აქაურობას.

– მუშტებს მიქნევდა და მგონი, იწყევლებოდა კიდეც, – შიშით ჩაილაპარაკა ლუიზამ.

ჰარიმ გაიცინა.

– საყვარელო, მისმა წყევლამ რა უნდა დაგვაკლოს?

– თუკი უსამართლოდ მოექეცი… ის ახლა ქუჩაშია… მშიერი…

ჰარი აღშფოთდა.

– სულაც არ არის ქუჩაში და არც შია. რა სისულელეა? საიდან მოიტანე, მშვენიერი პენსია აქვს და პატარა კოტეჯიც ვუყიდე.

– მაშინ, რას გვერჩის, რა უნდა, რატომ არის ასეთი გაბოროტებული?

– აბა, რა ვიცი. ცოტათი ჭკუაზე ვერ უნდა იყოს.

– ო, ჰარი… როგორი ცუდია ეს ყველაფერი… – ლუიზა აშკარად ვერ დაამშვიდა ქმრის სიტყვებმა. იმ დღიდან მისი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა. შეშლილი მოხუცი ქალის ფიგურა ლუიზას კოშმარად ექცა და ახალ სახლში ცხოვრების ბედნიერება ჩაუშხამა. საკმარისი იყო, სასეირნოდ გამოსულიყო, რომ ჩასაფრებული ბებრუხუნა მის წინ აღიმართებოდა და ზეცისკენ მუშტებაპყრობილი რაღაცას ბუტბუტებდა. ლუიზას ეჭვი არ ეპარებოდა ქმრის სიტყვებში, რომ ქალი შეიშალა, მაგრამ შიშის განცდა მაინც არ ტოვებდა. ყოველთვის, როცა ჰარის ამაზე ჩამოუგდებდა ლაპარაკს, კაცი იცინოდა და ეუბნებოდა, – ის მხოლოდ შეშლილია. კუდიანი არ არის, რომ რამე გვავნოსო. ლუიზას ეს ვერაფრით ამშვიდებდა, ნელ-ნელა ქალი საკუთარ თავში ჩაიკეტა. წყნარი, ინგლისური პროვინცია ლონდონისა და რივიერას შემდეგ ყველაზე საშინელ ადგილად ეჩვენებოდა. ერთადერთი მისი გასართობი ცხენით ჯირითი იყო. ჰარიმ ცოლს ახალი ულაყი „პრინცი ჰარი“ უყიდა. ამაყი და თავნება, სუფთა სისხლის პირუტყვი სულ იმას ცდილობდა, პატრონის ნების საწინააღმდეგოდ ევლო. ერთხელ ლუიზამ გაბედა და მოხუც მარგეტროიდს ჰკითხა:

– რატომ გვწყევლით, რა გინდათ ჩვენგან?

მოხუცმა ქალმა მუშტები შემართა.

– რა მოხდა? როგორ გამაძევეთ კინგსდენ-ჰაუსიდან? მე იქ ორმოც წელზე მეტხანს ვიცხოვრე. შენ და შენი ქმარი აქ ვერასოდეს გაიხარებთ. ჩემი წყევლა არ მოგასვენებთ. წაეთრიეთ აქედან! აქ მხოლოდ უბედურება დაგატყდებათ თავს.

აკანკალებული ლუიზა სახლში დაბრუნდა და ქმარს სთხოვა, გავყიდოთ აქაურობა და გავემგზავროთო. ჰარი გაცოფდა.

– შეშლილი ის კი არა, შენ ყოფილხარ, ძვირფასო. კინგსდენ-ჰაუსი გავყიდო? – ასეთი სისულელე აზრად როგორ მოგივიდა. კარგი, რადგან ასეა, მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო. მაგ ბებრუხანას ბილეთს ვუყიდი და თავის შვილთან, ამერიკაში გავამგზავრებ.

რამდენიმე დღის შემდეგ კი უბედური შემთხვევა მოხდა. მის მარპლმა ამის შესახებ დოქტორ ჰეიდოკისგან შეიტყო. სწორედ ის გამოიძახეს სასწრაფოდ კინგსდენ-ჰაუსში…

მის მარპლმა ეჭვით გადააქნია თავი.

– უცნაურია, ძალიან უცნაური… მარგეტროიდი ყოველთვის აღმერთებდა ჰარის. მომიყევით, რა მოხდა.

ჰეიდოკმა დაიწყო:

– ორმა მამაკაცმა, რომლებმაც პურის ფურგონით მამულში ფქვილი მიიტანეს, ნახეს, როგორ მოხდა ეს. ლუიზა „პრინც ჰარიზე“ ამხედრებული ჭიშკრიდან გამოდიოდა, როცა მას მარგეტროიდი გამოეკიდა მუშტების ქნევით. ცხენი დაფრთხა, აიშვა და მხედარი გადმოაგდო. ლუიზა იმ მამაკაცებიდან ერთ-ერთმა და თავად ჰარიმ შეიყვანეს სახლში. მისტერ ლექსტონი ამ დროს ვერანდაზე იყო. მეორე მამაკაცი ჩემკენ გამოქანდა, მაგრამ სანამ მოვიდოდი, ლუიზა გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

– რატომ ფიქრობთ, რომ ეს უბედური შემთხვევა არ ყოფილა? – გამომცდელად მიაშტერდა მის მარპლი ექიმ ჰეიდოკს.

ექიმი გაწითლდა.

– მაქვს ამის საფუძველი.

– იცით, თქვენ არ სცდებით. ჰარიმ მოკლა ცოლი, ოღონდ ის გაქნილი ნაძირალაა და ყველაფერი ზუსტად დაგეგმა. დარწმუნებული ვარ, რომ მარგეტროიდს ფულიც გადაუხადა მთელი ამ სპექტაკლის მოსაწყობად და დროც შესაფერისი შეარჩია, მოწმეები რომ ჰყოლოდა. თქვენ იცით, ბავშვობაში ჰარი როგორ ოსტატურად ისროდა შურდულს? მთელ საგრაფოში ბადალი არ ჰყავდა. ჩემო ძვირფასო დოქტორო, ცხენი შურდულიდან ნასროლმა კენჭმა გააგიჟა და არა ბებრუხანა მარგეტროიდის მუშტებმა, რომელსაც შეეჩვია კიდეც. ის ხომ თითქმის ყოველდღე ხვდებოდა მისის ლექსტონს გზაზე. მაგრამ იცით, რა მიკვირს? რა გარანტია ჰქონდა ჰარის რომ ქალი ჩამოვარდნით სასიკვდილოდ დაიმტვრეოდა. მე ვიცნობ მას… თავს დაიზღვევდა. თქვენ თქვით, რომ ლუიზა თქვენს მისვლამდე გარდაიცვალა, გონზე მოუსვლელად.

– დიახ, – ექიმმა ამოიოხრა და ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა.

– შემთხვევით, შპრიცი ხომ არ გიპოვნიათ კინგსდენ-ჰაუსში?

– ღმერთო, თქვენ გულთმისანი ხართ. გვამში სენროფანტინის დიდი დოზა აღმოვაჩინეთ. მთავარი კი ის არის, რომ ჩემი დისშვილი, კლარისა გამომიტყდა, ჰარის საყვარელი ვიყავი და ცოლად შერთვას მპირდებოდაო.

მის მარპლმა ამოიოხრა.

– „საცოდავი მდიდარი გოგო“. ჰარის არასოდეს მოსწონდა ქერა, სიფრიფანა და ნაზი ქალები. თქვენი დისშვილი ხომ შავგვრემანია და ეშხიანი, აფთიაქარის ქალიშვილივით. რა სულელები იყვნენ ისინი, ვინც ფიქრობდა, რომ ჰარი ლექსტონი გონს მოეგო… ასეთები არ იცვლებიან…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button