იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – სპარსი და ინდო

ერთი სპარსი ვაჭარი წავიდა ინდოეთს. მივიდა ქიშმირის ქალაქად. სადა დიდებულთა ვაჭართა საკრებულო იყო, მუნ შევიდა. გარდაიარა და ყოველსა კაცსა ზევით დაჯდა, რიდე მოიხადა, გვერდს დაიდვა და ფერხი მუხლთა შემოიდვა. ეგრე ამპარტავნად დაჯდა, რომე მის უდიდესი კაცი მუნ არ ყოფილიყო. 

თქვენცა გასმიათ ინდოთ სიმდიდრისა ამბავი. 

ერთი კაცი გარედამ იმზერდა, რომე შინაგან შესვლასაც არ აღირსებდენ, არა თუ დაჯდომილიყო. მან კაცმან, რა სპარსი ეგრე მჯდომი ნახა, ერთი მოსამსახურე კაცი შეუყენა: 

– გამოიკითხე, რაოდენი ათასის სალაროს პატრონია? 

რა ჰკითხეს სპარსსა, მან კვეხნით თქვა: სამასი თუმანი მაქვსო. 

რა ეს ესმა გარემდგომსა მას ინდოსა, წყენისაგან უჭკოდ გახდა, ეგრე თქვა: 

– მე სამასი სახლი ქარვისა მიდგანან და სხვას დიდებას გარდა, რვა ვეცხლის ბალავარი კართა მიგდია კაცთა უკუსაჯდომად, და მუნ შესვლას არა ღირს ვარ, მათ პატრონ კაცთა ლოცვა მოვახსენო, და იგი უმსგავსო შესრულ არს და ყოველსა ზემორე უზის, რომლითა ჯდომითა ანუ რომლითა დიდებითა! 

რა იგი სპარსი გამოვიდა, ინდო კართა დახვდა და ეგრე უთხრა: 

– შენ აქაურის ვაჭრობის უმეცარი ხარ და, თუ შენც გნებავს, რაც სავაჭრო შენ გაქვს, ეგოდენს მე ჩემსას მოგცემ, ერთად ვივაჭროთ, ზიანი და სარგებელი ერთად სწორი იყოს ჩვენთვის! 

იამა სპარსსა და ნება დართო. სამასი თუმანი სპარსისა, სამასი – ინდოსი. ექვსასი თუმნისა, ინდომ ურჩივა, სულ ნიორი და ხახვი იყიდეს. ფუნდუკები იქირავეს და იქ დააზვინეს. ინდომ უთხრა: 

– სამს თვეს უკან დაძვირდების და ერთი ათად შეგვექმნების. 

გამოხდა სამი თვე, სრულებით დალპა ამათი სავაჭრო. სპარსმან უთხრა: 

– წახდა ჩვენი ჭირნახული! 

ინდომ ურჩია: აიღეს ვალი, მუშა დაიჭირეს, დამპალი გადაარჩიეს და სხვა შეინახეს. კიდევ უთხრა: – დიდად გასარგებლებო! 

გამოხდა სამი თვე. სრულობით ასე დალპა, ერთი აღარ დარჩა. 

შექმნა სპარსმან ტირილი და ინდოს ბრალობა დაუწყო. ინდომ უთხრა: 

– რას ლაყბობ, ზიანი და სარგებელი სწორი იყო, შენი და ჩემი სწორად წახდა! 

იგი სპარსი ეგრე დაგლახაკდა, პურის შოვნა არ ძალედვა. მერმე იგი ინდო მივიდა და სპარსი თავისთან წაიყვანა, მისცა სამასი თუმანი სხვა და ეგრე უთხრა: ძმაო, ეს ექვსასი თუმანი შენმა იქ ჯდომის ჯავრმან დამაკარგვინაო!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button