ლიტერატურამოთხრობა

შოთა ჩანტლაძე – სქოლიო

არა, არ მინდა სახელი და დიდება! არა, არ მინდა დაფნის გვირგვინები! არა, არ მინდა დაიწეროს ტომები იმის შესახებ, თუ როგორ ვწერდი ტომებს! არ მინდა და იწეროს ჩემზე ვრცელი ბიოგრაფია! არა, არ მინდა სახელი და დიდება! მე მინდა სქოლიო! სქოლიო… რა თბილია იგი. სქოლიო… რა სასიამოდ უღიტინებს იგი ჩემს გულს. სქოლიო… როგორ გავს იგი ჩემს ოთახს (ზამთარში). სქოლიო… როგორ გავს იგი სამარეს.

მახსოვს, ჯერ კიდევ პატარა ბავშვი, რა სიძულვილით ვკითხულობდი სასწავლო წიგნებს და როგორ მიხაროდა, როდესაც სიტყვის ბოლოში შევნიშნავდი სქოლიოს ნიშანს, რა სიამოვნებით ჩავიკითხავდი სქოლიოს. რა სიამოვნებით გადავიკითხავდი ხელმეორედ. ყოველთვის მეგონა, რომ სქოლიოში უფრო მნიშვნელოვანი ამბები ეწერა, ვიდრე ზევით. მე მიყვარდა სქოლიო ალბათ იმიტომაც, რომ მისი წაკითხვა სავალდებულოდ არ ითვლებოდა. მე ზოგჯერ არ ვიცოდი გაკვეთილი. მე ყოველთვის ვიცოდი სქოლიო.

ახ, რა კარგია სქოლიო! ზევით სიბრძნე და სიმძიმე. ზევით შფოთიმრავალმნიშვნელოვანი. ხოლო სქოლიოში სითბო და სიმყუდროვე, როგორც სამარეში და ოდნავ შიში, ვაითუ ჩამოინგრეს სქოლიოს ჭერი და თავზე დაგაწვეს მთელი ის ცოცხალი და შფოთიანი ამბები, რომელიც სქოლიოში მყოფს არაფრად მიგაჩნია. ახ, რა კარგია სქოლიო! როდესაც მოვკვდები, ჩემს ცხედარს ჩაასვენებენ სქოლიოს მაგვარ სამარეში და ჩემს სახელს კი – სამარის მაგვარ სქოლიოში.

საუკუნეები მიედინებიან ნელა და მდორედ იქ, სადაც მთავრდება დრო. წლები მიდიან აჩქარებული ნაბიჯებით საუკუნისაკენ. დღეები და ღამეები გარბიან თავქუდმოგლეჯილნი წლებისაკენ. საათები მიფრინავენ დღეებისა და ღამეებისაკენ. წუთები გადადიან ყირამალა. წამები შემსხდარან სიცილზე და არ ჩანან. გრიალებენ მსოფლიო ამბები. გრიალებენ სახლები და საქმენი დიდთა ადამიანთა. კათედრები დაღლილან და დოცენტები დაძაბულან. ეძებენ ახალს. ერთმა მათგანმა „მიაგნო“ კიდეც. თვალები მიაბჯინა სქოლიოს და ამოიკითხა: შ. ჩანტლაძე. ამოიტანა მივიწყებული გვარი სქოლიოდან. ეს ისე მოხდა, როგორც პერსონალური პენსიონერი ამოიტანს ხოლმე სარდაფიდან შენახულ შეშას, როდესაც პირველი თოვლი ედება ქალაქს. პატარა ბავშვივით აუტატია ხელში შეშა, თვალები გაფართოვებია. ყურებიანი ქუდი გვერდზე მოქცევია და მას სიყვარულით გადმოყურებენ ფანჯრიდან გადმოკიდებული მსუქანი ცოლი და ღორის ბარკალი. ასე ამოაქვს ახალგაზრდა დოცენტს – კათედრის იმედს – შ. ჩანტლაძე სქოლიოდან. შენ არ გინდა ამოსვლა სქოლიოდან. შენ გინდა იყვირო, რომ ახალგაზრდა დოცენტი – კათედრის იმედი – სტყუის შენ გინდა იყვირო, მაგრამ არ ძალგიძს დოცენტი გრძნობს შენს აღშფოთებას და ეღიმება. რამდენიმე წუთიც და, დოცენტს ერთხმად ანიჭებენ დოქტორის ხარისხს. შენ ისევ ჩაესვენები სქოლიოში, შენს სამარეში და უფრო მძაფრად იგრძნობ და გაიფიქრებ: – ახ, რა კარგია სქოლიო!

ო, რა სიამოვნებით შევირხევი სამარეში, როდესაც პატარა და ზარმაცი ბავშვი ჭკვიანი თვალებით გადაიკითხავს დიდი ადამიანის ბიოგრაფიას, სადაც შეიძლება ასე ეწეროს: – დიდი მწერალი გ. თუხარელი 19… წელს შეხვდა ერთ მწერალს. ისაუბრა მასთან და მასზე გავლენა მოახდინა. მერე იგივე ბავშვი თვალებს ჩააპარებს სქოლიოსაკენ და ამოიკითხავს: – ,,აქ ლაპარაკია ნაკლებად ცნობილ ქართველ მწერალ შ. ჩანტლაძეზე. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მე-20 ს-ში. 1982 წელს მოკლეს პარიზში. იგი მოკლა ქალმა, რომელთანაც მას რაღაც საიდუმლო ურთიერთობა ჰქონდა. ეს მკვლელობა საერთოდ სიბნელითაა მოცული.“ მე ეხლა ვხედავ იმ ბავშვის ფართოდ გახელილ თვალებს. იდუმალებითა და ცნობისმოყვარეობით აღვსილს. მე ვხედავ, თუ როგორ გადადო ბავშვმა სკოლის სახელმძღვანელო, თუ როგორ ჩაიცვა გახუნებული პალტო, როგორ წამოკრა ფეხი პატ არა ძმის სათამაშო ცხენს და წააქცია იგი ისე, რომ არც ერთი ეს მას არ დაუნახავს და არ უგვრძნია, თუ როგორ გამოვიდა იგი ოთახიდან, როგორ გადაურბინა შავმა კატამ და როგორ ვერ შეამჩნია ნაცნობის სალამი, როგორ გადაჭრა აკრძალულ ადგილას ქუჩა და როგორ არ დააჯარიმა მილიციელმა, როდესაც მისი ჩაფიქრება შეამჩნია, შევიდა ბიბლიოთეკაში და როგორ გადასინჯა კატალოგი და გამოიტანა შ. ჩანტლაძის რომანი ,,ბერლინის პროსპექტი და პარიზის შესახვევი“, როგორი ინტერესით შეუდგა მის კითხვას ისე, რომ ვერც კი შეამჩნია თუ როგორ დაფარა ნიდაყვით გაზეთის ის ადგილი, სადაც ახალგაზრდა დოცენტის, კათედრის იმედის, ნეკროლოგი იყო მოთავსებული სურათითურთ თუ როგორ გამოაცალეს გაზეთი ნიდაყვიდან.

ახ, რა კარგია სქოლიო! მაგრამ ვინ მაღირსებს მე მას. მე მექნება სახელი და დიდება! მე მომიძღვნიან დაფნის გვირგვინებს. დაიწერება ტომები იმის შესახებ, თუ როგორ ვწერდი ტომებს. დაიწერება ჩემზე ვრცელი ბიოგრაფია. ახ, რა კარგია სქოლიო! მაგრამ ვინ მაღირსებს მე მას.

მოქალაქენო! ნაცნობნო ჩემნო! კაცნო და ქალნო! რომელთა არსებობა მხოლოდ საბინაო წიგნშია აღნიშნული და რომელთაც გწყურიათ სახელი წიგნისმიერი და არ ძალგიძთ ეღირსოთ სახელს თქვენი შრომითა და ღვაწლით. მე გამცნობთ თქვენ, შენ კეთილშობილო ჭაბუკო, ზამთარში უქუდოდ რომ დადიხარ და ზაფხულში ქუდით, რადგან ზამთარში თმა გაქვს ქუდად და ზაფხულში კი ქუდი გაქვს თმად. შენ, რომელმაც ადგილი დამითმე ტრამვაიში სრულიად უცნობს და შემდეგ, როდესაც მხვდები, მესალმები სალმით ღიმილიანით, შენც, მაღალო მილიციელო, რომელმაც ვერ შემომბედე დაჯარიმება და რომელიც მზადა ხარ, მე რომ გიკადრო, დახარჯო ჩემთან მთელი ხელფასი. თქვენ, მოქალაქევ, რომელმაც ღამის 2 საათზე სიხარულით მომაწოდეთ ძვირფასი პაპიროსი. თქვენც, ქალიშვილო, რომელიც ზაფხულის მოწყენილ ღამეს დაგდაღეთ კოცნებით ცხელით, რომელსაც პასუხობდით უნაზეს ამბორით.

თქვენ ყველას და კიდევ მრავალს, რომელსაც მე ვიცნობ კეთილი საქმით და სალმით ღიმილიანით, თქვენ ყველას, რომელთაც გსურთ სახელი წიგნისმიერი და არ ძალგიძთ შეიძინოთ იგი თქვენი შრომითა და ღვაწლით, თქვენ ყველას გიცხადებთ მე: – გათავსებთ სქოლიოში…

ახ, რა კარგია სქოლიო! მაგრამ ვინ მაღირსებს მე მას (თუნდაც იმიტომ, რომ მე დავწერე ,,სქოლიო“).

ახ, რა კარგია ,,სქოლიო“.

1957 წ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button