ენიგმამეცნიერებარელიგიაუცნაურიფილოსოფია

8 ფილოსოფიური კითხვა, რომლებსაც შესაძლოა, ვერასდროს ვუპასუხოთ

ფილოსოფია ხშირად ისეთ საკითხებს ეხება, რომლებიც მეცნიერების სფეროს მიღმაა. ფილოსოფოსებს შეუძლიათ იმსჯელონ ყველაფერზე, დაწყებული მეტაფიზიკიდან დამთავრებული მორალით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ შანსი, ნათელი მოჰფინონ ზოგიერთ უძველეს და უმნიშვნელოვანეს ეგზისტენციალურ საკითხებს. თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს რიგი კითხვები, რომლებსაც ალბათ ვერასდროს გაეცემა ზუსტი პასუხი, რადგან ადამიანის გაგების უნარის მიღმა დგას.


1. რატომ არსებობს რაღაც, ნაცვლად იმისა, რომ არაფერი არსებობდეს?
სამყაროში ჩვენი არსებობა საკმაოდ უცნაური რამაა, ისეთი, რომ სიტყვებით აღწერაც კი ძნელია. ყოველდღიური ცხოვრების რუტინა ამ საკითხს თითქოს სრულიდ ჩვეულებრივ ელფერს სძენს და გასაკვირიც არაფერია, მაგრამ ხანდახან დგება მომენტი, როდესაც ადამიანი გამოდის ამ მდგომარეობიდან და უჩნდება კითხვები: რატომ არსებობს ამდენი რამ სამყაროში და რატომ წარმართავს მას ასეთი დახვეწილი და ზუსტი კანონები? რატომ უნდა არსებობდეს საერთოდ რაიმე? ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც შეიცავს სპირალურ გალაქტიკებსპოლარულ ნათებებს და სხვა მრავალ საოცარ რამეს. როგორც კოსმოლოგი და ფიზიკოსი შონ კეროლი შენიშნავს, თანამედროვე ფიზიკაში ვერაფერი ხსნის იმას, თუ რატომ არსებობს კონკრეტულად ასეთი ბუნების კანონები და არა – სრულიად სხვანაირი. რაც შეეხება ფილოსოფოსებს, საუკეთესო რამ, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ, არის ანთროპული პრინციპის გამოყენება – შეხედულება, რომლის მიხედვითაც სამყარო ასეთი ფორმით არსებობს იმიტომ, რომ ხელსაყრელია გონიერი სიცოცხლის არსებობისთვის. ცხადია, შეიძლებოდა, ის სხვანაირიც ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება არ ჰყოლოდა მოაზროვნე დამკვირვებელი და შესაბამისად, არც დაკვირვება განხორციელდებოდა მასზე.


2. რეალურია თუ არა ჩვენი სამყარო?
ეს კლასიკური კარტეზიანული კითხვაა. მისი არსი ასეთია: საიდან ვიცით, რომ ის, რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ, ნამდვილია და არა უდიდესი ილუზია, შექმნილი უხილავი ძალის მიერ (დეკარტე მას ჰიპოთეტურად „ბოროტ დემონს” უწოდებდა)? ბოლო პერიოდში ამ საკითხმა ისევ შეიძინა ძველებური აქტუალობა და ჩამოყალიბდა სიმულაციური არგუმენტის სახით. მართლაც, სავსებით შესაძლებელია, ჩვენ გულმოდგინედ დამუშავებული და ოსტატურად გაკეთებული სიმულაციის მსხვერპლი ვიყოთ. თუმცა საკითხი ამით არ იწურება და ჩნდება მორიგი კითხვა: არის თუ არა სიმულაციაში ის ცივილიზაცია, რომელიც ჩვენ მოჩვენებით რეალობაში გვამყოფებს? გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ ის, ვინც გვგონია, რომ ვართ. თუკი ამ მოჩვენებითობას ვიღაც მართავს, მაშინ დიდი ალბათობით ჩვენი რეალური ვინაობის შესახებ ინფორმაცია დაფარულია, რათა არ გვქონდეს წვდომა ობიექტურ სინამდვილეზე. ეს ფილოსოფიური თავსატეხი დაგვაფიქრებს იმაზეც, თუ რა არის რეალური და როგორ განვსაზღვრავთ მას. მოდალური რეალიზმის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ თუკი სამყარო რაციონალურად გვეჩვენება (და არა ბუნდოვნად, უთავბოლოდ ან მოუწესრიგებლად), მაშინ არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ნამდვილად და უტყუარად გამოვაცხადოთ. ან გავიზიაროთ საიფერის პოზიცია, რომელსაც ის „მატრიცაში” სიმულაციური სტეიკის მირთმევის შემდეგ გამოთქვამს: „უცოდინარობა ნეტარებაა”.


3. გვაქვს თუ არა თავისუფალი ნება?
ეს საკითხი ასევე ცნობილია, როგორც დეტერმინიზმის დილემა. ჩვენ არ ვიცით, კონტროლდება ჩვენი ქმედებები წინმსწრები მოვლენებისგან შექმნილი მიზეზობრივი ჯაჭვით (ან რაიმე სხვა გარეგანი ფაქტორით) თუ სრულიად თავისუფლები ვართ და საკუთარი სურვილისამებრ ვმოქმედებთ. ფილოსოფოსები ამ საკითხზე ათასწლეულების განმავლობაში ბჭობდნენ და მათ უკვე მეცნიერებიც შეუერთდნენ, თუმცა საბოლოო დასკვნამდე ვერ მივიდნენ. თუკი ჩვენს თითოეულ გადაწყვეტილებას განსაზღვრავს მიზეზობრიობის უსასრულო ჯაჭვი, მაშინ სწორი პოზიცია დეტერმინიზმია და თავისუფალი ნება არ გაგვაჩნია. მაგრამ თუკი მართებულია საწინააღმდეგო პოზიცია ანუ ინდეტერმინიზმი, ჩვენი ქმედებები უნდა იყოს შემთხვევითი, რაც ზოგიერთის აზრით, არაა თავისუფალი ნება. ამის საწინააღმდეგოდ, ლიბერტარიანიზმის მიმდევრები თვლიან, რომ თავისუფალი ნება თავსებადია სამყაროს დეტერმინისტულ ხედვასთან. პრობლემას ართულებს თანამედროვე აღმოჩენები ნეირომეცნიერებაში, რომლის მიხედვითაც, ტვინი მანამდე იღებს გადაწყვეტილებებს, სანამ ჩვენ ამას გავაცნობიერებთ. მაგრამ თუკი თავისუფალი ნება არ გვაქვს, რატომ ჩამოვყალიბდით მოაზროვნე და არა ზომბის ტიპის არსებებად? კვანტური მექანიკა კიდევ უფრო ართულებს საკითხს იმ იდეით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ალბათობების სამყაროში, სადაც დეტერმინიზმის არსებობა შეუძლებელია.


4. არსებობს ღმერთი?
მარტივად რომ ვთქვათ, შეუძლებელია იმის გაგება, ღმერთი არსებობს თუ არა. დღეს არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, გადაჭრით რაიმეს თქმა არასწორია, როგორც მორწმუნეების, ისე ათეისტების მხრიდან. სწორი პოზიცია აგნოსტიციზმია (რომელიც, გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, არ წარმოადგენს შუალედურ პოზიციას რწმენასა და ურწმუნოებას შორის). აგნოსტიკოსები ერთგვარი კარტეზიანელები არიან, რომლებიც იაზრებენ ადამიანური ცნობიერების შეზღუდულობისა და სხვა ეპისტემოლოგიურ საკითხებს. ჩვენ არ გაგვაჩნია სრულყოფილი ცოდნა სამყაროს მოქმედებაზე, რათა რეალობის არსისა და შემოქმედის შესახებ რაიმე სერიოზული დასკვნა გავაკეთოთ. მრავალი ადამიანი ემხრობა ნატურალიზმის პრინციპს – რომ სამყარო მოქმედებს თავისი კანონებით და არაფერია მის მიღმა, თუმცა გინდაც იყოს, სამყაროზე გავლენას არ ახდენს. მაგრამ ეს მიდგომა არ გამორიცხავს დეისტურ ღმერთს, რომელმაც სამყარო შექმნა და მასში აღარ ერევა. გარდა ამისა, მეორე პუნქტში ნახსენები სიმულაციის ავტორი შესაძლოა სწორედ ის იყოს, ვისაც კაცობრიობა ღმერთად მოიხსენიებს. ასევე შესაძლებელია, გნოსტიკური მიდგომა აღმოჩნდეს სწორი და არსებობდეს ერთი ან რამდენიმე ზებუნებრივი არსება იმ რეალობაში, რომელზეც ჩვენ ცოდნა არ გაგვაჩნია. აუცილებელი არაა, ეს არსებები აბრაამისეული რელიგიების ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთები იყვნენ. საბოლოო ჯამში, ეს საკითხები ნაკლებად ეხება მეცნიერებას, ის უფრო პლატონიზმის სფეროა და კარგად გვაგრძნობინებს ჩვენი გამოცდილებისა და ცნობიერების უკმარისობას.


5. არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?
ჩვენ არ შეგვიძლია გავარკვიოთ, გველის თუ არა სიკვდილის შემდეგ ფუმფულა ღრუბელზე ჯდომა და არფის ჟღარუნი ან ჯოჯოხეთის სიღრმეებში სამუდამო ტანჯვა. ვერაფერს ვკითხავთ ამის შესახებ გარდაცვლილებს, ამიტომ მხოლოდ ვარაუდიღა შეგვიძლია, თუ რა ხდება ამ მომენტის შემდეგ. მატერიალისტები თვლიან, რომ ყველაფერი ფიზიკური სხეულის სიკვდილით სრულდება და სიცოცხლე აღარ გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით მაინც ეს მხოლოდ ვარაუდია და არა ფაქტი. ხოლო თუ დავაკვირდებით სამყაროს მოქმედებას, სადაც ბევრ რამეს უსასრულოდ ციკლური ხასიათი აქვს და პერიოდულად მეორდება, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სიცოცხლესაც ასეთი პრინციპი აქვს. სამწუხაროდ, თანამედროვე მეცნიერებას არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები, რომ გადაჭრით რამე განაცხადოს, რის გამოც ღმერთის არსებობის საკითხის მსგავსად, ეს თემაც ფილოსოფოსებისა და თეოლოგების განხილვის სფეროდ რჩება.


6. აღვიქვამთ თუ არა რაიმეს ობიექტურად?
ერთმანეთისგან განსხვავდება სამყაროს ობიექტურად აღქმა (ან ყოველ შემთხვევაში, ამის ცდა მაინც) და მისი შეგრძნება ობიექტური საშუალებებით. ეს პრობლემა მიეკუთვნება კვალიას – შეხედულებას, რომ გარემოს აღქმა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი გრძნობის ორგანოების ფილტრითა და გონებრივი ანალიზით. ყველაფერი, რაც გაიგეთ, რასაც შეეხეთ, დაინახეთ, გაიგონეთ და იყნოსეთ, ფიზიოლოგიური დ კოგნიტიური პროცესების შედეგად იქნა გაფილტრული. საბოლოოდ გამოდის, რომ თითოეული ჩვენგანის მიერ აღქმული სამყარო უნიკალურია. ამ მოსაზრების კლასიკური მაგალითიც არსებობს: შეიძლება სხვადასხვა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამდეს წითელ ფერსა და ღვინის გემოს. ამის გაგების ერთადერთი ვარიანტია, სამყაროს სხვა ადამიანის თვალით შეხედოთ. სამყაროზე დაკვირვება მხოლოდ ტვინითაა შესაძლებელი, ინტერპრეტაცია კი სუბიექტურია. აღსანიშნავია, რომ ბუდისტური ფილოსოფია სწორედ ამ ფუნდამენტურ შეზღუდულობას ეფუძნება, რომელსაც ისინი სიცარიელეს უწოდებენ და წარმოადგენს პლატონის იდეალიზმის ანტითეზისს.


7. რომელია საუკეთესო მორალური სისტემა?
ადამიანები ალბათ ვერასდროს შეთანხმდებიან საერთო სისტემაზე, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს „კარგსა” და „ცუდს”. ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში ფილოსოფოსები, თეოლოგები და პოლიტიკოსები ირწმუნებოდნენ, რომ მათი ვერსია იყო საუკეთესო გზა, შეეფასებინათ ადამიანთა ქმედებები და დაემყარებინათ ქცევის ყველაზე ღირსეული კოდექსი. მაგრამ ეს ასე ადვილი არაა. ცხოვრება ზედმეტად მოუწესრიგებელი და ჩახლართულია იმისთვის, რომ უნივერსალური მორალი ან აბსოლუტური ეთიკა არსებობდეს. მისაღებია ვარიანტია ე.წ. „ოქროს წესი” (მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ), მაგრამ ამ შემთხვევაში ვიზღუდებით სამართლიანობის აღდგენის საქმეში – კრიმინალების დასჯის უფლება აღარ გვექნება. წინაღობად გვხვდება ასევე მორალური დილემები, როგორიცაა: დასაშვებია საზოგადოების მცირე ნაწილის გაწირვა უმრავლესობის სასარგებლოდ? რომელს უფრო მეტი მორალური ღირებულება აქვს – ჩვილ ბავშვს თუ ზრდასრულ მაიმუნს? როგორც ნეირომეცნიერება აჩვენებს, მორალი არაა მხოლოდ კულტურის ჩამოყალიბების შედეგად შეძენილი რამ, არამედ ჩვენი ფსიქოლოგიის ნაწილიცაა. მორალი მუდმივად ცვალებადია, რადგან კარგისა და ცუდის ადამიანური შეფასებები დროდადრო ცვლილებებს განიცდის.


8. რას წარმოადგენს რიცხვები?
რიცხვებს ყოველდღე ვიყენებთ, თუმცა იშვიათად ვუფიქრდებით იმას, თუ რა არის ისინი რეალურად და როგორ გვეხმარებიან უდიდეს საქმეში – სამყაროს ახსნაში (როგორიცაა ნიუტონის კანონები). რას წარმოადგენს მათემატიკური სტრუქტურები – რეალურ რამეს თუ წარმოსახვითს, რომელთა მოვალეობა სტრუქტურებში არსებული სხვადასხვა სახის ურთიერთობების აღწერაა? პლატონი ამტკიცებდა, რომ რიცხვები რეალურია (ხოლო ის ფაქტი, რომ მათ ვერ „ვხედავთ”, ნაკლებად მნიშვნელოვანია), ფორმალისტების პოზიციით კი ეს უბრალოდ გამოგონილი სისტემებია, მათემატიკაზე დაფუძნებული აბსტრაქტული ნააზრევის კარგად განსაზღვრული კონსტრუქციები. ეს საკითხი არსებითად ონტოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს, სადაც ისევ ვეჩეხებით სამყაროს რეალური ბუნების დამაბნეველ საკითხს, ასევე რომელი ასპექტებია მათგან ადამიანის შემოქმედება და რომელი – ბუნებრივი, ხელშესახები რამ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button