მეცნიერებატექნოლოგიაუცნაური

კოსმოსური მატარებელი „Startram”

‘Startram’ არის მაგნიტური კოსმოსური მატარებლის კონცეპტი, რომლის მეშვეობითაც წელიწადში 4 მილიონი ადამიანი შეძლებს კოსმოსში მოგზაურობას უფრო იაფად, ვიდრე ეს სხვა საშუალებებითაა შესაძლებელი. დიზაინერთა თქმით, ეს იდეა 2032 წელს რეალობად იქცევა.

Startram-ის ავტორია მრავალ ქვეყანაში მოქმედი მაგნიტური ლევიტაციის („Maglev”) პრინციპზე მომუშავე მატარებლების ერთ-ერთი გამომგონებელი. Startram-ი იმოძრავებს სუპერგამტარი კაბელების რკინიგზაზე, რომელიც მაგნიტური ძალების მეშვეობით ჰაერში იქნება დაკიდებული.

მატარებელი მოთავსებული იქნება 128 კმ სიგრძის ჰერმეტულ მილში, რომელიც ორბიტაზე რამდენიმე წამში გავა. პროექტის ღირებულება 60 მილიარდი დოლარია და მისი მომხრე მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ეს იქნება მრეწველობის რევოლუცია, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდება კოსმოსიდან მზის ენერგიის მიღება და ასტეროიდებზე სამთამადნო საქმიანობის განხორციელება. გარდა ამისა, ის საკმაოდ იაფად გადაიყვანს ადამიანებს და გაიტანს ბარგს ღია კოსმოსში.

„Startram-ი დაფუძნებულია დღესდღეობით მოქმედ Maglev ტიპის მატარებლების ტექნოლოგიასა და ფიზიკის პრინციპებზე. Startram-ის სისტემას შეუძლია 300 000 ტონა ტვირთი კოსმოსში გაიტანოს და ხარჯი ყოველ 1 კგ-ზე 40 დოლარზე ნაკლები იქნება”, ამბობენ მისი შემქმნელები.

სისტემა კაფსულებს ორბიტაზე „გატყორცნის” და მაღალი სიმძლავრის ელექტრომაგნიტების მეშვეობით მათი სიჩქარე მიაღწევს წამში 8 კმ-ს (29 000 კმ/სთ).

„ჩვენი მზის სისტემის რესურსები უზარმაზარია. მზის ის ენერგია, რომელიც ჩვენი პატარა პლანეტისკენ მოემართება, დაახლოებით 10 000-ჯერ მეტია, ვიდრე გვჭირდება. კომეტებსა და ასტეროიდებზე მოპოვებული დაუმუშავებელი ნივთიერებების მეშვეობით სახეზე იქნება დიდი ეკონომიკური ზრდა”, აცხადებენ მეცნიერები.

Startram-ი ადამიანური ცივილიზაციის მორიგი დიდი ნაბიჯი იქნება და დაცვის ერთგვარი გარანტია გახდება, თუკი კაცობრიობას კატასტროფები ან ომები დაემუქრება.

„მხოლოდ ბარგის გადამტანი Startram-ის აგება 20 მილიარდი დოლარი დაჯდება და მშენებლობა 10 წელიწადში დასრულდება. ხოლო ადამიანის გადამყვანი ვერსია სამჯერ ძვირია და ასაგებად 20 წელია საჭირო”, ამბობს Startram-ის დიზაინერი, დოქტორი ჯეიმს პაუელი.

„ნასას” მეცნიერებმა შეისწავლეს კონცეპტის ტექნოლოგია და განხორციელებადად გამოაცხადეს.

„ადამიანები ახალი ეპოქის განთიადზე დგანან. ჩვენ ან სწრაფად გავიჭრებით კოსმოსში, ან გამომწყვდეული აღმოვჩნდებით ხალხით გადაჭედილ და კონფლიქტებით სავსე დედამიწაზე, რომლის რესურსებიც მუდმივად მცირდება.”

Startram-ის სადგური

მსოფლიოში პირველი მატარებელი, რომელიც Maglev ტიპის ტექნოლოგიაზე მუშაობს.
მისი სიჩქარე 435 კმ/სთ-ია.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button