ეკონომიკასაინტერესოსაკითხავი

ჯემალ ხარიტონაშვილი – ადამ სმითი ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებელი

290 წელი შესრულდა გენიალური ეკონომისტის ადამ სმითის დაბადებიდან. ადამ სმითს განსაკუთრებული ადგილი უკავია ეკონომიკური აზრის ისტორიაში. იგი იყო ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებელი. მართალია, ეკონომიკური მეცნიერების საფუძველი ჩაყრილი იყო ჯერ კიდევ უ. პეტის, პ. ბუაგილბერის, ფ. კენესა და ა. ტიურგოს შრომებში, რომლებმაც ჩამოაყალიბეს თეორიული ხასიათის ზოგიერთი დებულება და ეკონომიკური მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური პრინციპები, მაგრამ მხოლოდ ა. სმითმა მოიყვანა ყოველივე აღნიშნული მთლიან სისტემაში და მისი მეცადინეობით ეკონომიკურმა აზრმა შეიძინა მეცნიერების ხასიათი. თანამედროვე ამერიკელი ეკონომისტები პ. სამუელსონი და უ. ნორდჰაუსი ეკონომიკსის დამწყებად სწორედ ა. სმითს მიიჩნევენ [1, გვ. 9]. ისინი ა. სმითს მოიხსენიებენ ყველა დროის გამოჩენილ ეკონომისტთა ლიდერებში. ესენია: ა. სმითი, კ.მარქსი, ჯ. კეინზი, რ. ლუკასი და სხვა [1, გვ. 9]. კ. რ. მაკკონელი და ს. ლ. ბრიუ ა. სმითს ასახელებენ წარსულის უდიდესი ეკონომისტების ხუთეულში – ა. სმითი, დ. რიკარდო, ჯონ სტიუარტ მილი, კ. მარქსი და ჯ. კეინზი [2, გვ. 7]. თანამედროვე ამერიკელი ეკონომისტები რ. ჰეილბრონერი და ლ. ტუროუ მიუთითებენ: “რათა გავიგოთ ეკონომიკის, როგორც მეცნიერების ძირითადი მიზანი, უმჯობესია მივმართოთ სამი უდიდესი ეკონომისტის _ ადამ სმითის, კარლ მარქსისა და ჯონ მეინარდ კეინზის ნაშრომებს” [3, გვ. 23]. როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნობელიანტი ა. სენი აღნიშნავს, ა. სმითის განსაკუთრებული წვლილია ის, რომ მისი იდეების საფუძველზე მიეცა ახალი ფორმა ეკონომიკური თეორიის როგორც მეცნიერების საგანს. ბევრი რამ ეკონომიკური მეცნიერების შესახებ, აგრეთვე საბაზრო ეკონომიკის შესახებ ჩვენთვის ცნობილია მისი ნაშრომებიდან. სმითს კანონზომიერად უწოდებენ თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების მამას, რამდენადაც მან ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა მისი როგორც მეცნიერული დისციპლინის ჩამოყალიბებაში [4, გვ. 25]. ამავე აზრისაა ქართველი ეკონომისტი ი. ქვაჩახიაც, რომელიც მიუთითებს, რომ ადამ სმითმა დაიმკვიდრა თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების მამამთავრის სახელი [5, გვ. 8].

რაში მდგომარეობს ა.სმითის იდეების აქტუალობა? ამ კითხვაზე ძნელია პასუხის გაცემა იმიტომ, რომ მისი აზრები დღეს შეიძლება გაგებულ იქნეს ძალიან ფართოდ. ა.სმითის მიერ ჩამოყალიბებული მსჯელობის სტრატეგია ჯერ კიდევ შესწავლილი არ არის. სწორედ ამ იდეებს აქვს დღეს მნიშვნელობა.

ა. სმითი იყო დიდად განათლებული პიროვნება. დაწყებითი ცოდნა მან მიიღო თავის მშობლიურ ქალაქ კერკოლდში (შოტლანდია). ა. სმითი იყო ვუნდერკინდი. იგი 14 წლის ასაკში შევიდა გლაზგოს უნივერსიტეტში, სადაც თავი გამოიჩინა ბეჯითი სწავლით, რის გამოც მას, გამონაკლისის სახით, ნება დართეს სწავლა განეგრძო ოქსფორდის არისტოკრატიულ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ა. სმითი გლაზგოში ეწეოდა საპროფესორო მოღვაწეობას. 1759 წ. მისი ლექციები გამოქვეყნებულ იქნა წიგნად _ “ზნეობრივ გრძნობათა თეორია”, რომელმაც ავტორს დიდი სახელი მოუხვეჭა. 1764 წლიდან ა. სმითმა თავი დაანება საპროფესორო მოღვაწეობას და დაიწყო არისტოკრატ ბერკლეის აღზრდა. მან თავის მოწაფესთან ერთად იმოგზაურა საფრანგეთში, სადაც გაეცნო ფ. კენესა და ა. ტიურგოს. მათთან ურთიერთობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ა. სმითის შეხედულებების ჩამოყალიბებაზე.

სამი წლის აღმზრდელობითი მოღვაწეობის შემდეგ ა. სმითი დაბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქში და კვლევა-ძიება დაიწყო ეკონომიკური თეორიის სფეროში. ამ მუშაობის ნაყოფი იყო მისი მთავარი ნაწარმოები – “გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ” (1776 წ.), რომელშიც გამოიკვლია სიმდიდრის წარმოშობის არსი, მისი აღმოცენებისა და განვითარების პირობები. ამ ნაშრომმა ავტორს მსოფლიო სახელი მოუხვეჭა.

ა.სმითი იყო სამრეწველო გადატრიალების წინა ხანის ეკონომისტი. იმ პერიოდში აღმოცენდა ეკონომიკური აზრის ახალი პრობლემები და აუცილებელი გახდა წინანდელი დებულებების გადასინჯვა. ვაჭრების შემცვლელად მოვიდა მრეწველი კაპიტალისტი, რომლის ეკონომიკური პლატფორმა დასაბუთებას საჭიროებდა. ამიტომ, სანამ თავის ეკონომიკური მოძღვრებას ჩამოაყალიბებდა, საჭირო იყო ნიადაგი გაეთავისუფლებინა წინამორბედი შეხედულებებისაგან.

სამრეწველო გადატრიალების შუქზე მერკანტილისტური დოქტრინა ძალიან უმწეოდ გამოიყურებოდა – მისი რეცეპტები და პროტექციონიზმი, სამეურნეო ინიციატივის შემბოჭველი ფაქტორი გახდა. კ. მარქსის განმარტებით, კლასიკოსები, როგორც, მაგალითად, ადამ სმითი და დეივიდ რიკარდო იმ ბურჟუაზიის წარმომადგენლებია, რომლებიც ებრძოდნენ ფეოდალური საზოგადოების ნარჩენებს, ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ ისეთი ახალი ეკონომიკური ურთიერთობების დამკვიდრებისათვის, რომელთა განვითარება ფართო გზას გაუხსნიდა მწარმოებლური ძალების ზრდას და ახალ გაქანებას მისცემდა მრეწველობისა და ვაჭრობის აღმავლობას [6. გვ. 145]. სიმდიდრის წყაროს ბურჟუაზია სამრეწველო წარმოებაში ეძიებდა. საგარეო ვაჭრობა დაყვანილ იქნა მრეწველობის მომსახურების როლამდე. ამიტომ, ა. სმითი მერკანტილიზმს შუასაკუნოებრივ სისულელედ თვლიდა. იგი ამტკიცებდა, რომ სიმდიდრე არის არა ფული, არამედ ის, რაც შეისყიდება ფულით.

ა.სმითმა გამოაშკარავა, აგრეთვე, ფიზიოკრატიზმის უშინაარსობა მხოლოდ მიწათმოქმედების ნაყოფიერებისა და მრეწველობის უნაყოფობის შესახებ. ა. სმითმა მოახერხა მნიშვნელოვანი ზომით გადაელახა სახალხომეურნეობრივი პროცესების ანალიზისადმი დარგობრივი მიდგომა. ა. სმითის ეკონომიკურ შეხედულებებს საფუძვლად უდევს იდეა იმის შესახებ, რომ საზოგადოების სიმდიდრე იქმნება წარმოების პროცესში დახარჯული ადამიანის შრომით.

ა.სმითის მიხედვით, სიმდიდრის გადიდება დამოკიდებულია შრომის მწარმოებლურობაზე, რომლის ზრდის ძირითადი ფაქტორია შრომის დანაწილება. ა. სმითის თქმით ხალხთა სიმდიდრე და მისი გამრავლება დამოკიდებულია შრომის დანაწილების განვითარებაზე. მისი აზრით, შრომის დანაწილება სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის გაცვლისადმი მიდრეკილების გამოხატულების ფორმა. შრომის დანაწილებაში ხედავს იგი შრომის გაცვლას შრომაზე.

შრომის დანაწილებისა და გაცვლის განვითარებას უკავშირებს ა. სმითი ფულის წარმოშობასა და გამოყენებას. ფულის წარმოშობას ა. სმითი ხსნის ტექნიკური მიზეზებით, რაც იქმნება საქონელთა ურთიერთგაცვლის დროს. მას ფული განსაკუთრებულ საქონლად მიაჩნდა. ფულის ფუნქციებს შორის ა. სმითმა განსაკუთრებით გამოყო მიმოქცევის საშუალების ფუნქცია. მან იცოდა, რომ ფული, აგრეთვე, ღირებულების საზომი, გადახდის საშუალება და მსოფლიო ფულია. ა. სმითმა ოქროსა და ვერცხლის ფულთან შედარებით, უპირატესობა მიანიჭა ქაღალდის ფულს და მიზანშეწონილად მიიჩნია ოქროსა და ვერცხლის შეცვლა ქაღალდის ფულით.

ა.სმითის ეკონომიკური მოძღვრების მნიშვნელოვანი მონაპოვარია ღირებულების შრომითი თეორია. ამ საკითხში მან გააგრძელა უ. პეტის შეხედულებანი. ა.სმითის დამსახურებაა ის, რომ მან საქონლის ღირებულება განსაზღვრა მასზე გაწეული შრომის დანახარჯებით. იგი ერთმანეთისგან განასხვავებდა საქონელთა საბაზრო და ნამდვილ ფასს. ამ უკანასკნელში იგი გულისმობდა ღირებულებას. ა. სმითი წერდა, რომ სიტყვა ღირებულებას აქვს ორი სხვადასხვა მნიშვნელობა. ზოგჯერ იგი გამოსახავს რაიმე საგნის სარგებლიანობას, რომელსაც იძლევა ამ საგნის ფლობა. ასევე მას აქვს სხვა ნივთზე გაცვლის უნარი. პირველს შეიძლება ვუწოდოთ სახმარი ღირებულება, მეორეს – საცვლელი ღირებულება [7, გვ. 33].

ა.სმითი ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ღირებულებას ქმნის საყოველთაო საზოგადოებრივი შრომა, რომელიც იხარჯება მატერიალური წარმოების სფეროში. ეს არის ა. სმითის ღირებულების მეცნიერული თეორია. მაგრამ იგი გარკვეულ ნაკლოვანებებს შეიცავს. ა. სმითმა ვერ გაიგო, რომ საქონელში არსებობს წინააღმდეგობა სახმარ ღირებულებასა და ღირებულებას შორის. ხოლო საქონელმწარმოებელთა შრომა ორადი ხასიათისაა. აქედან გამომდინარე, ა. სმითი საქონლის ღირებულებიდან გამორიცხავდა მუდმივი კაპიტალიდან გადმოტანილ ღირებულებას. საქონლის ღირებულებას აიგივებდა ახლად შექმნილ ღირებულებასთან. ასევე, ის ამტკიცებდა, რომ სოფლის მეურნეობაში ღირებულების შექმნაში, გარდა შრომისა, ბუნებაც მონაწილეობს.

ა.სმითი აღნიშნავდა, რომ შრომის დანაწილების დროს ადამიანი მდიდარია ან ღარიბი იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის შრომას ფლობს იგი ან რა რაოდენობის შრომა შეუძლია იყიდოს მან. აქედან გამომდინარე იგი ამტკიცებდა, რომ ყოველი საქონლის ღირებულება უდრის იმ შრომის რაოდენობას, რომელიც მას შეუძლია იყიდოს, ანუ მიიღოს განსაკარგავად [7, გვ. 35]. ღირებულების ნაყიდი შრომის განსაზღვრით, ა. სმითი ფაქტობრივად განსაზღვრავდა საქონლის ღირებულებას მისი მყიდველობითი უნარის შრომასთან შეფარდებით. ეს იგივეა, განვსაზღვროთ “შრომის რაოდენობა,” ანუ უფრო სწორად _ ხელფასი. მან ვერ გაიგო, რომ მუშა კაპიტალისტს მიჰყიდის სამუშაო ძალას და ხელფასი მის მიერ შექმნილი ღირებულების ნაწილია. ამ განსაზღვრების მეორე ვარაინტში ა. სმითი ღირებულებას განსაზღვრავდა შემოსავლებით. მისი განმარტებით საცვლელი ღირებულება შედგება მხოლოდ შემოსავლებისგან: ხელფასის, მოგებისა და რენტისაგან (ვ+მ). ეს მტკიცება ეწინააღმდეგება ღირებულების შრომით თეორიას. სამაგიეროდ, იგი გზას ხსნის წარმოების სამი ფაქტორის (შრომა, კაპიტალი და მიწა) თეორიისათვის. ეს იდეა შემდეგში ისესხეს და ფართოდ გამოიყენეს ოპტიმისტური სკოლის წარმომადგენლებმა (ჟ.ბ.სეი, ფ. ბასტია).

ხელფასს ა. სმითი განსაზღვრავდა როგორც შრომის ფასს. მას თვლიდა შრომის ბუნებრივ ანაზღაურებად. ის არ იზიარებდა იმდროინდელ ლიტერატურაში გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ მაღალი ხელფასი მუშებს აზარმაცებს და შრომის სტიმულს უკარგავს. ა. სმითი მოითხოვდა მაღალი ხელფასის დაწესებას. იგი აღნიშნავდა, რომ, მაღალი ხელფასი შრომის მწარმოებლურობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მოგებად ა. სმითი მიიჩნევდა შემოსავლის იმ ნაწილს, რომელიც რჩება ხელფასის გამოკლებით. მან მიუთითა, რომ მოგება მუშის შრომით იქმნება კაპიტალისტური წარმოების ყველა დარგში, სადაც კი შრომა იხარჯება. მოგება იქმნება იმიტომ, რომ მუშა მუშაობს სამუშაო დროის ნორმების ზევით, იმაზე მეტს, რაც აუცილებელია მისი ხელფასის ეკვივალენტის შექმნისათვის. სხვა შემთხვევაში, ა. სმითს მოგების ქვეშ ესმოდა ნაშთი რენტისა და პროცენტის გამოკლებით. ამ შემთხვევაში იგი მოგებას უწოდებდა ფუნქციონერი კაპიტალისტის შემოსავალს. მისი გაგებით, სამრეწველო მოგება წარმოადგენს ზედმეტი ღირებულების საყოველთაო ფორმას. ამის განშტოებად მიაჩნდა მას მიწის რენტა და სარგებელი, რომელსაც ზედმეტი ღირებულების მითვისებაში მონაწილე სხვადასხვა კლასი ღებულობს.

ა.სმითის თეორიაში ზედმეტი ღირებულება, რა ფორმითაც არ უნდა იყოს იგი – მოგება, რენტა, სარგებელი, არის მხოლოდ მუშის შრომის შედეგი. ა. სმითი უარყოფდა აზრს, თითქოს, მოგება იყოს კაპიტალისტის ხელფასი საწარმოთა ზედამხედველობისა და მართვისათვის. მისი აზრით, მოგების სიდიდე განისაზღვრება არა მეთვალყურეობასა და მართვაზე გაწეული შრომის სიმძიმითა და სირთულით, არამედ წარმოებაში გამოყენებული კაპიტალის სიდიდით. ა. სმითი მოგებას განიხილავდა, როგორც კაპიტალის დაბანდებისათვის მეწარმის რისკის ანაზღაურებას.

კაპიტალს ა. სმითი განიხილავდა, ერთი მხრივ, როგორც ღირებულებას, რომელიც დაქირავებული შრომის ექსპლუატაციის შედეგად იძლევა ნამეტს, მეორე მხრივ, კაპიტალს განმარტავდა, როგორც საგნების მარაგს, რაც საჭიროა შემდგომი წარმოებისათვის, როგორც წარმოების საშუალებების მარაგს. მან კაპიტალი გააიგივა მის ნივთობრივ მატარებელთან, როგორიცაა წარმოების საშუალებები, რაშიც დაგროვილია შრომა, ე.ი. წინანდელი შრომით შექმნილი საშუალებანი. შემდგომ მან განავითარა ძირითადი და საბრუნავი კაპიტალის ცნებები და მათი მოქმედება გაავრცელა მატერიალური წარმოების ყველა სფეროზე.

ა.სმითი კაპიტალის ყველაზე დამახასიათებელ თვისებად მიიჩნევს იმას, რომ მას მოაქვს მოგება. ამას საფუძვლად უდევს კაპიტალის დაყოფა ძირითად და საბრუნავ ნაწილებად. ა. სმითის განსაზღვრით, “ძირითადი კაპიტალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიწის გასაუმჯობესებლად, სასარგებლო მანქანებისა და სამუშაო იარაღების ან მსგავსი საგნების საყიდლად, რომლებიც შემოსავალს, ანუ მოგებას იძლევიან მფლობელის გამოუცვლელად ან შემდგომ მიმოქცევაში შეუსვლელად. ამიტომ ასეთ კაპიტალებს შეიძლება სრულიად შესაბამისად ეწოდოს ძირითადი კაპიტალები” [7, გვ. 312]. ა. სმითის მიხედვით, ძირითადი კაპიტალი მფლობელს არ იცვლის, რჩება მის ხელში და მიმოქცევაში არ მონაწილეობს. საბრუნავი კაპიტალი კი მონაწილეობს მიმოქცევაში და მესაკუთრისათვის მოგების მიღებას უზრუნველყოფს. “იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროდუქციის აღმოსაცენებლად, გადასამუშავებლად ან გასაყიდად მოგებით ისევ გაყიდვის მიზნით. ამგვარად გამოყენებული კაპიტალი არ აძლევს მის გამომყენებელს არავითარ შემოსავალს ან მოგებას სანამ იგი მის მფლობელობაშია დარჩენილი ან შენარჩუნებული აქვს თავისი წინანდელი ფორმა. პროდუქტები, რომელიც ვაჭარს ხელთ აქვს, არ აძლევს მას შემოსავალს ანუ მოგებას, სანამ იგი მათ არ გაჰყიდის ფულზე. ფულიც მას აგრეთვე ნაკლებ სარგებლობას აძლევს, სანამ იგი მას კვლავ არ გასცვლის პროდუქტებზე… მისი კაპიტალი მუდამ მიდის მისგან ერთი სახით, და მხოლოდ ასეთი მიმოქცევის გზით, ანუ თანმიმდევნო გაცვლა გამოცვლის გზით, შეუძლია კაპიტალს მისცეს მას მოგება. ამიტომ ასეთ კაპიტალებს შეიძლება სრულად შესაბამისად ეწოდოს საბრუნავი კაპიტალი” [7, გვ. 327].

ნაყოფიერი და უნაყოფო შრომის შესახებ მსჯელობისას ა. სმითი ამტკიცებდა, რომ შრომა ნაყოფიერია წარმოების ყოველ დარგში, სადაც იგი გადაიცვლება კაპიტალზე, რის შედეგად ქმნის მოგებას. უნაყოფოა შრომა, რომელიც არ იცვლება კაპიტალზე, არ ქმნის მატერიალურ პროდუქტს და არ ადიდებს საქონლის ღირებულებას. უნაყოფო შრომა უშუალოდ იცვლება შემოსავალზე. ა. სმითის აზრით, რაც უფრო მცირეა საზოგადოებაში არანაყოფიერი მუშაკები, მით უფრო სწრაფად შეიძლება გაიზარდოს მისი სიმდიდრე.

ა.სმითის მოძღვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეკონომიკური ლიბერალიზმის იდეას. ა. სმითი თითქმის სრულიად უარყოფდა სახელმწიფოს ჩარევას სამეურნეო საქმიანობაში და ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლად ეკონომიკური თავისუფლება მიაჩნდა. იგი მოითხოვდა კონკურენციის თავისუფლებას, კონკურენციულ ბრძოლას. ა. სმითი სახელმწიფოს აკისრებდა მხოლოდ ისეთ ფუნქციებს (ქვეყნის თავდაცვა, ბანკნოტების გამოშვება და ა.შ.), რაც დადებით როლს შეასრულებდა თავისუფალი კონკურენციის, ეკონომიკური თავისუფლების უზრუნველყოფაში.

ა. სმითი მიიჩნევდა, რომ მრეწველები და ვაჭრები განუხრელად ცდილობენ თავისუფალი კონკურენციის დათრგუნვასა და შეზღუდვას, საზოგადოებისთვის საზიანო მონოპოლიის შექმნას.(14, გვ. 218)

ა. სმითის აზრით, საქონლის, ფულის, კაპიტალის და შრომის თავისუფალი მოძრაობის დროს, საზოგადოების რესურსები გამოყენებული იქნება ყველაზე რაციონალურად, ოპტიმალურად. მისი ეკონომიკური მოძღვრების ალფა და ომეგა იყო კონკურენციის თავისუფლება. იგი წითელ ზოლად გასდევს მთელ “ხალხთა სიმდიდრეს.” ამ პრინციპს ა. სმითი უსადაგებდა ექიმებს, უნივერსიტეტის პროფესორებსაც და… მღვდლებსაც კი. თუ ყველა სარწმუნოებისა და სექტის ღვთის მსახურთ მიეცემათ ერთმანეთს შორის თავისუფალი კონკურენციის საშუალება, არც ერთ ჯგუფს არ ექნება პრივილეგია, და მით უმეტეს მონოპოლია, მაშინ ისინი ყველაზე ნაკლებად იქნებიან ზიანის მომტანნი.(14, გვ.195)

ა. სმითმა წამოაყენა “უხილავი ხელის” პრინციპი. ამ პრინციპის მიხედვით, თითოეული ადამიანის მამოძრავებელი მხოლოდ პირადი ინტერესებია, რაც, საბოლოო ანგარიშით, საზოგადოებრივ ინტერესებსაც ეხმიანება. თავის წიგნში _ “გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ,” სმითმა აღწერა ჰარმონია კერძო და საზოგადეობრივ ინტერესებს შორის. როგორც ა. სმითი აღნიშნავდა: “ყოველი ინდივიდი ცდილობს ისეთნაირად აამოქმედოს საკუთარი კაპიტალი, რომ მან მაქსიმალური მოგება მოიტანოს. ჩვეულებრივ მას განზრახვა არა აქვს ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებრივ ინტერესებზე და არ იცის რამდენად ზემოქმედებს იგი მათზე. ინდივიდი მიისწრაფვის მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოებისა და სარგებლობისაკენ, და მას უხილავი ხელი წარმართავს, რათა ბოლოს და ბოლოს ზეგავლენა მოახდინოს იმაზე, რაც მის განზრახვაში არ შედიოდა. საკუთარი ინტერესების დაცვით იგი (ინდივიდი) ხშირ შემთხვევაში დიდად უწყობს ხელს საზოგადეობის აყვავებას, ვიდრე იმ შემთხვევაში თუკი ამას შეგნებულად შეეცდებოდა” [7, გვ. 189].

უხილავი ხელის მოქმედებაა: “ჩვენ საკუთარ პურს ვიღებთ არა პურის მცხობელის (ხაბაზის) მოწყალებით, არამედ მისი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე”.
ადამიანთა თანამშრომლობას საფუძვლად უდევს ის, რომ ყველა მათგანი მოქმედებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად [5, გვ. 8]. სმითი ამტკიცებდა რომ ბაზარზე ეკონომიკური გაცვლისთვის არავითარი სხვა მოტივაცია არ არსებობს, გარდა პირადი ინტერესისა [4, გვ. 89].

ა.სმითმა შეადგინა ახალი ეკონომიკური სისტემის მოქმედების სქემა, რომელიც იმ პერიოდში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მკვიდრდებოდა. მისი აზრით, ამ სისტემის გამართული მუშაობისათვის აუცილებელია ორი პირობის არსებობა. სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევისგან განთავისუფლება და კონკურენციის თავისუფლება.
ა.სმითი “უხილავი ხელის” პოლიტიკას უნივერსალურ მექანიზმად მიიჩნევდა. მისი აზრით, იგი მსოფლიო მიზიდულობის კანონის მსგავს როლს ასრულებს საზოგადოებაში. მაგრამ ეკონომიკაში თავისუფლების კონცეფციამ კაცობრიობის განვითარებაში მსოფლიო მიზიდულობის კანონის როლი მაინც ვერ შეასრულა [8, გვ. 86].

უხილავი ხელის დოქტრინა ისეთ მეურნეობას მიეკუთვნება, რომელზეც ყველა ბაზარი სრულყოფილი კონკურენციით ხასიათდება. ესაა სიტუაცია, რომლის დროსაც ყველა საქონელს და მომსახურებას თავისი ფასი გააჩნია და ბაზარზე იყიდება. ამასთან, არც ერთი ფირმა და არც ერთი მომხმარებელი არ შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი იყოს იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინოს საბაზრო ფასებზე.

ა.სმითმა აღმოაჩინა კონკურენტული საბაზრო ეკონომიკის შესანიშნავი თვისება. სრულყოფილი კონკურეციის პირობებში ბაზარი აწარმოებს სასარგებლო საქონლისა და მომსახურების მაქსიმალურად შესაძლო რაოდენობას არსებული რესურსების პირობებში. მაგრამ, იქ, სადაც გაბატონებულია მონოპოლიები, გარემოს დაბინძურება ან სხვა უსუსურობანი, უხილავი ხელის შესანიშნავი ეფექტიანი საშუალებები შეიძლება გაქრეს კიდევაც [1, გვ. 8].

არასრულყოფილ კონკურენციას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მყიდველებს ან გამყიდველებს შეუძლიათ ფასებზე ზემოქმედების მოხდენა. არასრულყოფილი კონკურენციის არსებობისას ბაზრებს არ შეუძლიათ რესურსების ეფექტიანი განვითარება. მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო შეიძლება ამოქმედდეს და დაიწყოს რეგულირება. “საბაზრო აქტივობის ნეგატიური შედეგების დაძლევა სახელმწიფოს მხრივ გარკვეული რეგულირების გარეშე შეუძლებელია” [8, გვ. 90].

ადამ სმითის დროიდან მოყოლებული, საბაზრო ეკონომიკამ მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა. როგორც პ. სამუელსონი და უ. ნორდჰაუსი აღნიშნავენ, “სმითის ვარაუდი საბაზრო მექანიზმის ფუნქციონირების შესახებ, დააფიქრებს თანამედროვე ეკონომისტებს, როგორც კაპიტალიზმის მომხრეებს, ასევე კრიტიკოსებს. მიუხედავად ამისა, კიდევ ორი საუკუნე გაივლის და გამოცდილების დაგროვებისა და დაფიქრების შემდეგ გამოვლინდა ამ დოქტრინის ჩარჩოები და პრაქტიკული შეზღუდვები. ცნობილია, რომ არსებობს “ბაზრის უსუსურობა” და იგი ყოველთვის როდი იძლევა საუკეთესო შედეგებს. ბაზრის ერთ-ერთი უსუსურობა დაკავშირებულია მონოპოლიებსა და არასრულყოფილი კონკურენციის სხვა ფორმებთან. “უხილავი ხელის” სხვა შეცდომა წარმოიშობა ბაზრის გარშემო თანამდევი, ანუ გარე ეფექტების არსებობასთან დაკავშირებით, როგორიცაა დადებითი გარე ეფექტები – სამეცნიერო აღმოჩენები და უარყოფითი თანმდევი მოვლენები – გარემოს დაბინძურება. ბაზრის გარეშე ეკონომიკური ნაკლოვანებაა შემოსავლის ისეთი განაწილება, რომელიც არახელსაყრელია პოლიტიკური ან ლოგიკური თვალსაზრისით. თუკი არსებობს თუნდაც ერთი ელემენტი, ადამ სმითის დოქტრინა უხილავი ხელის შესახებ, უკვე აღარ მუშაობს და მთავრობა შეიძლება ჩაერიოს, რათა “განკურნოს” დაავადებული უხილავი ხელი” [1, გვ. 97].

XIX საუკუნის დასასრულს, კაპიტალიზმის მზარდმა განვითარებამ აშშ და დასავლეთ ევროპის ინდუსტრიული ქვეყნები სახელწიფოს ჩაურევლობის პრინციპის უარყოფამდე მიიყვანა. მთავრობებმა სულ უფრო მზარდი ეკონომიკური როლის შესრულება იწყეს მონოპოლიების რეგულირებით, გადასახადების აკრეფით, ხანდაზმულთა დახმარების უზრუნველყოფით და ა.შ.

XX საუკუნის 20-30-იან წლებში ინგლისელი ეკონომისტის ჯ. მ. კეინზის მიერ აღდგენილ იქნა “ხილული ხელის” დოქტრინა. თუ პალეოლიბერალურ დოქტრინაში სახელმწიფოს მიკუთნებული ჰქონდა “ღამის გუშაგის” როლი, კეინზურ მოდელში სახელმწიფოს დირიჟორის როლი აქვს მიკუთვნებული. თუმცა, ეკონომისტთა ერთი ნაწილი არ ეთანხმება ამას და ლიბერალიზმის პოზიციაზე რჩება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, “უხილავი ხელის” ნეოლიბერალური მოძღვრება სახელმწიფო დოქტრინად იქნა აღიარებული დასავლეთ გერმანიაში. XX საუკუნის 80-90-იან წლებში ნეოლიბერალიზმი არა მარტო გერმანიაში გაბატონდა არამედ, იგი გავრცელდა ინგლისში, აშშ-სა და პოსტსოციალისტური სივრცის ქვეყნებშიც.

მაგრამ, 2008 წ. დაწყებულმა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა კვლავ თავდაყირა დააყენა სიტუაცია. როგორც თანამედროვე პოლონელი პროფესორი გ. კოლოდკო აღნიშნავს, ამ კრიზისის ფონზე ნეოლიბერალიზმმაც კრახი განიცადა. “სრულად განსაზღვრულად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ნეოლიბერალური მოდელის კრახთან [9, გვ. 12]. დღეს მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები იძულებულნი არიან, ჩაერიონ ეკონომიკაში და არაპოპულარული პროტექციონიზმიც კი გაატარონ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა თავს იკავებდა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ჩარევაზე, მათ მაინც მოუწიათ იძულებითი ნაბიჯის გადადგმა [10, გვ. 13]. ჯონ მიქლზუეთი აღნიშნავს, რომ კრიზისის პირობებში კონგრესიდანაც იქნება პროტექციონისტული მოთხოვნები აშშ-შიც [11, გვ. 9]. რაბინ ბიუ მიუთითებს, რომ “უმუშევრობის ზრდა მთავრობებს მოტივაციას აძლევს, საკუთარი სკამის შენარჩუნების მიზნით პოპულისტურ პროტექციონიზმს მიმართონ [12, გვ. 14].

“ლესე ფერ” პრინციპის საყოველთაობას არ ვექვემდებარება ჩინეთის თანამედროვე ეკონომიკური განვითარების გზაც. იქ კონვერგენციული პროცესები საფუძვლიანად ხორციელდება. სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია. ჩინეთს და სოციალური ეკონომიკის ქვეყნებს კრიზისი არ შეხებია. ასეთ ვითარებაში ჩინეთმა აშშ-ს ასესხა 3 ტრილიონი დოლარი. რამოდენიმე თვის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტმა ჩინეთს მოუწოდა ფინანსურად დაეხმაროს კრიზისს დაქვემდებარებულ ქვეყნებს.

როგორც თანამედროვე ამერიკელი მეცნიერი ა.სენი აღნიშნავს, ა.სმითს წმინდა საბაზრო მექანიზმი აბსოლუტურად იდეალურად არ მიაჩნდა. ის მსჯელობდა იმის შესახებაც, რომ ადამიანს მართავს არა მარტო პირადი სარგებელი, არამედ კეთილგონიერებაც. “კეთილგონიერება” არის სათნოება, რომელსაც ადამიანისათვის ყველაზე მეტი სარგებელი მოაქვს. კაცთმოყვარეობა, სამართლიანობა, დიდსულოვნება, საზოგადოებრივი დოვლათის შექმნის სურვილი, რომელიც ფრიად სასარგებლოა სხვა ადამიანებისათვის. უკანასკნელმა ეკონომიკურმა კრიზისმა ნათლად აჩვენა, რომ ნორმალურმა საზოგადოებრივმა მოწყობამ აუცილებელია უარი თქვას არარეგულურებად და უსაზღვრო ანგარებაზე.

ახალი კეინზელების (გრ. მენქიუ, ჯ. აკერლოფი, ჯ. იელენი, ო. ბლანშარი, ნ. კიოტაკი) ძალისხმევით შეიქმნა თანმიმდევრული მაკროეკონომიკური თეორია, რომელშიაც დასაბუთებულია “უხილავი ხელის’’ არაეფექტიანობა მაკროეკონომიკურ დონეზე(18. გვ.227).

თავის ქცევაში ადამიანი, უწინარეს ყოვლისა, მის წინაშე მდგომი მიზნების მიღწევის ოპტიმიზაციის პოზიციიდან გამოდის. ასეთი მიზნებია საოჯახო მეურნეობისათვის სარგებლიანობის, ხოლო ფირმებისათვის მოგების მაქსიმიზაცია. მაგრამ, homo ekonomikusis-ის თანამედროვე გაგების თანახმად, ის ბევრად უფრო რთული მიზნების მატარებელია, რადგან, წმინდა ეკონომიკური მისწრაფებების გარდა, მას სოციალური მიზნების გათვალისწინებაც უხდება, რაც რაციონალურობის ხარისხს აფართოებს. კითხვაზე, თუ რამდენადაა რაციონალური ადამიანის ქცევა-პასუხი მნიშვნელოვანწილად საზოგადოებრივი სისტემის რაციონალურობაზეა დამოკიდებული. თავისუფალი ბაზარი მხოლოდ და მხოლოდ თეორიული კონსტრუქციაა, რაც გამოიყენება ბაზრის ზოგად კანონზომიერებათა შესწავლის მიზნით. რეალურად კი ამ კანონზომიერებებიდან გადახრებს ბაზარზე ძალიან ხშირად აქვს ადგილი, ამიტომ, თავისუფალი ბაზრის, როგორც იდეალური ბაზრის მოდელი უნდა იყოს ის ეტალონი, რომლისკენაც ბაზრის სახელმწიფო რეგულირება უნდა ისწრაფვოდეს. თავისუფალი ბაზრის ნაკლოვანებათა გამოსწორების ფუნქცია ეკონომისტთა დიდ ჯგუფს სახელმწიფოზე გადააქვს და თვლის, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ერთი მხრივ, გააკეთოს ის რისი გაკეთებაც არ შესწევს ბაზარს, ხოლო, მეორე მხრივ კი, ბაზარზე შეაფერხოს თავისუფლების ელემენტების შეზღუდვა იქ მოქმედი კერძო სუბიექტების მიერ. იმის გამო, რომ სახელმწიფოს ბაზარში ჩარევის ფიასკო ან საერთოდ უგულებელყოფილია, ან მიჩნეულია მეორეხარისხოვან პრობლემად, სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის სხვადასხვა თეორიულ კონსტრუქციას ეკონომისტთა შორის არაერთი მხარდამჭერი ყავს, წერს პროფესორი ვ.პაპავა. [13. გვ. 29,30,42,46,52].

ა.სმითის დიდი დამსახურებაა აბსოლუტური უპირატესობის” პრინციპის ჩამოყალიბება, რომლის მიხედვით, ამა თუ იმ ქვეყანას ან პიროვნებას, სხვების მიმართ, გააჩნია აბსოლუტური უპირატესობა გარკვეულ საქმიანობაში, ამიტომ, მას უჯობს უპირატესად ეს საქმე აკეთოს და მისი შედეგით გამოვიდეს შრომის საზოგადოებრივ ან საერთაშორისო დანაწილებაში. მაგალითად, ნიკარაგუას აბსოლუტური უპირატესობა გააჩნია კანადასთან შედარებით ბანანის წარმოებაში, ვინაიდან კანადაში ბანანი არ იწარმოება. სამაგიეროდ, კანადას შეფარდებითი უპირატესობა აქვს ნიკარაგუასთან მარცვლეულის წარმოებაში, რადგან კანადაში მარცვლეულის მოყვანა ნაკლები დანახარჯებით შეიძლება. ადვოკატს აბსოლუტური უპირატესობა აქვს კომპიუტერზე მბეჭდავთან შედარებით იურისპრუნდენციაში, რადგან კომპიუტერზე მბეჭდავმა სამართალი არ იცის, სამაგიეროდ, ის ადვოკატთან შედარებით შეიძლება ნაკლები დანახარჯებით ბეჭდავს. ადვოკატი იურისპრუდენციაში 1 საათის მუშაობისთვის 100 დოლარს იღებს, ხოლო მბეჭდავი ბეჭვდისთვის 10 დოლარს. ადვოკატს შეუძლია თავისი ტექსტი თვითონ დაბეჭდოს და 10 დოლარი დაზოგოს, მაგრამ 90 დოლარის დანაკარგი ექნება. ამიტომ, მას უჯობს 10 დოლარი მბეჭდავს გადაუხადოს და ტექსტი დააბეჭდინოს.

ა.სმითის მიერ ჩამოყალიბებული აბსოლუტური უპირატესობის პრინციპი დღესაც გამოიყენება შრომის საერთაშორისო დანაწილებაში. ამ მხრივ აღსანიშნავია ჰექშერ-ულინის თეორია, რომლის მიხედვითაც ქვეყნებმა უნდა ისარგებლონ წარმოების ფაქტორით. განვითარებული ქვეყნები გამოდიან კაპიტალის ფაქტორით. განვითარებადი ქვეყნები (საქართველო) შრომის ფაქტორით, რიგი ქვეყანა (აზერბაიჯანი, კუვეიტი, ვენესუელა) – რესურსული ფაქტორით.

ამრიგად, ფართოა ა. სმითის შეხედულებების სპექტრი, რასაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა. ა. სმითის აზრები ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიო გლობალური ფინანსური კრიზისის ასახსნელად და საშუალების გამოსანახად არა მარტო მისგან თავის დასაღწევად, არამედ მისაღები, წესრიგიანი საზოგადოების ასაშენებლად. მის ნაშრომებში გაშუქებულია ისეთი ფუნდამენტური ცნებებიც, როგორიცაა სამართლიანობა და მიუკერძოებლობა.

გამოყენებული ლიტერატურა

1. პ. სამუელსონი, უ. ნორდჰაუსი, ეკონომიკსი, თბ., 1992;
2. კ.რ. მაკკონელი, ს.ლ. ბრიუ, ეკონომიკსი, ნაწილი I, თბ., 1993;
3. რ. ჰეილბრონერი, ლ. ტუროუ, ეკონომიკა ყველასათვის, ლონდონი, 1991 (რუს.);
4. А. Сен, Адам Смит и современность, жур. «Вопросы экономики», №11, 2011;
5. ი. ქვაჩახია, თეორიული ეკონომიკა, თბ., 1996;
6. К. Маркс, Нишета философии, К. Маркс и Ф. Энгельс, Соч. т. 4, М., 1955;
7. ა. სმითი, გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, ტომი I, თბ., 1938;
8. გ. თოდუა, ადამ სმითი და თანამედროვე ეკონომიკის აქტუა ლური საკითხები, თბ., 2000;
9. Гж. Колодко, Nеолиберализм и мировой экономический кризис, жур. «Вопросы экономики», №3, 2011;
10. ს. პავლიაშვილი, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის გავლენა შედარებით ნაკლებად იგრძნობა, გაზ. `24 საათი”, #225, 18. 2009;
11. ჯ. მიქლზუეთი, ამერიკის ახალი იმედი, ჟურნ. “მსოფლიო. 2009”. The World in 2009;
12. რ. ბიუ, ცოტა ნელა, ჟურ. `მსოფლიო-2009”. The World in 2009;
13. ვ. პაპავა, არატრადიციული ეკონომიკსი, თბ., 2011;
14. ა. ანიკინი, მეცნიერების სიჭაბუკე, თბ., 1989;
15. ა. სილაგაძე, ეკონომიკური აზრის ისტორიის ზოგიერთი. საკითხი, თბ., 1996;
16. ვ. პაპავა, საბაზრო თანასწორობის დოქტრინა, თბ., 1999;
17. გ. მენქიუ, ეკონომიკის პრინციპები, თბ., 2008;
18. ე. მექვაბიშვილი, თანამედროვე მაკროეკონომიკური თეორიები, თბ., 2012.

ჯემალ ხარიტონაშვილი

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი

ეკონომიკა და ბიზნესი. თსუ. სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი. მარტი-აპრილი. 2013 წ.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button