პოეზია

გრიგოლ ორბელიანი იარალის

ჩემო იარალი, ნეტავი ოდეს
ლხინით აღვსილნი ვჰსხდეთ ველსა მწვანეს,
ჩვენებურადა,
ძველებურადა,
ვსვამდეთ,
ვიძახდეთ:
იარი-არალი!

ჯეირნის მწვადი შიშინით
ცეცხლზედა დასტრიალებდეს,
ყნოსვა დამტკბარი მის სუნით,
მადასა განგვიღვიძებდეს.

კახურის ღვინით აღვსილი
აზარფეშაცა ხელს გვეპყრას,
მოთალი, თევზი, მწვანილი
აგვიჭრელებდნენ წინ სუფრას.

ცა მშვენიერი,
ცა მშობლიური
მარად ბრწყინვალე ზე დაგვნათიდეს,
გაცხელებულთა
ღვინისგან შუბლთა
კოჯრის ნიავი განგვიგრილებდეს…
შენ მომითხრობდე,
მე ყრმა გისმენდე,
გამოუცდელი მოხუცებულსა,
თუ ვით ივერნი,
ლომგულნი გმირნი,
ჰბრძოდნენ, ჰსცხოვრებდნენ დროსა წარსულსა.

გისმენდე, თუ ვით მდევარის ხმაზე
ჭაბუკნი მხნობით აღტაცებულნი,
მტერთ საძიებლად, დაცემად მათზე
შეგროვდებოდნენ წამს შეჭურვილნი.

ვაჲ მას მტერსა, ვის ანუ კლდენი,
ანუ ტყეთ სიღრმე ვერ დაჰფარვიდნენ,
ვითა შურდულებრ, ტრედთ შავარდენნი
მიესეოდნენ და შემუსვრიდნენ.

დავნატრი მათ, ვინც თვისი სიცოცხლე თვისსა მამულსა
შეჰსწირა მსხვერპლად,
დავნატრი დროთა, როს აქვნდათ ტრფობა მამულისადმი
გულს აღბეჭდილად,

როს ერთგულება, სარწმუნოება,
ივერთ თვისებას შეადგინებდნენ,
ოდესცა ბრძოლა და მამაცობა
მათსა სახელსა განადიდებდნენ…

გისმენდე, თუ ვით დღესასწაულსა,
შექცევით, ლხინით მოწოდებულნი,
ჭაბუკ მხედარნი ყაბახსა∗ ვრცელსა
ტურფად დარახტულ და დაკაზმულნი,
ვით ალვა რგულნი, ცხენზედ უძრავად,
ესრედ მოჰქრიან, ვითა ნიავი;
ჰკრეს ნაღარასა – განიყვნენ ორად,
აჰა, საამო სჩანს სანახავი.

ცხენთა გრიალი,
შუბთა ტრიალი,
ჯირითთ სრიალი,
ყურთ მაჯთ ბრიალი,
ცხენით ქვე ხტომა,
კვალად შეხტომა,
უზანგთა ცემა
და ხმალთ კრიალი!..
ზოგი არწივსა
ზეცას მფრინავსა
ისრითა მკვეთრით განუპობს გულსა.
ჯირითი ზოგის
ზუზუნით მოჰქრის
და მოხვდა ქვაზე *∗თასს ნიშნად დგმულსა.

ამ ვაჟკაცობრივს შექცევას იგი**∗ სიამით მარად უმზერდა შორით,
ვისცა ეწერა დიდება სახეს, ვინცა არღა არს, ვისთვისაც ვჰსტირით.
წარსულთა დროთა, დიდების დროთა, ყოვლი კეთილი თანა წარიღეს,
აწ უცხოს ცის ქვეშ, ზოგსა ვჰჭვრეტთ ოხრვით, და ცრემლით
ზოგის წმიდა სამარეს!..

ვინ აღჩნდეს გმირი,
რომ მის ძლიერი
ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს?
რომელ მარჯვენით,
ერთისა დაკვრით
უსულოდ ვეშაპს მიწად დაჰსცემდეს?
მაგრამ ამაო, ჩემო იარალი,
არს ჩემი ნატვრა და ჩემი როტვა!
სად აზარფეშა, სად არს მწვანილი?
ღვინის წილ – კვასი, მზისა წილ – ყინვა!

გარდმოხვეწილმან ჩრდილოს წყვდიადსა
სადღა იხილოს ცა მშობლიური?
შენ ხარ პეტერბურღს, მე ნოვღოროდსა,
გარეთ მკლავს ყინვა და შინ “უგარი”.
გულს ეწუხების, რა აგონდების დღენი წარსულნი ნეტარებისა,
მაგრამ მოთქმითა ნუგეშ-ეცემის და ჭმუნვა მითცა შემცირდებისა.

∗სადაც ეხლა არის სასეირნო ბაღი ალექსანდროვსკისა, იყო დიდი საჯირითო მეიდანი, სახელად ყაბახი.
∗∗ ყაბახის თავს და ბოლოს იდგნენ ორნი ქვანი, რომელთა ზედაც დაჰსმიდნენ თასსა და ესროდნენ ჯირითს და ვინც მოარტყამდა, თასი იმისი იყო ჯილდოდ გამარჯვებისა. უკანასკნელ ჯირითში კონა ერისთავმა გაიმარჯვა.
∗∗∗ მეფე ირაკლი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button