ანიმენარუტოსხვადასხვა

ანიმე ნარუტო – სასკე უჩიჰა

სასკე უჩიჰა (うちはサスケ, უჩიჰა სასუკე) სერიების დევტერაგონისტია, წარმოშობით კონოჰაგაკურეს უჩიჰას კლანიდან. იგი ერთ-ერთია უჩიჰას კლანის უკანასკნელ ცოცხლად დარჩენილ წარმომადგენლებს შორის.

როდესაც სასკე პატარა იყო, მისმა ძმამ, იტაჩი უჩიჰამ მათი მშობლები და კლანის წევრები დახოცა. ცოცხალი მან მხოლოდ სასკე დატოვა. სერიების პირველ ნაწილში სასკეს უმთავრეს მიზანს იტაჩის მოკვლა წარმოადგენდა, რისთვისაც იგი სოფლიდან გაიქცა და ოროჩიმარუს შეეკვრა, მეორე ნაწილში სასკე გაქცეული ნინძა იყო, რომელმაც იტაჩის სიკვდილის შემდეგ შეიტყო რა სიმართლე მისი ნამდვილი მოტივების შესახებ, შურისძიება კონოჰაზე გადაწყვეტა. სერიების მანძილზე სასკეს სიძულვილი იმდენად გაძლიერდა, რომ მან თავისი ყოფილი თანაგუნდელების – ნარუტო უზუმაკისა და საკურა ჰარუნოს მოკვლა სცადა და ტაკას ერთ-ერთი წევრი, კარინი სასიკვდილოდ გაიმეტა. მეოთხე მსოფლიო ომში სასკემ აკაცუკის მხარე დაიჭირა, თუმცა მოგვიანებით გააცნობიერა, რომ კონოჰას განადგურების შემთხვევაში იტაჩის მიერ გაღებული მსხვერპლი ამაო აღმოჩნდებოდა და გაერთიანებულ ძალებთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. სასკემ ერთ-ერთი ცენტრალური როლი ითამაშა ომის გამარჯვებით დასრულებაში, რის შემდეგაც მან თავისი ცხოვრების ამოცანად კონოჰასა და მის მკვიდრთა გარეშე მტრებისაგან დაცვა დაისახა და დამხმარე კაგე (支う影, სასაუკაგე, ქართ. დამხმარე ჩრდილი) გახდა

წარსული
სასკე მიკოტო და ფუგაკუ უჩიჰების უმცროსი ვაჟი იყო, რომელიც თავისი უფროსი ძმის, ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა შინობის – იტაჩის ჩრდილში გაიზარდა. ამის მიუხედავად სასკეს ძლიერ უყვარდა თავისი ძმა და ოცნებობდა, რომ ერთ დღეს მასავით ძლიერი და სახელოვანი ნინძა გამხდარიყო. მისი ბავშვური ოცნებები ერთიანად დაიმსხვრა, როდესაც იტაჩიმ მათი ოჯახისა და კლანის წევრები ამოხოცა და სოფლიდან გაიქცა. იმ დროიდან სასკეს ერთადერთი მიზანი იტაჩიზე შურისძიება და თავისი კლანის აღდენა გახდა.

მონაწილეობა სერიებში
პირველი ნაწილი
აკადემიის დამთავრების შემდეგ სასკე ნარუტო უზუმაკისა და საკურა ჰარუნოსთან ერთად კაკაში ჰატაკეს გუნდში განაწილდა. ჩუნინის გამოცდების დროს იგი ოროჩიმარუს შეხვდა, რომელმაც მას კისერზე ზეცის დაწყევლილი ბეჭედი დაასვა. ოროჩიმარუ სასკეს სხეულში ჩასახლებასა და, ამგვარად, მისი შარინგანის ხელში ჩაგდებას გეგმავდა. ბეჭედმა სასკეს დიდი ძალა შესძინა, რომლის მართვა მას ადრეულ ეტაპზე ძლიერ უჭირდა. მოგვიანებით, ბოროტების ჩაბეჭდვის მეთოდის მეშვეობით კაკაშიმ ბეჭდის მოქმედება შეასუსტა. ამასთანავე, ფინალური შეჯიბრისათვის მზადებისას მან სასკეს ჩიდორის შესრულება ასწავლა, რათა ორთაბრძოლის დროს მას ბეჭდის ძალის გამოყენება არ დასჭირვებოდა.

როდესაც იტაჩი ცხრაკუდიანის ჯინჩურიკის დასაჭერად კონოჰაში მივიდა, სასკემ მისთვის მცირედი წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ შეძლო. იგი მიხვდა, რომ სოფელში ყოფნით ძმას ვერ დაამარცხებდა, რის გამოც მან კონოჰა დატოვა და გასაძლიერებლად ოროჩიმარუსთან წავიდა. წასვლის წინ ნარუტომ მისი შეჩერება სცადა და ისინი ერთმანეთს შეებრძოლნენ კიდეც, თუმცა სასკემ იგი დაამარცხა.

მეორე ნაწილი
ოროჩიმარუს საიდუმლო ბაზაში სასკემ ორწელიწად-ნახევარი გაატარა და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ინტენსიური ვარჯიშების წყალობით მნიშვნელოვნად გაძლიერდა. როდესაც იგი დარწმუნდა, რომ სანნინისაგან ახალს ვერაფერს ისწავლიდა, მან ოტოგაკურედან წასვლა გადაწყვიტა და ოროჩიმარუს მოსაკლავად შეუტია. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის მომენტში ოროჩიმარუ ფიზიკურად ძლიერ დასუსტებული იყო, იგი სასკეს შეპყრობასა და მის სხეულში გადასახლებას შეეცადა, თუმცა დამარცხდა. ოროჩიმარუს ქვეშევრდომთაგან (სუიგეცუ, კარინი, ჯუგო) სასკემ საკუთარი გუნდი ჰები შექმნა და ძმის ძებნა დაიწყო. მოგვიანებით მან აკაცუკის ერთ-ერთი წევრი დეიდარა მოკლა და იტაჩის ადგილსამყოფელი დაადგინა. ძმებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა უჩიჰას სამალავში გაიმართა. სასკემ იტაჩისათვის მედგარი წინააღმდეგობის გაწევა მოახერხა და იგი სიკვდილის პირას მიიყვანა. იტაჩი ბრძოლაში უცნობი დაავადებით დაიღუპა, სასკემ კი მანგეკიო შარინგანი მოიპოვა. ძმის სიკვდილის შემდეგ სასკემ ტობისაგან შეიტყო, რომ იტაჩი კონოჰას უხუცესების დავალებით მოქმედებდა, რის გამოც მან კონოჰას განადგურება გადაწყვიტა. იგი აკაცუკის მოკავშირე გახდა, თუმცა ორგანიზაციის მიზნები არ აინტერესებდა. მის პირველ დავალებას გიუკის ჯინჩურიკის – კილერ ბის შეპყრობა წარმოადგენდა. ამატერასუს წყალობით სასკემ შეძლო მოწინააღმდეგის დაძლევა, თუმცა რვაკუდიანის ნაცვლად აკაცუკის შეცდომით მისი საცეცი მიუტანა. მოგვიანებით, დანზო შიმურას მოსაკლავად სასკე კაგეების სამიტზე შეიჭრა და რაიკაგეს, მიზუკაგეს, კაზეკაგესა და ცუჩიკაგეს დაუპირისპირდა. დანზომ გაქცევა მოახერხა, თუმცა სასკემ იგი მალევე იპოვა და უჩიჰას კლანის განადგურებისათვის მასზე შური იძია. დანზოს მოკვლის შემდეგ, მანგეკიო შარინგანის ხშირი გამოყენების გამო, სასკემ მხედველობა თითქმის მთლიანად დაკარგა. მეოთხე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, აკაცუკის დახმარებით, მან იტაჩის თვალები გადაინერგა და, ამგვარად, მარადიული მანგეკიო შარინგანი შეიძინა.

შესაძლებლობები
სასკეს უძლიერესი ტექნიკა − ინდრას ისარი. იტაჩის მსგავსად, სასკეც მცირე ასაკიდან ავლენდა ვუნდერკინდულ მონაცემებს. თავისი პირველი ძიუცუ – ცეცხლის გამოშვება: დიდებული ცეცხლის ბურთის ტექნიკა მან გენინად გახდომამდე წლებით ადრე აითვისა. ნინძების აკადემია სასკემ კლასში საუკეთესო შედეგებით დაამთავრა, მოგვიანებით კი ზარის გამოცდაში ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა კაკაში ჰატაკეზე. სერიების პირველ ნაწილში სასკეს უკვე შეეძლო თანაბარი ბრძოლის გამართვა ისეთ ძლიერ შინობებთან, როგორებიც იყვნენ ჰაკუ და გაარა, აგრეთვე სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა ოროჩიმარუსათვის, რომელიც ერთ-ერთია სამ ლეგენდარულ სანნინს შორის. სასკეს ტალანტით აღფრთოვანებულმა ოროჩიმარუმ განაცხადა, რომ თავის დროზე იგი იტაჩისაც დაჩრდილავდა. ოროჩიმარუსთან ორწელიწად-ნახევრიანი ვარჯიშის შემდეგ სასკე საკმარისად ძლიერი გახდა იმისათვის, რომ შერკინებოდა და მნიშვნელოვანი ზეწოლა განეხორციელებინა აკაცუკის წევრ იტაჩისა და მეოთხე რაიკაგეზე. სასკეს შარინგანი უჩიჰას კლანის დაცემის ღამეს გაუაქტიურდა. აღნიშნული დოძიუცუ მას პირველ ნაწილში სწრაფად მოძრავი ობიექტების აღქმის (შენელებულ ტემპში დანახვისა) და ოპონენტის შემდგომი მოძრაობების წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობას აძლევდა, მეორე ნაწილში კი მან დაიწყო გენძიუცუ: შარინგანის გამოყენება მოწინააღმდეგეთა დაბნევის, დაკითხვის, გათიშვის, მართვისა და სხვა მიზნებით. ამასთან, შარინგანის მეშვეობით სასკეს სხვის ქვეცნობიერში შეღწევა და, ჯინჩურიკის შემთხვევაში, მასში არსებული კუდიანი ურჩხულის ჩაკრას დათრგუნვა შეეძლო. იტაჩის სიკვდილის შემდეგ სასკემ მანგეკიო შარინგანი და მასთან ერთად უმაღლესი რანგის ტექნიკების შესრულების უნარი შეიძინა. მათგან აღსანიშნავია: სუსანოო, ცუკუიომი, ამატერასუ და ალის გამოშვება: კაგუცუჩი, რომლის საშუალებით იგი ამატერასუს შავი ალის მანიპულირებასა და მისთვის სასურველი ფორმის მიცემას ახერხებდა. სასკე გაწაფულია შინობის ყველა საბრძოლო ხელოვნებაში. იგი მაღალი ოსტატობით იყენებს თავის ტექნიკებსა და მათ განსხვავებულ კომბინაციებს. ამასთან, ძლიერი ანალიტიკური უნარების წყალობით მას ოპონენტის ძიუცუს მოქმედების მექანიზმის ამოცნობა და კომპლექსური გეგმების სწრაფად შემუშავება შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ სასკეს უდიდესი სისუსტე მისი ქედმაღლობა და ზედმეტი თავდაჯერებულობა იყო. მაგალითად, კაგეების სამიტზე იგი სათითაოდ შეებრძოლა ყველა კაგეს, თუმცა ჩაკრას გადაჭარბებით მოხმარებისა და ონოკის თავდასხმის შედეგად გონება დაკარგა და ცოცხალი ტობის დახმარებით გადარჩა. თუმცა მოგვიანებით მან შეძლო დანზო შიმურას მოკვლა, რომელიც განსაკუთრებით საშიშ ოპონენტად ითვლებოდა. კურამამ შენიშნა, რომ ექსი გზის ჩაკრას მიღების შემდეგ სასკე ძლიერებით ექვსი გზის განდეგილს გაუტოლდა. მადარამ განაცხადა, რომ თავის თანაშემწედ იგი ობიტომ ნაცვლად სასკეს აირჩევდა, ეს უკანასკნელი წლებით ადრე რომ დაბადებულიყო. თუმცა ნარუტოსთან შეტაკების შედეგად სასკემ მარცხენა მკლავი მთლიანად დაკარგა, აღნიშნულს მის ბრძოლისუნარიანობაზე არ უმოქმედია, რამეთუ მან შეძლო თანასწორი წინააღმდეგობის გაწევა კინშიკი ოცუცუკისათვის, რომელიც მომოშიკისთან ერთად კაგუია ოცუცუკიზე დიდ საფრთხედ მიიჩნეოდა. ბორუტოს სერიებში სასკე ლეგენდარული შინობია, რომელიც ნარუტოს მსგავსად, უძლიერეს ნინძად იწოდება. ამასთან, ითვლება, რომ წყვილს ერთობლივი ძალით მთელი კონტინენტის განადგურება შეუძლია. სასკეს ყველაზე ძლიერი შეტევითი ტექნიკაა ინდრას ისარი. ჰაგორომო ოცუცუკის ჩაკრას მიღების შემდეგ სასკეს მარცხენა თვალი რინნეგანად გარდაიქმნა

Source
https://naruto.fandom.com/ka/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%94_%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%B0%E1%83%90

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button