უცნაურიფაქტებიფლორა & ფაუნა

სექსუალური ტრადიციები ცხოველთა სამყაროში

რამდენადაც ფართო და მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო, იმდენად განსხვავებულია მათი სექსუალური ქცევები. ზოგი ადამიანისას ჩამოგავს, ზოგი ერთი შეხედვით სასაცილოა, ზოგი კი სასტიკი. წარმოგიდგენთ ფაუნის ბინადართა რამდენიმე განსაკუთრებულ სექსუალურ ტრადიციას და ამ საკითხთან დაკავშირებულ ფაქტებს.


დავიწყოთ შეწყვილებისთვის საჭირო მთავარი „ატრიბუტით”. მსოფლიოში ყველაზე დიდი სასქესო ორგანო აქვს ლურჯ ვეშაპს – დაახლოებით 3 მეტრი. თუმცა როცა არ სჭირდება, სხეულში შეაქვს, რათა გადაადგილებაში ხელი არ შეეშალოს.


ლურჯი ვეშაპი უდიდესი ცხოველია და ეს ფაქტი გასაკვირი არაა, თუმცა დიდი ზომის სასქესო ორგანოებით პატარა არსებებსაც შეუძლიათ დაიკვეხნონ. ჩვეულებრივ ნიჟარაში მცხოვრებ კიბოს სხეულის ზომასთან შედარებით ათჯერ გრძელი ფალოსი აქვს, რაც პროპორციების გათვალისწინებით უდიდესი მაჩვენებელია. შედარებისთვის, ადამიანს რომ ასევე ჰქონდეს, მისი სიგრძე 17-18 მეტრი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მამრ კიბოს შეწყვილებისას ნიჟარიდან გადმობრძანება არც სჭირდება.


სასქესო ორგანოს აგებულება ცხოველებს სხვადასხვანაირი აქვთ. მაჩვების ფალოსი მძლავრ ძვალს შეიცავს მეტი სიმტკიცისთვის, კატებისა კი ბოლოში ძალიან პატარა ეკლისებრი გამონაზარდებით არის აღჭურვილი, რაც მდედრის ოვულაციის სტიმულირებას ახდენს. ღორის ორგანო მოყვანილობით კორპის საძრობს ჰგავს. ზვიგენებს, ხვლიკებსა და გველების ნაწილს ორი ცალი სასქესო ორგანო აქვთ.


რვაფეხას, როგორც იცით, რვა საცეცი აქვს, რომლითაც მოძრაობს და საკვებს იღებს. ერთ-ერთი მათგანი, ძირითადად მარჯვნიდან მესამე, სასქესო ორგანოს მაგივრობასაც უწევს და უზრუნველყოფს მამრის სხეულიდან მდედრში სპერმის გადატანას. რვაფეხები მხოლოდ ერთხელ წყვილდებიან – მამრი რვაფეხა სექსის შემდეგ ღრმა ძილს მიეცემა, წყვეტს კვებას და კვდება. ზოგიერთი სახეობა იძრობს საცეცს და მდედრის სხეულში ტოვებს – ასე უფრო წარმატებულია განაყოფიერება.


რაც შეეხება არგონავტს, აქ უფრო უცნაურად გვაქვს საქმე – მამრი თავიდან იცილებს ინტიმურ სიახლოვეს. თავის ერთ-ერთ საცეცს (რომელიც თვალის მიდამოდანაა გამოზრდილი) ავსებს სპერმით, შემდეგ ეს საცეცი წყდება სხეულს და მიჯნურის ძიებას იწყებს. როცა მდედრი არგონავტი მისკენ მოცურებულ საცეცს იხილავს, ებღაუჭება და ნაყოფიერდება. ზოგჯერ საცეცი იმხელა მანძილს გადის, რომ მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში ცალკე არსება ეგონათ და პარაზიტ ჭიად თვლიდნენ.


მდედრ მგლებსა და ძაღლებს ვაგინის მიდამოში იმდენი და ისეთი ძლიერი კუნთი აქვთ, რომ შეწყვილების შემდეგ შეუძლიათ, 30 წუთის განმავლობაში შეკუმშული ჰქონდეთ. ამით იზრდება დაორსულების შანსი, რადგან სპერმის დანაკარგი თითქმის არაა. ხოლო თუკი მდედრს ერთი მამრის შემდეგ მეორესთან ჰქონდა სექსი, შესაძლოა, ამ უკანასკნელის სპერმამ წინამორბედი ჩაანაცვლოს.


ალბათ საინტერესოა, პარტნიორები როგორ ირჩევენ ერთმანეთს. ბევრი ძუძუმწოვარი მდედრი გამოყოფს სპეციალურ ნივთიერებას ფერომონს, რომლის შესუნთქვაც მამრს აგრძნობინებს, რომ პარტნიორს სექსი უნდა. მაგრამ ზოგჯერ უფრო რთულადაა საქმე, მაგალითად, ფრინველებში ხშირად აუცილებელია სარიტუალო ცეკვის შესრულება, რომელიც მოიცავს კისრების გადახვევას, ფეხების ქნევასა და სპეციფიკური ბგერების გამოცემას. მაიმუნების ზოგიერთ სახეობაში ფლირტის ნიშნად წარბების აწევაა მიღებული. რადგანაც მათ თვალების მიდამო ნათელფეროვანი აქვთ, შეცდომა გამორიცხულია.


ლოკოკინების უმეტესობა ჰერმაფროდიტია (ორსქესიანი), მათ გააჩნიათ გამონაზარდი, რომელიც პარტნიორის სხეულში შეჰყავთ იმის გამოსახატავად, რომ შეწყვილებისთვის მზად არიან. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე სქესის ნიშნები აქვთ, წყვილმა შეიძლება, შიგადაშიგ პოზიცია შეცვალოს ხოლმე.


ლოქორებიც ასევე ჰერმაფროდიტები არიან. ზოგჯერ ისინი პარტნიორს ფალოსს მოაჭამენ ხოლმე, რათა მდედრად „აქციონ”.


ძუძუმწოვრების უმეტესობაში, მათ შორის ადამიანებშიც, სექსი უმეტესად ხდება მამრსა და მდედრს შორის, პარტნიორების შიგადაშიგ გამოცვლით. მონოგამია საკმაოდ იშვიათია. ამ მხრივ ძუძუმწოვრებისგან ფრინველები განსხვავდებიან – მათი უმეტესობა სიკვდილამდე პირველ პარტნიორთან რჩება. თუმცა როცა ირღვევა სქესობრივი ბალანსი რაოდენობის მხრივ, ადგილი აქვს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს. ფრინველთა სამყაროში ეს საკმაოდ ხშირია. ავსტრალიური შავი გედები გამოირჩევიან გეი ურთიერთობებით, იპარავენ კვერცხებს მდედრებისგან და ოჯახს ქმნიან. მსგავსი რამ ხშირია პინგვინებშიც, ხოლო თოლიებში ლესბოსელები ჭარბობენ. დელფინებში ხშირად გეები ცალკე ცხოვრობენ. ისინი აქტიურად მიმართავენ ანალურ და ორალურ სექსს.


ცხოველებში, რომლებთანაც ერთი-ერთზე შეწყვილება აუცილებლობას არ წარმოადგენს, ორგიები ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად ბაყაყების ორგიისას ასობით მათგანი იკრიბება ერთად და თავისუფლად ერთობიან.


სექსის ძირითადი მიზეზი გამრავლება და შთამომავლობის დატოვებაა, რაც სახეობის გადასარჩენადაა საჭირო. ბევრი ცხოველი ერთობა სექსუალური ურთიერთობით, თუმცა ზოგიერთი მათგანი იგივე სახის სიამოვნებას სხვა გზითაც იღებს. მაგალითად, მამალი ირმებისთვის რქები ეროგენულ ზონას წარმოადგენს. მეცნიერებს დაკვირვებისას ბევრჯერ შეუმჩნევიათ, რქების უმნიშვნელო ხახუნს ბალახზე როგორ გამოუწვევია მრავალჯერადი ერექციები.


მამრი ფრინველების უმეტესობას ფალოსის ანალოგი არ გააჩნია, შეწყვილება, როგორც წესი, სხეულში არსებული ჩაღრმავებების ხახუნით გამოიხატება. თუმცა გამონაკლისი აქაც არსებობს. მამალ იხვებს უზარმაზარი სასქესო ორგანო აქვთ, რომელიც სიგრძეში შეიძლება სხეულის ზომას გაუტოლდეს. ძალადობა აქ ჩვეულებრივი მოვლენაა, ზოგჯერ მამალი იხვების ჯგუფი ერთ დედალ იხვს აუპატიურებს, რაც უმეტესწილად ამ უკანასკნელის სიკვდილით სრულდება.


ზღვის ეშმაკები, სამყაროს ერთ-ერთი უმახინჯესი არსებები (ყოველ შემთხვევაში, ჩვენი გადმოსახედიდან), ღრმა წყლებში ცხოვრობენ, სადაც მუდამ ბნელა. ცხვირზე მათ აქვთ გავარვარებული საცეცი, რომელიც ანათებს და უამრავ პატარა თევზს იზიდავს. ისინი რა თქმა უნდა, ამ მონსტრის საკბილონი ხდებიან. მეცნიერებს საგონებელში აგდებდათ ის ფაქტი, რომ მათი დაჭერილი ყოველი ზღვის ეშმაკი მდედრი იყო, ვერ გაეგოთ, სად იმალებოდნენ მამრები. საქმე იმაშია, რომ მამრები ძალიან პატარები არიან. სიბნელეში მათ უჭირთ მდედრის პოვნა, რადგან მათი რიცხვი ცოტაა. როცა იპოვიან, გვერდის მხარეს ძლიერად უკბენენ და კანს ჭრიან, შემდეგ კი სამუდამოდ უერთდებიან მის სხეულს. მათი სისხლის მიმოქცევა ერთმანეთში ირევა, მდედრის ნაჭამი კი მამრის სხეულშიც გადადის. სანაცვლოდ მამრი მზადაა, ნებისმიერ დროს გაიღოს სპერმა და კვერცხუჯრედები გაანაყოფიეროს. ასე რომ ის, რაც მეცნიერებს მდედრის სხეულში მყოფი პარაზიტი ეგონათ, სინამდვილეში მამრი ეშმაკი აღმოჩნდა.


ბევრ მწერსა და ფეხსახსრიანებში სექსი ხიფათთანაა ასოცირებული – მდედრი განაყოფიერების შემდეგ პარტნიორს მიირთმევს. მაგალითად, დედალი ჩოქელა მამალს თავს აჭამს და შემდეგ იწყებს აქტს. ობობა შავი ქვრივი კი ცნობილია სექსუალური კანიბალიზმით. დედოფალ ფუტკარს ზოგჯერ მამრი ფუტკრის სხეულისგან გამოაქვს რეპროდუქციული ორგანოები, რომლებიც სპერმას გამოიმუშავებენ და საკუთარ სხეულში ათავსებს. ამის შემდეგ მისი ნება-სურვილით ხდება განაყოფიერება, მამრი კი გამოშიგვნისგან იღუპება.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button