ზღაპარისაბავშვო

როგორ მოატყუეს ტურებმა ლომი – ინდური ზღაპარი

იყო ერთი ლომი. ოდესღაც მეტად მრისხანე და ძლიერი გახლდათ, ახლა კი ძალზე დაბერდა და ისე დაუძლურდა, რომ განძრევაც აღარ შეეძლო.

ერთხელ ლომი დიდი წვალებით მილასლასდა ტბის პირას და ბუჩქებში ჩასაფრდა. უნდოდა, წყლის დასალევად გამოსულ რომელიმე ნადირს დადარაჯებოდა, დაეჭირა და მუცელი გაეძღო.

შუადღისას ტბასთან ორმა ტურამ მოირბინა. დედალმა ტურამ ბუჩქებში ჩასაფრებული ლომი შეამჩნია, მაგრამ უკან გაქცევა ვეღარ მოახერხა.

რა ვქნათ, თავს როგორ ვუშველოთო? — გაიფიქრა ცბიერმა ტურამ. უცებ ერთმა აზრმა გაუელვა და მამალ ტურას ხმამაღლა უთხრა:

— სამი ჩემთან დარჩეს, ორი კი — შენთან. თუ გინდა, წავიდეთ და ლომს შევეკითხოთ, აბა, რას გვეტყვისო.

ორივემ ლომთან მიირბინა და მიესალმნენ. დედალმა ტურამ ჰკითხა:

— ბრძენთა-ბრძენო ლომო, გთხოვთ, ალალმართლად განგვსაჯოთ. მე და ჩემი მეუღლე წავიჩხუბეთ და მინდა გავეყარო, მაგრამ ლეკვები ვერ გაგვიყვია. ის გაიძახის, სამი მე მეკუთვნისო, მე ვეუბნები, სამი ჩემია, ორი კი შენი-მეთქი. თუ ნებას დაგვრთავთ, აქ მოვიყვანთ ჩვენს ლეკვებს. თქვენ თვითონ ნახეთ და სწორად გაგვიყავითო.

ლომმა მოისმინა დედალი ტურის სიტყვები და გაიფიქრა: რაღა ეს ორი შევჭამო, მოდი, ცოტასაც მოვიცდი და ერთბაშად შვიდ ტურას შევსლანსავო.

— კარგი, მომიყვანეთ, ვნახავ და ჩემს გადაწყვეტილებას მერე გეტყვითო, — უპასუხა ლომმა.

— ხომ გესმის? — მიაძახა დედალმა ტურამ მეუღლეს. — ახლავე განგვსჯიან. აბა, მალე დალიე წყალი, გაიქეცი და ჩვენი ლეკვები მოიყვანეო.

ტურამ წყალი დალია და გაიქცა.

ცოტა ხნის შემდეგ დედალმა ტურამ ლომს უთხრა:

— თქვენ არ იცით, რა ზარმაცია ჩემი მეუღლე. აი, ხომ უბრძანეთ, მალე მოდიო, ის კი დასაძინებლად მიეგდებოდა. მთელი დღე წევს და სძინავს, ნამდვილი ძილის გუდაა, ამიტომ ვართ მეცა და ჩემი ლეკვებიც სულ მუდამ მშივრები. თუ ნებას მომცემთ, შინ გავიქცევი, იმ ზარმაცს ერთი კარგად შევაფუცხუნებ და ლეკვებიანად გეახლებითო.

ლომს ამასობაში უფრო მოშივდა და მოთმინებაც ეკარგებოდა:

— გაიქეცი და ახლავე აქ გაჩნდით, ყოველგვარი უსიამოვნება დროზე უნდა გაირჩეს და განისაჯოსო, — უთხრა ლომმა.

დედალმა ტურამ სწრაფად დალია წყალი, გაიქცა და თავის სოროში მიიმალა, სადაც თავისი მეუღლე ელოდებოდა.

დიდხანს უცადა ბებერმა ლომმა, მაგრამ ამაოდ, ტურები არსად ჩანდნენ. მაშინ მძიმე-მძიმედ წამოდგა და ზოზინით გაჰყვა მათ კვალს. კვალმა ტურების სოროსთან მიიყვანა. ლომი სოროს წინ გაჩერდა შესძახა:

— ეჰეი, მეგობრებო, თქვენ რაღაც შეგაგვიანდათ და მე თვითონ მოვედი, რომ მოგარიგოთ. აბა, გარეთ გამოდითო!

— დიდებულო ლომო, ჩვენ აღარ ვიყრებით და უთქვენოდაც მოვრიგებით, — ერთხმად უპასუხეს ტურებმა.

ასე მოატყუეს ტურებმა ლომი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button