ფილოსოფია

ოთარ ჩოგოვაძე – “არის თუ არა კულტურა იდეალი?”

(ზიგმუნდ ფროიდის “კულტურით უკმაყოფილების” მიხედვით)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ლი კურსის ბაკალავრი

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

“დიდი დინოზავრების ჯიში გადაშენდა და ძუძუმწოვრებს დაუთმო ადგილი,
მაგრამ ამ ჯიშის ნამდვილი წარმომადგენელი, ნიანგი, ახლაც ჩვენთან ერთად ცხოვრობს”

ზიგმუნდ ფროიდი “კულტურით უკმაყოფილება”, 1930 წ.

ზიგმუნდ ფროიდი დაიბადა 1856 წელს ავსტრიაში. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ფროიდი გაეცნო დარვინის ნაშრომებს, რამაც გავლენა მოახდინა მის შემდგომ სამეცნიერო მოღვაწეობაზე. ფროიდი იყო ებრაელი და იმ დროინდელ ავსტრიაში ებრაელებს შეეძლოდ აერჩიათ მხოლოდ სამი პროფესია: იურისტი, ბიზნესმენი ან ექიმი. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა მას არ ანიტერესებდა, 1873 წელს ის იძულებული იყო ჩაებარებინა ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ფროიდი მუშაობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში. 29 წლის ასაკში იგი პრივატ-დოცენტი ხდება ვენის ნევროლოგიის უნივერსიტეტში, ხოლო 36 წლის ასაკში – პროფესორი. ფროიდი სიკვდილის ბოლომდე ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას. მისი სამეცნიერო შრომებიდან აღსანიშნავია: „სიზმრის ახსნა“, „ფსიქოანალიზი“, “ტოტემი და ტაბუ“, “კულტურით უკმაყოფილება“…

ფროიდის ნაშრომი „კულტურით უკმაყოფილება“ ეძღვნება ადამიანსა და კულტურას შორის მარადიულ და გარდაუვალ დაპირისპირებას. ფროიდის აზრით, ადამიანის გონებაში ყოველთვის არსებობს წარსული გამოცდილების კვალი სახეშეცვლილი ფორმით. რელიგიურ გრძნობაში დევს როგორც ბავშური უმწეობისა და დაცვის მოთხოვნილების, ასევე უსასრულობისა და მარადიულობისაკენ სწრაფვის ელემენტები, რომელსაც იგი ხსნის იმ გარემოებით, რომ ჩვილის ფსიქიკაში არ არსებობს განსხვავება საკუთარ “მეს” და გარე სამყაროს შორის.

ფროიდის აზრით, ადამიანის განვითარება მიმდინარეობს “სიამოვნების პრინციპი”-დან “რეალურობის პრინციპის” აღიარებამდე, რომელიც ზღუდავს ინსტინქტური ვნებების დაკმაყოფილებას. ადამიანები ცდილობენ მიაღწიონ ბედნიერებას, ინტენსიურ სიამოვნებას, რომელიც გამორიცხავს ტკივილსა და უსიამოვნებას. ფროიდის თანახმად, ადამიანის სიცოცხლის მიზანი “სიამოვნების პრინციპის” რეალიზაციაა. ამასთან, ძლიერი სიამოვნების მიღება აწყდება გარკვეულ ბარიერებს, რომელთა შორისაა ორგანიზმის ადაპტაცია სიამოვნების განცდასთან. ადამიანი განიცდის მუდმივად ტანჯვის საფრთხეს, რომლის წყაროებია: საკუთარი სხეული, რომელიც გარდაუვალად ბერდება, აყენებს ტკივილსა და უსიამოვნებას; გარე სამყარო, რომელიც ზემოქმედებს მასზე და მისგან არაკონტროლირებადია; ინსტიტუციების ხარვეზები, რომლებიც არეგულირებენ ურთიერთობებს ოჯახში, სახელმწიფოსა და საზოგადოებაში. აღნიშნულის შედეგად, უბედურების თავიდან აცილების სურვილი აღემატება სიამოვნების მიღების სურვილს.

ფროიდის აზრით, ადამიანის ტანჯვის მიზეზია ცივილიზაცია. ცივილიზაცია და კულტურა სინონიმებია, რომლებიც განასხვავებენ ჩვენ ცხოვრების წესს წინაპრების პირველყოფილი ცხოვრების წესისაგან. ცივილიზაცია, კულტურა ეხმსახურება ორ მიზანს: დაიცვას ადამიანები ბუნებისგან და დაარეგულიროს ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა. ცივილიზააცია მოიცავს ყველა ინსტრუმენტს, რომლითაც ადამიანს შეუძლია თავი დაიცვას საფრთხეებისგან. ცივილიზაცია შეისწავლის ბუნებას, აღიარებს წესრიგის ღირებულებებს, პატივს სცემს ინტელექტუალურ, სამეცნიერო მიღწევებს, და რაც მთავარია ინდივიდუალურ ძალაუფლებას ცვლის საზოგადოებრივი ძალაუფლებით.

ცივილიზაცია ზღუდავს ინდივიდუალური სურვილების დაკმაყოფილებას, რომელიც ადამიანის ეგოისტურ ბუნებაშია ჩადებული. ფროიდს მიაჩნია, რომ ადამიანური კონფლიქტები ძირითადად წარმოიშვება ინდივიდის მოთხოვნებსა და საზოგადოების კულტურულ მოთხოვნებს შორის წინააღმდეგობით. მისი აზრით, ცივილიზაციის წარმოშობა დაკავშირებულია ორ ფაქტორთან: სიყვარულთან და საჭიროებასთან. ცივილიზაციის საწყის ეტაპზე სიყვარულსა და საჭიროებას შორის წარმოიქმნება ანტოგონიზმი, რომელიც გამოიხატება ოჯახსა და საზოგადოებას შორის კონფლიქტით. ცივილიზაცია შეზღუდვებს აკისრებს სექსუალურ ცხოვრებას, რადგან კულტურა სექსუალურ ურთიერთობას განიხილავს როგორც მხოლოდ ადამიანის გამრავლების საშუალებას და არ აღიარებს როგორც სექსუალური სიამოვნების წყაროს.

ფროიდის მიხედვით, სიკვდილისა და სიცოცხლის ინსტინქტები განიხილება როგორც ადამიანის ბუნების ფუნდამენტალური ლტოლვა. სიკვდილის ინსტინქტის გამოვლინებაა აგრესიისაკენ ადამიანის ლტოლვის ჩახჩობა, რაც ცივილიზაციის არსებობის აუცილებელი პირობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ცივილიზებული საზოგადოება დეზინტეგრაციის საფრთხის წინაშე დგება. ფროიდი ცივილიზაციას მიიჩნევს, როგორც სიცოცხლის ინსტინქტის ინსტრუმენტს, რათა მიაღწიოს მიზანს – გააერთიანოს იზოლირებული ინდივიდები, შემდეგ ოჯახები, შემდეგ ეთნიკური ჯგუფები, ერები ერთიან კაცობრიობაში. ცივილიზაციის ევოლუცია განიხილება, როგორც ბრძოლა ეროსსა და თანატოსს შორის სიცოცხლის გადასარჩენად. ადამიანის სურვილია მოახდინოს საზოგადოებასთან იდენტიფიკაცია, რისთვისაც ზღუდავს აგრესიულ იმპულსებს ჩახშობილი სიყვარულის მეშვეობით, ძალაუფლების მიმართ შიშით და პიროვნების შინაგანი კონტროლის (სუპერ ეგო) ფორმირებით აგრესიაზე. სუპერ ეგოს დამყარება, ფროიდის აზრით, არის ყველაზე ძლიერი საშუალება არასასურველი იმპულსების გასაკონტროლებლად.

გაძლიერებული დანაშაულის გრძნობა განაპირობებს ინსტინქტების ჩახშობას, რითაც იკარგება ბედნიერება. ამის გარდა, პირადი ბედნიერების დაკარგვა დაკავშირებულია ცხოვრების ენერგიის განაწილების აუცილებლობასთან სხვა ადამიანებთან გაერთიანების მეშვეობით. ფროიდის აზრით, კაცობრიობის ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შესძლებს კულტურა, ცივილიზაცია ადამიანში პირველადი აგრესიის აღკვეთას, თვითგანადგურებისაკენ ლტოლვას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის არსებობას.

ფროიდი ცდილობს აგვიხსნას, რომ კულტურა არ არის იდეალი. კულტურა შეიცავს მრავალ ნიუანსებს და ხარვეზებს, რომლებიც ცუდად აისახება ადამიანზე. ადამიანი ჯვარცმულია მორალის ნორმებზე. იგი განწირულია იყოს მუდმივად თავშეკავებული, წავიდეს თავისი სურვილების საწინააღმდეგოდ, არ გააკეთოს ის, რაც აკრძალულია მორალის ნორმებით.

რატომ არის ეს ცუდი? ფროიდის აზრით, აკრძალვები აისახება ადამიანის ფსიქიკაზე, იწვევს ძლიერ შინაგან ბრძოლას “მეს” და “ეგოს” შორის, რის შედეგად ჩნდება ნერვოზი და ადამიანი ხდება არაადეკვატური. იგი წერდა: “ეს სულაც არ არის უსაფრთხო: თუ არ არსებობს ეკონომიური კომპენსაცია მაშინ უნდა ველოდოთ სერიოზულ დარღვევებს”,  ანუ ნერვოზის გაჩენის შემთხვევაში მას სჭირდება მკურნალობა, თუ არადა შედეგი იქნება სავალალო.

დასასრულს, რომელიც ხშირად არც არის “ჰეპიენდი”, ისევ ფროიდის სიტყვებს მოვიშველიებ: “ჩვენ ვიტანთ გაჭირვებას უმწიკვლობის შესანარჩუნებლად, ჩვენ ვიკლებთ ჯანმრთელობას, სიამოვნებას, აღტაცებას, გრძნობას, ვმაღლდებით რაღაცისთვის, რისთვის თვითონაც არ ვიცით – და ეს ბუნებრივ ინსტიქტთა გამუდმებული დათრგუნვა ჩვენს სინატიფეს გვანიჭებს. ჩვენ უფრო იმისკენ მივისწრაფვით, რომ ტანჯვას დავშორდეთ და არა ტკბობა შევიგრძნოთ, ხოლო უმაღლეს პოტენციაში ჩვენ ვართ ადამიანები, როგორც ორნი, რომლებიც სიკვდილისა და ჯოჯოხეთის ჯაჭვებით არიან გადაბმული, რომლებიც წლობით იკავებენ თავს და ერთმანეთი ენატრებათ, რათა ერთმანეთს არ უღალატონ”.

P.S. ზიგმუნდ ფროიდმა “კულტურით უკმაყოფილება” დაწერა 1930 წელს, როდესაც ერთ-ერთ ყველზე ცივილიზებულ ქვეყანაში, გერმანიაში აღზევებას განიცდიდა ფაშიზმი. და ეს იყო მისი ყველაზე პესიმისტური წერილი, იმის აღსანიშნავად, რომ ცივილიზაცია, კულტურა მაინც ვერ შველის ადამიანის ლტოლვას აგრესიისაკენ, სხვათა და საკუთარი თავის თვითგანადგურებისაკენ, როდესაც გვგონია რომ ინტინქტები განდევნილი  და დაძლეულია, იგი მაინც არსებობს ჩვენში, ჩვენს გვერდით, ჩვენთან ერთად.  1933 წელს, როდესაც ბერლინში ფაშისტებმა მისი წიგნები ცეცხლზე დაწვეს, ფროიდი წერდა: “რამხელა პროგრესს მივაღწიეთ: შუა საუკუნეებში ისინი მე დამწვავდნენ კოცონზე, დღეს კი მხოლოდ ჩემს წიგნებს წვავენ”.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button