ლიტერატურამოთხრობა

ილია ჭავჭავაძე – სიტყვა-ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძისადმი

საკმაოა კაცმა გაიხსენოს მარტო სახელი გაბრიელ ეპისკოპოსისა, რომ გულში მადლი ჩაეფინოს, ვითარცა მზის შუქი. თითოეული წამი მისი ცხოვრებისა, მოძღვრებაა, მაგალითია, ანდერძია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის, ერთად კი მთელი მისი ცხოვრება ერთი დიდი სკოლაა მაღალ-სათნოებისა და სიყვარულისა, მართლისა და ჭეშმარიტებისა, მადლისა და მოწყალებისა. მე არ ვიცი იმისთანა სხვა კაცი, საერო თუ სამღვდელო, – რომლის გულშიაც მომეტებულის მშვიდობის-ყოფით, მომეტებულის და-ძმობით ერთად დაბინავებულიყოს სამოქმედოდ მეცნიერება და სარწმუნოება. განსვენებული ღრმად-მიწევნილი მეცნიერი იყო და იმოდენადვე ღრმად-მორწმუნეცა. აქ არის, ჩემის ფიქრით, მისი აღმატებულება, მისი მნიშვნელობა არამცთუ მარტო ჩვეთვის, სხვისთვისაც, რადგანაც ბევრსა ჰგონია, რომ მეცნიერება და სარწმუნოება ერთმანეთში მოურიგებელნი და მოუთავსებელნი არიანო. იგია მაგალითი ამ მორიგებისა და მოთავსებისა.
ამ ორს სამფლობელოთა შორის შემაერთებელ ხიდსა სწნავს მარტო სიბრძნე, რომელიც ასე იშვითია ამ წუთისოფელში, რომლითაც ასე სავსე იყო განსვენებული მღვდელ-მთავარი, და რომელიც, ჩემის ფიქრით, სხვა არა არის რა, გარდა მეცნიერების და სარწმუნოების ერთმანეთში ბედნიერად მორიგებისა, ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ამისთანა სიბრძნეს სწვდებოდნენ მარტო იმისთანა გენიოსები, როგორც ნიუტონი და სხვანი მისებრი, ერთსა და იმავე დროს ღვთისა და ბუნებისმეტყველნი.

მთელი მოძღვრება აწ განსვენებულის სახელოვანის მღვდელ-მთავრისა რომ აიღოთ, ძნელად იპოვით მაგალითს, რომ მეცნიერება გაეწიროს სარწმუნოებისათვის, ან სარწმუნოება – მეცნიერებისათვის. პირიქით, იგი სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა, თუ ასე ითქმის, და მთელი სიბრძნე მისი ამაშია გამოსახული.
იგი ერთს თავის ქადაგებაში სთხოვდა თავის სამწყსოს, რომელიც ყოველთვის სულგაკმენდით უსმენდა ხოლმე, ევედრენით ღმერთს, რომ მომცეს მე ძალა ჯეროვნად ვემსახურო ეკლესიასა, ესე იგი თქვენს ცხოვრებასაო, რადგან თვითოეული თქვენგანი და ჩვენგანი ერთად შეადგენს იმ კრებულს, რომელსაც ეკლესია ღვთისა ჰქვიანო. ეს მისთვის ლიტონი სიტყვა არ იყო, საღვთო წერილიდან ამოკითხული და გაზეპირებული, ეს იყო მისი სიმბოლო, ეს იყო მისი განათლებული რწმენა, ეს იყო მისი გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება, ეს იყო ის, რასაც სიბრძნეს ეძახიან და რის გარეთ მსახურება თავის მსახურებად არ მიაჩნდა, ღვაწლი – ღვაწლად, მადლი – მადლად, საქმე – საქმედ. არ არის არც ერთი მაგალითი, რომ სადმე და რაშიმე ესუსტნოს ამ რწმენისათვის, პირიქით, თავისი ხანგრძლივი სამსახური მარტო ამ რწმენას შესწირა და შეალია. კაცთათვის მსახურება მსახურებაა ღვთისაო, – ამას მარტო ღრმად გამეცნიერებული სარწმუნოება იტყვის და ამისთანა სარწმუნოებისა იყო იგი, ვისიც სიბრძნე მარტო ჩვენ არ გვანცვიფრებს. ნამეტანობაში ნუ ჩამომართმევთ და გულით წმიდით ვიტყვი, რომ სჩანს ღმერთს კიდევ არ დავვიწყებივართ, რადგანაც თქვენისთანა სათნოებიან კაცს მოუვლენს ხოლმე ჩვენს ქვეყანასა. თქვენ აღგვიდგინეთ ჩვენნი დავიწყებულნი წმინდანნი – შიო მღვიმელი და იოანნე ზედაზნელი.
უღონობა ქვეყნისა მარტო უფულობა და უქონლობა კი არ არის, როგორც ეხლა ბევრსა ჰგონია, არამედ უფრო ისა, როცა სათნოებიანი, კეთილ-მომქმედი, მაღალ-ზნეობის კაცი არა ჰყავს. სიმაგრე ქვეყნისა, ქვეყნის ძალ-ღონე, ერის შემნახველი და გამდიდებელი ქვითკირი ადამიანის ცხოვრებისა მარტო სათნოებაა და მარტო სათნოებიანი კაცი ჰქმნის ამ წუთისოფელს ტაძრად, – სადაც ღმერთს ადიდებენ, და სამოთხედ, – საცა ბედნიერება ადამიანისა ჰსადგურობს.
თქვენის ცხოვრების წმიდათა-წმიდად ორი დიდი საგანია: ერთი ღმერთი და მეორე თქვენი სამშობლო ქვეყანა. ღმერთს ღმრთისას აძლევდით, ქვეყანას ქვეყნისას და ორსავ ემსახურებოდით ერთმანეთს დაუკლისად გულმხურვალებით და სიყვარულითა. ერთი წუთიც არ ვიცი თქვენის სიცოცხლისა, რომ ცხოველმყოფელი შუქი ამ ორკეც სიყვარულისა არ მოჰფენოდეს თვითეულს თქვენს საქმეს, თქვენს მოქმედებას. ქვეყანას ემსახურებოდით ღმრთისათვის და ღმერთს ადიდებდით ქვეყნისათვის, რადგანაც ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული მხსნელია ქვეყნისა. თქვენი სიცოცხლე მთელი და განუწყვეტელი სათნოებაა, სათნოება, რომლის მაგალითს მარტო იმ მადლით ცხებულ მღვდელ-მონაზვნებს შორის ვპოულობთ, რომელნიც ერთს დროს ყოფილან ჩვენში ჩვენდა საბედნიეროდ, და ეხლა ჩვენდა საუბედუროდ, აღარ არიან.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button