სურათებიფლორა & ფაუნა

ვეფხვების ტაძარი

დასავლეთ ტაილანდში, საიიოკის მხარეში, მდებარეობს ბუდისტური ტაძარი, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს. ტაძრის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ჩვეულებრივ ბუდისტ ბერებთან ერთად მოთვინიერებულ ვეფხვებს შეხვდებით.

ადგილობრივები ყვებიან, რომ 1999 წელს ბრაკონიერებმა რამდენიმე ვეფხვი დახოცეს და მათი ნაშიერები სოფელში წამოიყვანეს. ერთი მათგანი მოკვდა, დანარჩენებსაც რომ იგივე არ მოსვლოდათ, რამდენიმეს თავში აზრად მოუვიდა, იქვე მდებარე მონასტერში მიეყვანათ. ბერებმაც სიხარულით მიიღეს პატარა სტუმრები. ტაძარში გაზრდილი ვეფხვები თვინიერებითა და ალერსით გამოირჩევიან, უცხოებს არ ერჩიან. 2007 წლისთვის ტაძრის ტერიტორიაზე დაბადებულ ბოკვერთა რაოდენობა 21 იყო, 2011 წლის მარტის მონაცემით კი აქ მყოფი ვეფხვების რიცხვმა უკვე 90-ს მიაღწია.


ბერები ვეფხვებს ყოველდღე აბანავებენ და ასეირნებენ. ტაძრის ფინანსური აღრიცხვის მიხედვით, ერთი ვეფხვის შენახვა დღეში 100 დოლარამდე ჯდება. ცხოველები ძირითადად თავისუფლად დასეირნობენ, თუმცა ტურისტთა აქტიურობის გამო უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით ზოგჯერ აბამენ ხოლმე.

ვეფხვების ოფიციალური გამოკვლევა არ მომხდარა და დნმ-ის ინფორმაციის არარსებობის გამო უცნობია მათი ქვესახეობები. ვარაუდობენ, რომ მათი უმეტესობა წარმოადგენს ინდოჩინურ ვეფხვს, ხოლო ერთ-ერთი მათგანი – მეკი – ბენგალური ვეფხვია. ასევე არაა გამორიცხული, ზოგი იყოს მალაური ვეფხვი (რომელიც 2004 წელს გამოიყო ცალკე კატეგორიად), ხოლო უმეტესობა ნაჯვარს ან ჰიბრიდს წარმოადგენდეს.


სტუმრებისთვის ტაძარი 12-დან 5 საათამდე ღიაა. მათი რაოდენობა დღეში 300-დან 600-მდეა, ზოგჯერ 800-საც აჭარბებს. ტაძარში შესვლა 9 დოლარი ღირს და შემოსული თანხა ცხოველების მოვლას ხმარდება, ასევე არის შესაწირი ყუთიც. ერთდროულად შემსვლელთა რაოდენობა 20-ს არ უნდა აჭარბებდეს. ტურისტებს შეუძლიათ გამოკვებონ ვეფხვები, აბანავონ, ითამაშონ მათთან ერთად ან მძინარეებს გვერდით მიუწვნენ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button