ზღაპარისაბავშვო

გლეხის ჭკვიანი ქალი – იტალიური ზღაპარი

ერთი გლეხი თავის ვენახს თოხნიდა. უცებ თოხი მაგარ რაღაცას მოხვდა და გაიჟღარუნა. ნეტა რა უნდა იყოსო! — გაიფიქრა გლეხმა, დაიხარა: მიწაში ლა-მაზი ფილი იდო. ამოიღო, გაწმინდა და რას ხედავს, ფილი წმინდა ოქროსია.
— სწორედ ხელმწიფის საკადრისი ფილია! — წამოიძახა გლეხმა, — წავიღებ სასახლეში, იქნებ რამე მიწყალობონო.
გლეხი ჯერ შინ მივიდა, თავის ქალს, კატერინას უჩვენა ფილი და უთხრა, სასახლეში ვაპირებ ამ ფილის წაღებასო.
— ძალიან ლამაზი ფილია, მამა, მაგრამ არ გირჩევთ, ნუ მიართმევთ ხელ-მწიფეს, თორემ შარს მოგდებთ, რაღაც აკლია ამ ფილსო და, მადლობის მაგივ-რად, დაგსჯიან კიდეცო.
—რა უნდა აკლდეს! რაში მომდებენ შარს. რეებს ჩმახავ, უგუნურო! — გაბ-რაზდა გლეხი.
— აი, რას გეტყვით ხელმწიფე:
მომწონს, გლეხკაცო, საოცრად კარგია შენი როდინი,
მაგრამ ფილთაქვა სად არის, არ შემიძლია ლოდინი.
გლეხმა მხრები აიჩეჩა:
— მაშ არა და, სწორედ ასე მეტყვის, აი, შე ჩერჩეტო შენა, ხელმწიფე შენზე ჭკვიანია.
გლეხმა ფილი იღლიაში ამოიჩარა და სასახლეში წავიდა.
მიადგა სასახლეს, მაგრამ გუშაგებმა არ შეუშვეს. გამიშვით, საჩუქარი მი-მაქვს ხელმწიფისთვისო, — უთხრა გლეხმა. მაშინ კი ფართოდ გაუღეს კარი და ხელმწიფის სავანეში შეიყვანეს.
— თქვენო უდიდებულესობავ, — დაიწყო გლეხმა, — ეს ოქროს მძიმე ფილი ჩემს ვენახში ვიპოვე და ვთქვი, ამისი ადგილი სასახლეშია-მეთქი. ჰოდა, აი, მოგართვით, თუკი თქვენი მეფური უდიდებულესობა ინებებს და ამ საჩუქარს მიიღებს ჩემგანო.
აიღო ხელმწიფემ ფილი, შეატრიალ-შემოატრიალა ყოველი მხრით, მერე თა-ვი გადააქნია და გლეხს უთხრა:
მომწონს, მოხუცო, საოცრად კარგია შენი როდინი,
მაგრამ ფილთაქვა სად არის, არ შემიძლია ლოდინი.
სიტყვასიტყვით გაიმეორა, რაც კატერინამ უწინასწარმეტყველა, მარტო, გლეხოო, არ უკადრებია, რადგან განათლებული კაცი იყო. გლეხმა თავი ვეღარ შეიკავა და წამოიძახა:
— გამოიცნო! გამოიცნოო!
— ვინ რა გამოიცნოო? _ ჰკითხა ხელმწიფემ.
— მომიტევეთ, — მოიბოდიშა გლეხმა, — ჩემი ქალი წინასწარ მიხვდა, რომ თქვენი უდიდებულესობა ასე მეტყოდა. მე კი არ დავუჯერეო.
— როგორც ჩანს, ჭკვიანი ქალი გყოლია. მოდი, გამოვცადოთ მისი ნიჭი და უნარი. აი, ეს სელი გადაეცი და უთხარი, ჩემს ჯარისკაცებს, რაც შეიძლება, ჩქა-რა მოუქსოვოს საპერანგო ტილოო.
დაღონდა გლეხი, მაგრამ რაღას იზამდა. გამოართვა სელი, თავი მდაბლად დაუკრა და შინ წავიდა. ფილი ხელმწიფეს დარჩა, გლეხს კი ერთი გროშიც არ უბოძეს.
— შვილო, კატერინა, შენს თავს შენვე დაატეხე დიდი უბედურებაო, — უთ-ხრა გლეხმა და ხელწიფის დანაბარები გადასცა.
— მერე, რა მოხდა ისეთიო, — მიუგო კატერინამ, ჩამოართვა სელი, დაჯდა და ჩეჩვა დაიწყო.
თქვენც კარგად იცით, რა გულდასმითაც უნდა გაჩეჩოთ სელი, ერთი-ორი კაჭაჭი მაინც შეჰყვება. ჰოდა, სამი ისეთი პაწია კაჭაჭი დავარდა ძირს, რომ ძლივს ჩანდა. აკრიფა კატერინამ კაჭაჭები, მისცა მამას და უთხრა:
— მამა, წადით ხელმწიფესთან, მიეცით ეს კაჭაჭები და უთხარით, ტილოს კი მოვქსოვ ჯარისკაცების პერანგებისთვის, მაგრამ დაზგა არა მაქვს, თუ ამ კა-ჭაჭებიდან დაზგას გამიკეთებს, მის ბრძანებას ხელად შევასრულებო.
შეეშინდა გლეხს, ხელმწიფეს ასეთი პასუხი როგორ ვაკადროო, მაგრამ კატე-რინა ჩააცივდა, გინდა თუ არა, წადიო, და გლეხმა, როგორც იყო, გაბედა წას-ვლა.
ხელმწიფემ გაიფიქრა, გლეხის ჭკვიანი ქალი უსათუოდ უნდა ვნახოო, და კატერინას მამას უთხრა:
— ბარაქალა, მის ქალობას! სანაქებო შვილი გყოლია, გამომიგზავნე სასახ-ლეში, სიამოვნებით ვისაუბრებ მასთან. ოღონდ ასე გადაეცი: ნურც ჩაცმული მოვა, ნურც შიშველი, ნურც მაძღარი, ნურც მშიერი, ნურც დღე, ნურც ღამე, ნურც ფეხით, ნურც ცხენით, არ შეასრულებს ჩემს ბრძანებას და ორივეს თავს წაგაგდებინებთო.
ცოცხალ-მკვდარი გლეხი შინ დაბრუნდა. კატერინამ, ვითომც აქ არაფერიაო, მშვიდად უთხრა მამას:
—უკვე ყველაფერი ვიცი, თქვენ ოღონდ ერთი ბადე მიშოვეთ, ხელმწიფის ბრძანების შესრულება არც ისე ძნელიაო.
ირიჟრაჟა თუ არა (არც დღე იყო ჯერ, აღარც ღამე), ადგა კატერინა, გაეხვია ბადეში (არც ეცვა, არც შიშველი იყო), ლობიოს მარცვალი შეჭამა (არც შიოდა, არც მაძღარი იყო), სტაცა ხელი თხას, გადააჯდა, ცალი ფეხი ასწია, მეორეს მი-წაზე აბიჯებდა (არც ფეხით მიდიოდა, არც ცხენით) და სასახლისკენ გასწია. გუშაგები არ უშვებდნენ, გიჟი ეგონათ, მაგრამ როცა გაიგეს, რომ ხელმწიფის ბრძანებას ასრულებდა, შეიყვანეს ხელმწიფესთან.
— თქვენი ბრძანებით გეახელით, ხელმწიფევ! — მოახსენა კატერინამ.
ხელმწიფემ თავი ვეღარ შეიკავა, სიცილი წასკდა და კატერინას უთხრა:
— ოჰ, კატერინა! სწორედ შენისთანა ქალი მჭირდება. მინდა ცოლად შეგირ-თო და დედოფლად დაგისვა, მაგრამ ერთი პირობით: ჩემს საქმეებში არასოდეს
ჩაერიოო (მიხვდა ხელმწიფე, რომ კატერინას მასზე მეტი ესმოდა და გაეგებო-და).
კატერინა შინ დაბრუნდა და მამას ყველაფერი უამბო.
— შვილო, თუ ხელმწიფეს მართლა გადაუწყვეტია შენი ცოლად შერთვა, რა-ღა დიდი ფიქრი უნდა ამას. ოღონდ ჭკვიანად მოიქეცი. ხომ იცი, ხელმწიფეებს კვირაში ცხრა პარასკევი აქვთ, დღეს ეს უნდათ, ხვალ ის. ეგ შენი შინნაქსოვი ტილოს კაბა აქ დატოვე. ლურსმანზე ჩამოვკიდებ და შეგინახავ. შინ თუ დაბ-რუნდი, გამოგადგებაო, — ურჩია გლეხმა შვილს.
კატერინა სიხარულით ფეხზე აღარ იდგა. რამდენიმე დღეში ქორწილიც გა-დაიხადეს და კატერინა დედოფალი გახდა, მთელი ხალხი ზეიმობდა ხელმწი-ფის დაქორწინებას.
იმ ხანებში ქალაქში ბაზრობა გამართეს. უამრავი ხალხი ჩავიდა სავაჭროდ. ვინც ღამის გასათევი ვერ იშოვა, პირდაპირ ქუჩაში დაბინავდა, სწორედ ხელ-მწიფის სასახლის წინ. ერთ გლეხს მაკე ძროხა ჩამოეყვანა გასაყიდად, ვერსად დააბინავა პირუტყვი. მეფუნდუკემ უთხრა, ვინმეს ფორანზე მიაბი, შე კაი კა-ცო, ამას რა დიდი ფიქრი უნდაო. ღამე ძროხამ ხბო მოიგო, გახარებულ გლეხს უნდოდა თავისი ძროხა და ხბო წაესხა, მაგრამ ფორნის პატრონმა არ დაანება.
— ძროხა წაიყვანე, ხბოს კი ხელს ნუ ახლებ, ჩემიაო.
_ ჩემმა ძროხამ ხბო მოიგო, საიდანაა შენი, ეგ სადაური სამართალიაო, _ გაცხარდა გლეხი.
_ მერე რა, რომ შენმა ძროხამ მოიგო. ძროხა ჩემს ფორანზე გყავდა გამობმული, ამიტომ ხბო ჩემიაო.
წალაპარაკდნენ გლეხები, მერე მუშტი-კრივზე მიდგა საქმე და ისეთი აყალ-მაყალი ატეხეს, რომ ხალხი შეიკრიბა, მოცვივდნენ გუშაგები, გააზავეს მოჩ-ხუბრები და ხელმწიფეს წარუდგინეს სამსჯავროზე.
უწინ იმ ქალაქში დედოფალსაც ჰქონდა საჩივრის გარჩევის უფლება, მაგრამ ხელმწიფემ კატერინას ეს უფლება ჩამოართვა, რადგან ქალი სულ ეწინააღმდე-გებოდა მის განაჩენს. მობეზრდა ხელმწიფეს დედოფალთან დავა და უთხრა:
— კატერინა, მე ხომ წინასწარ გაგაფრთხილე, სახელმწიფო საქმეებში არ ჩა-რეულიყავი, დღეიდან გიკრძალავ სასამართლოზე მოსვლასო.
ამიტომ მომჩივრები მარტო ხელმწიფეს წარუდგნენ.
ხელმწიფემ ორივეს მოუსმინა და ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა:
— ხბო ფორანს ეკუთვნისო.
ეწყინა ძროხის პატრონს ასეთი უსამართლობა, მაგრამ ხელმწიფეს რაღას გა-უბედავდა. აკი თქვა ხელმწიფემ, მე განვაგებ სამართალს და ჩემი სიტყვა ბეჭე-დიაო. მეფუნდუკემ ურჩია განაწყენებულ გლეხს, დედოფალს მიმართე, ის და-გეხმარებაო.
მივიდა გლეხი სასახლეში და მსახურს სთხოვა:
— კეთილო კაცო, თუ შეიძლება, დედოფალთან შემიშვი, სიტყვა მაქვს სათ-ქმელიო.
— ვერ შეგიშვებ, ხელმწიფემ დედოფალს ხალხის მიღება აუკრძალაო, — მი-უგო მსახურმა.
გავიდა გლეხი სასახლიდან და ბაღის ღობესთან დაიწყო წინ და უკან სიარუ-ლი. გამოვიდა კატერინა ბაღში, ისკუპა გლეხმა, გადაევლო ღობეს, მივიდა დე-დოფალთან და თვალცრემლიანმა შესჩივლა, თქვენი ქმარი ასე უსამართლოდ მომექცაო.
— აი, რას გირჩევ, — უთხრა დედოფალმა. — ხვალ ხელმწიფე სანადიროდ მიდის. იმ მხარეს, სადაც ნადირობს ხოლმე, ერთი დამშრალი ტბა არის, ჩაიცვი მეთევზის ტანისამოსი, დაიჭირე ბადე ხელში, დაჯექ იმ დამშრალი ტბის ნა-პირზე და ისე მოიქეცი, თითქოს თევზაობ. ხელმწიფე დაგინახავს, გაეცინება და გეტყვის, უწყლო ადგილზე თევზს როგორ იჭერო. შენ უპასუხე, თქვენო მოწყალებავ, თუ ფორანი ხბოს იგებს, დამშრალ ტბაში თევზის ჭერა რა გასაკ-ვირია-თქო.
გლეხმა მართლა ისე გააკეთა: მეორე დილას ჩაიცვა მეთევზის ტანსაცმელი, აიღო ბადე, დაჯდა დამშრალი ტბის პირას და დაიწყო თევზაობა. გადააგდებ-და ბადეს და ისე ეწეოდა, ისე ექაჩებოდა თავისკენ, თითქოს მართლა მოჰყვე-ბაო თევზი ბადეს. გაიარა ხლმწიფემ თავისი ამალით, დაინახა, დამშრალ ტბა-ში კაცი თევზაობს, გაეცინა და ჰკითხა: ჭკუაზე ხომ არ გადახვედიო. გლეხმა კი ისე უპასუხა: როგორც დედოფალმა დაარიგა.
ეს რომ გაიგონა ხელმწიფემ, მაშინვე წამოიძახა:
— კეთილო კაცო, ამას შენით ვერ მოიფიქრებდი, ალბათ დედოფალთან იყა-ვი და იმან დაგარიგაო.
გლეხმა ხმა არ ამოიღო, ხელმწიფემ გადახედა განაჩენს და ბრძანა, ხბო გლეხს დაუბრუნეთო, მერე კატერინას უთხრა:
— მე და შენ ხომ შევთანხმდით, რომ ჩემს საქმეებში არ ჩაერეოდი. რად და-არღვიე პირობა? აიღე, რაც შენთვის ამ სასახლეში ძვირფასია და ამ საღამოსვე მამაშენთან დაბრუნდი. რაკი დედოფლობა ვერ შეიფერე, ისევ გლეხის ქალი გახდიო.
— როგორც თქვენ ბრწყინვალებას ნებავსო, — მორჩილად მიუგო კატერინამ. — ოღონდ ერთსა გთხოვთ, ამაღამ აქედან ჩემი წასვლა არც თქვენთვის იქნება კარგი, არც ჩემთვის. ვინ იცის, რას იფიქრებს ხალხი, სჯობს ხვალ დილით წა-ვიდეო.
— კარგი რა გაეწყობა, უკანასკნელად ვივახშმოთ ერთად, ხვალ დილით კი წადიო, — დაეთანხმა ხელმწიფე.
და, აი, რა ქნა გლეხის ჭკვიანმა ქალმა: მზარეულს შეუთვალა, ვახშმად შაშ-ხი, შემწვარი ხორცი და სხვა ისეთი საჭმელები მოგვართვი, რაც წყურვილს იწ-ვევს, და კარგი ღვინოცო.
ხელმწიფე მადიანად შეექცეოდა, კატერინა კი უსხამდა და უსხამდა ღვინოს. ხელმწიფეს ჯერ თვალები მიებლიტა, მერე ფშვინვა ამოუშვა, ბოლოს თავის ტახტზე დაკოდილი ტახივით ახრიალდა.
კატერინამ მსახურები იხმო და უბრძანა:
— ხელმწიფე ტახტიანად ასწიეთ და უკან გამომყევით, იცოდეთ, კრინტი არავისთან დაძრათო.
შუაღამე გადასული იყო, კატერინა მამის სახლს რომ მიადგა და დაუძახა:
— მამა, კარი გამიღე, მე ვარ, კატერინა.
გლეხმა შვილის ხმა რომ გაიგონა, მაშინვე წამოხტა.
— ამ შუაღამისას რამ მოგიყვანა. აკი გითხარი, ჭკვიანად მოიქეცი-მეთქი. კი-დევ კარგი, ძველი ტანსაცმელი შეგინახე, შენს ოთახში ჰკიდია ლურსმანზეო.
— ჩქარა გამიღე კარი, რა დროს ლაპარაკიაო, — შეუწყრა კატერინა.
მამამ კარი გაუღო. ტახტზე მძინარე მეფე რომ დაინახა, სახტად დარჩა. კატე-რინამ მსახურებს უბრძანა, ხელმწიფეს ტანთ გახადეთ და ჩემს საწოლში ჩააწ-ვინეთო. მერე დაითხოვა მსახურები, თვითონაც გაიხადა ტანთ და ხელმწიფეს გვერდით მიუწვა.
ღამე ხელმწიფეს გაეღვიძა, რაღაც აწუხებდა, თითქოს ლეიბი ისე რბილი არ იყო, ზეწარიც კბენდა, გვერდი ინაცვლა, კატერინა დაინახა და უთხრა:
— კატერინა, ხომ გითხარი, მამაშენთან წადი-მეთქი?
— ჯერ არ გათენებულა, იძინეთ, თქვენო უდიდებულესობავ, იძინეთო, — მიუგო ქალმა.
ხელმწიფემ ისევ დაიძინა. სისხამ დილით ვირის ყროყინმა, ცხვრების ბღა-ვილმა და სახურავიდან ჩამოჭრილმა მზის სხივმა გააღვიძა. გაოცდა, თავისი დიდებული დარბაზი რომ ვერ დაინახა, კატერინას ჰკითხა: — სადა ვარო?
— ჩემო ხელმწიფევ, გუშინ თქვენ გამომიცხადეთ, სასახლიდან წაიღე, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასიაო. მეც ავდექი და თქვენი ბრწყინვალება აქ მოვიყ-ვანე, ჩემს ქოხშიო.
ხელმწიფეს გაეცინა, შეურიგდა კატერინას და სასახლეში ერთად დაბრუნ-დნენ.
იმ დღის მერე კატერინა ხელმწიფესთან ერთად არჩევდა ყველა საჩივარსა და თხოვნას.
მონტალე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button