ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – ჩვენი ქოხის ბანი

პატარა ვიყავი, ალბათ,  ხუთი წლისა. დედამ და ბებიამ თბილისში წამიყვანეს მამიდასთან, იქიდან ვიღაც ექიმებთან დავყავდი. ექიმებთან სიარული, რა თქმა უნდა, მემკვლელებოდა, მათგან წამოსვლა კი მახარებდა. აღტაცებული ვუყურებდი დიდ, გაბდღვრიალებულ სახლებს, უბედნიერეს ადამიანებად მეჩვენებოდნენ იმ სახლებშიმცხოვრებლები.

მამიდა ეფემია კი მიწისპირა პატარა შუშაბანდიან, პატარა ბნელ ოთახში ცხოვრობდა _ ქმრით, სამი შვილით. ქმარი კეთილი დურგალი ჰყავდა, მაღალი, დიდი. იმ ხანებშიმამიდას მულიც მათთან იყო, მაინც ვეტეოდით ყველანი, მხიარულადაც კი, განსაკუთრებით სუფრასთან და ღამით, დაწოლის წინ.

ჩამკიდა ხელი ერთ დღეს ბებიამ და წამიყვანა მეორე მამიდასთან, ვარინკასთან. ვარინკა მამიდა ქვრივი იყო, მასაც სამი შვილი ჰყავდა, ისინი უფრო დიდები. მაღალს, ძალიან გამხდარს, საოცრად მეტყველი დიდი მრგვალი თვალები ჰქონდა, ისეთი მოფერება იცოდა, თითქოს დნებოდა, რომ მეფერებოდა. პირველად მივდიოდი ქალაქშიმათთან.

ბებიამ რაღაც პატარა ტრამვაიში ჩამსვა, იმ ტრამვაიმ ზარის რეკვითა და ღრჭიალ-ღრჭიალით სადღაც მთლად გადახრიოკებულ გორებში აგვიყვანა, სულ ბოლო გაჩერებაზეჩამოვედით. ტრამვაი არ მობრუნებულა, ბუგელი მოუბრუნეს თოკით, ცოტა ხანს იდგა და მერე მხიარული ჩხარუნით დაეშვა ქვემოთ. ჩვენ მოუკირწყლავ ყვითელ ქუჩასავყევით, ყვითელი სულ ხმელი თიხა იყო, ქუჩის სავალ ნაპირას კუზებად ქცეული ნაფეხურები ამწკრივებულიყო. ბებიას ჩიხტი-კოპი ეხურა, გრძელი შავი კაბა ეცვა, იმნაფეხურებზე გადაბიჯება უჭირდა, მეც მიჭირდა, ამიტომ მე ქვემოთ, კორჩხილებზე ვამჯობინებდი სიარულს.

ქუჩის აქეთ-იქით სულ პატარა სახლები იდგა, ზოგი კირით გათეთრებული, კარ-ფანჯარა ლურჯად შეღებილი, ზოგი ისევე დატოვებული, როგორც აეშენებინათ თიხით. სახურავებიც ჰქონდათ ამ სახლებს, ზოგს კრამიტის, ზოგს ტოლის, ზოგს სხვადასხვა ზომისა და ფერის თუნუქის. ეზოებიც შემოეღობათ _ ფიცრებით, ნაგვერდულებით, რკინებით, მავთულებით. ხეებიც ედგათ სახლების წინ და აქეთ-იქით ხეებს ფოთლები გაჰყვითლებოდათ და სცვიოდათ. ეს მსიამოვნებდა, მით უფრო _ ყვითელი ფოთლებიჩვენს გზაზე რომ ეყარა. კიდევ _ კვირიონები რომ კუთავდნენ სადღაც მოწმენდილ, დიდ ლურჯ ცაში.

ავედით სულ მაღლა. იქ უფრო პატარა სახლები იყო, ნამდვილი ქოხები. შევაღეთ ერთი პატარა კუტი კარი, წინ გავუარეთ თითქმის მიტყუპებულ ორ მოზრდილ ქოხს, მივადექით მთლად პატარას, მთლიანად თიხით დადგმულს, თიხისავე ბანიანს. ბებიამ შეაღო კარი _ მოდიო, შენ შედიო. მე შევცბი, უკან დავიწიე, ბებიამ ხელი მომკიდა, უსიტყვოდ შემომევედრა, მეტი გზა არ იყო, დაკოხილი შევედი.

დამინახა მამიდამ, დადიდებულმა ბრდღვიალა თვალებმა თითქოს მაღლა წაიღეს, _ ჩემო სიხარულოო, ჩემო მზის შუქოო, ჩემო ბედნიერების წყაროო, _ წამოფარფატდა, დაიწია, მიმიკრა, მიმიხუტა, მკოცნიდა სად აღარა! მომეხვივნენ მამიდაშვილებიც, ახლა იმათ მკოცნეს, ამიყვანეს, გამაგორეს საწოლზე, მაინც დავინახე, როგორ ეფერებოდამამიდა ახლა  ბებიას, ერთსაც ცრემლები ჩამოსდიოდა, მეორესაც. ვხედავდი ჭერსაც, წვიმაჩამოსულ ადგილებს, ზედ მიკრულ სხვადასხვა ზომის ქაღალდებს. მეც სატირლადვიყავი მზად, ჩემი უსაყვარლესი მამიდაშვილი ვანო კი, რვა წლით უფროსი ჩემზე, მიღიტინებდა და მაცინებდა, მიღიტინებდნენ ფეხებთან გოგოებიც. ჩაგვიდგა ბებია, _ მაგისთვის ეგენი არ შეიძლებაო, არ შეიძლებაო! გაიწიეს ვანომაც და გოგოებმაც. წამოვჯექი, ჩამოვუშვი საწოლიდან ფეხები ძირს. იქ დაიჩოქეს ვანომაც და გოგოებმაც, მელაპარკებოდნენ, მეალერსებოდნენ.

მამიდას ცრემლები მოეწმინდა, გაღიმებული იდგა ნავთქურასთან, ნავთქურაზე ხალიფაფა ბერავდა ძუძუკებს, ისროდა ცხელ წინწკლებს, მამიდა აჩქარებით ურევდა ხისკოვზით, თან ამბობდა:

_ სასიდედროს ეყვარება ჩვენი ბიჭი, აი, ახლა უნდა დავმსხდარიყავით სადილადო! _ გამოხედა გოგოებს,_ აბა, გოგოებოო!

გოგოებმა სწრაფად გამოიღეს მათლაფები მაგიდის ქვეშიდან, მამიდა ავსებდა მათლაფებს და გოგოები დგამდნენ მაგიდაზე. იქ ფაფა უკვე მშვიდი იყო, აღარ ბრაზობდა, წინწკლებს აღარ ისროდა. მაგიდის შუაში ჩადგეს პური, მწვანილი, ცოტა ყველიც. ახლა საჭირო იყო ფაფის ამოღრმავება, შიგ ერბოს ჩადება. ერბოც აღმოაჩნდა მამიდას, ისიცჩადგეს თეფშით. მამიდამ იკითხა:

_ რეზიკო სად დავსვათო?

_ რეზიკო ბანზეო, _ დაიძახა ჩემმა საყვარელმა ვანომ.

ყველას გაეცინა.

_ მაშა, მაშაო, _ მამიდამ, _ სანეფო ადგილასაო!

_ არა, ბანზეო! წესი ეგრეა, სტუმარი ბანზეო! _ გაჯიუტდა ვანო.

_ აი, იქ დაუდეთ მუთაქაო! _ საწოლის თავისკენ გაიშვირა ხელი მამიდამ.

_ არა, ბანზეო, _ იძახდა ვანო.

მე გაშტერებული ვიდექი აქამდე. ახლა წავედი, ბანზე მივდიოდი, გამოვაღე კარი.

ჩამომწვდნენ, შემაჩერეს. მე მაინც გარეთ მივიწევდი, ვტიროდი და ფეხებს ვიქნევდი. ყველანი მეხვეოდნენ, ვინ როგორ მეფერებოდა! _ განა მართლაო, ე, ძმაკაცოო, _ მიგურგურებდა ვანოც. მაგრამ ვერ მაწყნარებდნენ, _ გამიშვით მე ბანზე, დამსვით მე ბანზე-მეთქი! ხან მე მიყურებდნენ შეშფოთებით, ხან ერთმანეთს.

ბოლოს, როგორც იქნა, მაინც დავწყნარდი,.. ფაფაც მაჭამეს, ძალიან გემრიელი ხალიფაფა.

შეშფოთების რაღაცნაირი ბინდი კი მაინც ბრუნავდა ჩვენ შორის.…

*

შემაშფოთებელი კი არაფერი იყო ჩემს საქციელში.

მე მართლა მივდიოდი ბანზე. მე, ბოღმით აღვსილი  ეფემია მამიდას პატარა ბნელი ოთახით, თავზარდაცემული ვარინკა მამიდას მთლად პატარა ქოხითა და თიხისყვითელი ბანით, რომელიც რამდენიმე ადგილას ატარებდა წვიმას, თან თვალებს ვხუჭავდი, არ მინდოდა მათი დანახვა, მაგრამ თან მაინც ავადმყოფი ლეკვებივით ვეძახდიჩემკენ. უკვე ჩემიც იყო ეს ორივე, ეფემია მამიდას პატარა ბნელი ოთახიც და ვარინკა მამიდას საცოდავი ქოხიც. და მე მზად ვიყავი, ავსულიყავი და დავმჯდარიყავი ამ ჩვენიქოხის, ჩვენი მოდგმის ქოხის ბანზე.

და, თუ ცრემლებიც ჩამომივიდოდა ცოტა, ეს ცრემლები უნდა ეპატიებინა ყველას.

ღებულობენ ასეთ გადაწყვეტილებებს ბავშვებიც.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button