ენიგმაუცნაური

შეთქმულების თეორიები

ბევრ ცნობილ მოვლენას საზოგადოების მხრიდან მოჰყოლია ჭორები, რომლებიც მას სულ სხვა კუთხით წარმოაჩენდნენ. როგორც წესი, ადამიანებს უყვართ შეთქმულების თეორიების შეთხზვა და გავრცელება. სხვა საკითხია, რამდენად რეალობაა, ამის გამოვლენას ალბათ დრო სჭირდება. დღეისთვის კი მხოლოდ მათი გაცნობით დავკმაყოფილდეთ.


● 9/11 აშშ-ის მთავრობის მიერ იყო დაგეგმილი.
ამ მოულოდნელმა ტერორისტულმა აქტმა მთელი მსოფლიო შეძრა და ათასგვარი ვერსია წარმოშვა. 2006 წელს ოჰაიოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელების მესამედზე მეტის აზრით, „ბუშის მთავრობამ წინასწარ იცოდა ამ მოვლენის შესახებ და არაფერი იღონა ან თავადაც მიიღო მონაწილეობა აქტში”. ეს კი ხელსაყრელ პირობას იძლეოდა იმისთვის, რომ აშშ-ს დაეწყო ომი ცენტრალურ აზიაში. თეორიის მომხრეები მიუთითებენ პროექტზე „ახალი ამერიკული ეპოქა”, რომელმაც 1997-2006 წლებში იარსება. მისი წევრები იყვნენ დონალდ რამსფელდი, დიკ ჩეინი და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის რამდენიმე წევრი. ერთ-ერთ მოხსენებაში ისინი ამბობდნენ, რომ „ამერიკელების დასათანხმებლად ალბათ საჭირო იქნებოდა რაიმე კატასტროფული მოვლენა, კატაკლიზმა, დაახლოებით პერლ-ჰარბორის მსგავსი” (ამერიკის თავდაცვის განახლება, 1997 წ., გვ.51).


● როსველის UFO-ს ინციდენტი
1947 წლის ივნის-ივლისში როსველში, ნიუ მეხიკოში მფრინავი ობიექტი ჩამოვარდა, რომლის კვლევასაც მალე მიჰყვეს ხელი. 70-იანი წლებიდან ხალხში გავრცელდა აზრი, რომ ობიექტში იპოვეს უცხოპლანეტელთა სხეულები, რომლებიც ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეს. აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს იყო უბრალოდ პროექტ „მოგულის” მარცხი და რაც იმ ადგილზე იპოვეს, საფრენი აპარატის ნამსხვრევები გახლდათ. 1990-იანებში რამდენიმე უფოლოგი – სტენტონ ფრიდმანი, უილიამ მური, კარლ ფლოკი, დონ შმიდტი, კევინ რენდლი თავისი ჯგუფით – დაინტერესდა ამ მოვლენით და ასობით ადამიანს გაესაუბრნენ, რომლებსაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონდათ მოვლენასთან. მათი საბოლოო დასკვნა იყო ის, რომ 1947 წელს მინიმუმ ერთი UFO ჩამოვარდა იმ ადგილას და უცხოპლანეტელებიც იპოვნეს. რამდენიმე შეიძლება ცოცხალიც ყოფილიყო. თუმცა კვლევის შედეგების დიდი ნაწილი დაილუქა და მასზე წვდომა მხოლოდ მთავრობის წევრებსა და რამდენიმე მკვლევარს ძალუძს.


● ჯონ კენედის მკვლელობა
აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის მკვლელობა 1963 წლის 22 ნოემბერს, ტეხასის შტატის ქალაქ დალასში, ადგილობრივი დროით შუადღის 12:30-ზე მოხდა. იმ დროს, როცა პრეზიდენტი თავის ცოლთან, ჟაკლინთან ერთად თავახდილი ლიმუზინით მისეირნობდა, სნაიპერმა რამდენჯერმე ესროლა. ოფიციალური ძიება ამ საკითხზე 10 თვე გაგრძელდა და მოხსენება 1964 წელს გაიმართა. დასკვნის მიხედვით, დანაშაულში მონაწილე იყო მხოლოდ ლი ჰარვი ოსვალდი. იმის მიუხედავად, რომ მას შემდეგ თითქმის 50 წელი გავიდა, მითქმა-მოთქმა არ წყდება. კენედის მკვლელობაში სხვადასხვა ვერსიებით ადანაშაულებდნენ FBI-ს, CIA-ს, KGB-ს, მაფიას, ვიცე-პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს, რიჩარდ ნიქსონს, ფიდელ კასტროს და ა.შ. უმრავლესობის აზრით, ლი ჰარვი ოსვალდი მარტო არ მოქმედებდა, შეიძლება საერთოდაც უდანაშაულო იყო. საქმეს განსაკუთრებით ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ ოსვალდი სასამართლო დარბაზიდან გამოსვლისას ჯეკ რუბიმ მოკლა, რასაც შეთქმულების თეორიის მომხრეები თავიანთ სასარგებლო არგუმენტად მიიჩნევენ.


● გლობალური დათბობა სიცრუეა
პირველად ეს თეორია წამოაყენა ბრიტანულმა „მეოთხე არხმა” 1990 წლის 12 აგვისტოს დოკუმენტურ ფილმში. კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერმა უილიამ გრეიმ კი მიზეზებიც შეადგინა, რის გამოც მისი აზრით, გლობალური დათბობა რეალობას მოკლებულია. „განა შეიძლება ვენდოთ იმათ წინასწარმეტყველებებს მომავალი 100 და 200 წლის შესახებ, ვინც 1 წლის ამინდსაც ვერ საზღვრავს უშეცდომოდ?” მეცნიერი ამბობს, რომ ტემპერატურა ნელ-ნელა მართლაც იმატებს, მაგრამ ეს შეუმჩნეველი ნაბიჯებით ხდება და მასშტაბური ცვლილებები მოსალოდნელი არაა. ის ასევე დარწმუნებულია, რომ 15-20 წელიწადში ყველა მიხვდება მისი მოსაზრების სისწორეს.


● პრინცესა დაიანა სამეფო ოჯახმა მოკლა
1997 წლის 31 აგვისტოს პრინცესა დაიანა და მისი მეგობარი დოდი ფეიდი პარიზში, საავტომობილო ავარიაში დაიღუპნენ. ოფიციალურ ვერსიად გავრცელდა, რომ ისინი პაპარაცებისგან გაქცევას ცდილობდნენ. ხალხში აგორდა სკანდალი, რომ ისინი საყვარლები იყვნენ და ტრაგედია სამეფო ოჯახმა მოაწყო ხელოვნურად, რათა მათი გვარისთვის სირცხვილი აერიდებინათ. დოდი ფეიდი მუსლიმი იყო, იმ დროს როცა დაიანას შვილი ინგლისის ეკლესიის მეთაური უნდა გამხდარიყო. ამ თეორიის სჯერა ბრიტანეთის მოქალაქეების დაახლოებით მეოთხედს და არაბული ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობას. მომხრეები იმასაც ამბობენ, რომ ლედი დი ორსულად იყო, აპირებდა დაქორწინებულიყო ფეიდზე და მიეღო ისლამი. მკვლელობაში „ბრალდებულები” არიან საფრანგეთის მხარე, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, ბრიტანული უშიშროების სამსახური MI5 და MI6, CIA, მოსადი და მასონები.


● პერლ ჰარბორის შეტევა წინასწარ იყო ცნობილი
შეთქმულების თეორიის მომხრეთა აზრით, პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა პროვოცირება მოახდინა და ეს ამბავი სულაც არ ყოფილა მოულოდნელი, არამედ ხელიც არ შეუშლია. იაპონიის კავშირების გაშიფვრა პრობლემას არ წარმოადგენდა და აშშ-ის მთავრობამ თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო იაპონიას პერლ ჰარბორის განადგურებაში, ამან კი აშშ-ს საშუალება მისცა, გამოეცხადებინა ბრძოლა და მეორე მსოფლიო ომში ჩართულიყო. თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის მხარე გაფრთხილებული იყო მინიმუმ დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ავსტრალიის, პერუს, კორეისა და საბჭოთა კავშირის მთავრობის მიერ.


● პოლ მაკარტნი მკვდარია
შეთქმულების თეორიის მიხედვით, პოლი დაიღუპა 1966 წელს და ის შეცვალეს ადამიანით, რომელიც ხმითაც ჰგავდა და გარეგნობითაც. მომხრეების თქმით, ეს ინფორმაცია რამდენჯერმე გაჟღერდა „ბიტლზის” სიმღერებში, უკუღმა დატრიალებისას. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალმა „Life”-მა ეს ინფორმაცია უარყო 1969 წელს პოლ მაკარტნისთან ინტერვიუთი, ხმები მაინც არ წყდება. ჯონ ლენონის სიმღერის „Strawberry Fields Forever”-ის ბოლო მონაკვეთი აღიქვეს, როგორც „I buried Paul” (მე დავმარხე პოლი). თუმცა თავად ჯონმა განაცხადა, რომ ეს ფრაზა რეალურად არის „Cranberry sauce” (მოცვის სოუსი). ალბომ „Abbey Road”-ის ქავერი ფანების ნაწილმა აღიქვა, როგორც პოლის დასაფლავების სიმბოლური რიტუალი: ლენონს თეთრები აცვია, როგორც სასულიერო პირს. რინგო სტარი შავებშია, როგორც დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი. ჯორჯ ჰარისონი ლურჯ ჯინსებშია მესაფლავესავით. მაკარტნი კი ფეხშიშველაა, როცა დანარჩენ სამს ფეხსაცმელი აცვია. ამასთან, მისი ნაბიჯი არეულია (პოლი მარჯვენა ფეხს წინ დგამს, დანარჩენები – მარცხენას).


● ადამიანის მთვარეზე დაჯდომა ფარსი იყო
არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც ამტკიცებს, რომ პროექტი „აპოლო” და ადამიანის მთვარეზე დაჯდომა სიცრუე იყო. სურათზე ხედავთ, როგორ ვარჯიშობენ ბაზ ოლდრინი და ნილ არმსტრონგი ნასას შექმნილ ბაზაზე, რომელიც მთვარის ზედაპირის მოდელს წარმოადგენს. თეორიის მომხრეთა მტკიცებით, სწორედ ასეთ ბაზაზე გადაიღეს ფოტოები და შემდეგ გაასაღეს წარმატებულ რეალურ გაფრენად. რეჟისორმა ბარტ სიბრელმა 2001 წელს გადაიღო დოკ. ფილმი „A Funny Thing Happened on the Way to the Moon”, სადაც ის ამბობს, რომ მთვარეზე გადაღებული სურათები რეალურად დედამიწაზე შეიქმნა, ხოლო ნასას ხომალდებს მთვარისკენ მიმავალი გზის მაქსიმუმ ნახევრის გავლა შეეძლოთ. მისი თქმით, ამ საკითხში აშშ გაცილებით უკან იყო, ვიდრე საბჭოთა კავშირი და პირველობა რომ არ დაეთმოთ, ეს ხრიკი ამიტომ მოიგონეს. სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობის 6-დან 20%-მდე ნაწილს, ხოლო რუსების 28%-ს არ სჯერა „აპოლოს” პროგრამის რეალურობის.


● შიდსის ვირუსი ადამიანის ქმნილებაა
დიდი ხანია, დადის ხმები, რომ შიდსის ვირუსი ხელოვნურად შექმნეს მეცნიერებმა ლაბორატორიაში. მომხრეთა აზრით, ეს მოხდა CIA-ის დაკვეთით, რათა ჰქონოდათ გენოციდისა და მასების კონტროლის იარაღი. სხვა თეორიით, აივ-ი ბიოლოგიური იარაღი უნდა ყოფილიყო ომში გამოსაყენებლად, რომელიც შემთხვევით „გაიპარა” ლაბორატორიიდან და ხალხში გავრცელდა. ისინი, ვისაც სჯერა, რომ ამაში აშშ-ის მთავრობის ხელი ურევია, ამტკიცებენ, რომ 70-იან წლებში მიზანმიმართულად მოხდა აფრიკაში მცხოვრები ამერიკელებისა და ჰომოსექსუალების მასიური დაავადება ვირუსით. ორგანიზაციები, როგორიცაა „New Black Panther Party” და „Louis Farrakhan’s Nation of Islam”, აცხადებენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ნაბიჯი, მიმართული შავკანიანთა რასის განადგურებისკენ.


● ფატიმას სამი საიდუმლო
ასე აღნიშნავენ იმ სამ საიდუმლოს, რომელიც გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობელმა სამ ახალგაზრდა პორტუგალიელ მწყემსს – ლუსია სანტოსს, ფრანცისკო მარტოს და იაკინტა მარტოს – გაუმხილა ქალაქ ფატიმაში. 1917 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ბავშვები ირწმუნებოდნენ, რომ წმინდა მარიამს ესაუბრებოდნენ, 13 ივლისს კი მათ მიიღეს სამი საიდუმლო. ორი მათგანი 1941 წელს გახდა ცნობილი, მესამე კი დროებით საიდუმლოდ დარჩა.

პირველი საიდუმლო აღწერს ჯოჯოხეთს, როგორც დედამიწის შუაგულში მყოფ ადგილს, დემონებითა და ცოდვილი სულებით სავსეს. ადამიანები იქ საშინელ ტანჯვაში არიან, რასაც ბოლო არ უჩანს. მეორე საიდუმლო პირველი მსოფლიო ომის დასასრულს წინასწარმეტყველებდა და შეიცავდა გაფრთხილებას, რომ თუკი ადამიანები ღმერთისგან განდგომას არ შეწყვეტდნენ, უფრო სისხლისმღვრელი და მასშტაბური ომი დაიწყებოდა რომის პაპ პიუს XI-ის დროს (1857 – 1939). ასევე იყო თხოვნა რუსეთისადმი, მოქცეულიყვნენ ღმერთისკენ და ცოდვილი ცხოვრება შეეწყვიტათ. თუ ეს შესრულდებოდა, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებდა.

მესამე საიდუმლო გამოქვეყნდა 2000 წლის 26 ივნისს. ის აღწერდა ხილვას, რომლის მიხედვითაც რელიგიური ადამიანები და სასულიერო პირები ციცაბო მთაზე ადიოდნენ. მთის წვერში ჯვარი იყო. მათ წინ მიუძღოდათ ჭაღარა წვერებიანი მოხუცი, მწყემსების აზრით, ეს ღმერთი იყო. ხოლო როცა მთის წვერს მიაღწიეს, იქ გამოჩნდნენ ჯარისკაცები, რომლებმაც სროლა ატეხეს. და უეცრად, ყველანი მიწაზე დაეცნენ სხვადასხვა პოზაში.

ბევრ ადამიანს არ სჯერა, რომ მესამე საიდუმლო რეალური სახით გაცხადდა. იმ დროს, როცა წინა ორი სავსებით ცხადად აღწერს რაიმე მოვლენას, აქ რაღაც ბუნდოვან ხილვასთან გვაქვს საქმე. კათოლიკე მღვდელი, რომელმაც ვატიკანში გაგზავნამდე იხილა წერილი, ასევე ამტკიცებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია დამახინჯებულია და დაიმალა ბევრი ცნობა, რომელთაგან ნაწილი თავად ვატიკანს ეხებოდა.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button